თირკმლების ქრონიკული უკმარისობა | მკურნალი.გე
  1. თირკმლების ქრონიკული უკმარისობა
  2. თირკმლების უკმარისობა
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
თირკმლების ქრონიკული უკმარისობა

თირკმლების ქრონიკული უკმარისობის (თირკმლების ქრონიკული დაავადების) დროს ნარჩენი პროდუქტებისგან სისხლის გაფილტვრის უნარი თანდათანობით, თვეების ან წლების განმავლობაში მცირდება.

  • ყველაზე ხშირი მიზეზებია დიაბეტი ან მაღალი არტერიული წნევა;

  • სისხლის მჟავიანობა იზრდება, თავს იჩენს ანემია, ზიანდება ნერვები, იშლება ძვლოვანი ქსოვილი, იზრდება ათეროსკლეროზის რისკი;

  • სიმპტომები: ხშირად შარდვა ან დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა ღამით, საერთო სისუსტე, გულისრევა, ქავილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვები და სპაზმები, მგრძნობელობის დაქვეითება, ცნობიერების მოშლა, სუნთქვის გაძნელება, სიყვითლე;

  • დიაგნოზი ეფუძნება სისხლისა და შარდის ანალიზებს;

  • მკურნალობა: სითხეების, ნატრიუმისა და კალიუმის მიღების შეზღუდვა, სხვა დაავადებების მკურნალობა (დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, ანემიის, ელექტროლიტური დისბალანსის) და, საჭიროების შემთხვევაში, დიალიზი.

ბევრ დაავადებას შეუძლია თირკმლები შეუქცევადად დააზიანოს. თუ მკურნალობის შედეგად თირკმლების მწვავე უკმარისობის უკუგანვითარება არ მოხდა, ის ქრონიკული ხდება. შესაბამისად, ყველაფერი, რაც მწვავე უკმარისობას იწვევს, ქრონიკულის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ყველაზე ხშირად მისი გამომწვევია შაქრიანი დიაბეტი და მისი თანამდევი არტერიული ჰიპერტენზია. მოხსენიებულთაგან ორივე აზიანებს თირკმლების უმცირეს სისხლძარღვებს. ქრონიკული უკმარისობის სხვა შესაძლო მიზეზებია: საშარდე გზების ობსტრუქცია, თირკმლების დაავადებები (თირკმლების პოლიცისტური დაავადება, გლომერულონეფრიტი), ავტოიმუნური დაავადებები (მაგ., სისტემური წითელი მგლურა), რომელთა დროსაც ანტისხეულები თირკმლების უმცირეს სისხლძარღვებს (გლომერულები) და მილაკებს (ტუბულები) აზიანებს.

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის დროს, თირკმლებში პირველადი შარდიდან წყლის უკუშეწოვა მცირდება, რის გამოც შარდის მოცულობა არ მცირდება, ის ნაკლებად კონცენტრირებულია. დროთა განმავლობაში თირკმლები კარგავს ორგანიზმიდან მჟავას გამოყოფის უნარსა და სისხლის მჟავიანობა იმატებს. ამ მდგომარეობას აციდოზი ეწოდება. სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა მცირდება, რაც ანემიას იწვევს. მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტების დაგროვება ტვინის, ტორსისა და კიდურების ნერვებს აზიანებს. დაავადებული თირკმლები ისეთ ნივთიერებებს გამოიმუშავებს, რომლებიც არტერიულ წნევას ზრდის, მცირდება ზედმეტი წყლისა და მარილების გამოყოფა. ამ უკანასკნელთა ორგანიზმში შეკავებამ შესაძლოა გულის უკმარისობა გამოიწვიოს, შეიძლება განვითარდეს გულის პერანგის – პერიკარდიუმის – ანთება (პერიკარდიტი). სისხლში ტრიგლიცერიდების დონე ხშირად მომატებულია, რაც, მაღალ არტერიულ წნევასთან ერთად, ათეროსკლეროზის რისკს ზრდის.

ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და შენარჩუნების პროცესი შეიძლება დაირღვეს (თირკმლებისმიერი ოსტეოდისტროფია), თუ ხანგრძლივად მიმდინარე თირკმლების ქრონიკულ უკმარისობას ზოგი სხვა მდგომარეობაც დაერთო, სახელდობრ: პარათიროიდული ჰორმონის მომატება, კალციტრიოლის (D ვიტამინის აქტიური ფორმა) ნაკლებობა, კალციუმის შეწოვის დაქვეითება და სისხლში ფოსფორის შემცველობის გაზრდა. თირკმლისმიერმა ოსტეოდისტროფიამ შეიძლება ძვლების ტკივილი გამოიწვიოს, იზრდება მოტეხილობების რისკიც.

სიმპტომები

სიმპტომები, როგორც წესი, თანდათან იჩენს თავს. თირკმლების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის დროს ადამიანს შესაძლოა მხოლოდ ღამით ხშირი შარდვა, ანუ ნიქტურია აწუხებდეს. ნიქტურია იმის გამო ვითარდება, რომ თირკმლებს აღარ შეუძლია მეტი წყლის აბსორბციის გზით უფრო ნაკლები რაოდენობისა და უფრო მეტად კონცენტრირებული შარდის წარმოქმნა, რაც, ჩვეულებრივ, ღამით ხდება.

უკმარისობა თანდათან ღრმავდება, ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები სისხლში გროვდება, რაც დაღლილობას, საერთო სისუსტეს, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას იწვევს. ზოგს უმადობა და ქოშინიც აწუხებს. დაღლილობასა და სისუსტეს ანემია კიდევ უფრო აძლიერებს. მეტაბოლური ნარჩენების დაგროვება იწვევს გულისრევას, ღებინებასა და უსიამო გემოს პირში, რის გამოც ადამიანი საკვებს ნაკლებად იღებს, წონაში იკლებს. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს სხეულზე ადვილად ჩნდება სისხლნაჟღენთები, ჭრილობის ან ტრავმის შემდეგ სისხლდენა უჩვეულოდ დიდხანს გრძელდება. ქვეითდება ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი.

სისხლში ნარჩენი ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაგროვება აზიანებს კუნთებსა და ნერვებს, იწვევს კუნთების უნებლიე შეკუმშვებს, სისუსტეს, სპაზმებს და ტკივილს. ადამიანს შეიძლება ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება ჰქონდეს მკლავებსა და ფეხებში ან დაკარგოს მგრძნობელობა სხეულის რომელიმე ნაწილში. ტვინის ფუნქციონირების დარღვევამ, ენცეფალოპათიამ, შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, გულყრები.

გულის უკმარისობის გამო შესაძლოა ქოშინი განვითარდეს. მდგომარეობის პერიკარდიტით გართულებისას ადამიანს გულმკერდის არეში ტკივილი და არტერიული წნევის დაქვეითება აწუხებს. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის შორსწასულ შემთხვევებში ხშირად ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები და სისხლდენა. კანმა შეიძლება მოყვითალო-მოყავისფრო ელფერი მიიღოს. ხანდახან შარდოვანას კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ იგი ოფლში კრისტალიზდება და თეთრად, ფქვილივით ეფინება კანს. ზოგ ადამიანს ქრონიკული უკმარისობის დროს მთელი სხეულის ქავილი აწუხებს. მათ ამონასუნთქ ჰაერს შეიძლება უსიამოვნო სუნი ჰქონდეს.

დიაგნოზი

დიაგნოზისთვის აუცილებელია სისხლისა და შარდის ანალიზები. ანალიზის შედეგები ადასტურებს თირკმლების უკმარისობის არსებობას, განსაზღვრავს მის ფორმას – მწვავე ან ქრონიკული.

თირკმლების ქრონიკული უკმარისობისას სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონე იზრდება. ისინი ნივთიერებათა ცვლის ნარჩენებია, რომლებსაც, ნორმაში, თირკმელი ფილტრავს და გამოყოფს. სისხლის მჟავიანობა საშუალო ხარისხით იზრდება. კალიუმის რაოდენობა სისხლში ნორმალური ან ოდნავ მომატებულია, მაგრამ შეიძლება სახიფათოდ გაიზარდოს. ეს მაშინ ხდება, როცა უკმარისობა ძალიან ღრმავდება ან ადამიანმა ჭარბად მიიღო კალიუმი, ან ისეთი წამალი, რომელიც ხელს უშლის თირკმელს ამ კალიუმის გამოყოფაში. ქრონიკული უკმარისობისას, როგორც წესი, მეტ-ნაკლებად გამოხატული ანემიაც ვითარდება. სისხლში კალციუმისა და კალციტრიოლის დონე ქვეითდება, ხოლო ფოსფატისა და პარათიროიდული ჰორმონისა – იზრდება. შარდის ანალიზით ვლინდება ცილის, უჯრედების არსებობა.

ულტრაბგერითი კვლევა ხშირად ტარდება ობსტრუქციის გამორიცხვის მიზნით და თირკმლების ზომების განსასაზღვრავად. თუ თირკმლები ზომაში შემცირებულია, დანაწიბურებულია, სავარაუდოა, რომ უკმარისობა ქრონიკულია. რაც უფრო ღრმავდება ეს მდგომარეობა, მით უფრო ძნელი ხდება გამომწვევი მიზეზის ზუსტად განსაზღვრა. თირკმლიდან ქსოვილის ნიმუშის აღება (ბიოფსია) და მისი მიკროსკოპიული შესწავლა ყველაზე სარწმუნო ინფორმაციას იძლევა, მაგრამ არ არის რეკომენდებული, თუ ულტრასონოგრაფიით დადგენილია თირკმლების ზომაში შემცირება, დანაწიბურება.

პროგნოზი

შემთხვევების უმრავლესობაში თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, მკურნალობის მიუხედავად, პროგრესირებს. ფუნქციის დაქვეითების სისწრაფე მეტ-ნაკლებად დამოკიდებულია გამომწვევ დაავადებასა და იმაზე, თუ რამდენად კარგად კონტროლდება იგი. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით, ცუდად კონტროლირებული, უკმარისობის გაღრმავებას აჩქარებს. თირკმლების უკმარისობა სასიკვდილოა მკურნალობის გარეშე. ამ მდგომარეობის ბოლო სტადიაზე მკურნალობის გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეა, დიალიზის გამოყენებისას კი – ბევრად მეტი. თუმცა, დიალიზის ფონზეც კი, უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე ადამიანთა უმრავლესობა 5-10 წელიწადში იღუპება. უხშირესად სიკვდილის მიზეზი გულის, სისხლძარღვების დაავადებებია ან ინფექცია.

მკურნალობა

თირკმლების ქრონიკული უკმარისობის გამომწვევი ან გაღრმავების ხელშემწყობი მდგომარეობები, აგრეთვე გართულებები, რაც ზოგად ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს, გადაუდებლად საჭიროებს მკურნალობას. მაგალითად, ბაქტერიულ ინფექციებს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, საშარდე გზების ნებისმიერი სახის დახშობისას გამავლობა სწრაფად უნდა იქნეს აღდგენილი.

სპეციალური ჩარევებია საჭირო თირკმლების ფუნქციის გაუარესების ან უკმარისობის გართულებების თავიდან ასაცილებლად. ესენია:

  • შაქრიანი დიაბეტის, არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონის კონტროლი;

  • საკვებში ცილის, მარილის, კალიუმის, ფოსფორისა და სითხის შეზღუდვა;

  • მედიკამენტების მიღება კალიუმის, ფოსფორის, ტრიგლიცერიდების, ქოლესტეროლისა და პარათიროიდული ჰორმონის დონის გასაკონტროლებლად, გულის უკმარისობისა და ანემიის სამკურნალოდ;

  • საჭიროებისას დიალიზის დაწყება.

სისხლში შაქრის დონისა და მაღალი არტერიული წნევის კონტროლი შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში მნიშვნელოვნად ამცირებს თირკმლების ფუნქციის გაუარესების ტემპს. ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანებში ზოგჯერ ეფექტურია ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ-ინჰიბიტორები) და ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორის ბლოკერები. თუმცაღა, თირკმლების შორსწასული უკმარისობის დროს ეს მედიკამენტები არ ინიშნება.

ზოგიერთი მოსალოდნელი პრობლემის თავიდან აცილება დიეტით არის შესაძლებელი. ხანდახან მსუბუქი აციდოზის გამოსწორება ნახშირწყლების მიღების გაზრდით ან ცილების მიღების შემცირებით შეიძლება, თუმცა, საშუალო და მძიმე აციდოზის დროს, ზოგჯერ ნატრიუმის ბიკარბონატის დანიშვნა ხდება საჭირო. თირკმლების ფუნქციის დაქვეითების სისწრაფის შენელება შეიძლება საკვებში ცილის რაოდენობის შეზღუდვით. ამის საკომპენსაციოდ ადამიანმა საკმარისი რაოდენობით ნახშირწყლები უნდა მიიღოს. ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტეროლის დონის კონტროლი მეტ-ნაკლებად ხერხდება ცხიმის ნაკლები რაოდენობის მიღებით. ზოგჯერ ამისთვის მედიკამენტების გამოყენებაა საჭირო (სტატინები, ეზეტიმიბი, ზოგჯერ კლოფიბრატი ან გემფიბროზილი).

სუფრის მარილის (ნატრიუმის) შეზღუდვა ხშირად ეფექტურია, განსაკუთრებით გულის უკმარისობისას. ამ უკანასკნელის დროს სიმპტომების შემცირება, თირკმლების ფუნქციის დაქვეითების პირობებშიც კი, შარდმდენებით შეიძლება მოხერხდეს. შორსწასული უკმარისობის დროს, ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის მოსაშორებლად, ზოგჯერ მაინც დიალიზი ხდება საჭირო.

თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს სითხის მიღების შეზღუდვაც აუცილებელია, რათა სისხლში ნატრიუმის კონცენტრაცია ძალიან არ დაქვეითდეს. კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველი საკვები, როგორიცაა სუფრის მარილის შემცვლელები, პაციენტმა არ უნდა მიიღოს. ასევე უნდა შეიზღუდოს კალიუმის საშუალო რაოდენობით შემცველი ხილი – ფინიკი, ლეღვი და სხვა. კალიუმის მაღალი დონე ზრდის გულის რიტმის დარღვევისა და გულის გაჩერების რისკს. თუკი კალიუმის დონემ ძალიან მოიმატა, საჭირო ხდება მედიკამენტების, მაგალითად, ნატრიუმის პოლისტერინ სულფონატის გამოყენება ან სასწრაფო დიალიზიც კი.

სისხლში ფოსფორის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება მისი და კალციუმის დალექვა გამოიწვიოს ქსოვილებში, სისხლძარღვებშიც კი. ამ ნივთიერების კონცენტრაციის შესამცირებლად საჭიროა შეიზღუდოს ზოგიერთი საკვები, სახელდობრ: რძის პროდუქტები, ღვიძლი, მარცვლეული, თხილი და გამაგრილებელი სასმელების უმრავლესობა. ზოგჯერ ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც სისხლში ფოსფატს უკავშირდება – კალციუმის კარბონატი ან აცეტატი, სეველამერი. კალციუმის ნიტრატის მიღებას ადამიანი უნდა მოერიდოს. მას კალციუმის ჩამნაცვლებელი მრავალი საშუალება შეიცავს და ხშირად საკვები დანამატიცაა (აღინიშნება როგორც E333). D ვიტამინი და მსგავსი მედიკამენტები დასალევად ინიშნება პარათიროიდული ჰორმონის მაღალი დონის დასაქვეითებლად.

თირკმლების უკმარისობის გამო განვითარებული ანემია ექვემდებარება ერითროპოეტინითა და დარბეპოეტინით მკურნალობას. სისხლის გადასხმა მხოლოდ მაშინაა საჭირო, თუ ანემია ძალიან მძიმეა, აწუხებს პაციენტს ან მედიკამენტებით მკურნალობა ეფექტური არ არის. ექიმები იკვლევენ, ხომ არა აქვს ანემიას რაიმე სხვა მიზეზიც, და, საჭიროებისას, მასაც მკურნალობენ, მაგალითად საკვებში რკინის, ფოლიუმის მჟავასა და B12 ვიტამინის ნაკლებობას. იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც ერითროპოეტინს ან დარბეპოეტინს რეგულარულად იღებენ, რკინის ინტრავენურად შეყვანა ესაჭიროება, რათა მისმა დეფიციტმა არ დააქვეითოს წამლების ეფექტურობა. მოხუცებულებში ანემიას ზოგჯერ უფრო ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროება, რადგან ამ კონტინგენტში ხშირია გულის დაავადება, რომლის მიმდინარეობასაც ანემია ამძიმებს. სისხლდენისადმი მიდრეკილება შეიძლება დროებით გამოსწორდეს ახლად გაყინული პლაზმის ან დესმოპრესინის, ესტროგენების გადასხმით. მსგავსი მკურნალობა საჭიროა ტრავმის შემდეგ ან ქირურგიულ ჩარევამდე, კბილის ამოღებამდე.

ექიმები ერიდებიან ისეთი მედიკამენტების დანიშვნას, რომლებიც თირკმლებით გამოიყოფა ან ნიშნავენ შედარებით დაბალი დოზით. სხვა მრავალი წამლის მიღებასაც უნდა მოერიდოს თირკმლების ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანი. მაგალითად, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორის ბლოკერებისა და შარდმდენების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) მიღება უნდა შეწყდეს მძიმე უკმარისობის და სისხლში კალიუმის მაღალი დონის დროს, რადგან ისინი კიდევ უფრო ზრდიან კალიუმის შემცველობას. მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები ინიშნება გულისა და თირკმლების ფუნქციონირების კიდევ უფრო გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

თუ თირკმლების ქრონიკული უკმარისობის მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა, ორი გამოსავალი რჩება – გრძელვადიანი დიალიზი (იხ. ქვემოთ) ან თირკმლის გადანერგვა. მნიშვნელოვანია პაციენტზე ზრუნვა სიცოცხლის დასასრულისას.