დიაგნოზი (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი) | მკურნალი.გე
  1. დიაგნოზი (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი)
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
დიაგნოზი (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი)

თირკმლების რომელიმე დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანის გამოკვლევისას ექიმი ცდილობს ხელით გასინჯოს თირკმლები. ბავშვებსა და მოზრდილებში ნორმაში მათი ხელით გასინჯვა შეუძლებელია (თუმცა შეიძლება გაისინჯოს ახალშობილებში). გადიდებული თირკმლები ან თირკმლების სიმსივნის ხელით შეგრძნება შესაძლებელია. ხშირად გადავსებული შარდის ბუშტის გასინჯვაც შესაძლებელია. სწორი ნაწლავიდან ისინჯება წინამდებარე ჯირკვალი, დგინდება მისი ზომა, სტრუქტურული ცვლილებები. ჯირკვლის ზომა ხშირად არ შეესაბამება შარდსადენის დახშობის ხარისხს. ქალებში შესაძლოა გინეკოლოგიური გასინჯვაც გახდეს საჭირო იმის დასადგენად, საშარდე სისტემის მხრივ ჩივილებს ვაგინიტი ან სასქესო ორგანოების სხვა პრობლემა ხომ არ იწვევს.

დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკისთვის, საჭიროებისამებრ, დამატებითი პროცედურებიც ტარდება.

შარდის ანალიზი

შარდის ანალიზი შარდის გამოკვლევას ნიშნავს. შარდის ნიმუში სუფთად ან სტერილურად უნდა იქნეს აღებული – ისე, რომ არ დაბინძურდეს გარემოში არსებული მიკროორგანიზმებით. მაგალითად, შარდის აღებისას, მისი მიკროორგანიზმებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, შარდსადენის გავლით შარდის ბუშტში შეყვანილი კათეტერიდან მიღებული შარდის ანალიზი ტარდება. ანალიზით შესაძლებელია შარდში სხვადასხვა ნივთიერების აღმოჩენა და მათი რაოდენობის განსაზღვრა, სახელდობრ, ცილის, გლუკოზის (შაქარი), კეტონების, სისხლის და სხვ. ანალიზი სპეციალური სადიაგნოზო ჩხირით ტარდება, რომლებზეც დატანილი ქიმიური ნივთიერებები რეაქციაში შედის შარდში არსებულ მოლეკულებთან და სწრაფად იცვლის ფერს. ზოგჯერ ამ მეთოდით გამოკვლევის შედეგები უფრო რთული, დახვეწილი და სარწმუნო მეთოდებით გადამოწმდება. შეიძლება შარდის მიკროსკოპიული შესწავლა, მასში სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების, კრისტალების, ცილინდრების (ცილინდრები თირკმლების მილაკებში ერთმანეთზე დალექილი უჯრედებით და ცილით იქმნება და შარდით გამოიყოფა) არსებობის დასადგენად.

შარდში ცილის არსებობა (პროტეინურია), როგორც წესი, სადიაგნოზო ჩხირის გამოყენებით დგინდება. გამომწვევი მიზეზის მიხედვით, ცილა შესაძლოა მუდმივად ან დროგამოშვებით გამოიყოფოდეს შარდით. პროტეინურია ხშირად თირკმლების დაავადების ნიშანია, მაგრამ ნორმაშიც შეიძლება შეგვხვდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, მარათონულ დისტანციაზე სირბილის შემდეგ.

შარდში გლუკოზის არსებობაც (გლუკოზურია) შეიძლება დადგინდეს სადიაგნოზო ჩხირის მეშვეობით. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი შაქრიანი დიაბეტია. ამავე დროს, შარდში გლუკოზის არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს დიაბეტი არა აქვს ან ეს დაავადება ადეკვატურად იმართება.

კეტონების არსებობა შარდში ანუ კეტონურია აგრეთვე სადიაგნოზო ჩხირის გამოყენებით დგინდება. ეს ნივთიერებები მაშინ წარმოიქმნება, როცა ორგანიზმი ცხიმს შლის. შარდით გამოიყოფა შიმშილის, ცუდად მართული შაქრიანი დიაბეტის დროს და, ზოგჯერ, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ.

სისხლის არსებობა შარდში (ჰემატურია) სადიაგნოზო ჩხირის გამოყენებითაც შეიძლება დადგინდეს, მაგრამ დადასტურება შარდის მიკროსკოპიული შესწავლით ან კვლევის სხვა მეთოდების გამოყენებით ხდება. თუ შარდს სისხლის დიდი რაოდენობა შეერევა, შარდი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი მოწითალო ან მოყავისფრო შეფერილობისა არის.

შარდით ნიტრიტების (ნიტრიტურია) გამოყოფაც სადიაგნოზო ჩხირის მეშვეობით შეისწავლება. ნიტრიტების მაღალი დონე საშარდე გზების ინფექციაზე მიუთითებს.

ლეიკოციტების ესთერაზის (ფერმენტი, რომელიც სისხლის ზოგიერთ თეთრ უჯრედში გვხვდება) შარდში აღმოჩენაც ჩხირით ხდება. ეს ფერმენტი საშარდე გზების ინფექციით გამოწვეული ანთების ნიშანია.

შარდის მჟავიანობაც ჩხირით იზომება. მჟავიანობის ცვლილებას ზოგიერთი საკვები ან ქიმიური ნივთიერებების დისბალანსი, ან მეტაბოლური დარღვევები იწვევს.

შარდის კონცენტრაცია (ოსმოლალობა, ანუ ხვედრითი წონა) მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის გაუწყლოებაზე, მიღებული სითხის რაოდენობაზე და ა.შ. შარდის ხვედრითი წონა საყურადღებო პარამეტრია თირკმლების ფუნქციის დარღვევის შეფასებისთვის. თირკმელი შარდის კონცენტრირების უნარს მისი ფუნქციური უკმარისობის ადრეულ სტადიაზევე კარგავს. ამ ფუნქციის შესწავლის ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებისას ადამიანი 12-14 საათის განმავლობაში წყალს და სხვა სითხეებს არ იღებს. სხვა მეთოდით კვლევისას ანტიდიურეზული ჰორმონი (ვაზოპრესინი) შეჰყავთ ინექციით. ორივე შემთხვევაში, საბოლოოდ, შარდის ხვედრითი წონა იზომება. ნორმაში შარდი საკმაოდ კონცენტრირებული უნდა იყოს. თირკმლების ზოგიერთი დაავადების დროს (მაგ., თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტი) შარდის კონცენტრირება ვერ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თირკმლების სხვა ფუნქციები დარღვეული არ არის.

შარდში ნალექის არსებობა მიკროსკოპით დგინდება და ინფორმაციას გვაწვდის თირკმლების ან საშარდე გზების ამა თუ იმ დაავადების არსებობის თაობაზე. ნორმაში შარდში მცირე რაოდენობით არის უჯრედები და საშარდე გზების შიდა ზედაპირიდან ჩამოფცქვნილი ელემენტები. თირკმლების ან საშარდე ტრაქტის დაავადებისას უფრო მეტი უჯრედი ჩამოიფცქვნება, რაც ნალექს წარმოქმნის შარდის ცენტრიფუგირების ან რაღაც პერიოდით სინჯარაში დაყოვნების შემდეგ.

შარდის მიკროორგანიზმების შესწავლა

შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის მასში არსებული მიკროორგანიზმები ლაბორატორიაში ხელოვნურ საკვებ ნიადაგზე იზრდება და საშარდე გზების ინფექციის სადიაგნოზოდ გამოიყენება. ეს ანალიზი სტანდარტულ, ჩვეულებრივ კვლევებს არ განეკუთვნება. ანალიზისთვის შარდის ნიმუში სუფთად ან შარდის ბუშტში ჩადგმული კათეტერიდან უნდა იქნეს აღებული.

თირკმლების ფუნქციური ტესტები

შარდისა და სისხლის ანალიზების მეშვეობით შესაძლებელია თირკმლების ფუნქციის შეფასება. კრეატინინის – ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტის – რაოდენობა სისხლში იზრდება, როცა თირკმლებში სისხლის ფილტრაციის სიჩქარე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კრეატინინისგან სისხლის გაწმენდის (კლირენსის) მიახლოებითი გამოთვლა შესაძლებელია სისხლის ანალიზის მეშვეობით, რაც უფრო ზუსტი მეთოდია. ამისათვის გამოიყენება ფორმულა, რომელიც კრეატინინის რაოდენობას აკავშირებს ადამიანის ასაკთან, წონასა და სქესთან. კრეატინინის კლირენსის კიდევ უფრო ზუსტად გამოსათვლელად საჭიროა შარდის შეგროვება დროის განსაზღვრულ შუალედებში და სისხლში ამ ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრა. სისხლში შარდოვანას (BUN) დონეც ასახავს თირკმლების ფუნქციონირების ხარისხს, თუმცა მის შემცველობაზე ბევრი სხვა ფაქტორიც ახდენს გავლენას.

გამოსახულებითი კვლევები

რენტგენოგრაფია საშარდე გზების დაავადებების დიაგნოსტიკაში ნაკლებად გამოიყენება.

ულტრასონოგრაფია ხშირად პირველი გამოსახულებითი კვლევაა, რომლითაც იწყებენ სადიაგნოზო ძიებას თირკმლების დაავადებების არსებობაზე ეჭვის გაჩენისთანავე. ის უსაფრთხოა თირკმლების ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაშიც, არაინვაზიურია, უმტკივნეულოა, არ საჭიროებს საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებას. ულტრაბგერა თირკმლების ფუნქციის შესახებ არაპირდაპირ ინფორმაციას გვაწვდის, ძალიან კარგი საშუალებაა თირკმლების ზომის, მდებარეობის დასადგენად, ობსტრუქციის, სტრუქტურული ანომალიების აღმოსაჩენად. თირკმლების სიმსივნეების დიაგნოსტიკაში ის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ნაკლებად ზუსტია. ულტრაბგერა გამოიყენება ბიოფსიის დროს, თირკმლების ქსოვილის ასაღებად საუკეთესო ადგილის შესარჩევად.

საშარდე გზებში კენჭების აღმოჩენა ულტრასონოგრაფიული კვლევით შესაძლებელია, მაგრამ 5 მილიმეტრზე მცირე ზომის წარმონაქმნები ამ მეთოდის გამოყენებისას არ ჩანს. თუ სავარაუდოა, რომ შარდის ბუშტი სრულად არ იცლება, ულტრაბგერა გამოიყენება მოშარდვის შემდეგ ბუშტში ნარჩენი შარდის რაოდენობის დასადგენად. შარდის ბუშტის სიმსივნეების სადიაგნოზოდ ულტრასონოგრაფია, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, ნაკლებად ინფორმაციულია.

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) თირკმელში მოცულობითი წარმონაქმნების გამოსაკვლევად გამოიყენება. სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს პაციენტი სკანერში გამუდმებით მოძრაობს, რაც ზოგიერთი ნაწილის უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩენისა და პროცედურის უფრო ნაკლებ დროში დასრულების შესაძლებლობას იძლევა. სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერების გარეშე გამოიყენება თირკმლების კენჭოვანი დაავადების არსებობაზე ეჭვის დასადასტურებლად, სხვა შემთხვევაში იმის სასწრაფოდ დასადგენად ხომ არ გამოიწვია ტრავმამ თირკმელში ან მის მიმდებარე ქსოვილებში სისხლჩაქცევა. საკონტრასტო ნივთიერება ხშირად გამოიყენება ამ მეთოდით კვლევისას. მისი ინტრავენური გზით შეყვანისას თირკმლების არტერიები და ვენები, ზოგიერთი სიმსივნე (მაგ., თირკმელუჯრედოვანი კიბო) და პოლიცისტური თირკმლების სტრუქტურები უფრო ზუსტად ჩანს გამოსახულებაზე. საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქცია ან, იშვიათად, თირკმლების დაზიანება.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) თირკმლების, მის გარშემო არსებული სტრუქტურებისა და სისხლძარღვების სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა. მრტ-ის მეშვეობით შეიძლება სიმსივნეებისა და ცისტების ერთმანეთისგან გარჩევა. გამოსახულების მეტი სიზუსტისთვის, პარამაგნიტური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა თირკმლების სისხლძარღვების დაავადებების ამოცნობა. თუ ამ გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო, მაგრამ მაღალია საკონტრასტო ნივთიერებაზე ალერგიული რეაქციის განვითარების ალბათობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ნაცვლად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება.

ინტრავენური უროგრაფიის (ივუან ინტრავენური პიელოგრაფია–ივპ) დროს საკონტრასტო ნივთიერება ვენიდან შეიყვანება და შემდეგ ხდება თირკმლების, შარდსაწვეთებისა და შარდსადენის რენტგენით გადაღება. როგორც წესი, ამ კვლევის ნაცვლად ულტრაბგერა, კტ ან მრტ გამოიყენება. თუმცაღა, ივუ-ით მიღებულ გამოსახულებაზე შარდსაწვეთების მცირე დაზიანებები, თირკმლების ზოგიერთი სტრუქტურული ანომალია უფრო ზუსტად შეიძლება გამოჩნდეს. კვლევის ამ მეთოდს იყენებენ, თუ პაციენტს სისხლიანი შარდვა აქვს, მათ შორის მაშინაც, როცა სისხლი შეუიარაღებული თვალით არ ჩანს. ივუ შეიძლება ჩატარდეს შარდსაწვეთების ან საშარდე გზების სხვა ნაწილის სიმსივნეზე ეჭვის არსებობისას. საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქცია ან, იშვიათად, თირკმლების დაზიანება.

ცისტოურეთროგრაფიის დროს ივუ-ისთვის გამოსაყენებული საკონტრასტო ნივთიერების მსგავსი ნივთიერება შეჰყავთ შარდის ბუშტში, რის შემდეგაც შარდვის დროს და შარდვის დასრულებისთანავე რენტგენით იღებენ სურათებს. ამ მეთოდს მიქციური ცისტოურეთროგრაფია ეწოდება. ის განსაკუთრებით გამოსადეგია საშარდე გზების ხშირი, განმეორებითი ინფექციების დროს, თუმცაღა მას თავადაც შეუძლია დაინფიცირების მიზეზი გახდეს. საკონტრასტო ნივთიერების გამოყენების შედეგად შესაძლოა ალერგიული რეაქცია, იშვიათად – თირკმლების დაზიანება.

რადიონუკლიდური კვლევისას რადიოაქტიური ნივთიერების ორგანიზმში შეყვანის შემდეგ მისი გამოსხივება სპეციალური გამა-კამერით ფიქსირდება და თირკმლების გამოსახულება მიიღება. ამ კვლევის ერთ-ერთი სახეობა (რენოგრაფია) თირკმელში სისხლის მიმოქცევას შეისწავლის. ეს მეთოდი გამოიყენება თირკმლებთან დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის.

ანგიოგრაფიის დროს საკონტრასტო ნივთიერება არტერიაში შეჰყავთ. იმის გამო, რომ კათეტერი არტერიაში უნდა ჩაიდგას, ხოლო ნივთიერების ხსნარი დიდი წნევით უნდა შევიდეს, ამ კვლევას, სხვებთან შედარებით, რისკების ალბათობაუფრო მაღალი აქვს. შესაბამისად, ის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება (მაგ., ბალონურ ანგიოპლასტიკამდე და შემდეგ, სტენტის ჩასაყენებლად). ამ ჩარევის მიზანია რომელიმე თირკმლის არტერიის გამტარობის შენარჩუნება ან დეტალური ინფორმაციის მიღება ამ სისხლძარღვების შესახებ ქირურგიულ ჩარევამდე. ანგიოგრაფიის გართულებებია: საინექციო არტერიების და მეზობელი ორგანოების დაზიანება, სისხლდენა და რეაქცია საკონტრასტო ნივთიერებაზე.

ცისტოსკოპია

ცისტოსკოპია ენდოსკოპიის ერთ-ერთი სახეობაა, ის გამოიყენება შარდის ბუშტისა და შარდსადენის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკაში. ცისტოსკოპი დრეკადი მილია, მისი დიამეტრი დაახლოებით ფანქრის დიამეტრის ტოლია, სიგრძე 30-150 სანტიმეტრი შეიძლება იყოს, თუმცა მხოლოდ 15-30 სანტიმეტრი შეჰყავთ შარდსადენსა და შარდის ბუშტში. ცისტოსკოპების უმრავლესობას აქვს სინათლის წყარო და მცირე ზომის კამერა, რომლითაც შესაძლებელია შარდის ბუშტისა და შარდსადენის შიგნიდან დათვალიერება. ბევრ ცისტოსკოპს წვერზე პატარა საკვეთი მოწყობილობაც აქვს შარდის ბუშტის შიგნითა ზედაპირიდან ქსოვილის ნიმუშის ასაღებად (ბიოფსია). ცისტოსკოპია უმნიშვნელო დისკომფორტს იწვევს და პაციენტის დაძინება არ არის საჭირო. პროცედურამდე, როგორც წესი, შარდსადენში ანესთეზიისთვის სპეციალური გელი შეჰყავთ. შესაძლო გართულებებია: სისხლიანი შარდვა, იშვიათად – შარდის ბუშტის გახვრეტა.

ქსოვილისა და უჯრედების ნიმუშების აღება

თირკმლების ბიოფსიის დროს იკვეთება ორგანოს ქსოვილის ნაწილი და მიკროსკოპით შეისწავლება. ეს კვლევა ძირითადად იმ დაავადებების სადიაგნოზოდ გამოიყენება, რომლებიც თირკმელში გლომერულებს აზიანებს. ის გამოსადეგია თირკმლების მილაკების დამაზიანებელი დაავადებებისა და თირკმლების მწვავე უკმარისობის გამომწვევი უჩვეულო მიზეზების დასადგენად. ბიოფსია ზოგჯერ გადანერგილ თირკმელზე ტარდება იმის გასარკვევად, ხომ არ ცდილობს იმუნური სისტემა გადანერგილი ორგანოს მოცილებას.

პროცედურის დროს ადამიანი მუცელზე წევს და ზურგზე, თირკმლების უკან, კანსა და კუნთებში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ. იმისთვის, რომ ექიმმა ზუსტად დაუმიზნოს ნემსი გლომერულების შემცველ ნაწილს ისე, რომ დიდი სისხლძარღვი არ დააზიანოს, გამოსახულების მისაღებად ულტრასონოგრაფია ან კტ გამოიყენება. ნემსი კანის გავლით თირკმელში შეიყვანება. ეს პროცედურა არ არის რეკომენდებული მაღალი არტერიული წნევის, სისხლის შედედების დარღვევის, საშარდე გზების მწვავე ინფექციის ან მხოლოდ ცალი თირკმლის მქონე (გარდა გადანერგილი თირკმლებისა) პაციენტებისთვის. მოსალოდნელი გართულებებია: სისხლიანი შარდვა, სისხლდენა თირკმლების მიმდებარე ქსოვილებიდან, მცირე არტერიოვენური ხვრელმილების (ანომალიური კავშირი მცირე ზომის ვენებსა და არტერიებს შორის) ფორმირება თირკმელში.

შარდის ციტოლოგია გულისხმობს შარდის მიკროსკოპიულ შესწავლას სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად. კვლევის ეს სახე გამოიყენება თირკმლებისა და საშარდე გზების სიმსივნეების სადიაგნოზოდ, აგრეთვე სიმსივნის სკრინინგისთვის ამ დაავადების მაღალი ალბათობის მქონე პირებს შორის (მწეველები, ბენზინის წარმოებაში მომუშავენი, აგრეთვე ის პაციენტები, რომლებსაც სისხლიანი შარდვა აქვთ ტკივილის გარეშე). შარდის ბუშტის ან თირკმლების სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ეს კვლევა განმეორებით ტარდება დაკვირვებისთვის. ისიც ხაზგასასმელია, რომ ზოგჯერ კვლევის შედეგი სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს მაშინ, როცა ის სინამდვილეში არ არის, ან პირიქით, შედეგი უარყოფითია სიმსივნის არსებობისას, იმ შემთხვევებში, როცა სიმსივნე ახლად არის წარმოქმნილი ან ნელა იზრდება.