ყოველწლიურად აშშ-ში შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოზს 67000 ადამიანს უსვამენ. იგი სამჯერ ხშირია მამაკაცებში. მწეველობა ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია და ახალ შემთხვევათა, სულ მცირე, ნახევარში – კიბოს ერთ-ერთი მიზეზი. ინდუსტრიაში გამოყენებული ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება შეიძლება შარდში დაგროვდეს და კიბო გამოიწვიოს, თუმცა მათ თანდათან უფრო ნაკლებად იყენებენ. შარდის ბუშტის პარაზიტული ინფექციით, შისტოსომოზით ან კენჭით გამოწვეული ქრონიკული გაღიზიანებაც ზრდის კიბოს განვითარების რისკს, თუმცა ეს მიზეზი შედარებით იშვიათია.
შარდის ბუშტის კიბოს უმრავლესობა ე.წ. გარდამავალი უჯრედებისგან წარმოიქმნება, რომლებიც ასევე პასუხისმგებელია თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ავთვისებიან სიმსივნეებზეც.
შარდის ბუშტის კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომი სისხლიანი შარდვაა. მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი და წვა შარდვისას, მოშარდვის დაუძლეველი, გახშირებული სურვილი. ამ სიმპტომებით შარდის ბუშტის კიბო ამ ორგანოს ინფექციას, ცისტიტს ჰგავს და ეს ორი დაავადება შესაძლოა ერთადაც არსებობდეს. სისხლნაკლებობამ ანუ ანემიამ შეიძლება საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე ან ორივე გამოიწვიოს.
ამ დაავადებაზე ხშირად პირველად ეჭვი შარდში სისხლის აღმოჩენისას მიიტანება. ზოგჯერ შარდი შესამჩნევად წითელია, ზოგჯერ კი სისხლი მასში სხვა მიზეზის გამო მიკროსკოპით კვლევისას აღმოჩნდება. შარდის ბუშტის კიბოზე ეჭვი ასევე ჩნდება, როცა შარდის ბუშტის ინფექციის სიმპტომები მკურნალობის მიუხედავად არ ქრება. შარდის სპეციალური მიკროსკოპული კვლევით (მაგ. ციტოლოგია) შესაძლოა სიმსივნური უჯრედების აღმოჩენაც მოხერხდეს მასში. ზოგჯერ შარდის ბუშტის კიბო დგინდება სხვა მიზეზის გამო ჩატარებული ულტრასონოგრაფიული ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევისას. შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობის დიაგნოსტიკა ცისტოსკოპიით ხდება, რომლის დროსაც თხელი, დრეკადი, კამერიანი მილი ამ ორგანოში შეიყვანება. ადამიანი ამ დროს ფხიზლადაა. დისკომფორტის შესამცირებლად, შარდსადენის ანესთეზია კეთდება.
შარდის ბუშტის ზედაპირული, ნელა მზარდი კიბო მისი დიაგნოზის დასმიდან 5 წელში სიკვდილით შემთხვევათა 5%-ზე ნაკლებში სრულდება. შარდის ბუშტის კუნთებში შეღწეული კიბოს შემთხვევაში 5 წლის მანძილზე გარდაცვალების რისკი მნიშვნელოვნად მეტია (40-55%). ბუშტის კედლის მიღმა (ლიმფურ კვანძებში, მენჯის ან მუცლის ღრუს სხვა ორგანოებში) გავრცელებული სიმსივნეების დროს პროგნოზი ბევრად უფრო ცუდია.
შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნეების სრული ამოკვეთა ცისტოსკოპიის დროსაც შეიძლება. თუმცა, ხშირად კიბო შემდეგ ხელახლა ვითარდება. ამისი თავიდან აცილება შესაძლებელია ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტის ან BCG ვაქცინის (ორგანიზმის იმუნიტეტის სტიმულირებისთვის) შარდის ბუშტში მრავალჯერადად შეყვანით კიბოს სრულად ამოკვეთის შემდეგ.
შარდის ბუშტის კედელში ჩაზრდილი სიმსივნეების ამოკვეთა ცისტოსკოპით სრულად ვერ ხერხდება. ამ დროს, როგორც წესი, შარდის ბუშტი ამოიკვეთება სრულად ან ნაწილობრივ (ცისტექტომია). ასევე შეიძლება დაინიშნოს სხივური თერაპია ცალკე ან ქიმიოთერაპიასთან ერთად.
თუკი მთელი შარდის ბუშტის ამოკვეთაა საჭირო, ექიმებმა რაიმე გზა უნდა მოიფიქრონ, რათა ადამიანმა შარდის გამოყოფა შეძლოს. ყველაზე ხშირად მუცლის კედელი იჭრება და მას ნაწლავისგან შექმნილი მილი მიეკერება შიგნიდან (თეძოს ნაწლავის მარყუჟი) – ანუ ხდება სტომის შექმნა. სხეულზე გარედან სპეციალური სათავსო, შარდის მიმღები ჩანთა მაგრდება, რომელშიც შარდი გროვდება.
ბოლო დროს რამდენიმე ახალი მეთოდია შემუშავებული და ისინი ადამიანთა უმრავლესობისთვის შესაფერისია. მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა: ახალი ორთოტოპური შარდის ბუშტი და შარდის შემოვლითი ანასტომოზი. ორივე შემთხვევაში ნაწლავისგან შარდის რეზერვუარს ქმნიან.
ახალი ორთოტოპული შარდის ბუშტის მეთოდის გამოყენებისას ეს რეზერვუარი შარდსადენს უერთდება. ადამიანი შემდეგ სპეციალურად სწავლობს, როგორ დაცალოს იგი მენჯის ფსკერის კუნთების მოდუნებით და მუცლის ღრუში წნევის გაზრდით, რის შედეგადაც შარდი შარდსადენში გაედინება, როგორც ეს ბუნებრივად ხდება. ადამიანთა უმრავლესობა სიმშრალეს ინარჩუნებს დღის განმავლობაში, მაგრამ ღამით შესაძლოა შარდი გაიჟონოს.
მეორე მეთოდი – შარდის შემოვლითი ანასტომოზი მოიცავს რეზერვუარის მუცლის კედელზე არსებულ სტომასთან დაკავშირებას. შარდის მიმღები ჩანთა საჭირო არ არის, რადგან შარდი რეზერვუარში რჩება მანამ, სანამ ადამიანი მასში კათეტერს არ შეიყვანს სტომიდან და არ დაცლის. ეს დღეში რამდენჯერმე, რეგულარულად ხდება.
შარდის ბუშტის მიღმა, ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში გავრცელებული კიბოს სამკურნალოდ ქიმიოთერაპია ინიშნება. ამ ავთვისებიანი სიმსივნისთვის მედიკამენტების რამდენიმე კომბინაციაა ეფექტური, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეტასტაზები მხოლოდ ლიმფური კვანძებით შემოიფარგლება. ქიმიოთერაპიის ეფექტურობის შემთხვევაში ადამიანებს სთავაზობენ ცისტექტომიას ან სხივურ თერაპიას. თუმცა, სრულიად მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა იკურნება. ზოგჯერ საბოლოო მიზანი ტკივილის შემსუბუქება და სიცოცხლის ბოლოსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაა.