დიაგნოზი (გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი) | მკურნალი.გე
  1. დიაგნოზი (გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი)
დიაგნოზი (გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი)

ავადმყოფობის ისტორიის და ფიზიკური გასინჯვის მონაცემების საფუძველზე ექიმს შეუძლია განასხვაოს ერთმანეთისგან გულის და სისხლძარღვების დაავადებები.

სადიაგნოზო კვლევები დიაგნოზის დადასტურებას, დაავადების სიმძიმისა და სიმწვავის განსაზღვრას, აგრეთვე, მკურნალობის დაგეგმვას ხდის შესაძლებლად.

ავადმყოფობის ისტორია და ფიზიკური გასინჯვა

თავდაპირველად ექიმი აგროვებს ინფორმაციას სიმპტომების შესახებ. გულის დაავადებების არსებობაზე მიუთითებს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გულის ფრიალის შეგრძნება, ქვედა კიდურებისა და მუცლის შეშუპება.

სხვა, ზოგადი ხასიათის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სისუსტე, ადვილად დაღლა, უმადობა, შეუძლოდ ყოფნა ასევე გულის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული.

ტკივილი, დაბუჟება, კუნთოვანი სპაზმები დამახასიათებელია პერიფერიული არტერიების დაავადებებისთვის, რომლებიც აზიანებს ზედა კიდურის, წვივის, ტანის სისხლძარღვებს (გარდა კორონარული არტერიებისა).

ამის შემდეგ ექიმი აგროვებს ინფორმაციას გადატანილი ინფექციური დაავადებების, ქიმიურ ნივთიერებებთან შესაძლო კონტაქტის, გამოყენებული მედიკამენტების – მათ შორის აკრძალული წამლების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების, საცხოვრებელი გარემოსა და სამუშაო ადგილის თავისებურებების, დასვენებისა და გართობის ჩვევების შესახებ, აგრეთვე, ოჯახის წევრების გულის, სისხლძარღვების ან სხვა რომელიმე დაავადების თაობაზე.

ფიზიკური გასინჯვისას ექიმი აფასებს პაციენტის წონას, გარეგნობის თავისებურებებს, კანის ფერს და ტენიანობას, ძილიანობას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც გულის დაავადების არაპირდაპირი სიმპტომებია. ყურადღება ექცევა პაციენტის განწყობას, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მისეულ შეფასებას.

ფიზიკური გასინჯვისას ყურადსაღებია კანის ფერი, ვინაიდან სიფერმკრთალე, კანის მოლურჯო ან მეწამული (ციანოზური) შეფერილობა მიუთითებს ანემიაზე ან არაადეკვატურ სისხლით მომარაგებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კანი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, რაც, თავის მხრივ, ფილტვების დაავადების, გულის უკმარისობის ან ცირკულაციის დარღვევის სხვა მიზეზების შედეგი შეიძლება იყოს.

ექიმი სინჯავს პულსს პერიფერიულ არტერიებზე – კისრის, მხრის, იდაყვის, მაჯის, მუცლისა და საზარდულის, მუხლის, კოჭის და ტერფის არეში სხეულის ორივე ნახევარში სისხლის ნაკადის ადეკვატურობისა და თანაბრობის შესამოწმებლად.

ფიზიკური გასინჯვის დროს ფასდება სხეულის ტემპერატურა და სისხლის არტერიული წნევა. ნორმიდან გადახრა შესაძლოა გულისა ან სისხლძარღვების დაავადების გამოხატულება იყოს.

ექიმი სინჯავს კისრის ვენებს, როდესაც პაციენტი მწოლიარე მდგომარეობაშია და სხეულის ზედა ნაწილი წამოწეული აქვს 45 გრადუსით. კისრის ვენები პირდაპირ უკავშირდება მარჯვენა წინაგულს (გულის ზედა საკანი, რომელიც სხეულიდან იღებს ჟანგბადით ღარიბ სისხლს) და იძლევა ინფორმაციას გულის მარჯვენა ნაწილში შემავალი სისხლის მოცულობისა და წნევის შესახებ.

ფიზიკური გასინჯვის დროს ექიმი თითით აწვება კანს კოჭის, წვივის, ზოგჯერ ზურგის ქვედა მიდამოში, რათა დაადგინოს ქსოვილოვანი სითხის დაგროვების, ანუ შეშუპების არსებობა.

ოფთალმოსკოპი გამოიყენება ბადურის (თვალის კაკლის სინათლის შემგრძნები შრე) სისხლძარღვების შესამოწმებლად. ბადურა ერთადერთი ადგილია, რომლის დათვალიერებისას ექიმს შეუძლია შეაფასოს ვენებისა და არტერიების მდგომარეობა.

ბადურის ხილული დარღვევები დამახასიათებელია მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის, არტერიოსკლეროზის და გულის სარქვლების ბაქტერიული ინფექციისთვის.

ფიზიკური კვლევის ერთ-ერთი ნაწილი გულმკერდის გამოკვლევაა. ექიმი აფასებს სუნთქვის სიხშირეს და გულმკერდის ექსკურსიას (სუნთქვითი მოძრაობა), გულმკერდზე თითების დაკაკუნებით განსაზღვრავს ფილტვების ჰაერით ავსებას, რაც ნორმაში უნდა იყოს ან სითხის არსებობას, რაც დაავადების მაჩვენებელია. პერკუსია ასევე საშუალებას იძლევა, დადგინდეს გულისა და ფილტვების მფარავი გარსების – პერიკარდიუმისა და პლევრის ფურცლებს შორის სივრცეებში სითხის არსებობა. სტეთოსკოპის საშუალებით ექიმი ისმენს სუნთქვით ხმიანობებს და ადგენს, ხომ არ არის შევიწროებული სასუნთქი გზები. ასევე, სითხის არსებობა ცვლის ფილტვის ნორმალურ ხმიანობას (ხიხინი) და მიუთითებს გულის უკმარისობაზე.

პაციენტის გულმკერდზე ხელის დადებით (პალპაცია) ექიმი განსაზღვრავს იმ ადგილს, სადაც გულისცემა ყველაზე მკაფიოდ შეიგრძნობა და ამ გზით ადგენს გულის ზომებს.

სტეთოსკოპით გულის გასინჯვისას (აუსკულტაცია) ექიმს შეუძლია მოისმინოს გულის სარქვლების გახსნითა და დახურვით გამოწვეული ნორმალური ხმიანობები. სარქვლების და გულის სხვა სტრუქტურების ანომალიები იწვევს სისხლის ტურბულენტურ მოძრაობას და, ამის გამო, პათოლოგიურ ხმიანობას, რომელსაც შუილი ეწოდება. ტურბულენტური მოძრაობა აღმოცენდება სისხლის გადინების დროს შევიწროებულ სარქვლებში ან იმ შემთხვევებში, როცა სარქვლები მჭიდროდ არ იხურება. გულის ყველა დაავადება არ იწვევს შუილს და, იმავდროულად, შუილიც ყოველთვის არ არის გულის დაავადების შედეგი. მაგალითად, ფეხმძიმე ქალებში გულზე შუილი ჩნდება სისხლის ნაკადის ფიზიოლოგიურად მომატების გამო. უვნებელი შუილი ბავშვებშიც მოისმინება, ის გულის მცირე ზომის სტრუქტურებში სისხლის სწრაფი მოძრაობის გამო აღმოცენდება. სისხლის ტურბულენტური მოძრაობა აღენიშნება ხანდაზმულ ადამიანებსაც, რაც გულის სისხლძარღვების, სარქვლების ელასტიკურობის დაქვეითებით არის გამოწვეული, არ არის გულის სერიოზული პათოლოგიის ნიშანი. სტეთოსკოპით ექიმს შეუძლია მოისმინოს პათოლოგიურად შეცვლილი სარქვლის გახსნისა და დახურვის ხმიანობები (წკიპურტის მსგავსი ხმიანობა ან ტკაცუნი). გულის უკმარისობის დროს ხშირად მოისმინება გალოპის რიტმი (ცხენის ოთხით ჭენების ხმა), რაც, თავის მხრივ, ერთი ან ორი დამატებითი ტონის გაჩენის შედეგია.

სხეულის ნებისმიერ ნაწილში არტერიებსა და ვენებზე სტეთოსკოპის მოთავსებისას შესაძლებელია სისხლის ტურბულენტური მოძრაობის ხმიანობის მოსმენა. ეს უკანასკნელი შეიძლება გაჩნდეს სისხლძარღვის შევიწროებისას, სისხლის დინების გაძლიერების დროს ან არტერიებსა და ვენებს შორის პათოლოგიური კავშირების (არტერიოვენური ფისტულა) ჩამოყალიბების შედეგად.

ფიზიკური გასინჯვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მუცლის გასინჯვა. პალპაციით დგინდება ღვიძლის ზომები. ღვიძლის გადიდება მიუთითებს ვენურ სისტემაში სისხლის შეგუბებაზე. მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, რაც მუცლის გარშემოწერილობის გადიდებით გამოიხატება, გულის უკმარისობის ერთ-ერთი ნიშანია. მუცლის პალპაციით ისინჯება მუცლის აორტის პულსაციაც.

სადიაგნოზო პროცედურები

გულის დაავადებების სწრაფი და ზუსტი ამოცნობის მრავალი მეთოდი არსებობს. მათ შორისაა ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), სტრეს-ტესტი, ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, დახრილი (მოძრავი) მაგიდის ტესტი. რადიოლოგიური კვლევებია: რენტგენოსკოპია, ულტრასონოგრაფია (ექოკარდიოგრაფია), მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება (მრს), რადიონუკლიდური კვლევა, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ), გულის კათეტერიზაცია, ცენტრალური ვენების კათეტერიზაცია, ანგიოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ).

ფლუოროსკოპია იშვიათად გამოიყენება. ლაბორატორიული კვლევებიდან მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის, ქოლესტერინის და სხვა მაჩვენებლების განსაზღვრა. ამ კვლევათა უმეტესობა უსაფრთხოა. გართულებების რისკი იზრდება სადიაგნოზო პროცედურების კომპლექსური გამოყენებისა და გულის დაავადებების გამწვავებისას.

ელექტროკარდიოგრაფია

ელექტროკარდიოგრაფია სწრაფი, მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ელექტრული აქტივობის (გულის იმპულსები) რეგისტრაცია და ქაღალდზე გადატანა. ელექტროკარდიოგრამა იძლევა ინფორმაციას გულის მუშაობის შესახებ, სახელდობრ, რიტმის წამყვანში იმპულსის წარმოქმნის, გულის გამტარი სისტემის მდგომარეობის, გულისცემის სიხშირისა და რიტმის შესახებ.

ელექტროკარდიოგრამას იღებენ გულის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში. აგრეთვე, გულის დაავადებების არარსებობის დროსაც საშუალო და ხანდაზმული პაციენტების რუტინული გასინჯვის დროს.

ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარებისას ექიმი ელექტროდებს ათავსებს პაციენტის მაჯებზე, წვივებზე და გულმკერდზე. ელექტროდები მიერთებულია სპეციალურ ხელსაწყოსთან, რომელიც იწერს გულის ელექტრულ აქტივობას. ელექტროკარდიოგრაფიული მრუდის თითოეული მონაკვეთი იძლევა ინფორმაციას გულის სხვადასხვა ნაწილის მუშაობის შესახებ. პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ის 3 წუთი გრძელდება.

დატვირთვის სტრეს-ტესტი

სტრეს-ტესტი კორონარული არტერიების დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ეს არტერიები გულის კუნთს სისხლით ამარაგებს. კორონარული არტერიების დაავადების დროს არტერიების სანათური ნაწილობრივ ან სრულად არის დახშული. ნაწილობრივი დახშობის დროს მოსვენებულ მდგომარეობაში გულის სისხლით მომარაგება ადეკვატურია, ფიზიკური დატვირთვის დროს კი – არასაკმარისი. ამიტომაც ფიზიკური დატვირთვის დროს გულის გამოკვლევა კორონარული არტერიების დაავადების იდენტიფიცირების, მისი სხვა დაავადებებისგან (ფილტვების დაავადება, ანემია და სხვა) გარჩევის საშუალებას იძლევა.

ფიზიკური ვარჯიშის გარდა, გულის დატვირთვისთვის გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ზრდის გულისცემის სიხშირეს, შესაბამისად, იზრდება გულის დატვირთვა და, კორონარული არტერიების დაზიანების შემთხვევაში, ვლინდება გულის კედლის სისხლით არაადეკვატური მომარაგების ნიშნები. ამავე დროს რეგისტრირდება თანმხლები სიმპტომები და ნიშნები, როგორიცაა არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში.

ფიზიკური ვარჯიშით დატვირთვის ტესტი ტარდება სპეციალური სარბენი ბილიკით (ტრედმილით) ან ველოსიპედით. პაციენტები, რომელთაც რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლიათ სიარული ან ველოსიპედის პედალირება, დატვირთვას ხელებით ასრულებენ. პროცედურის დროს დატვირთვა თანდათან იზრდება. იმავდროულად, მუდმივად იწერება ელექტროკარდიოგრამა და პერიოდულად იზომება არტერიული წნევა. ტესტი გრძელდება მანამ, სანამ გულისცემის სიხშირე არ მიაღწევს ასაკობრივი ნორმის მაქსიმუმის 80-90%-ს. კვლევა დაუყოვნებლივ წყდება, თუ პაციენტს დაეწყო ქოშინი ან ტკივილი გულმკერდში, სისხლის წნევამ მოიმატა ან ეკგ შეიცვალა. პროცედურა 30 წთ გრძელდება. ის შეიძლება გართულდეს გულის შეტევით, მიოკარდიუმის ინფარქტით ან სიკვდილით (რისკი 1:5000).

თუ პაციენტს არ შეუძლია ფიზიკური დატვირთვა, ფარმაკოლოგიური სტრეს-ტესტი გამოიყენება. პაციენტს ეძლევა მედიკამენტები (დიპირიდამოლი, ადენოზინი, დობუტამინი), რომლებიც გულის დატვირთვის სიმულაციას ახდენს. ზოგჯერ სტრეს-ტესტთან ერთად გამოიყენება უფრო ზუსტი და, ამავე დროს, უფრო ძვირად ღირებული კვლევები, როგორიცაა ექოკარდიოგრაფია და რადიონუკლიდური სკანირება.

კვლევის არც ერთი მეთოდი არ არის სრულყოფილი. ზოგჯერ კვლევა გამოავლენს პათოლოგიურ ცვლილებებს ისეთ პირებში, რომელთაც არ აქვთ კორონარული არტერიების დაავადება (ცრუდადებითი შედეგი) და პირიქით, დაავადების არსებობის მიუხედავად, ცვლილებები არ გამოვლინდეს (ცრუუარყოფითი შედეგი).

ახალგაზრდა პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ დაავადების სიმპტომები, მიუხედავად სტრეს-ტესტით გამოვლენილი ცვლილებებისა, იშემიური დაავადების ალბათობა დაბალია. ცრუდადებითი შედეგი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვისა და ფინანსური დანახარჯების მიზეზი ხდება. ამიტომაც ექსპერტების უმრავლესობა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სტრეს-ტესტის რუტინულ გამოყენებას.

ხანგრძლივი ამბულატორიული ელექტროკარდიოგრაფია

გულის რიტმის დარღვევა და გულის კედლის სისხლით მომარაგების შემცირება შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს და ხანმოკლე იყოს. პრობლემის სადიაგნოზოდ გამოიყენება ხანგრძლივი ელექტროკარდიოგრაფია, რომელიც გულისხმობს 24 საათის განმავლობაში ელექტროკარდიოგრამის ჩაწერას. დროის ამ მონაკვეთში პაციენტი ჩვეულ ყოველდღიურ აქტივობებს ასრულებს.

პროცედურის ჩასატარებლად პაციენტს მხარზე გადაკიდებული აქვს მცირე ზომის აპარატი, რომელიც ბატარეით იკვებება (ჰოლტერის მონიტორი) და გულმკერდის წინა კედელზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით იწერს გულის ელექტრულ აქტივობას (ეკგ-ს). პროცედურის განმავლობაში პაციენტი დღიურში აღწერს ყველა სიმპტომს და მათი აღმოცენების დროს. საბოლოოდ მონაცემები კომპიუტერში გადააქვთ ანალიზისთვის, რომლის დროსაც აღინუსხება გულისცემის რიტმის დარღვევები, იშემიური ცვლილებები და ა.შ. და ერთმანეთს დარდება დღიურში შეტანილი მონაცემები და კომპიუტერული ანალიზის შედეგები. ზოგჯერ ცვლილებები ეკგ-ზე ტელეფონით გადაიცემა საავადმყოფოში ან საკუთარ ოფისში მყოფი ექიმის კომპიუტერში. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ექიმი, საჭიროებისამებრ, დაუყოვნებლივ იწყებს გადაუდებლად აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.

ზემოთ აღწერილი მეთოდი გამოიყენება მაშინაც, როცა საჭიროა მონაცემების მონიტორირება 24 საათზე უფრო მეტი დროის განმავლობაში. ის ჰგავს ჰოლტერით მონიტორირებას, მაგრამ მონაცემები იწერება მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებელი ააქტიურებს მას – სიმპტომების აღმოცენების დროს. თუ სიმპტომების გამოვლენის სიხშირე იმდენად მცირეა, რომ 24 საათის განმავლობაში ცვლილებების დაფიქსირება ვერ ხერხდება, შესაძლებელია მონიტორის კანქვეშ ჩამაგრება 1 წლის განმავლობაში. მოწყობილობის გასააქტიურებლად მცირე ზომის მაგნიტია გამოყენებული.

არტერიული წნევის ხანგრძლივი ამბულატორიული მონიტორირება

თუ არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი საეჭვოა (მაგალითად, ექიმთან ვიზიტებისას არტერიული წნევის მონაცემები ცვალებადია), მიმართავენ არტერიული წნევის 24-საათიან მონიტორირებას. ჩამწერი მოწყობილობა მცირე ზომის პორტატული მონიტორია, რომელიც დაკავშირებულია პაციენტის მკლავზე დამაგრებულ მანჟეტთან. მონიტორი 24 ან 48 საათის განმავლობაში რეგულარულად იწერს არტერიული წნევის მაჩვენებლებს. ჩანაწერის საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს, აქვს თუ არა პაციენტს მაღალი არტერიული წნევა და, თუ აქვს, რამდენად მაღალია წნევის მაჩვენებლები.

ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება

ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება გამოიყენება გულის რიტმისა და გულში ელექტრული იმპულსების გატარების დარღვევების შესაფასებლად. კვლევა კლინიკაში ტარდება. ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ ექიმს, ფლუოროსკოპიის კონტროლით, მცირე ზომის ელექტროდებიანი კათეტერი საზარდულის მიდამოს ვენის ან, ზოგჯერ, არტერიის გავლით შეჰყავს გულის საკნებში. კათეტერის საშუალებით რიტმი იწერება გულის შიგნიდან, რაც დარღვევის სახისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენის საშუალებას იძლევა.

ჩვეულებრივ, გამოკვლევის დროს, ექიმი არითმიის პროვოცირებას ახდენს, რათა დაადგინოს, როგორ იმოქმედებს ესა თუ ის მედიკამენტი არითმიისა და გამტარებლობის დარღვევის სხვადასხვა ფორმის დროს, საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა გულშიგა ანომალიური ელექტრული კავშირების კორექციისთვის. საჭიროებისას, ექიმს შეუძლია აღადგინოს გულისცემის ნორმალური რიტმი ხანმოკლე ელექტრული შოკით (კარდიოვერსია). მიუხედავად იმისა, რომ ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება ინვაზიური გამოკვლევაა და ანესთეზიის გამოყენებით ტარდება, ის უსაფრთხო პროცედურაა, გრძელდება 1-2 საათი, სიკვდილის რისკია 1:5000.

დახრილი მაგიდის ტესტი

დახრილი მაგიდის ტესტი რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ გაურკვეველი მიზეზებით გამოწვეული გულის წასვლა (სინკოპე) გულში რაიმე სტრუქტურული ცვლილებების (როგორიცაა აორტის სარქვლის სტენოზი) გარეშე. კვლევის დროს მოძრავ მაგიდაზე დაფიქსირებულ პაციენტს 15-20 წუთის განმავლობაში უცვლიან დახრის კუთხეს 60-დან 80 გრადუსამდე და მუდმივად უზომავენ წნევას, უთვლიან პულსს. თუ არტერიული წნევა არ მცირდება, პაციენტისთვის ინტრავენურად შეჰყავთ იზოპროტერენოლი (აძლიერებს გულის მუშაობას) ისეთი დოზით, რომელიც გამოიწვევს გულისცემის აჩქარებას 20 დარტყმით წუთში. ამ პროცედურის გამოყენებისას ხშირია ცრუდადებითი შედეგი. ის 30-60 წუთი გრძელდება, უსაფრთხოა.

რადიოლოგიური პროცედურები

გულის პათოლოგიის დასადგენად წინა და გვერდით პოზიციაში გადაღებული რენტგენის სურათი გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენის საშუალებას იძლევა. სურათზე კარგად ჩანს გულის ფორმისა და ზომის ცვლილება, ასევე კალციუმის დეპოზიტები (გროვები) გულის კუნთში. გარდა ამისა, რენტგენოლოგიური გამოკვლევით შეიძლება შეფასდეს ფილტვების და ფილტვის სისხლძარღვების მდგომარეობა, გამოვლინდეს სითხის დაგროვება ფილტვებსა და პლევრის ღრუში.

რენტგენის სურათზე დაფიქსირებული გულის ზომების გადიდება ხშირად გულის უკმარისობის ან სარქვლოვანი პათოლოგიის შედეგია. გულის ზომები არ იზრდება, როცა უკმარისობა გამოწვეულია კონსტრიქციული პერიკარდიტით. ამ უკანასკნელის დროს ფიბროზული ქსოვილი გულის პერანგის (პერიკარდიუმი) ღრუში ვითარდება, რაც გულის მუშაობას აფერხებს.

ხშირად ფილტვის სისხლძარღვების ვიზუალიზაცია დიაგნოზისთვის უფრო მეტი ინფორმაცის მომცემია, ვიდრე გულის სურათი. მაგალითად, ფილტვის არტერიების გაფართოება (არტერიები, რომლებსაც სისხლი გულიდან ფილტვებისაკენ მიაქვთ) და ფილტვის ქსოვილში არტერიების შევიწროება ფილტვის არტერიებში წნევის მომატების ნიშანია, რაც, თავის მხრივ, მარჯვენა პარკუჭის კედლის გასქელებას (გულის ნაწილი, რომელიც სისხლს ფილტვის არტერიების გავლით ფილტვებისკენ ტუმბავს) იწვევს. სხეულის სხვა ნაწილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა სისხლძარღვის სანათურის დახშობის დადგენის შესაძლებლობას იძლევა.

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)

სპირალური კტ გულის ირგვლივ პერიკარდიუმის ფურცლებით შექმნილი სივრცის, მაგისტრალური სისხლძარღვების, ფილტვების და გულმკერდის სხვა ნაწილების სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენისთვის გამოიყენება.

გამოკვლევის ჩასატარებლად საკონტრასტო ნივთიერება (სპეციალური ნივთიერება, რომელიც არ ატარებს რენტგენის სხივებს, გამოისახება რენტგენის სურათზე) ინტრავენურად შეჰყავთ. სკანირების დროს პაციენტს სუნთქვის შეკავებას სთხოვენ, რომ სურათი ბუნდოვანი არ გამოვიდეს.

ელექტრონულ-სხივური კტ გამოიყენება გულის მკვებავ (კორონარული არტერიები) არტერიებში კალციუმის დეპოზიტების (ჩანართების) არსებობის გამოსავლენად, რაც კორონარული არტერიების დაავადების ადრეული სტადიის ნიშანია. კვლევის ეს მეთოდი ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.

კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (კტა)

კტა კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთ-ერთი სახეა, რომელიც სხეულის მაგისტრალური არტერიების (გარდა კორონარული არტერიებისა) სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. სურათი ხარისხით ჩვეულებრივი ანგიოგრაფიის სურათის მსგავსია. კტა გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ორგანოს მკვებავი არტერიების შევიწროების, აგრეთვე, მაგისტრალური არტერიების ანევრიზმებისა და დაზიანებების გამოსავლენად, სისხლძარღვებში მოძრავი თრომბისა და ემბოლიის (სისხლძარღვის დახშობა თრომბით) ვიზუალიზაციისთვის.

ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, კტა არ არის ინვაზიური პროცედურა. კონტრასტი ვენაში შეჰყავთ და არა არტერიაში, როგორც ეს ანგიოგრაფიის დროს კეთდება. კვლევის ხანგრძლივობა 1-2 წუთია.

ფლუოროსკოპია

ფლუოროსკოპია ხანგრძლივი რენტგენოლოგიური მეთვალყურეობაა. ეკრანზე ფიქსირდება გულისცემა და ფილტვების ექსკურსია (მოძრაობა). ვინაიდან ამ გამოკვლევისას ორგანიზმი დასხივებას დიდი დოზით იღებს, ის ჩანაცვლებული იქნა ექოკარდიოსკოპიით და სხვა მეთოდებით. ფლუოროსკოპია დღემდე გამოიყენება, როგორც კათეტერიზაციისა და ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის კომპონენტი.

ექოკარდიოგრაფია და სხვა ულტრაბგერითი პროცედურები

ულტრასონოგრაფია მაღალი სიხშირის ულტრაბგერებით სხეულის შინაგანი სტრუქტურის ვიზუალიზაციის ფართოდ აღიარებული საშუალებაა. ულტრასონოგრაფიის დროს რენტგენის სხივები არ გამოიყენება. გულის ულტრასონოგრაფია (ექოკარდიოგრაფია) გულის დაავადებების სადიაგნოზოდ საჭირო ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. ის მკაფიო გამოსახულებას იძლევა, არაინვაზიური, უსაფრთხო და შედარებით იაფი მეთოდია, ხშირად გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში სისხლძარღვების მდგომარეობის შესასწავლადაც.

ექოკარდიოსკოპიით შესაძლებელია დადგინდეს გულის კედლების მოძრაობის ცვლილებები, განისაზღვროს სისხლის მოცულობა, რომელსაც გული გადატუმბავს ერთი შეკუმშვის დროს, გამოვლენილი იქნეს გულის სტრუქტურული ანომალიები, მაგალითად, სარქვლების პათოლოგია, თანდაყოლილი მანკები, გულის საკნების გაფართოება და კედლის გასქელება. ეს უკანასკნელი დამახასიათებელია არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის და გულის კუნთის დაავადებებისთვის (კარდიომიოპათია). ექოკარდიოსკოპია ტარდება პერიკარდიუმის ღრუში სითხის დაგროვებისა (სითხე გროვდება პერიკარდიუმის ორ ფურცელს შორის, რომლებიც გარს ეკვრის გულს) და კონსტრიქციული პერიკარდიტის გამოსავლენად, რომლის დროსაც პერიკარდიუმში ნაწიბუროვანი ცვლილებები ვითარდება.

ულტრასონოგრაფიის ძირითადი ტიპებია (რეჟიმებია): M-რეჟიმი, ორგანზომილებიანი, დოპლერი და ფერადი დოპლერი. ულტრასონოგრაფიის M-რეჟიმი, გულის სტრუქტურების ვიზუალიზაციის ყველაზე მარტივი, ერთგანზომილებიანი მეთოდია, რომლის დროსაც ულტრაბგერის ერთი ნაკადია მიმართული გულის იმ ნაწილზე, რომლის გამოკვლევაც არის საჭირო. ამჟამად უმეტესწილად ორგანზომილებიანი რეჟიმი გამოიყენება, რომელიც სამიზნე სტრუქტურის გამოსახულებას ორ განზომილებაში იძლევა. გამოსახულებების ერთმანეთზე ზედდებით სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღება.

დოპლერული ულტრასონოგრაფია სისხლის დინების მიმართულებას და სიჩქარეს სწავლობს, სისხლძარღვის შევიწროებით და დახშობით გამოწვეული სისხლის ტურბულენტური მოძრაობის გამოვლენის შესაძლებლობასიძლევა. ფერადი დოპლერი სხვადასხვა ფერში ასახავს სისხლის სხვადასხვა მიმართულებით მოძრავ ნაკადებს. დოპლერული ულტრასონოგრაფია და ფერადი დოპლერი გამოიყენება გულისა და სხეულის სხვა ნაწილების არტერიებისა და ვენების დაავადებებზე ეჭვის დროს. ვინაიდან აღნიშნული მეთოდი გულის საკნებში სისხლის მოძრაობის მიმართულებას და სიჩქარესაც ასახავს, ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა გულის ფუნქციისა და სტრუქტურების შესაფასებლად. მაგალითად, დოპლერული ულტრასონოგრაფიით ექიმს შეუძლია გამოავლინოს გულის სარქვლოვანი დაავადების დროს სისხლის ნაკადის უკუდინება (რეგურგიტაცია) და განსაზღვროს მისი ხარისხი, "დაინახოს" არტერიებსა და ვენებს შორის, აგრეთვე, გულის საკნებს შორის ანომალიური კავშირები.

ულტრაბგერითი ტალღების გამოსხივება ხდება ხელის ტრანსდუსერიდან (გადამცემი). ექოკარდიოგრაფიული კვლევის ჩასატარებლად მკვლევარი პაციენტს გულის არეზე უსვამს სპეციალურ გელს, რომელზეც გადააადგილებს გადამცემს. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია მონიტორთან, რომელზეც ჩანს მიღებული გამოსახულება. მონაცემები იწერება სპეციალურ დისკზე, ვიდეოკასეტაზე ან ქაღალდზე. მკვლევარს შეუძლია ამოძრაოს ჩამწერი, შეცვალოს მისი პოზიცია, კუთხე და მიიღოს გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების სხვადასხვა გამოსახულება, რაც, თავის მხრივ, გულის სტრუქტურისა და ფუნქციის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

ექოკარდიოგრაფია უმტკივნეულო და არაინვაზიური პროცედურაა. ის დაახლოებით 20-30 წუთი გრძელდება. აორტისა და გულის უკანა მხარეს მდებარე სტრუქტურების (განსაკუთრებით, მარცხენა პარკუჭისა და მარცხენა წინაგულის) მკაფიო და ზუსტი ვიზუალიზაციისთვის ატარებენ ტრანსეზოფაგურ (საყლაპავშიგა) ექოკარდიოგრაფიას, რომლის დროსაც გადამცემი შეჰყავთ საყლაპავში ან კუჭში. ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია მაშინაც გამოიყენება, როცა ჩვეულებრივი ექოკარდიოგრაფიის ჩატარება გაძნელებულია სიმსუქნის, ფილტვის დაავადებების და რაიმე ტექნიკური პრობლემების გამო.

მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა

მაგნიტურ-რეზონანსული (მრ) გამოკვლევა გულისა და გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოების დეტალური ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა მძლავრი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით. ეს ძვირად ღირებული და დახვეწილი მეთოდი გამოიყენება გულის კომბინირებული და თანდაყოლილი დაავადებების ამოსაცნობად, ჯანმრთელი და დაზიანებული ქსოვილის ერთმანეთისგან განსასხვავებლად.

მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას აქვს უარყოფითი მხარეც, ის უფრო ხანგრძლივი პროცედურაა, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია. გულის მოძრაობის გამო ამ მეთოდით მიღებული გამოსახულება, კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებულ გამოსახულებასთან შედარებით, ნაკლებად მკაფიოა.

მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (მრა) სისხლძარღვების გამოსაკვლევად გამოიყენება. ის სისხლძარღვებისა და სისხლის დინების იმავე ხარისხის ვიზუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა, როგორც ჩვეულებრივი ანგიოგრაფია, მაგრამ, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, არ არის ინვაზიური მეთოდი. გამოიყენება სისხლძარღვების (მაგალითად, თირკმლის არტერიების) შევიწროების, აორტის გაფართოების (ანევრიზმა), გულის მკვებავი არტერიების (კორონარული) შევიწროებისა და დახშობის (ოკლუზიის), ქვედა კიდურების ვენებისა და არტერიების (პერიფერიული სისხლძარღვები) დაავადებების სადიაგნოზოდ.

გამოსახულების მიღების რადიონუკლიდური მეთოდი

რადიონუკლიდური მეთოდის გამოყენებისას ინტრავენურად შეჰყავთ რადიოაქტიური ნივთიერების (რადიონუკლიდი) მცირე რაოდენობა. დასხივების ხარისხი უმნიშვნელოა, ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს. რადიონუკლიდის გამა-გამოსხივება რეგისტრირდება გამა-კამერით. მონაცემები მუშავდება კომპიუტერით და მიიღება გამოსახულება, რომელიც ასახავს ქსოვილების მიერ კონტრასტული ნივთიერების სხვადასხვა ინტენსივობით ჩართვას. გულის რადიონუკლიდური სკანირების მეთოდი განსაკუთრებით ინფორმაციულია უცნობი ეტიოლოგიის გულმკერდის ტკივილის მიზეზის ამოსაცნობად. კორონარული არტერიების შევიწროებისას ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს გულის სისხლით მომარაგებისა და მისი ფუნქციის დაქვეითების ხარისხი. გარდა ამისა, შეიძლება განისაზღვროს, რამდენად აღდგა გულის სისხლით მომარაგება კორონარული არტერიების შუნტირების ან სხვა მსგავსი პროცედურების შემდეგ. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობის პროგნოზის განსასაზღვრად. სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა რადიონუკლიდი (რადიოაქტიური ნივთიერება) გამოიყენება. გულის კუნთში სისხლის დინების შესაფასებლად იხმარება ტექნეციუმ-99 სესტამიბი ან თალიუმ-201, გამოსახულების რეგისტრირება ხდება პაციენტის ფიზიკური დატვირთვის (ფიზიკური სტრეს-ტესტი) პროცესში. გულის კუნთის უჯრედებში ჩართული რადიოაქტიური ნივთიერების რაოდენობა ასახავს გულის სისხლით მომარაგების დონეს. ფიზიკური დატვირთვის პიკზე გულის კუნთის ის ნაწილი, რომელიც სისხლით არაადეკვატურად მარაგდება (იშემია), ჩაირთავს რადიოაქტიური ნივთიერების უფრო მცირე რაოდენობას, ვიდრე ის ნაწილები, რომლებიც ადეკვატურად მარაგდება. იშემიურ უბნებში გამოსახულება უფრო მკრთალია.

პაციენტებში, რომელთაც არ შეუძლიათ ფიზიკური დატვირთვა, სისხლის მიმოქცევის სტიმულაციისთვის (ფიზიკური დატვირთვის ნაცვლად) გამოიყენება დიპირიდამოლი, დობუტამინი ან ადენოზინი ინტრავენურად. ამ მედიკამენტების გავლენით სისხლის მიმოქცევა ძლიერდება ჯანმრთელ სისხლძარღვებში, ხოლო დაზიანებულებში მცირდება. პაციენტის რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ განმეორებით ტარდება სკანირება. მიღებულ შედეგს ადარებენ დატვირთვის დროს გადაღებულ სურათს. შედარების შედეგების შეფასება ექიმს საშუალებას აძლევს, ერთმანეთისგან განასხვაოს უბნები, სადაც სისხლის მიმოქცევის შეფერხება შექცევადია (ჩვეულებრივ, გამოწვეულია კორონარული არტერიების შევიწროებით), იმ უბნებისგან, სადაც ეს პროცესი შეუქცევადია (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ განვითარებული ნაწიბური).

თუ მიოკარდიუმის ინფარქტი ახლად გადატანილია, თალიუმ-201-ის ნაცვლად გამოიყენება ტექნეციუმ-99. ეს უკანასკნელი დაზიანებული ქსოვილის გამოვლენის საშუალებას იძლევა მიოკარდიუმის ინფარქტიდან 12-24 საათის შემდეგ, არა უგვიანეს 1 კვირისა. თალიუმისგან განსხვავებით, რომელიც ჯერ ჯანმრთელ ქსოვილში გროვდება, ტექნეციუმის დაგროვება დაზიანებულ ქსოვილში იწყება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტექნეციუმი გროვდება ძვლოვან ქსოვილშიც, ამიტომ ნეკნების გამოსახულება, გარკვეულწილად, ფარავს გულის გამოსახულებას.

განსაკუთრებული ტიპის რადიონუკლიდური გამოკვლევაა ერთფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია. ის იძლევა განივი ჭრილის გამოსახულებების სერიას. შესაძლებელია სამგანზომილებიანი სურათების მიღებაც. ეს მეთოდი უფრო ზუსტად ასახავს ინფორმაციას გულის დაავადებების, ფუნქციისა და სისხლის მიმოქცევის შესახებ, ვიდრე სხვა მეთოდები (ჩვეულებრივი რადიონუკლიდური კვლევა).

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ)

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიისთვის გულის კუნთის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთიერებები (ჟანგბადი, გლუკოზა) მოინიშნება რადიოაქტიური ნივთიერებით (რადიონუკლიდი), რომელიც, თავის მხრივ, პოზიტრონებს (დადებითად დამუხტულ ელექტრონებს) გამოყოფს. ინტრავენურად შეყვანილი მონიშნული ნუტრიენტები (საკვები ნივთიერებები) რამდენიმე წუთში აღწევს გულამდე. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია ადგენს, სისხლის რა რაოდენობა აღწევს გულის კუნთის სხვადასხვა ნაწილებამდე და როგორ ახდენს კუნთი სხვადასხვა ნივთიერების მეტაბოლიზმს (დამუშავებას). მაგალითად, როდესაც მონიშნული შაქარი (ნახშირწყლები) შეჰყავთ, ექიმს საშუალება აქვს, შეაფასოს მიოკარდიუმის რომელ ნაწილში არის არაადეკვატური სისხლით მომარაგება. ეს უკანასკნელი (იშემიური მიოკარდიუმი) შაქარს უფრო მეტი რაოდენობით მოიხმარს, ვიდრე ჯანმრთელი.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე სხვა რადიონუკლიდური კვლევები, მაგრამ ძალიან ძვირია და ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. ის ძირითადად, სამეცნიერო კვლევებში გამოიყენება ან მაშინ, როცა შედარებით იაფი მეთოდები არასარწმუნო და ნაკლებად ეფექტურია.

გულის კათეტერიზაცია და კორონარული ანგიოგრაფია

კორონარული ანგიოგრაფიისა და გულის კათეტერიზაციის ერთდროულად ჩატარება კორონარული არტერიების დაავადების ამოცნობის ყველაზე ზუსტი საშუალებაა. მხოლოდ ამ ორი მეთოდის ერთდროულად გამოყენება გულის თითოეულ საკანში წნევის გაზომვისა და კორონარული არტერიების გამოსახულების მიღების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ შეიძლება განისაზღვროს ქირურგიული ჩარევის სახე – ანგიოპლასტიკა თუ კორონარული არტერიების შუნტირება.

მოხსენიებული მეთოდების გამოყენება შეიძლება გულის სხვადასხვა დაავადების დიაგნოზისთვის, დაავადების სიმწვავისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ყოველწლიურად გულის კათეტერიზაციისა და ანგიოგრაფიის მილიონობით პროცედურა ტარდება. ის შედარებით უსაფრთხოა, გართულებები იშვიათია. ისეთი გართულებების სიხშირე, როგორიცაა ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და სიკვდილი არის 1:1000. სიკვდილიანობის მაჩვენებელია 0.01%. სიკვდილიანობისა და გართულებების რისკი უფრო მაღალია გულისა და სხვა ორგანოების მწვავე დაავადებების მქონე, აგრეთვე, ხანდაზმულ პაციენტებს შორის.

გულის კათეტერიზაცია: გულის კათეტერიზაცია ფართოდ გამოიყენება გულის ისეთი დაავადებების სადიაგნოზოდ, რომლებიც კორონარული არტერიების დაზიანებით არ არის გამოწვეული. გარდა ამისა, ეს მეთოდი გულის წუთმოცულობის განსაზღვრას (ერთი წუთის განმავლობაში გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობა), გულის თანდაყოლილი მანკებისა და სიმსივნეების (მიქსომა) ამოცნობას ხდის შესაძლებელს.

გულის კათეტერიზაციის დროს პატარა ზომის ჭრილობის ან განახვრეტის გავლით არტერიაში ან ვენაში შეჰყავთ წვრილი კათეტერი (მილის ფორმის, დრეკადი ქირურგიული ინსტრუმენტი). ჩხვლეტის ან ჭრილობის ადგილზე ადგილობრივი ანესთეზია ტარდება. სისხლძარღვის გავლით კათეტერი შედის გულის საკნებში. პროცედურა კლინიკაში ტარდება და 40-60 წუთი გრძელდება. კათეტერის წვერზე სხვადასხვა ინსტრუმენტის განთავსება შეიძლება, სახელდობრ: მოწყობილობა, რომელიც ზომავს სისხლის წნევას როგორც გულის საკნებში, ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლძარღვებში; მოწყობილობა, რომელიც იღებს გულის შიგნითა სტრუქტურების ულტრაბგერით სურათს ან შესაძლებელს ხდის გულის სხვადასხვა ნაწილებიდან სისხლის აღებას, ან ქსოვილების ნიმუშების აღებას (ბიოფსია) შემდგომი მიკროსკოპიული შესწავლისთვის. კათეტერის გამოყენებას სისხლძარღვებში კონტრასტული ნივთიერების შესაყვანად ანგიოგრაფია ეწოდება, შევიწროებული სარქვლის გასაფართოებლად – სარქვლის პლასტიკა (ვალვულოპლასტიკა), შევიწროებული ან დახშული არტერიის გამავლობის აღსადგენად – ანგიოპლასტიკა.

თუ კათეტერი არტერიაში იქნა შეყვანილი (არტერიის ჩხვლეტა ან განაკვეთი), მისი გამოღების შემდეგ შეყვანის ადგილზე 10-20-წუთიანი ძლიერი ზეწოლაა საჭირო სისხლდენის და სისხლჩაქცევის თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად პრევენციული ღინისძიებებისა, ზოგჯერ ჭრილობიდან სისხლდენა მაინც ვითარდება ან ჩნდება დიდი ზომის სისხლჩაქცევა, რომელიც რამდენიმე კვირაში თავისით ქრება.

კათეტერის შეყვანას გულისცემის რიტმის სხვადასხვა სახის დარღვევა შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ პროცედურა ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) კონტროლით ტარდება. ხშირად არითმიის გამოსწორება მხოლოდ კათეტერის პოზიციის შეცვლით (გადაადგილებით) არის შესაძლებელი. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, საჭიროა კათეტერის გულიდან გამოტანა. იშვიათად, შესაძლებელია კათეტერით გულის კედლის დაზიანება ან გახვრეტა. ამ დროს გადაუდებელი ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

შესაძლებელია გულის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ნახევრის კათეტერიზაცია.

გულის მარჯვენა ნახევრის კათეტერიზაცია ტარდება მარჯვენა პარკუჭისა და წინაგულის, აგრეთვე, სამკარიანი სარქვლის (მდებარეობს მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის) მდგომარეობის შესაფასებლად. მარჯვენა წინაგული იღებს ჟანგბადით ღარიბ ვენურ სისხლს მთელი ორგანიზმიდან, მარჯვენა პარკუჭი გადაისვრის სისხლს ფილტვებისკენ, სადაც სისხლი იწმინდება ნახშირორჟანგისგან და მდიდრდება ჟანგბადით. გულის მარჯვენა ნაწილის კათეტერიზაციის დროს კათეტერი შეჰყავთ მხრის ან საზარდულის ვენაში. ფილტვის არტერიის კათეტერიზაციის (იხ. ქვემოთ) დროს კათეტერის წვერზე მაგრდება ბუშტი, რომელიც მარჯვენა წინაგულისა და პარკუჭის გავლით შედის ფილტვის არტერიაში. ეს მანიპულაცია ტარდება ამა თუ იმ სერიოზული ოპერაციის დროს ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

გულის მარცხენა ნაწილის კათეტერიზაცია გულის მარცხენა ნახევრის კათეტერიზაცია ტარდება მარცხენა წინაგულისა და პარკუჭის, მიტრალური სარქვლის (მდებარეობს მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის), აორტის სარქვლის (მდებარეობს მარცხება პარკუჭსა და აორტას შორის) მდგომარეობის შესაფასებლად.

მარცხენა წინაგული ფილტვებიდან იღებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს, მარცხენა პარკუჭი სისხლს გადატუმბავს მთელ სხეულში (სისხლის მიმოქცევის დიდი წრე). გულის მარცხენა ნაწილის კათეტერიზაცია უფრო ხშირად ტარდება, ვიდრე მარჯვენისა, მაგალითად, უკვე დადგენილი კორონარული არტერიების დაავადების (დაზიანების ხარისხის შესაფასებლად) ან მის არსებობაზე ეჭვის დროს (დიაგნოზის დასადასტურებლად). პროცედურა ხშირად კორონარულ ანგიოგრაფიასთან ერთად ტარდება არტერიების მდგომარეობის შესაფასებლად.

გულის მარცხენა ნახევრის კათეტერიზაციისას კათეტერი, ჩვეულებრივ, მხრის ან საზარდულის არტერიაში, იშვიათად საზარდულის ვენაში შეჰყავთ, გადააადგილებენ გულის მარჯვენა ნახევარში (გულის მარჯვენა ნაწილის კათეტერიზაცია) და აქედან, წინაგულთაშუა ძგიდის გავლით, გულის მარცხენა ნახევარში.

კორონარული ანგიოგრაფიით შეისწავლება გულის კედლის მკვებავი არტერიები. ის გულის მარცხენა ნახევრის კათეტერიზაციის მსგავსია. ეს ორი პროცედურა თითქმის ყოველთვის ერთდროულად ტარდება.

ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ, მცირე ზომის განაკვეთიდან კათეტერი შეჰყავთ მხრის ან საზარდულის არტერიაში. კათეტერი მოძრაობს გულის მიმართულებით და შედის კორონარულ არტერიებში. პროცედურის დროს, კათეტერის გადაადგილებაზე დასაკვირვებლად, ექიმი ფლუოროსკოპიას (უწყვეტი რენტგენოლოგიური დაკვირვება) იყენებს. როგორც კი კათეტერის წვერი საჭირო ადგილზე აღმოჩნდება, კორონარულ არტერიებში შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება. ეკრანზე გამოისახება კორონარული არტერიები, მონაცემები ფირზე ან დისკზე იწერება. ამ პროცედურას სინეანგიოგრაფია ეწოდება. ის გულის საკნების მოძრაობისა და კორონარული არტერიების მკაფიო გამოსახულებას იძლევა.

კორონარული ანგიოგრაფია იშვიათად იწვევს რაიმე დისკომფორტს, ჩვეულებრივ 30-50 წუთი გრძელდება, ამბულატორიულ პირობებში ტარდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტი მძიმედაა დაავადებული. რადიოკონტრასტული ნივთიერების გულის კამერებში ან აორტაში მოხვედრისას პაციენტი მთელ სხეულში გრძნობს სითბოს, რაც სისხლის ნაკადთან ერთად ამ ნივთიერების ორგანიზმში გავრცელებით არის გამოწვეული. ამ დროს შეიძლება მოიმატოს გულისცემის სიხშირემ და უმნიშვნელოდ დაეცეს სისხლის არტერიული წნევა. უფრო იშვიათად შესაძლებელია ხანმოკლე დროით გულისცემის შენელება და გაჩერებაც კი. ამ პრობლემის გამოსასწორებლად (რომელიც იშვიათადაა სერიოზული) პაციენტს სთხოვენ დაახველოს. ზოგჯერ აღინიშნება საშუალო სიმძიმის გართულებები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და ხველა. იშვიათია მძიმე გართულებები – შოკი, კრუნჩხვები, თირკმლისმიერი გართულება, გულის გაჩერება. რადიოკონტრასტულ ნივთიერებაზე ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციით. სპეციალისტთა გუნდი, რომელიც მონაწილეობს პროცედურაში, მზადაა კორონარული ანგიოგრაფიის გართულებებზე სწრაფი რეაგირებისთვის.

გართულებების რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში. კორონაროანგიოგრაფიული კვლევის მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია ანგიოპლასტიკისა და კორონარული შუნტირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

ვენტრიკულოგრაფია ანგიოგრაფიის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც მარჯვენა ან მარცხენა პარკუჭში კათეტერით რადიოკონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ შემდეგ რენტგენოსკოპიით ვიზუალიზაციის მიზნით. ის სრულდება გულის კათეტერიზაციის მეშვეობით. პროცედურის დროს ექიმს შეუძლია შეაფასოს მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების მოძრაობა, მათი კუმშვადობის უნარი და გამოთვალოს განდევნის ფრაქცია (ყოველი შეკუმშვის დროს მარცხენა პარკუჭის მიერ გადატუმბული სისხლის პროცენტული მაჩვენებელი). გულის კუმშვადობის შეფასება გულის კუნთის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია

ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია გულის ფუნქციონირების შეფასების გავრცელებული მეთოდია კრიტიკული მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით სითხეების ინტრავენური ტრანსფუზიის (გადასხმა) საჭიროებისას გულისა და ფილტვების მწვავე დაავადებების (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია, ფილტვის ემბოლია და მათი გართულებები), დამწვრობების და შოკის დროს, კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

გარდა ამისა, ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია ტარდება წნევის გაზომვის საჭიროებისას გულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში, გულის წუთმოცულობის განსასაზღვრად, სისხლძარღვების რეზისტენტობის შესაფასებლად (გულიდან გამომავალ არტერიებში) და მოცირკულირე სისხლის მოცულობის განსაზღვრისთვის. ეს პროცედურა ინფორმაციულია გულის ტამპონადისა და ფილტვის ემბოლიის დროს.

ისევე, როგორც გულის მარჯვენა ნაწილის კათეტერიზაციისას, კათეტერი, რომელსაც წვერზე ბალონი აქვს მიმაგრებული, შეჰყავთ კისრის ან მხრის ვენაში და გულისკენ მიმართავენ. კათეტერის წვერი ზემო ან ქვემო ღრუვენის (ყველაზე დიდი ვენები, რომლებსაც სისხლი მთელი ორგანიზმიდან მიაქვთ მარჯვენა წინაგულში) გავლით შედის მარჯვენა წინაგულში, მარჯვენა პარკუჭში და შემდეგ ფილტვის არტერიაში. კათეტერზე მიმაგრებული ბალონი რენტგენოსკოპიული კონტროლით თავსდება ფილტვის არტერიაში და იბერება, რომ ფილტვის არტერია დროებით დაიხშოს, რაც ფილტვის კაპილარებში წნევის გაზომვის საშუალებას იძლევა. ეს გამოკვლევა მარცხენა წინაგულში წნევის განსაზღვრის არაპირდაპირი გზაც არის. ამ დროს კათეტერით შესაძლებელია სისხლის ნიმუშების აღება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციის განსასაზღვრად. იშვიათია გართულებები, სახელდობრ, პლევრის ღრუში ჰაერის მოხვედრა (პევმოთორაქსი), არითმიები, ინფექცია, ფილტვის არტერიის დაზიანება ან თრომბით დახშობა, არტერიის და ვენების დაზიანება.

ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია

ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის დროს კათეტერი თავსდება კისრის ან გულმკერდის ზედა ნაწილის, ან საზარდულის დიდ ვენაში. პროცედურა ტარდება, თუ აუცილებელია პაციენტისთვის სითხეების ინტრავენური გადასხმა და შეუძლებელია პერიფერიული ვენების კათეტერიზაცია (ზედა და ქვედა კიდურების ვენები). აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ცენტრალური ვენური წნევის (წნევა ზედა ღრუვენაში) გასაზომად. ცენტრალური ვენური წნევა ასახავს წნევას მარჯვენა წინაგულში მისი სისხლით გავსებისას. ეს მონაცემი ეხმარება ექიმს დეჰიდრატაციის ხარისხისა და გულის ფუნქციის შეფასებაში. სადღეისოდ ეს მეთოდი ფილტვის არტერიის კათეტერიზაციით არის ჩანაცვლებული.

პერიფერიული სისხლძარღვების ანგიოგრაფია

პერიფერიული არტერიების ანგიოგრაფია (მხრის, წვივის და ა.შ.) კორონარული არტერიების ანგიოგრაფიის მსგავსია. ამ მეთოდით ვლინდება არტერიების სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, შევიწროება, დახშობა, ანევრიზმა, არტერიებსა და ვენებს შორის ანომალიური კავშირები (არტერიოვენური ფისტულები).

ანგიოგრაფია ხშირად ტარდება ანგიოპლასტიკისა და კორონარული არტერიების შუნტირების საჭიროების განსასაზღვრად.

აორტის ანგიოგრაფია (აორტოგრაფია) ტარდება ისეთი დაავადების სადიაგნოზოდ, როგორიცაა აორტის ანევრიზმა და მისი განშრევება, აგრეთვე აორტის სარქვლის ნაკლოვანება (აორტული რეგურგიტაცია).

ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია ტარდება სელექციური ანგიოგრაფიის ჩატარებამდე, არტერიის შევიწროების ან დახშობის გამოსავლენად. თუმცა, ანგიოგრაფიის ეს სახე იშვიათად იძლევა ადეკვატურ პასუხს კითხვაზე – არის თუ არა საჭირო ქირურგიული ჩარევა (ანგიოპლასტიკით ან მის გარეშე).

ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია არ გამოიყენება კორონარული არტერიების გამოსაკვლევად. ამ არტერიების მკაფიო ვიზუალიზაცია შესაძლებელია რადიოკონტრასტული ნივთიერებით გამოკვლევისას. ციფრული ანგიოგრაფიით არტერიების ვიზუალიზაცია რადიოკონტრასტული კვლევის ჩატარებამდე და მის შემდეგ ხდება. კომპიუტერი ერთმანეთისგან განასხვავებს სხვადასხვა ტიპის ქსოვილებს, მაგალითად ძვლოვან ქსოვილს არტერიების ქსელისგან. ამის შედეგად არტერიების გამოსახულება უფრო მკაფიოა და მის მისაღებად რადიოკონტრასტული ნივთიერების ნაკლები რაოდენობაა საჭირო. შესაბამისად, პროცედურაც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სტანდარტული ანგიოგრაფია.