ღვიძლის გაცხიმოვნება (სტეატოზი) არის ღვიძლის უჯრედებში გარკვეული ტიპის ცხიმების (ტრიგლიცერიდების) პათოლოგიური დაგროვება.
აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ღვიძლის გაცხიმოვნების ყველაზე ხშირი მიზეზებია ალკოჰოლი, ტოქსინები, ზოგიერთი წამალი, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებები, მეტაბოლიზმის შეძენილი დარღვევები, როგორიცაა ჭარბი წონა, ინსულინრეზისტენტობა და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში. მეტაბოლური პათოლოგიების კომბინაციას მეტაბოლური სინდრომი ეწოდება. ეს მდგომარეობები ცხიმის ღვიძლის უჯრედებში დაგროვებას იწვევს ან ცხიმების სინთეზის გაძლიერების, ან ცხიმის გადამუშავების (მეტაბოლიზმი) და გამოყოფის შენელების გზით. სწორედ ამის შემდეგ და შედეგად ხდება ცხიმის დაგროვება და ჩალაგება ღვიძლის უჯრედებში. მხოლოდ დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღება არ იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას. გენეტიკური მიდრეკილების მქონე ქალს ორსულობის დროს შეიძლება განუვითარდეს ღვიძლის გაცხიმოვნების იშვიათი ფორმა – მიკროვეზიკულური სტეატოზი.
ღვიძლის გაცხიმოვნება ზოგჯერ ანთებით არის თანხლებული, ზოგჯერ კი მის გარეშე მიმდინარეობს. ანთებამ შეიძლება დანაწიბურება (ფიბროზი) გამოიწვიოს, რომლის პროგრესირებას ციროზი მოჰყვება. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ღვიძლის გაცხიმოვნებას, გარდა ალკოჰოლიზმისა (ფიბროზით ან მის გარეშე), არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი ეწოდება. ეს დაავადება ხშირად ემართებათ მეტაბოლური სინდრომის მქონე პირებს.
ღვიძლის გაცხიმოვნება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება დაღლილობა, გაურკვეველი დისკომფორტი მუცელში. ღვიძლი დიდდება, რისი დადგენაც პაციენტის ფიზიკური გასინჯვით არის შესაძლებელი. თუ ეჭვი დაიბადა ღვიძლის გაცხიმოვნებაზე, ექიმი ეკითხება პაციენტს, იღებს თუ არა ის ალკოჰოლს. ეს ინფორმაცია გადამწყვეტია. ალკოჰოლის ხანგრძლივად გადამეტებული რაოდენობით მიღება მძიმე დაზიანებას იწვევს.
ღვიძლის დაავადების, მაგალითად, ანთების, დასადგენად მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზების შედეგები, ვინაიდან ჰეპატიტმა შეიძლება ციროზი გამოიწვიოს. სისხლის დამატებითი ანალიზები შესაძლებელს ხდის ღვიძლის სხვა დაავადებების, მაგალითად, ვირუსული ჰეპატიტის გამორიცხვას. ულტრასონოგრაფიით, კომპიუტერული ტომოგრაფიითა და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით შესაძლებელია ღვიძლში ცხიმის ჭარბი რაოდენობით ჩალაგების აღმოჩენა, მაგრამ ვერ ხერხდება იმის განსაზღვრა, არის თუ არა ანთება ან ფიბროზი.
დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება ღვიძლის ბიოფსია გახდეს საჭირო. ბიოფსიის ჩასატარებლად ექიმს, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე, კანის გავლით ღვიძლში შეჰყავს გრძელი, შედარებით ფართო დიამეტრის ნემსი, რომელიც ღვიძლის ქსოვილის მცირე ნაწილის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. მიღებული მასალა მიკროსკოპით შეისწავლება. ბიოფსია შეიძლება დაგვეხმაროს იმის განსაზღვრაში, არის თუ არა ღვიძლი გაცხიმოვნებული, რა არის გაცხიმოვნების მიზეზი – ალკოჰოლი თუ რომელიმე სხვა სპეციფიკური აგენტი, რამდენად მძიმეა ღვიძლის დაზიანება.
მხოლოდ ღვიძლის გაცხიმოვნება არ არის სერიოზული პრობლემა. მაგალითად, თუ მიზეზი ალკოჰოლია, მისი მიღების შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში გაცხიმოვნება შეიძლება გაქრეს. თუ მიზეზი ვერ დადგინდა და მკურნალობაც ვერ ჩატარდა, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, თუ ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება გრძელდება, ან არ შეწყდა იმ წამლის მიღება, რომელიც ღვიძლის გაცხიმოვნებას იწვევს, ღვიძლის ხელახალმა დაზიანებამ შეიძლება ციროზამდე მიგვიყვანოს. უარესი პროგნოზი აქვს მიკროვეზიკულურ სტეატოზს.
მკურნალობის მიზანია ღვიძლის გაცხიმოვნების გამომწვევი მიზეზის ზემოქმედების შემცირება ან აღკვეთა. პაციენტმა უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება, დაიკლოს წონაში, ადეკვატურად უნდა აკონტროლოს დიაბეტი, შეეცადოს ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას და შეწყვიტოს ალკოჰოლის მიღება.