ციროზი | მკურნალი.გე
  1. ციროზი
  2. ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ციროზი

ციროზის დროს ღვიძლის ნორმალური ქსოვილის დიდი ნაწილი ჩანაცვლებულია არაფუქციონირებადი ნაწიბუროვანი ქსოვილით. ის ღვიძლის დაზიანების გამო ვითარდება. ღვიძლის უჯრედების აღდგენის მცდელობები დღემდე უშედეგოა.

  • ალკოჰოლიზმი და ჰეპატიტი ციროზის მთავარი გამომწვევი მიზეზებია;
  • ციროზის საწყისი სიმპტომებია: უმადობა, წონაში კლება, ავად ყოფნისა და დაღლილობის შეგრძნება;
  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის, სისხლის ანალიზების და ზოგჯერ რადიოლოგიური გამოკვლების ან ბიოფსიის შედეგებს;
  • ალკოჰოლის მიღების აღკვეთას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ციროზის მიზეზი ღვიძლის განმეორებადი ან უწყვეტი დაზიანება შეიძლება გახდეს. აშშ-ში ღვიძლის ციროზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლის მუდმივი და ჭარბი რაოდენობით მიღება დიდი ხნის განმავლობაში. ასევე ხშირი მიზეზია ვირუსული ჰეპატიტი – ქრონიკული C ჰეპატიტი განვითარებულ ქვეყნებში და ქრონიკული B ჰეპატიტი აზიის და აფრიკის ბევრ რეგიონში. ღვიძლის გაცხიმოვნებამ (არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი) და სხვა მეტაბოლურმა დარღვევებმა, როგორიცაა მაგალითად, რკინით გადატვირთვა (ჰემოქრომატოზი), აგრეთვე შეიძლება ციროზი გამოიწვიოს.

ციროზი 45-65 წლის ასაკის ადამიანების კონტინგენტში სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სიმსივნეების შემდეგ. ნაწიბუროვანი ქსოვილი ქმნის ზონრებს ღვიძლში, ნადგურდება ღვიძლის შინაგანი სტრუქტურა, უარესდება ღვიძლის რეგენერაციის უნარი, აგრეთვე მისი ფუნქცია, სახელდობრ, დაქვეითებულია შემდეგი პროცესების განხორციელების შესაძლებლობა:

  • ორგანიზმში წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტების დაშლა;

  • საკმარისი რაოდენობით ნაღვლის მარილების გამომუშავება, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების შეწოვაში ეხმარება;

  • ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან;

  • მედიკამენტების გადამუშავება (მეტაბოლიზმი);

  • პროტეინების გამომუშავება, რომლებიც ხელს

  • უწყობს სისხლის შედედებას (შედედების ფაქტორები), მათ შორის ალბუმინისა, რომელიც სისხლძარღვებში სითხეს აკავებს.

ნაწიბუროვანი ქსოვილი აგრეთვე აბრკოლებს კარის ვენაში (ვენა, რომელსაც გადააქვს სისხლი ნაწლავებიდან ღვიძლისკენ) სისხლის დინებას. ამის შედეგია მაღალი წნევა პორტულ ვენაში (პორტული ჰიპერტენზია). გარდა ამისა, ნაწიბუროვანმა ქსოვილმა შეიძლება შეაფერხოს ნაღვლის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი მომწვანო-მოყვითალო ფერის საჭმლის მომნელებელი სითხე) გადმოდინება ღვიძლიდან.

სიმპტომები

ციროზის მსუბუქი ფორმის დროს ბევრ პაციენტს სიმპტომები წლების განმავლობაში არ აღენიშნება, ისინი თავს კარგად გრძნობენ. დაავადებულთა დაახლოებით 1/3-ს არასოდეს უვითარდება სიმპტომები,სხვებს აქვთ სისუსტის, დაღლილობის, ავად ყოფნის შეგრძნება, უმადობა და წონაში კლება. შესაძლოა ხელის თითების უკანასკნელი ფალანგების გადიდება (დოლის ჯოხისებრი თითები). თუ ნაღვლის დინება ქრონიკულად შეფერხებულია, შეიძლება განვითარდეს სიყვითლე, დაიწყოს ქავილი, მცირე ზომის ყვითელი წარმონაქმნები (კვანძები) გამოჩნდეს კანზე, განსაკუთრებით ქუთუთოების გარშემო. იმის გამო, რომ დაზიანებული ღვიძლი ვეღარ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ნაღვლის მარილებს, გაუარესებულია ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E და K) შეწოვა, რის შედეგადაც ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, აქვს ცხიმიანი და უსიამოვნო სუნის განავალი (სტეატორეა), უმადობა. საკვები ნივთიერებების არასაკმარისი რაოდენობით მიღება და წონაში კლება ცხიმებისა და ვიტამინების შეწოვის დაქვეითებისა და უმადობის შედეგია.

ციროზით დაავადებულ პაციენტებს ღვიძლის მწვავე უკმარისობისა და ალკოჰოლიზმის გამო შესაძლოა გამოაჩნდეთ სხვა სიმპტომებიც, სახელდობრ:

  • კუნთების განლევა (ატროფია);

  • ხელისგულების სიწითლე (პალმარული ერითემა);

  • მაჯის მყესების შეჭმუხვნით გამოწვეული თითების დეფორმაცია (დუპუიტრენის კონტრაქტურა);

  • მცირე ზომის ობობასმაგვარი სისხლძარღვები კანზე;

  • სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;

  • თავისა და ზურგის ტვინის გარეთ მდებარე ნერვების (პერიფერიული ნერვები) ფუნქციის მოშლა (იწვევს ნეიროპათიას);

  • კაცებში სარძევე ჯირკვლების ზრდა (გინეკომასტია) და სათესლეების შეჭმუხვნა (ტესტიკულური ატროფია), რადგან დაზიანებული ღვიძლი ვეღარ შლის ესტროგენებს. იღლიაში თმიანობის შემცირება;

  • ელენთის გადიდება;

  • მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი);

  • ღვიძლის შეჭმუხვნა, ზოგჯერ გადიდება.

გართულებები: ციროზის მძიმე ფორმა დამატებითი პრობლემების წყაროა. კარის ვენაში წნევის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის ქვედა ნაწილში (საყლაპავის ვარიკოზები), კუჭში (კუჭის ვარიკოზები) ან სწორ ნაწლავში (სწორი ნაწლავის ვარიკოზები) გაფართოებული, დაკლაკნილი ვენების ფორმირება. შესაძლებელია სისხლიანი ღებინება სისხლის დიდი რაოდენობის დაკარგვით, თუ სისხლდენის წყარო საყლაპავის ან კუჭის ვარიკოზებია. მაღალმა წნევამ კარის ვენაში და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცელში სითხის დაგროვება (ასციტი). შესაძლოა განვითარდეს თირკმლების უკმარისობა და ტვინის ფუნქციონირების დარღვევა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). ნაღვლის გამოყოფის გაუარესების გამო D ვიტამინი ცუდად შეიწოვება, რამაც ოსტეოპოროზი შეიძლება გამოიწვიოს. K ვიტამინის შეწოვის დაქვეითება სისხლდენადობისკენ მიდრეკილების მიზეზია. ელენთის გადიდება ხელს უშლის სისხლის უჯრედებისა და თრომბოციტების გადასვლას სისხლის მიმოქცევის სისტემაში. თავის მხრივ თრომბოციტების რაოდენობის (მნიშვნელოვანია სისხლის შედედებისთვის) შემცირება სისხლში სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა ანემიის მიზეზია. შესაძლოა ღვიძლის სიმსივნე (ჰეპატოცელულური კარცინომა ან ჰეპატომა) განვითარდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ციროზის გამომწვევი B ან C ჰეპატიტია, ან ალკოჰოლიზმი.

დიაგნოზი

ციროზის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს და რისკფაქტორების (მაგალითად, ალკოჰოლიზმი) გათვალისწინებას. ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმმა შეიძლება შეიგრძნოს მცირე ზომის მკვრივი ღვიძლი, ზოგჯერ – მცირე ზომის კვანძები ღვიძლის ზედაპირზე ან გადიდებული ელენთა.

ღვიძლის ფუნქციების შეფასების მიზნით სისხლის ანალიზები ტარდება. შედეგები ხშირად ნორმალურია, რადგანაც კვლევის ეს მეთოდი შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა, ხოლო ღვიძლს ძალიან დიდი რეზერვები აქვს, მაშინაც კი შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, როდესაც მისი საერთო აქტივობა ნორმის 85%-ით არის შემცირებული. ტარდება სისხლის კლინიკური ანალიზი ანემიის ან სხვა გადახრების გამოსავლენად, ჰეპატიტის ან სხვა სავარაუდო მიზეზის დასადგენად. ულტრაბგერამ და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს ღვიძლის შეჭმუხვნა ან პათოლოგიური კონფიგურაცია, რაც სავარაუდოს ხდის ციროზის არსებობას. რადიონუკლიდური სკანირების (გამოიყენება რადიოაქტიური იზოტოპი) დროს შეიძლება განისაზღვროს, ღვიძლის რომელი ნაწილი ფუნქციონირებს ნორმალურად და რომელია დანაწიბურებული. თუ დიაგნოზი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, ტარდება ღვიძლის ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპით გამოკვლევის მიზნით). ეს უკანასკნელი და, ზოგჯერ, სისხლის ანალიზები გვეხმარება ციროზის მიზეზის განსაზღვრაში.

თუ ციროზის დიაგნოზი დადასტურდა, ყოველ 6-12 თვეში უნდა ჩატარდეს გამოკვლევები ღვიძლის სიმსივნის გამოსავლენად; იგულისხმება სისხლის ანალიზი ალფა-ფეტოპროტეინის დონის განსასაზღვრავად და ულტრასონოგრაფია. ალფა-ფეტოპროტეინის (ნაყოფის ღვიძლის უმწიფარი უჯრედების მიერ წარმოქმნილი ცილა) დონე იმატებს, თუ ღვიძლში სიმსივნე ვითარდება.

პროგნოზი და მკურნალობა

ციროზი, ჩვეულებრივ, პროგრესირებადი დაავადებაა. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა აფერხებს ღვიძლის შემდგომ დანაწიბურებას, მაგრამ უკვე მიყენებული ზიანის შებრუნება არ ხდება. ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღების გაგრძელებაც კი განაპირობებს დაავადების პროგრესირებას და სერიოზულ გართულებებს, მათ შორის სისხლიან ღებინებას, სითხის დაგროვებას მუცლის ღრუში. გამოსავალი არაკეთილსაიმედოა.

ციროზის სამკურნალო მეთოდები არ არსებობს. პროგრესირების შეფერხება შესაძლებელია ადრეულ სტადიებზე. აუცილებელია მიზეზის მოცილება და გართულებების მკურნალობა. პაციენტმა უნდა მიაწოდოს ექიმს ინფორმაცია იმ წამლების შესახებ, რომლებსაც იღებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისა და კვებითი დანამატების შესახებ, რადგან დაზიანებულ ღვიძლში შეიძლება მათი გადამუშავება შეფერხდეს. თუ ადამიანი იღებს წამალს, რომელიც ღვიძლში გადამუშავდება, მაშინ დოზის შემცირებაა საჭირო იმისათვის, რომ დაზიანება არ გაღრმავდეს.

ღვიძლის ციროზის შორსწასული ფორმის დროს საკვებში ცილისა და სუფრის მარილის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, სასურველია ვიტამინების მიღება.

ღვიძლის გადანერგვამ შეიძლება სიკვდილს გადაარჩინოს პაციენტები, რომელთაც ციროზის შორსწასული ფორმა აქვთ. თუ პაციენტი აგრძელებს ალკოჰოლის მიღებას, ან ვერ მოხდა სხვა გამომწვევი მიზეზის მოცილება, შეიძლება გადანერგილ ღვიძლშიც განვითარდეს ციროზი. ამის გამო, ღვიძლის გადანერგვა არ ტარდება, თუ ადამიანმა მინიმუმ 6 თვე მაინც არ შეიკავა თავი ალკოჰოლის მიღებისგან.