ასციტი | მკურნალი.გე
  1. ასციტი
  2. ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ასციტი

ასციტი არის ცილის შემცველი (ასციტური) სითხის დაგროვება მუცლის ღრუში.

  • ასციტი მრავალმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს; ციროზი ყველაზე ხშირი მიზეზია;
  • თუ სითხის დიდი რაოდენობა დაგროვდა, მუცელი დიდდება – იზრდება მისი გარშემოწერილობა, აღინიშნება უმადობა და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
  • ასციტური სითხის ანალიზი გვეხმარება ასციტის მიზეზის დადგენაში;
  • ჩვეულებრივ, წოლითი რეჟიმი, სუფრის მარილის რაოდენობის შეზღუდვა საკვებში და შარდმდენების გამოყენება ეფექტური საშუალებებია ჭარბი სითხის გამოსადევნად.

მუცლის ღრუში სითხე გროვდება ღვიძლის ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს, იშვიათია ხანმოკლე (მწვავე) დაავადებებისას. ყველაზე ხშირია ციროზის (ღვიძლის მძიმე დანაწიბურება) დროს, განსაკუთრებით, თუ ციროზი ალკოჰოლიზმით ან ვირუსული ჰეპატიტით არის გამოწვეული. ასციტი შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სხვა დაავადებების დროსაც, როგორიცაა მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტი ციროზის გარეშე, ქრონიკული ჰეპატიტი და ღვიძლის ვენის ობსტრუქცია (ბად-ქიარის სინდრომი), აგრეთვე, იმ დაავადებების დროს, რომლებიც არაა კავშირში ღვიძლთან, მაგალითად, სიმსივნე, გულის უკმარისობა, თირკმლების უკმარისობა, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) და ტუბერკულოზი, რომელიც აზიანებს მუცლის ღრუს ამომფენ შრეს.

ღვიძლის დაავადების დროს ასციტური სითხე ჟონავს ღვიძლის ზედაპირიდან და ნაწლავებიდან. ამისი მიზეზია რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, როგორიცაა პორტული ჰიპერტენზია, სისხლძარღვების მიერ სითხის შეკავების უნარის დაქვეითება, სითხის შეკავება თირკმლების მიერ, სხეულში სითხის ბალანსის მარეგულირებელი ჰორმონები და ქიმიური ნივთიერებების არაადეკვატური ზემოქმედება.

სიმპტომები და დიაგნოზი

მუცლის ღრუში სითხის მცირე რაოდენობის არსებობისას, ჩვეულებრივ, სიმპტომები არ აღინიშნება. სითხის დიდი რაოდენობით დაგროვებისას გამოხატულია მუცლის გარშემოწერილობის მკვეთრი მატება, შეშუპება, დისკომფორტი. შეშუპებული მუცლის ზეწოლამ კუჭზე შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა, ზეწოლამ ფილტვებზე – სუნთქვის უკმარისობა. როდესაც ექიმი აკაკუნებს მუცელზე (პერკუსია), სითხის არსებობისას ისმის ყრუ ხმიანობა. სითხის დიდი რაოდენობით დაგროვებისას მუცლის კედლები დაჭიმულია, ჭიპი ბრტყელდება, ზოგჯერ გამოიზნიქება კიდევაც. ასციტის მქონე ზოგ პაციენტს კოჭები უსივდება (შეშუპება). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება ვერ მოახერხოს ასციტური სითხის გამოვლენა, თუ სითხის რაოდენობა არ არის 1 ლიტრი ან მეტი.

თუ ასციტის არსებობა არ არის დადასტურებული ან მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, შეიძლება ჩატარდეს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. გარდა ამისა, იღებენ ასციტურ სითხეს მუცლის წინა კედლის გავლით ნემსის შეყვანით მუცლის ღრუში – ამ პროცედურას სადიაგნოზო პარაცენტეზი ეწოდება. სითხის ლაბორატორიულმა ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს ასციტის მიზეზი.

მკურნალობა

ასციტის მკურნალობის უპირველესი მეთოდია წოლითი რეჟიმი, სუფრის მარილის რაოდენობის შეზღუდვა საკვებში და შარდმდენი საშუალებების გამოყენება (შარდმდენი წამლები უზრუნველყოფენ თირკმლების მიერ შარდთან ერთად მეტი წყლის გამოყოფას). თუ ასციტი აძნელებს სუნთქვას ან საკვების მიღებას, შესაძლებელია სითხის ამოღება მუცლის ღრუში შეყვანილი ნემსის საშუალებით – ამ პროცედურას თერაპიული პარაცენტეზი ეწოდება. იმისათვის, რომ სითხე ხელახლა არ დაგროვდეს, პაციენტმა უნდა მიიღოს შარდმდენები და შეზღუდოს სუფრის მარილის მიღება. ასციტის დროს სისხლიდან მუცლის ღრუში დაგროვებულ ასციტურ სითხეში ალბუმინის (პლაზმის მთავარი პროტეინი) დიდი რაოდენობა გადადის, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ალბუმინის ინტრავენური გადასხმა.

ზოგჯერ გაურკვეველი მიზეზით ე.წ. სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი ვითარდება, რაც სითხის დაინფიცირების შედეგი უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია პაციენტებისთვის, რომელთაც ალკოჰოლური ციროზი აქვთ. მკურნალობის გარეშე ეს გართულება შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ფატალური გამოსავლის თავიდან ასაცილებლად დროული და ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიაა საჭირო.