დაბერებასთან ერთად გული ზომაში იმატებს, მისი კედლები სქელდება, მცირედ იზრდება საკნების ზომაც. ზომაში მატება ძირითადად გულის კუნთის უჯრედების გადიდებით არის შეპირობებული.
მოსვენებულ მდგომარეობაში ხანდაზმული ადამიანის გული თითქმის იმგვარადვე ფუნქციონირებს, როგორც ახალგაზრდისა, თუმცა გულისცემის სიხშირე უფრო დაბალია. ფიზიკური დატვირთვისას გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობა ხანდაზმულებში ნაკლებად იზრდება, ვიდრე ახალგაზრდებში.
ასაკის მატებასთან ერთად სქელდება არტერიებისა და არტერიოლების კედლები, სანათური მცირედ განიერდება, მცირდება კედლებში ელასტიკური ბოჭკოების რაოდენობა და, შესაბამისად, კედლის ელასტიკურობა; სისხლძარღვები ნაკლებად დრეკადი ხდება.
ხანდაზმულებში არტერიებისა და არტერიოლების კედლის ელასტიკურობის შემცირების გამო ქვეითდება წნევის რეგულირების უნარიც. ამის შედეგად სისხლის წნევა (განსაკუთრებით სისტოლური) იმატებს. სწორედ ამიტომ ხანდაზმული პაციენტებისთვის დამახასიათებელია მაღალი სისტოლური და ნორმალური დიასტოლური წნევა. ამ პათოლოგიას იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია ეწოდება.
გულსა და სისხლძარღვებზე დაბერების უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება შემცირდეს რეგულარული ფიზიკური აქტივობით. ეს უკანასკნელი, ასაკის მიუხედავად, ეხმარება ადამიანს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.