ღვიძლის მეტასტაზური კიბო | მკურნალი.გე
  1. ღვიძლის მეტასტაზური კიბო
  2. ღვიძლის სიმსივნეები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ღვიძლის მეტასტაზური კიბო

ღვიძლის მეტასტაზური კიბოს დროს, სიმსივნე ღვიძლში სხეულის სხვა ნაწილებიდან ვრცელდება.

  • პირველი სიმპტომები შეიძლება წონაში კლება და უმადობა იყოს.
  • ექიმები დიაგნოზს სვამენ სისხლის ანალიზების შედეგებისა და ღვიძლის ბიოფსიის საფუძველზე.
  • ქიმიოთერაპიული წამლები და რადიაციული თერაპია შეიძლება დაგვეხმაროს სიმპტომების შემსუბუქებაში, მაგრამ პაციენტს სიმსივნისაგან ვერ განკურნავენ.

ღვიძლის მეტასტაზური კიბო, ჩვეულებრივ, სათავეს იღებს ფილტვებში, სარძევე ჯირკვალში, მსხვილ ნაწლავში, პანკრეასში ან კუჭში. ლეიკემიის (სისხლის თეთრი უჯრედების სიმსივნე) და ლიმფომის (ლიმფური სისტემის სიმსივნე), განსაკუთრებით კი ჰოჯკინის ლიმფომის (ჰოჯკინის დაავადება) დროს პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს ღვიძლიც. ღვიძლში კიბოს ხშირი გავრცელება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სხეულის სხვა ადგილას განვითარებული სიმსივნიდან მოწყვეტილი კიბოს უჯრედები შედის სისხლის მიმოქცევაში და საბოლოოდ ხვდება ღვიძლში, რადგან ღვიძლი ფილტრავს სხეულის დანარჩენი ნაწილებიდან მომავალი სისხლის უმეტეს ნაწილს. ზოგჯერ ღვიძლის მეტასტაზური კიბოს აღმოჩენა არის პირველი მინიშნება ორგანიზმში კიბოს არსებობაზე.

სიმპტომები

ხშირად სიმპტომები გაურკვეველია და მოიცავს წონაში კლებას, უმადობას და ზოგჯერ ცხელებას. ტიპურად, ღვიძლი გადიდებული და მაგარია. ის შესაძლოა იყოს მტკივნეული და ზოგჯერ ხორკლიანიც. ზოგჯერ გადიდებულია ელენთა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც კიბო სათავეს პანკრეასიდან იღებს. დასაწყისში, თუ რა თქმა უნდა, სიმსივნე არ ახშობს სანაღვლე სადინარებს, ადამიანს არ აქვს სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა), ან სიყვითლე მსუბუქად არის გამოხატული. შემდეგ მუცელი შეიძლება შესივდეს მუცლის ღრუში სითხის დაგროვების გამო (ამ მდგომარეობას ასციტი ეწოდება).

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე სიყვითლე პროგრესულად უარესდება. ბევრ პაციენტს გონება ებინდება და ვითარდება ძილიანობა, რადგან ტვინში ტოქსინები გროვდება. ტოქსინების დაგროვების მიზეზია ღვიძლის მძიმე დაზიანება, რის გამოც ის ვეღარ წმენდს სისხლს ტოქსინებისგან. ამ მდგომარეობას ეწოდება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.

დიაგნოზი

ექიმებს უჭირთ კიბოს დიაგნოზის დასმა, სანამ არ განვითარდება მისი შორს წასული ფორმა. ატარებენ ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს, რომლებიც სისხლის მარტივ ანალიზებს მოიცავს. შედეგები შეიძლება პათოლოგიური იყოს, მსგავსად ბევრი სხვა დაავადებისა. ამის გამო, ეს შედეგები დიაგნოზს ვერ დაადასტურებს. ღვიძლის ექოსკოპიამ, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ (კტ/CT) ან მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოკვლევამ (მრტ/MRT) შეიძლება აღმოაჩინოს კიბო, მაგრამ ეს გამოკვლევები ყოველთვის ვერ პოულობენ ღვიძლის მცირე ზომის სიმსივნეებს, ან ვერ ასხვავებენ კიბოს ციროზისგან ან სხვა პათოლოგიებისგან.

ღვიძლის ბიოფსია (ნემსით ქსოვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოსაკვლევად) ტარდება მაშინ, როდესაც რადიოლოგიური კვლევების შედეგად დიაგნოზი ვერ ზუსტდება ან მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად მეტი ინფორმაციაა საჭირო. იმისთვის, რომ გაიზარდოს სიმსივნური ქსოვილის მოპოვების შანსი, ბიოფსიის დროს ნემსის შეყვანისას ექიმი ხელმძღვანელობს ულტრასონოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ/CT) მონაცემებით. ალტერნატიულად, ექიმებმა მუცელზე გაკეთებული პატარა განაკვეთით შეიძლება შეიყვანონ დრეკადი დასათვალიერებელი მილი (ლაპაროსკოპი), რომ უკეთესად შეძლონ სიმსივნური ქსოვილის შეფასება და მოპოვება.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შორს არის კიბო გავრცელებული და რომელია პირველადი სიმსივნე. არჩევანი შეიძლება იყოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • ქიმიოთერაპიული წამლები: ამ წამლების გამოყენება შესაძლებელია სიმსივნის დროებით შეჭმუხნისათვის და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის, მაგრამ ისინი ვერ კურნავენ კიბოსაგან. შესაძლებელია ქიმიოთერაპიული წამლების ვენაში ან ღვიძლის არტერიაში ინექცია, რაც უზრუნველყოფს ღვიძლის სიმსივნურ უჯრედებამდე წამლების მაღალი კონცენტრაციის შემცველი სისხლის მიწოდებას.

  • ღვიძლის რადიაციული თერაპია: ზოგჯერ მკურნალობის ეს სახე ამცირებს ძლიერ ტკივილს, მაგრამ სხვა რაიმე სარგებლობა მას არ მოაქვს.

  • ქირურგიული ჩარევა: თუ ღვიძლში ნაპოვნია ერთი ან რამდენიმე სიმსივნე, შესაძლებელია მათი ქირურგიული ამოკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი საწყისი კერა ნაწლავში იყო. მიუხედავად ამისა, ყველა ექსპერტი ამ ოპერაციას ღირებულად არ მიიჩნევს.

თუ სიმსივნე ფართოდ გავრცელდა, ჩვეულებრივ, ექიმს მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. ადამიანმა შეიძლება მოამზადოს ე.წ. წინასწარ გაცხადებული ნება წერილობითი ფორმით, სადაც დააკონკრეტებს, სამედიცინო დახმარების რომელ ფორმას მიანიჭებს უპირატესობას იმ შემთხვევაში, თუ ის ვეღარ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას საკუთარი თავის მოვლის შესახებ.