სიმპტომები (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი) | მკურნალი.გე
  1. სიმპტომები (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი)
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
სიმპტომები (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი)

საშარდე გზების ზოგიერთი დაავადება იშვიათად იწვევს სიმპტომებს მანამ, სანამ ძალიან არ გაღრმავდება. ასეთი დაავადებებია: თირკმლების უკმარისობა, სიმსივნეები და კენჭები, თუ ისინი არ უშლის ხელს შარდის დინებას, აგრეთვე, ზოგი ნაკლებად მძიმე ინფექცია.

ზოგჯერ სიმპტომები ვლინდება, მაგრამ იმდენად ზოგადია, რომ ექიმისთვის ძნელია მათი თირკმელთან დაკავშირება. მაგალითად, შეუძლოდ ყოფნა ან უმადობა, ან გულისრევა, ან გავრცელებული ქავილი შესაძლოა თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ერთადერთი სიმპტომი იყოს. მოხუცებში ინფექცია ან თირკმლების უკმარისობა პირველად ცნობიერების მოშლით შეიძლება გამოვლინდეს. სიმპტომები, რომლებიც უფრო მეტად მიანიშნებს თირკმლების ან საშარდე გზების პრობლემებზე, შემდეგია: ტკივილი წელის არეში, ქვედა კიდურების შეშუპება და შარდვის გამოყოფის დარღვევები.

წვა ან ტკივილი შარდვისას

მოშარდვის დროს ტკივილი ან წვა (დიზურია) შესაძლოა იგრძნობოდეს შარდსადენის გარეთა ხვრელის მიდამოში ან, უფრო იშვიათად, შარდის ბუშტის არეში (მენჯში, მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთ). ზოგჯერ ქალებში შარდვისას ტკივილი ან წვა მაშინაც არის, როცა საშოს ან მისი მიმდებარე არის ინფექცია ან ანთება, ანუ ვულვოვაგინიტია გამოხატული.

მიზეზები

დიზურია გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ზრდასრული ასაკის ქალებს შორის. მისი მიზეზი ხშირად საშარდე გზების ინფექციაა, მაგალითად, ცისტიტი ან ურეთრიტი. თუმცა, დიზურია შესაძლოა აწუხებდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს ან ქალს, მაგრამ ინფექციით გამოწვეული არ იყოს.

შეფასება

ექიმები ზოგჯერ მიზეზს დაახლოებით ხვდებიან იმის მიხედვით, თუ სად არის ეს შეგრძნება ყველაზე მეტად გამოხატული. მაგალითად, თუ წვა ან ტკივილი ყველაზე ძლიერია ბოქვენის ძვლის ზემოთ, მაშინ შარდის ბუშტის ინფექცია – ცისტიტია სავარაუდო. ქალები, რომლებსაც ხშირად აქვთ ეს პრობლემა, ზოგჯერ სიმპტომების გამოვლენისთანავე ხვდებიან, რომ მორიგი გამწვავებაა მოსალოდნელი. თუ შეგრძნება შარდსადენის გარეთა ხვრელთანაა ყველაზე მკვეთრი, მიზეზი შეიძლება შარდსადენის ანთება – ურეთრიტი იყოს. მამაკაცებს შორის პენისიდან გამონადენის მიზეზი ხშირად ურეთრიტია. თუ წვა ძირითადად საშოს მიდამოში იგრძნობა და ქალს გამონადენიც აქვს, ვაგინიტია სავარაუდო.

გასინჯვამ შესაძლოა გამოავლინოს დიზურიის გამომწვევი დაავადება. მაგალითად, შეიძლება დადასტურდეს გამონადენის არსებობა, საშოს ან გარეთა სასქესო ორგანოების (ვულვა) ანთება და ატროფია, რაც ვულვოვაგინიტის ნიშანია. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი მისი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დამადასტურებელი შეიძლება იყოს. სათესლე დანამატის ან სათესლე ჯირკვლების მტკივნეულობა შესაძლოა ეპიდიდიმოორქიტით იყოს გამოწვეული, წინამდებარე ჯირკვლის მტკივნეულობა – პროსტატიტით.

ექიმები ყოველთვის ვერ თანხმდებიან დამატებითი გამოკვლევების საჭიროებაზე. ზოგი მათგანი უბრალოდ მკურნალობს ზრდასრულ ქალებს, რომლებსაც ცისტიტის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. ზოგი გამოკვლევებს უნიშნავს ყველას ან მათ, ვისი დიაგნოზიც გარკვეული არ არის. ამ დროს, როგორც წესი, პირველად შარდის ანალიზი კეთდება. ხშირად საჭირო ხდება შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმის დასადგენად და ეფექტური ანტიბიოტიკების შესარჩევად. ქალებში საშოდან გამონადენის ნაცხსაც იღებენ და მიკროსკოპით სწავლობენ. გარდა ამისა, უნდა დადგინდეს, იმ მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც შარდსადენიდან გამონადენი აწუხებთ, ხომ არა აქვთ გონორეა ან ქლამიდიოზი.

მკურნალობა

უპირველესად პრობლემის მიზეზზე ზემოქმედებაა საჭირო. ხშირად მიზეზი ინფექციაა და მკურნალობა ადამიანს 1-2 დღეში ჰგვრის შვებას. თუ დიზურია ძალიან მკვეთრია, პირველი ორი დღის განმავლობაში ექიმმა შეიძლება ფენაზოპირიდინი დანიშნოს დისკომფორტის მოსახსნელად. ეს მედიკამენტი შარდს მოწითალო-ნარინჯისფრად ღებავს.

ტკივილი წელის არეში

თირკმლების დაავადებებით გამოწვეული ტკივილი, როგორც წესი, გვერდის, წელის არეში ან კუდუსუნის ზემოთ იგრძნობა. ზოგჯერ იგი მუცლის შუა ნაწილისკენ გადაეცემა. ტკივილს თირკმლების გარედან მფარავი კაფსულის დაჭიმვა იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ დაავადებისას თირკმლების სწრაფად შეშუპების გამო ხდება. ძლიერ ტკივილს ხშირად გულისრევა და ღებინება ახლავს თან.

მიზეზები

თირკმლების კენჭი აუტანელ ტკივილს იწვევს, როცა დაიძვრება და შარდსაწვეთში გადადის. კენჭის მოძრაობის საპასუხოდ შარდსაწვეთი იკუმშება და ადამიანი ძლიერ, ჭვალისმაგვარ ტკივილს გრძნობს (თირკმლების ან შარდსაწვეთის კოლიკა) გვერდში და წელში, ხშირად საზარდულში ან სათესლე ჯირკვლებში გადაცემით. ტკივილი მოვლითი ხასიათისაა. ის შეიძლება გაგრძელდეს 20-დან 60 წუთამდე და შემდეგ გაქრეს. ტკივილი ყუჩდება და აღარ გრძელდება, თუ შარდსაწვეთი მოდუნდა ან კენჭი შარდის ბუშტში გადავიდა.

თირკმლების ინფექცია (პიელონეფრიტი) ამ ორგანოს შეშუპებას იწვევს, რაც ჭიმავს კაფსულას და პაციენტი მუდმივ, მღრღნელ ტკივილს გრძნობს. თირკმლების სიმსივნეები, როგორც წესი, არ იწვევს ამ შეგრძნებას, სანამ ძალიან დიდი ზომისა არ გახდება.

წელის ტკივილის სხვა მიზეზებია: თირკმლების ან ნაწლავის სისხლით მომარაგების მწვავე მოშლა, აორტის ანევრიზმა გამსკდარი ან, ზოგჯერ, გასკდომის გარეშე, ხერხემლის ან ზურგის ტვინის ნერვების დაავადებები, კუნთების ან ძვლების დაზიანებები და მუცლის ღრუს უკანა ნაწილის (რეტროპერიტონეუმი) სიმსივნეები.

შეფასება და მკურნალობა

სიმპტომების შეფასებისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ ექიმი ხშირად შარდის ანალიზს ნიშნავს. ამ კვლევის შედეგით დგინდება, არის თუ არა შარდში სისხლის წითელი უჯრედები ან ჭარბი რაოდენობით თეთრი უჯრედები, რაც ინფექციას ხდის სავარაუდოს. საჭიროებისას შესაძლოა შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა. თუ ადამიანს ძალიან ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი აქვს (ჭვალი) და შარდში სისხლი აღმოჩნდება, დიდი ალბათობით მიზეზი თირკმლების კენჭოვანი დაავადებაა. თუ ტკივილი შედარებით სუსტია, თანაბარი, აღინიშნება მტკივნეულობა რომელიმე თირკმლის საპროექციო არეზე ხელის მსუბუქად დარტყმისას, მაღალი ტემპერატურა და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის სიჭარბე შარდში, სავარაუდო დიაგნოზი თირკმლების ინფექციაა. თუ ექიმი კენჭის არსებობას ვარაუდობს, როგორც წესი, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა ტარდება, რათა ზუსტად განისაზღვროს კენჭის ზომა და მდებარეობა, ასევე ის, თუ რამდენად უშლის ის ხელს შარდის დინებას. ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება საჭირო არ არის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. თუ ტკივილის მიზეზი გაურკვეველია, შესაძლოა იგივე გამოკვლევა ჩატარდეს კონტრასტული ნივთიერებით ან სხვა კვლევა დაინიშნოს.

საჭიროა დადგენილი დაავადების მკურნალობა. საშუალო სიძლიერის ტკივილი შეიძლება გაყუჩდეს აცეტამინოფენის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღების შემდეგ. კენჭით გამოწვეული ტკივილი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს და ინტრავენური ოპიოიდების გამოყენება გახდეს საჭირო.

შეშუპება

შეშუპებას ქსოვილებში სითხის დაგროვება იწვევს. მას, შესაბამისად, წონის მატებაც შეიძლება ახლდეს თან. შეშუპება ხშირად ყველაზე მეტად შესამჩნევია კოჭებსა და ტერფებზე, მაგრამ, შეიძლება აღინიშნოს მუცელზე, წელზე, ხელებსა და სახეზე. თუ შეშუპება ძალიან მკვეთრია, შეიძლება სითხე ფილტვებშიც დაგროვდეს და სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს.

მიზეზები

შეშუპება შეიძლება მაშინ განვითარდეს, როცა თირკმლები ვეღარ გამოყოფს ორგანიზმიდან ზედმეტ ნატრიუმსა და წყალს, მაგალითად, თირკმლების უკმარისობის დროს. შეშუპების მიზეზი თირკმლების ისეთი დაავადებაც შეიძლება იყოს, რომელიც სისხლიდან დიდი რაოდენობით ცილის (განსაკუთრებით ალბუმინის) დაკარგვას იწვევს შარდთან ერთად (ე.წ. ნეფროზული სინდრომი). თუ სისხლში ალბუმინის დონე ძალიან დაქვეითდა, სითხე სისხლძარღვებიდან ქსოვილებში გადაინაცვლებს და შეშუპება ვითარდება.

სხვა დაავადებებსაც შეუძლია შეშუპების გამოწვევა. გულის უკმარისობის დროს, როცა გული ვეღარ გადატუმბავს სისხლის საკმარის რაოდენობას, მისგან წამოსული სიგნალის საპასუხოდ თირკმლები აკავებს მარილსა და წყალს და ისინი ქსოვილებში გროვდება. ღვიძლის შორსწასული დაავადებების დროსაც იგივე ხდება – ღვიძლიდან წამოსული სიგნალის საპასუხოდ თირკმლები აკავებს მარილსა და წყალს. შეშუპება ძლიერდება სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითების გამოც, ვინაიდან ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სითხის გაჟონვას ქსოვილებში. თუ მხოლოდ ერთი კიდურია შეშუპებული, სავარაუდოა, რომ მიზეზი ამავე კიდურში არსებული პრობლემაა (თრომბი ვენაში ან ტრავმა) და არა თირკმლების, ღვიძლის ან გულის დაავადება.

შეფასება და მკურნალობა

ექიმები შეშუპების არსებობასა და ხარისხს პაციენტის წვივზე თითის დაჭერით არკვევენ; თუ თითის მოცილების შემდეგ კანზე ჩანაჭდევი დარჩა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქსოვილებში ზედმეტი სითხეა დაგროვებული. სხვა სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით განისაზღვრება შეშუპების გამომწვევი მიზეზი – თირკმლების, ღვიძლისა ან გულის დაავადება. თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად ტარდება შარდისა და სისხლის ანალიზები. თუ გულის უკმარისობაა სავარაუდო, გულმკერდის რენტგენით გამოკვლევაა საჭირო, ზოგჯერ ექოკარდიოგრაფიაც. ნეფროზული სინდრომის არსებობის დასადასტურებლად განისაზღვრება შარდთან ერთად დაკარგული ცილის რაოდენობა, რისთვისაც იანგარიშება შარდის განსაზღვრულ ულუფაში ცილის საერთო რაოდენობის მაჩვენებლის შეფარდება კრეატინინის შემცველობის მაჩვენებელთან.

თუ შესაძლებელია, არსებული დაავადების მკურნალობაა საჭირო. შეშუპება ხშირად მცირდება ან ალაგდება შარდმდენი საშუალების გამოყენებით, თუ თირკმლები კარგად ფუნქციონირებს. თირკმლების ფუნქციის დაქვეითების ან სითხის ფილტვებში დაგროვების შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დიალიზი დასჭირდეს.

შარდის მოცულობის გაზრდა

ადამიანების უმრავლესობა დღეში დაახლოებით 4-6-ჯერ შარდავს, ძირითადად დღისით. ნორმაში მოზრდილი ადამიანი დღე-ღამეში 700 მილილიტრიდან 2 ლიტრამდე შარდს გამოჰყოფს, ჩვილი – 250 მლ-ს. შარდის გამოყოფის მომატება გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოყოფილი შარდის მოცულობის გაზრდას, მეორე მხრივ, ნორმალურ მოცულობას, მაგრამ მოშარდვის სურვილის გახშირებას (გახშირებული შარდვა).

მიზეზები

გაზრდილი მოცულობა:ჭარბი რაოდენობით შარდი წარმოიქმნება: დიდი რაოდენობით სითხის დალევის (პოლიდიფსია), შარდმდენი მედიკამენტების ან შარდმდენი მოქმედების მქონე ნივთიერებების (ალკოჰოლი, კოფეინი) მიღების, სისხლში შაქრის შემცველობის მაღალი დონის შედეგად (მაგალითად შაქრიანი დიაბეტისას). უშაქრო დიაბეტი იშვიათი დაავადებაა, რომელსაც შარდის მოცულობის გაზრდა ახასიათებს ტვინის ანტიდიურეზული ჰორმონის (იგივე ვაზოპრესინი) მოქმედების დარღვევის გამო. ეს ნივთიერება ეხმარება თირკმელს სითხის უკუშეწოვაში. თუ იგი ძალიან მცირე რაოდენობით გამომუშავდება ან თირკმელი მასზე სათანადოდ არ რეაგირებს, შარდის მოცულობა იზრდება.

გახშირებული შარდვა:მოშარდვის სურვილის გახშირება შარდის სადღეღამისო მოცულობის გაზრდის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის გაღიზიანებამ ან მასზე ზეწოლამ. გაღიზიანების ყველაზე ხშირი მიზეზი საშარდე გზების ინფექციაა (სგი). უფრო იშვიათად გამომწვევი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის სიმსივნე ან სხვა წარმონაქმნი (საშვილოსნოც კი, ორსულობის დროს), რომელიც შარდის ბუშტს გარედან აწვება, ამცირებს მის ტევადობას და იწვევს მოშარდვის სურვილის გახშირებას. შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის გაძნელება ნაწილობრივი დახშობის გამო (ხშირად, გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის გადიდების გამო), ასევე შეიძლება იყოს ხშირი შარდვის მიზეზი.

შეფასება და მკურნალობა

ექიმი დაინტერესდება, იღებს თუ არა ადამიანი შარდმდენ საშუალებებს. ტკივილი ან წვა შარდვისას ინფექციის არსებობაზე ბადებს ეჭვს. მამაკაცებში ექიმი წინამდებარე ჯირკვალს გასინჯავს ხელთათმნიანი, ლუბრიკანტიანი თითით, სწორი ნაწლავიდან. თუ ჯირკვალი გადიდებულია, ექიმი დანიშნავს სისხლის ანალიზს (პროსტატსპეციფიკური ანტიგენი) და ზოგჯერ წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევასაც. როგორც წესი, შარდი მოწმდება მასში გლუკოზის (ეჭვი შაქრიან დიაბეტზე) ან ბაქტერიებისა და სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი რაოდენობის (ეჭვი საშარდე გზების ინფექციაზე) არსებობაზე. თუკი მიზეზი კვლავ გაურკვეველია, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს სისხლსა და შარდში ელექტროლიტების შემცველობის განსაზღვრა, თირკმლების, შარდსაწვეთების ან შარდის ბუშტის გამოსახულებითი კვლევების ჩატარება (კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).

მკურნალობის მიზანია გამომწვევი მიზეზის აღმოფხრა.

ღამით შარდვა

ღამით მოშარდვის გახშირებული სურვილი (ნიქტურია) უფრო ხშირია მოხუცებში. ნიქტურიამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, აგრეთვე, ტრავმები დაცემის შედეგად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი მიიჩქარის საჭირო ოთახისკენ, განათება კი ცუდია.

მიზეზები

ნიქტურია თირკმლების ბევრი დაავადების ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს. ის ხშირია გულის, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ცუდად კონტროლირებული უშაქრო ან შაქრიანი დიაბეტის დროს. ნიქტურია შეიძლება თირკმლების მიერ შარდის კონცენტრირების უნარის დარღვევამაც გამოიწვიოს. ღამით გახშირებული შარდვა მცირე მოცულობების გამოყოფით ვლინდება შარდსადენში შარდის დინების შეფერხების დროს, რადგან შარდი უკან გადადის შარდის ბუშტში და იქ გროვდება. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი შარდსადენის დახშობის ყველაზე ხშირი მიზეზია ხანდაზმულ მამაკაცებში. ხანდახან ნიქტურია შეიძლება უბრალოდ ძილის წინ დიდი რაოდენობით სითხის მიღებით იყოს გამოწვეული, განსაკუთრებით კი – ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი) მიღებით.

უნებლიე შარდვა ღამით, ძილის დროს (ენურეზი) ჩვეულებრივი მოვლენაა პატარა ბავშვებში. 5-6 წლის ასაკის შემდეგ მისი კვლავ არსებობა სავარაუდოს ხდის ქვედა საშარდე გზების კუნთებისა და ნერვების მომწიფების შეფერხებას, თუმცა ხშირად ის მკურნალობის გარეშეც გაივლის. თუ ენურეზი გაგრძელდა, სხვა მიზეზია საძიებელი, მაგალითად, საშარდე გზების ინფექცია, დიაბეტი, შარდის ბუშტის ნერვული კონტროლის უკმარისობა ან ფსიქოლოგიური ფაქტორები.

შეფასება და მკურნალობა

ნიქტურიის მიზეზი ხშირად გასაგები ხდება პაციენტის სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების შეფასებისთანავე. მამაკაცებში ექიმები წინამდებარე ჯირკვალს იკვლევენ. დამატებითი ანალიზები შეიძლება საჭირო გახდეს იმის მიხედვით, თუ რა მიზეზია სავარაუდო.

სითხის, ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელების მიღების შეზღუდვა გვიან საღამოს და მოშარდვა ძილის წინ, შესაძლოა, ყველა ადამიანისთვის ეფექტური აღმოჩნდეს ნიქტურიის შესამცირებლად.

შარდვის დაწყების შეყოვნება, გაჭინთვა შარდვისას, ნარჩენი წვეთები

შარდვის დაწყების შეყოვნება, გაჭინთვის საჭიროება, შარდის სუსტი ნაკადი და შარდვის დასრულების შემდეგ ნარჩენი წვეთები შარდსადენის ნაწილობრივი დახშობის ხშირი სიმპტომებია. მამაკაცებში ამას, როგორც წესი, გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი იწვევს, რომელიც შარდსადენს აწვება. უფრო იშვიათია თავად შარდსადენის შევიწროება (სტრიქტურა). თუ მსგავსი სიმპტომები აქვს ყმაწვილს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას შარდსადენის ან შარდსადენის გარეთა ხვრელის თანდაყოლილი შევიწროება აქვს. იგივე შეიძლება ქალებშიც შეგვხვდეს.

ექიმი წინამდებარე ჯირკვალს ხელთათმნიანი, ლუბრიკანტიანი თითის სწორ ნაწლავში შეყვანით სინჯავს. თუ ჯირკვალი გადიდებულია, ინიშნება სისხლის ანალიზი პროსტატსპეციფიკური ანტიგენის გამოსაკვლევად ან ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა. შარდსადენის სტრუქტურაზე ეჭვის დროს გამოიყენება ცისტოსკოპია – დრეკადი, კამერიანი მილის შეყვანა შარდის ბუშტში.

გადიდებულ წინამდებარე ჯირკვალს მკურნალობენ მედიკამენტებით ან ქირურგიულად. მამაკაცებში შარდსადენის შევიწროების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია პენისის გავლით შარდის ბუშტში კათეტერის შეყვანა და შარდსადენის გაგანიერება. შარდსადენის ღიაობის შესანარჩუნებლად ზოგჯერ საჭიროა სპეციალური მილის – სტენტის ჩადგმა შარდსადენში. ქირურგებმა შესაძლოა აღადგინონ დაზიანებული შარდსადენი ან რომელიმე სხვა ჩარევა ირჩიონ.

მოშარდვის დაუძლეველი სურვილი

მოშარდვის დაუძლეველი სურვილი, რომელიც შეიგრძნობა როგორც ხანგრძლივი, მტკივნეული ჭინთვა (ტენეზმები), შარდის ბუშტის გაღიზიანების შედეგი შეიძლება იყოს. თუ ადამიანი მაშინვე არ მოშარდავს, მოსალოდნელია უნებლიე შარდვა. ამის მიზეზი შეიძლება შარდის ბუშტის ინფექციაც იყოს. კოფეინი და ალკოჰოლი ამ სიმპტომს აძლიერებს, მაგრამ დამოუკიდებელი გამომწვევი არც ერთია და არც მეორე. იშვიათად ეს სიმპტომი შეიძლება შარდის ბუშტის ანთების ნაკლებად შესწავლილი ფორმით – ინტერსტიციული ცისტიტით – იყოს გამოწვეული.

მოხსენიებული სიმპტომის მიზეზის განსაზღვრა ხშირად შესაძლებელია სხვა სიმპტომების, გასინჯვისა და შარდის ანალიზის შედეგების შეფასებით. თუ ინფექციაა სავარაუდო, შარდის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ხდება საჭირო. ზოგჯერ, თუ ინტერსტიციული ცისტიტის არსებობას ეჭვობენ, ცისტოსკოპიას და შარდის ბუშტის ბიოფსიას ატარებენ.

მკურნალობა გამომწვევი დაავადების მიხედვით ინიშნება.

შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული (იხ. ქვეთავი 47).

სისხლი შარდში

შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია) შარდს მოწითალო ან მოყავისფრო ფერს აძლევს. შეფერილობა დამოკიდებულია სისხლის რაოდენობაზე, მისი შარდში მოხვედრის ხანდაზმულობაზე, შარდის მჟავა რეაქციის ხარისხზე. თუ სისხლის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ შარდს ფერს ვერ უცვლის, მაშინ მისი არსებობის დასადასტურებლად სპეციალური ქიმიური ანალიზები ან მიკროსკოპიული კვლევაა საჭირო.

მიზეზები

სისხლში შარდის არსებობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციით, კენჭებით, სიმსივნით, ტრავმით ან შარდის ბუშტის, შარდსაწვეთის, შარდსადენის და თირკმლების სხვა დაავადებებით. იმ ადამიანთა ნახევარში, რომელთაც სისხლიანი შარდი ტკივილის გარეშე აქვთ, მიზეზი თირკმლების სპეციალიზებული სისხლძარღვების – გლომერულების დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა. ზოგჯერ, ნამგლისებრუჯრედოვანმა ანემიამ ან მისმა მსგავსმა ავადმყოფობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდში სისხლის არსებობა. სისხლი შარდში და ტკივილი ხშირად თირკმლების, შარდის ბუშტის ან წინამდებარე ჯირკვლის ინფექციითაა შეპირობებული. მიზეზი შეიძლება ერთ-ერთ შარდსაწვეთში ან შარდსადენში კენჭის ან სისხლის კოლტის გადაადგილებაც იყოს.

შეფასება და მკურნალობა

ზოგჯერ დიაგნოზისთვის მხოლოდ სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის, შარდის ანალიზის და, საჭიროებისას, თუ ეჭვია საშარდე გზების ინფექციაზე, შარდში მიკროორგანიზმების შესწავლის შედეგების შეფასებას ეფუძნება. თუმცა, ხშირად ცისტოსკოპია, გამოსახულებითი კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრასონოგრაფია) ან სხვა რომელიმე დამხმარე მეთოდი ხდება საჭირო. თუ სიმსივნეზეა ეჭვი, შეისწავლება შარდში სიმსივნური უჯრედების არსებობა. აფრიკული წარმოშობის ადამიანებში, რომელთაც არა აქვთ დადგენილი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მის დასადასტურებლად შეიძლება სისხლის ანალიზი გახდეს საჭირო.

მკურნალობა გამომწვევი დაავადების მიხედვით ინიშნება.

ჰაერი შარდში

მოშარდვისას ჰაერის გამოყოფა იშვიათი სიმპტომია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ არსებობს კავშირი ანუ ხვრელმილი, ანუ ფისტულა საშარდე გზებსა და ჰაერის შემცველ ნაწლავებს შორის, რაც ნორმაში არ უნდა იყოს. ფისტულა შეიძლება დივერტიკულიტის, ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადების, ჩირქგროვის ან სიმსივნის გართულება იყოს. შარდის ბუშტსა და საშოს შორის ჩამოყალიბებულმა ფისტულამაც შეიძლება გამოიწვიოს მოშარდვისას ჰაერის გამოყოფა. იშვიათად, ამ სიმპტომის მიზეზი ზოგიერთი ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი აირია.

ქალებში შეიძლება გინეკოლოგიური გასინჯვა გახდეს საჭირო, დამატებით – ცისტოსკოპია, სიგმოიდოსკოპია ან გამოსახულებითი კვლევები: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრასონოგრაფია.

ფისტულებს, როგორც წესი, ქირურგიულად მკურნალობენ.

შარდის ფერის შეცვლა

განზავებული შარდი თითქმის უფეროა, კონცენტრირებული კი – მუქი ყვითელი. შარდი ნორმაში ყვითლისგან განსხვავებული ფერისა არ უნდა იყოს.

საკვების პიგმენტებმა შესაძლოა შარდს წითელი ფერი შესძინონ, მედიკამენტებმა კი ბევრი სხვადასხვა – ყავისფერი, შავი, ლურჯი, მწვანე, ნარინჯისფერი ან წითელი. ყავისფერი შარდი შესაძლოა დაშლილ ჰემოგლობინს (სისხლში ჟანგბადის გადამტანი ცილა) შეიცავდეს. ის შარდში ხვდება თირკმლიდან, შარდსაწვეთიდან ან შარდის ბუშტიდან სისხლდენის შემთხვევაში. გარდა ამისა, ჰემოგლობინი შარდში შეიძლება მოხვდეს ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზი) ახასიათებს. შარდი ყავისფერია მასში მიოგლობინის – კუნთის ცილის – შემცველობისას, რაც კუნთების მძიმე დაზიანების შედეგია. წითელი ფერი პორფირიის დროს წარმოქმნილი პიგმენტებით არის ხოლმე გამოწვეული, შავად შეფერვა კი – მელანომის დროს გამოყოფილი პიგმენტებით. შარდის შემღვრევას იწვევს საშარდე გზების ინფექციის დროს შარდში დიდი რაოდენობით სისხლის თეთრი უჯრედების არსებობა. სხვა შესაძლო მიზეზებია შარდში ფოსფორმჟავა ან შარდმჟავა კრისტალების არსებობა ან საშოდან გამონადენი.

ექიმები, როგორც წესი, ფერის შეცვლის მიზეზს შარდის მიკროსკოპიული შესწავლით ან ქიმიური ანალიზებით ადგენენ. მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ფერის შეცვლა რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული.

შარდის სუნის შეცვლა

შარდის სუნი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. სუნი რომელიმე დაავადების არსებობაზე, როგორც წესი, არ მიუთითებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადამიანს ესა თუ ის იშვიათი მეტაბოლური დარღვევა აქვს.