არც ერთი ცალკე აღებული სიმპტომი არ მიუთითებს უშეცდომოდ გულის დაავადების დიაგნოზზე; ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ვარაუდის საფუძველს იძლევა, რამდენიმე სხვადასხვა სიმპტომის ერთობლიობა კი ხშირად მაღალი ალბათობით მიგვანიშნებს გულის ამა თუ იმ დაავადების არსებობაზე. დაავადების სიმპტომების იდენტიფირება ხდება ანამნეზის შეკრებისას, პაციენტის ფიზიკური გამოკვლევისას. დიაგნოზის დასაზუსტებლად კვლევები ტარდება. ზოგჯერ გულის დაავადების მძიმე ფორმაც კი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ შორს წასულ სტადიას არ მიაღწევს. უსიმპტომო მიმდინარეობისას ავადმყოფობის გამოვლენა ზოგჯერ შემთხვევით ხდება, რუტინული შემოწმების ან სხვა დაავადების გამო ექიმთან ვიზიტის დროს. ზოგჯერ ექიმები უტარებენ პაციენტებს სკრინინგულ კვლევებს გულის დაავადების გამოსავლენად, მაშინაც კი, როცა გულის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღინიშნება.
გულის დაავადებების სიმპტომებია: გარკვეული ხასიათის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, გულის ფრიალის შეგრძნება (შენელებული, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა), დაღლილობა, გულის წასვლა, ქვედა კიდურების (კოჭის, წვივის) შეშუპება. ეს სიმპტომები უტყუარად არ მიუთითებს გულის დაავადების არსებობაზე. მაგალითად, ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც, როგორიცაა სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, ნევრალგია, მიალგია და ა.შ.
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. დამახასიათებელია ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, კუნთების სპაზმი და სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის ცვლილება დაზიანებულ ადგილზე.
ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება იყოს გულის, ფილტვების, საყლაპავის ან დიდი კალიბრის სისხლძარღვების დაავადების სიმპტომი. ტკივილი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს (ირადიაცია) – მუცლის ზედა ნაწილიდან მოყოლებული ქვედა ყბამდე, მათ შორის ბეჭებსა და ზედა კიდურებში.
აღნიშნული სიმპტომი პაციენტმა შეიძლება აღწეროს როგორც ზეწოლა, წვა, ჩხვლეტა.
გულმკერდის არეში ტკივილს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. სიცოცხლისთვის საშიშ მიზეზებს განეკუთვნება: გულის კუნთის ინფარქტი, აორტის კედლის განშრევება, საყლაპავის გასკდომა, ფილტვის ემბოლია, ფილტვის კოლაფსით (ჩაფუშვა) გამოწვეული პნევმოთორაქსი.
სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში მიზეზებია: გულის კუნთის არაადეკვატური მომარაგება სისხლით (იშემია), გულის პერანგის ანთება, (პერიკარდიტი), პნევმონია, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) და ზოგიერთი სახის სიმსივნე.
ტკივილის გამომწვევ, სიცოცხლისათვის ნაკლებად სახიფათო მიზეზებს ასევე მიეკუთვნება: საყლაპავის რეფლუქსი, პეპტიკური წყლული, ნეკნის ხრტილის ანთება (კოსტოქონდრიტი), პლევრის ანთება (პლევრიტი), გულმკერდის კუნთების დაჭიმვა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
ზოგჯერ, მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს, მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის არსებული მიტრალური სარქველი უკან იდრიკება მარცხენა წინაგულში. ამ პათოლოგიას მიტრალური სარქვლის პროლაფსი ეწოდება და შეიძლება გახდეს ხანმოკლე, ნემსის ჩხვლეტის მაგვარი ტკივილის აღმოცენების მიზეზი.
ზოგიერთი სიმპტომის თავისებურებები ექიმს ეხმარება მისი გამომწვევი მიზეზის დადგენაში. მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის დროს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რომელიც მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლისას, გულის იშემიურ დაავადებაზე მიუთითებს.
მკვეთრი ტკივილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან, ძლიერდება დაწოლისას ან ღრმა სუნთქვისას, მცირდება წამოჯდომისას და წინ გადახრის დროს, პერიკარდიტის არსებობას ადასტურებს. ღრმა ჩასუნთქვისას ტკივილის გაძლიერება შეიძლება პლევრიტით იყოს გამოწვეული.
უეცრად აღმოცენებული, ძალიან ძლიერი ტკივილი კისრის უკანა მხარეს, ბეჭებში, ზურგის ქვედა ნაწილში ან მუცელში, შეიძლება აორტის ანევრიზმის განშრევებით იყოს განპირობებული.
გულმკერდის საშიში და ნაკლებად საშიში დაავადებების სიმპტომები ხშირად ერთმანეთის მსგავსია. ამიტომაც, გულმკერდის არეში ტკივილის დროს, პაციენტს უტარდება გამოკვლევები, რომლებიც სიმპტომების გამომწვევი მიზეზის ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ეს გამოკვლევები, ჩვეულებრივ, საავადმყოფოში ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ტარდება.
კვლევის მეთოდები შეირჩევა პაციენტის ფიზიკური გასინჯვის შედეგების, ასაკის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, სხვა სიმპტომებისა და რისკფაქტორების გათვალისწინებით.
კვლევის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდებია: ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), გულმკერდის რენტგენოსკოპია, ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა ხელის თითზე დამაგრებული პატარა მოწყობილობით (პულსოქსიმეტრია). მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის შემთხვევაში, დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმი სისხლში გულის კუნთის ფერმენტებსა და ცილებს რამდენჯერმე განსაზღვრავს. ფერმენტების შემცველობის მაღალი დონე გულის კუნთის დაზიანებაზე მიუთითებს. სტენოკარდიის დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება სტრეს-ტესტი ფიზიკური დატვირთვით.
ტკივილი კიდურებში აღმოცენდება ქსოვილების სისხლით მომარაგების დაქვეითებისას (ამ მდგომარეობას იშემია ეწოდება). სისხლით მომარაგების შემცირების გამო ქსოვილი ვერ იღებს ჟანგბადის საკმარის რაოდენობას, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების ქსოვილიდან გატანის პროცესი. ეს უკანასკნელი ტკივილს იწვევს.
სისხლით მომარაგების სრული შეწყვეტის დროს, მაგალითად, არტერიის სანათურის თრომბით სრული დახშობისას, სხეულის შესაბამის ნაწილში (მაგალითად, ქვედა კიდურში) აღმოცენდება ძლიერი, მუდმივი ტკივილი, სიფერმკრთალე, გაცივება.
თუ სისხლძარღვი მხოლოდ ნაწილობრივაა დახშული, რაც, მაგალითად, ათეროსკლეროზის დროს შეიძლება მოხდეს (ხშირად ქვედა კიდურებში ვითარდება), ადამიანი, ჩვეულებრივ, ფიზიკური დატვირთვის დროს წვივის კუნთებში მოჭერას და ტკივილს გრძნობს. ტკივილი დატვირთვის შეწყვეტისთანავე გაყუჩდება და იმავე სახის ფიზიკური დატვირთვისას ისევ აღდგება ხოლმე. ამ სიმპტომს ხანგამოშვებითი კოჭლობა ეწოდება.
ტკივილი კუნთებში შეიძლება შეპირობებული იყოს კუნთების დაჭიმულობით, ნერვის დაზიანებით, ვენების სანათურის თრომბით დახშობით (ვენური თრომბოზი), აგრეთვე, კანის ან კუნთების ინფექციებით. თუ ექიმი ვარაუდობს, რომ ტკივილი სისხლძარღვების პათოლოგიითაა გამოწვეული, ნაჩვენებია ულტრაბგერითი გამოკვლევა და სისხლის ნაკადის შეფასება შესაბამის სისხლძარღვში.
ქოშინი (დისპნოე) არის სუნთქვის გაძნელების შეგრძნება.
ქოშინი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა დაავადებამ, რომელიც არღვევს ბალანსს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებასა და ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის. ქოშინი ხშირია ფილტვების დაავადებების, როგორიცაა ინფექციები, ასთმა, ალერგია, აგრეთვე, სასუნთქი კუნთების და ნერვული სისტემის დაავადებების, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირების დროს.
ზემოხსენებულის გარდა, ქოშინი გულის უკმარისობისა და კორონარული არტერიების დაავადების ჩვეული სიმპტომია.
გულის უკმარისობის დროს ქოშინი გამოწვეულია ფილტვებში სითხის დაგროვებით; ამ მდგომარეობას ფილტვებში შეგუბება ან ფილტვის შეშუპება ეწოდება. ის მოხრჩობის შეგრძნებას იწვევს. გულის უკმარისობის ადრეულ სტადიაზე ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს იჩენს თავს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ქოშინი ვითარდება უფრო და უფრო მცირე ფიზიკური დატვირთვისას და, საბოლოოდ, მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
მოსვენებულ მდგომარეობაში ჰაერის უკმარისობა უმეტესწილად პაციენტის წოლით მდგომარეობაში ყოფნისას ვითარდება, ამ დროს სითხე გრავიტაციით გადაადგილდება ფილტვის ქსოვილში. ეს სიმპტომი ხშირად ღამით ვითარდება და მას ღამის დისპნოე ეწოდება. წამოჯდომისას, როცა პაციენტი საწოლიდან ფეხებს ჩამოუშვებს, გრავიტაციით სითხე ფილტვების ქვედა წილებში გადაინაცვლებს, ზედა წილები თავისუფლდება და ქოშინის ინტენსიურობა მცირდება. ამიტომაც ღამის დისპნოეს მქონე ადამიანებს ძილის დროს სასთუმალი ამაღლებული აქვთ, ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში სძინავთ.
კორონარული არტერიების დაავადების დროს, ქოშინი, ჩვეულებრივ, ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება; დაავადების მძიმე ფორმის დროს – უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროს ან მოსვენებულ მდგომარეობაში.
ზოგჯერ სიმპტომები ექიმს ეხმარება დაავადების დიაგნოზის განსაზღვრაში. მაგალითად, ღამის ქოშინი (დისპნოე), რომელიც იხსნება წამოჯდომისა და ფეხების ქვემოთ ჩამოშვების შემდეგ, გულის უკმარისობაზე მიუთითებს. გულმკერდის არეში ტკივილით თანხლებული ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას კორონარული არტერიების დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. ჰაერის უკმარისობა ხველასთან და ტემპერატურის მომატებასთან ერთად ფილტვების ინფექციის ნიშანია. ჰაერის უკმარისობა რომელიც იწყება გარემოში არსებულ რომელიმე ფაქტორთან, მაგალითად, კვამლთან ან ცხოველის ბეწვთან კონტაქტისას, ასთმაზე ან ალერგიულ დაავადებაზე მიუთითებს.
თუ გამომწვევი მიზეზი არ არის ნათელი, გამოკვლევები ტარდება. მათი არჩევისას ითვალისწინებენ პაციენტის სიმპტომებს, ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს და სხვა ფაქტორებს. ყველაზე ხშირად გულმკერდის რენტგენოგრაფია და მცირე ზომის სენსორის თითზე მოთავსებით სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა (პულსოქსიმეტრია) გამოიყენება. მოზრდილებს ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) უტარდებათ, განსაკუთრებით თუ სახეზეა გულის დაავადების განვითარების სარისკო ფაქტორები.
გულის უკმარისობის დროს, გულის კუნთის არაეფექტური შეკუმშვა კუნთების სისხლით არაადეკვატურ მომარაგებას იწვევს, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს. მოხსენიებულით არის შეპირობებული სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება. ამ მდგომარეობის კომპენსაციისთვის პაციენტები თანდათანობით ამცირებენ ფიზიკურ აქტივობას, ხოლო სიმპტომების განვითარებას ასაკის მატებას მიაწერენ.
გულის დაავადებამ შეიძლება შეზღუდოს ადამიანის ფიზიკური დატვირთვის უნარი. ერთ-ერთი გზა გულის დაავადების სიმძიმის დასადგენად იმისი განსაზღვრაა, რამდენად არის შეზღუდული ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები. მოხსენიებულის შესაფასებლად ექიმები იყენებენ ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური კლასიფიკაციის სისტემას. დაავადების მსუბუქი ფორმის დროს (I კლასი) ჩვეული ფიზიკური დატვირთვა არ არის შეზღუდული, საშუალო ფორმის დროს (კლასი II) ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას სიმპტომები აღმოცენდება, საშუალოდ მძიმე ფორმის დროს (კლასი III) ჩვეულზე ნაკლები ინტენსივობის დატვირთვა იწვევს სიმპტომებს, ხოლო მძიმე ფორმისას (კლასი IV) სიმპტომები აღინიშნება მოსვენებულ მდგომარეობაშიც და მათი გაუარესება ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისას აღინიშნება. ეს სისტემა არ არის უნაკლო, რადგან ძალიან მძიმე ფორმის გულის დაავადებაც კი ზოგჯერ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუ ადამიანი, კომპენსაციიის მიზნით, შეამცირებს ფიზიკურ დატვირთვას.
გულის ფრიალი გულისცემის შეგრძნებაა ფრიალის, ფართხალის, ჩავარდნის სახით.
ჩვეულებრივ, ადამიანები ვერ გრძნობენ გულისცემას, მაგრამ ზოგჯერ გულის ნორმალური მუშაობის შეგრძნება გამოხატულია; ჯანმრთელი ადამიანები გრძნობენ გულისცემას მარცხენა გვერდზე წოლისას ან გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად, დიდი ძალისხმევით ვარჯიშისას ან ძლიერი ემოციური დატვირთვისას. მათ შეიძლება იგრძნონ, რომ გული იკუმშება ძალიან ძლიერად და სწრაფად ან შეიგრძნონ არარეგულარული გულისცემა.
გულის ფრიალის შეგრძნება გულის რიტმის დარღვევის (არითმიის) შედეგი შეიძლება იყოს. არითმია ზოგჯერ უვნებელია, ზოგჯერ – სიცოცხლისთვის საშიში.
არითმიის ყველაზე ხშირი ფორმაა წინაგულებისა და პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვები, რომლებიც უვნებელია. არითმიის ეს ფორმა იმ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთაც არ აქვთ გულის დაავადება. იგივე შეიძლება ითქვას პაროქსიზმულ სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიაზე.
არითმიის სხვა ფორმები, როგორიცაა წინაგულების ციმციმი, წინაგულების თრთოლა და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ჩვეულებრივ, იმ ადამიანებში გვხვდება, რომელთაც აქვთ გულის კორონარული არტერიებისა და სარქვლების დაავადებები. ამ დროს გულში ელექტრული იმპულსის გამტარი სისტემა დაზიანებულია.
გულის ფრიალის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს კოფეინმა, ალკოჰოლმა და ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა, მაგალითად, ამფეტამინი, კოკაინი, ეპინეფრინი, ეფედრინი, თეოფილინი და სხვა. გარდა ამისა, არითმია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის (ჰიპერთიროიდიზმი), ანემიიის, სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაბალი დონის (ჰიპოქსია), კალიუმის დაბალი კონცენტრაციის (ჰიპოკალიემია) შედეგი შეიძლება იყოს.
იმისი განსაზღვრა, არის თუ არა გულის ფრიალის შეგრძნება რომელიმე დაავადებით გამოწვეული, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, უეცრად დაიწყო თუ თანდათანობით, რა იწვევს მის პროვოცირებას (დაწყებას), რამდენად მაღალია გულისცემის სიხშირე, არარეგულარულია თუ არა რიტმი. იშვიათი, გამოტოვებული (ჩავარდნილი) გულისცემა ნაადრევი წინაგულოვანი ან პარკუჭოვანი შეკუმშვებისთვის არის დამახასიათებელი. არარეგულარული გულისცემის მუდმივი შეგრძნება წინაგულების ფიბრილაციაზე მიუთითებს. რეგულარული შეკუმშვების უეცარი გახშირება ნორმალური სიხშირის სწრაფადვე აღდგენით სუპრავენტრიკულური ან ვენტრიკულური ტაქიკარდიის არსებობის დამადასტურებელია. გულის ფრიალის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს ჰაერის უკმარისობა, ტკივილი, სისუსტე, ადვილად დაღლა ან გონების დაკარგვა, გულის მძიმე დაავადებისთვის არის დამახასიათებელი.
გულის ტონებს ექიმები ფონენდოსკოპით ისმენენ. ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა, მაგრამ თუ სიმპტომები თავად კვლევის პროცესში არ ვითარდება, მაშინ ის კარგავს სადიაგნოზო ღირებულებას. თუ სიმპტომები თვალსაჩინოა, მაგრამ პერიოდული, ტარდება უწყვეტი, 24-საათიანი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორირება. სხვა შესაძლო გამოკვლევებია გულის ულტრასონოგრაფია (ექოკარდიოგრაფია) და სისხლის ანალიზები.
პრესინკოპე არის გულის წასვლის შეგრძნება. გულის წასვლა (სინკოპე) არის ცნობიერების უეცარი, ხანმოკლე დაკარგვა, რასაც ცნობიერების სპონტანური დაბრუნება მოსდევს.
პრესინკოპეს და სინკოპეს ერთი და იგივე გამომწვევი მიზეზები აქვს. ცნობიერების დაკარგვა ტვინის ფუნქციის დარღვევის შედეგია. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხების გამო ვითარდება. თავის მხრივ, ტვინის სისხლით მომარაგება შეიძლება შემცირდეს გულის დაავადების ან ისეთი მდგომარეობის გამო, რომელიც აფერხებს გულისკენ სისხლის ნორმალურ მიდენას და, შესაბამისად, ამცირებს ტვინის სისხლით მომარაგებას. ამ მხრივ განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს ხანდაზმულები წარმოადგენენ, რადგან სისხლის მიდენა ტვინისკენ ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. საკუთრივ ტვინის დაავადებები, თუ ტვინის სისხლძარღვები არ არის დაზიანებული, იშვიათად იწვევს გონების კარგვას. კრუნჩხვამ შეიძლება განაპირობოს ცნობიერების დაკარგვა, მაგრამ ეს სინკოპედ არ ითვლება.
გულის დაავადებების დროს ტვინისკენ სისხლის მიდენა შეიძლება შემცირდეს, თუ ან გულისცემის სიხშირე შეიცვალა (ძალიან შემცირდა ან მოიმატა), ან რიტმი დაირღვა, ან გულს სისხლის ადეკვატური მოცულობის გადატუმბვის უნარი აღარ შესწევს სისხლის ნაკადის შეფერხების გამო. ამ უკანასკნელის მიზეზი შეიძლება იქნეს გულის სარქვლების დაზიანება (უხშირესად – აორტის სარქვლისა), ფილტვში ან, ზოგჯერ, გულში თრომბის გაჩენა, იშვიათად – გულის სიმსივნე (წინაგულოვანი მიქსომა).
გულში სისხლის დაბრუნება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით შემცირდეს; მაგალითად, ხველის და გაჭინთვის (ნაწლავების მოქმედების დროს) დროს იზრდება გულმკერდშიგა წნევა, რაც, თავის მხრივ, გულისკენ სისხლის მიდენას ამცირებს. ჯანმრთელ ჯარისკაცებს შეიძლება აღენიშნოთ გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა ხანგრძლივად უძრავად დგომის გამო.ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვედა კიდურების კუნთები სისხლის გულისკენ უკუდინების პროცესში მონაწილეობას ვეღარ იღებს. ძლიერმა ემოციამ (მაგალითად, სისხლის დანახვა) ან ტკივილმა შეიძლება გაააქტიუროს ცდომილი ნერვი, რის შედეგადაც სისხლძარღვები ფართოვდება (დილატაცია), გულისკენ სისხლის მიდენა მცირდება და ადამიანს გული მისდის (ვაზოვაგუსური სინკოპე). თავის ან ზურგის ტვინის ზოგიერთმა დაავადებამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა (უპირატესწილად, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები) აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების გაფართოება და გულის წასვლა.
გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა შეიძლება განაპირობოს სწრაფად წამოჯდომამ ან წამოდგომამ. პოზიციის ცვლილება ქვედა კიდურებისკენ სისხლის მიდენას იწვევს, რის შედეგადაც არტერიული წნევა ქვეითდება. პოზიციის შეცვლაზე სწრაფი ადაპტაციის უუნარობას ორთოსტაზული ჰიპოტენზია ეწოდება. ეს პათოლოგია მოხუცებში უფრო ხშირია.
ზოგჯერ გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა ფეხზე წამოდგომისას აღინიშნება. ამ დროს ადამიანი ან წვება, ან ძირს ეცემა, რაც ზრდის სისხლის ტვინში მიდენას და ცნობიერებაც სწრაფად აღდგება ხოლმე.
ექიმმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს გულის წასვლის საშიში და ნაკლებად საშიში მიზეზები. თუ გულის წასვლა ტკივილის ან რაიმე სხვა უსიამოვნო შეგრძნების დროს აღინიშნება და მას წინ უძღვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსუბუქად გაბრუება, გულისრევა, მთქნარება, მხედველობის დაბინდვა და ოფლიანობა, მაშინ ამ მდგომარეობას ვაზოვაგუსურ სინკოპეს უწოდებენ, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. ამ დროს ექიმი ატარებს ფიზიკურ გამოკვლევას. თუ ამ უკანასკნელმა რომელიმე პათოლოგია არ გამოავლინა, შემდგომი კვლევების ჩატარება აღარ არის საჭირო.
გულის წასვლა მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ის გულის სერიოზული დაავადების არსებობაზე მიუთითებს.
შემდგომ კვლევებს საჭიროებს ისეთი შემთხვევები, როცა გულის წასვლას წინ არ უძღვის გამაფრთხილებელი ნიშნები (განსაკუთრებით, ფიზიკური აქტივობის დროს), მაგრამ თან ახლავს ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში. ამისი მიზეზი ხშირად გულისა და ნერვული სისტემის დაავადებებია. ასეთ შემთხვევაში ტარდება ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა, დახრილი (მოძრავი) მაგიდისა და ელექტროფიზიოლოგიური ტესტები.
შეშუპება ქსოვილებში სითხის დაგროვების შედეგია. სითხის დაგროვების მიზეზი ქვედა კიდურების ვენებში სისხლის შეგუბება და წნევის მომატებაა, რის გამოც სითხე ვენებიდან ქსოვილებში გამოიდევნება. ვენებში სითხის შეგუბება შეიძლება იმან გამოიწვიოს, რომ გული ვეღარ ახერხებს მთელი სხეულიდან მოდენილი სისხლის გადატუმბვას (გულის უკმარისობა). კიდევ ერთი მიზეზია ქვედა კიდურების ღრმა ვენების სანათურის დახშობა (ღრმა ვენების თრომბოზი).
ამრიგად, წვივების, კოჭების, ტერფების ან მუცლის მიდამოს შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობამ ან ვენების დაავადებამ, მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზმა. ასეთი შეშუპება ვითარდება ხანგრძლივი ჯდომის ან ფეხზე დგომისას, ან ქვედა კიდურების ვენებში ასაკობრივი ცვლილებების გამო. წვივების შეშუპება დამახასიათებელია ორსულობისთვის, აგრეთვე, თირკმლების და ღვიძლის დაავადებებისთვის. სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაბუჟების შეგრძნება არაადეკვატური სისხლით მომარაგების შედეგია. კანის სიფერმკრთალე ან მოლურჯო ელფერი სისხლით მომარაგების დარღვევით, ანემიით ან ვენური დრენაჟის არაადეკვატურობით არის შეპირობებული.