თირკმლის კიბო | მკურნალი.გე
  1. თირკმლის კიბო
თირკმლის კიბო

  • თირკმლის კიბო შესაძლოა სისხლიანი შარდვით, გვერდში ტკივილით ან ცხელებით გამოვლინდეს.

  • კიბო შეიძლება შემთხვევით აღმოაჩინონ სხვა

  • მიზეზით ჩატარებული გამოსახულებითი კვლევისას.

  • დიაგნოსტიკა კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ხდება.

  • თუ კიბო სხვა ორგანოებში არაა გავრცელებული, შესაძლოა თირკმლის ამოკვეთამ განკურნოს ადამიანი.

თირკმლის კიბო ზრდასრულებში ავთვისებიან სიმსივნეთა 2-3%-ს შეადგენს და 50%-ით უფრო მეტ მამაკაცს აქვს, ვიდრე ქალს. მწეველებში ამ დაავადების განვითარების რისკი ორჯერ მეტია. რისკ-ფაქტორებიდან ასევე აღსანიშნავია ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები და სიმსუქნე. სიმსივნე, როგორც წესი, 50-70 წლის ასაკში ვითარდება.

თირკმლის სოლიდური სიმსივნეების უმრავლესობა ავთვისებიანია, მაგრამ სითხის შემცველები (ცისტები) – როგორც წესი, არა. თირკმლის კიბო თითქმის ყველა შემთხვევაში თირკმელუჯრედოვანი კარცინომაა. კიბოს კიდევ ერთი სახე, ვილმსის სიმსივნე, ძირითადად ბავშვებში ვითარდება.

სიმპტომები

ყველაზე ხშირად პირველი სიმპტომი სისხლიანი შარდვაა, მაგრამ სისხლი შეიძლება იმდენად მცირე რაოდენობით იყოს, რომ მხოლოდ მიკროსკოპით მოხერხდეს მისი აღმოჩენა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა მან შარდის გაწითლებაც კი გამოიწვიოს. შემდეგი ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტკივილი გვერდში (ნეკნებსა და თეძოს შორის), ცხელება და წონაში კლება. შედარებით იშვიათად, თირკმლის კიბოს ექიმი აღმოაჩენს მუცლის გამობერილობის გასინჯვისას.

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობა შეიძლება ძალიან გაიზარდოს (პოლიციტემია), რადგან დაზიანებული თირკმლის ან თავად სიმსივნის მიერ ჰორმონი ერითროპოეტინი გამოიყოფა, რომელიც ასტიმულირებს ძვლის ტვინში ამ უჯრედების (ერითროციტების) წარმოქმნას. ეს მდგომარეობა შეიძლება სიმპტომებით არ გამოვლინდეს, ან ადამიანს აწუხებდეს თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევები. ამის საპირისპიროდ, თირკმლის კიბოს დროს შესაძლოა სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობაც იყოს (ანემია), სისხლის შარდით ნელ-ნელა კარგვის გამო. ანემიამ შეიძლება ადვილად დაღლა და თავბრუსხვევა გამოიწვიოს. ზოგ ადამიანს სისხლში კალციუმის მაღალი დონე აქვს (ჰიპერკალციემია), რაც სისუსტეს, დაღლილობას, რეაქციის დროის შესუსტებასა და ყაბზობას იწვევს.

დიაგნოსტიკა

დღესდღეობით თირკმლის კიბო ადამიანთა უმრავლესობაში შემთხვევით ვლინდება, როცა გამოსახულებითი კვლევა (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია – კტ ან ულტრასონოგრაფია) სხვა პრობლემების გამო ტარდება, მაგ. მაღალი არტერიული წნევის დროს. თუკი ექიმს სიმპტომებიდან გამომდინარე ეჭვი მიაქვს სიმსივნეზე, დიაგნოზის დასადასტურებლად კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება. საწყის ეტაპზე ულტრასონოგრაფია და ინტრავენური უროგრაფიაც შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ საბოლოო დიაგნოზისთვის კტ მაინც საჭიროა. თუ კიბოს არსებობა დადასტურდა, შემდეგ სხვა კვლევები ტარდება კიბოს სხვა ორგანოებში გავრცელების შესაფასებლად (გულმკერდის რენტგენოგრაფია, ძვლების სკანირება, თავის და გულმკერდის კტ). თუმცა, ზოგჯერ, როცა კიბო ახალგავრცელებულია, ამის დადგენა ვერ ხერხდება.

პროგნოზი

პროგნოზი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, თირკმლის კიბოს დროს, რომელიც ორგანოს არ სცდება, 5-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 85% ან მეტია. თუ კიბო თირკმლის ვენაზე ან ქვედა ღრუვენაზეა გადასული, მაგრამ არა უფრო შორს, 5-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 35-60%-ია. როცა კიბო მოშორებულ ადგილებშიცაა გავრცელებული, 5-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10%-ია. ზოგჯერ მკურნალობის მიზანი ტკივილის შემსუბუქება და ადამიანისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფაა. როგორც სხვა ტერმინალური დაავადებების შემთხვევაში, ამ დროსაც მნიშვნელოვანია სიცოცხლის ბოლოსთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, მათ შორის წინასწარ გაცხადებული ნების ჩამოყალიბება.

მკურნალობა

როდესაც კიბო თირკმლის გარეთ არ არის გავრცელებული (ანუ მეტასტაზირებული), დაზიანებული ორგანოს ქირურგიულად ამოკვეთა განკურნების დიდ შანსს იძლევა. ქირურგმა შესაძლოა მხოლოდ სიმსივნე ამოკვეთოს, მეზობელი ქსოვილის თხელ ფენასთან ერთად, რაც ზოგავს დანარჩენ ორგანოს.

თუკი კიბო მეზობელ ქსოვილებშია გავრცელებული, მაგ. თირკმლის ვენაში ან სისხლის გულისკენ გადამტან დიდ ვენაში (ქვემო ღრუ ვენა), მაგრამ არა უფრო შორს, მაინც არის განკურნების შანსი ოპერაციის გზით. თუმცა, თირკმლის კიბოს ადრეულ სტადიაზევე ახასიათებს გავრცელება, განსაკუთრებით ფილტვში, მაშინაც კი, სანამ სიმპტომები გამოვლინდება. იმის გამო, რომ დაშორებულ ადგილებში გავრცელებული კიბოს დიაგნოზი ადრეულად შეიძლება ვერ დაისვას, მეტასტაზები ზოგჯერ მხოლოდ მთელი თირკმლის კიბოს ქირურგიულად ამოკვეთის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე.

ზოგჯერ ეფექტურია კიბოს მკურნალობა იმუნური სისტემის გაძლიერების გზით, რათა მან თავად დაამარცხოს დაავადება. ამ დროს კიბო პატარავდება და სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება. ასეთი მკურნალობის დროს თირკმლის კიბოს შემთხვევაში გამოიყენება ინტერლეიკინ-2. დღესდღეობით მრავალი კვლევა ტარდება ინტერლეიკინ-2-ზე, ინტერფერონსა და სხვა ბიოლოგიურ ნივთიერებებზე, მათ კომბინაციებზე, თირკმლის კიბოს უჯრედებიდან მიღებულ ვაქცინებზეც კი. მკურნალობის ეს მეთოდები შესაძლოა ეფექტური იყოს მეტასტაზირებული კიბოს დროს, თუმცა სარგებელი მაინც მცირეა. მეტასტაზური კიბოს მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალი მეთოდია მედიკამენტები: სუნიტინიბი, სორაფენიბი და ტემსიროლიმუსი. ამ მეთოდს დამიზნებითი თერაპია ეწოდება და სიმსივნის მოლეკულურ გზებზე მოქმედებს. იშვიათად (ადამიანთა 1%-ზე ნაკლებში), დაზიანებული თირკმლის ამოკვეთა სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებული მეტასტაზების დაპატარავებასაც იწვევს. თუმცა, ეს მცირე შესაძლებლობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გავრცელებული კიბოს დროს ყველა შემთხვევაში ამოიკვეთოს თირკმელი. ეს მისაღებია მხოლოდ მაშინ, თუ ოპერაცია ზოგადი გეგმის ნაწილია, რომელიც მკურნალობის სხვა სისტემურ მეთოდებსაც მოიცავს.