მიტრალური სარქვლის პროლაფსის დროს სარქვლის დაკბილული კარედი (ერთ-ერთი ნაწილი), პარკუჭის შეკუმშვისას (სისტოლა) მარცხენა წინაგულისკენ გადაადგილდება, რასაც ზოგჯერ თან ახლავს პარკუჭიდან წინაგულში სისხლის ნაკადის უკუდინება.
მიტრალური სარქვლის პროლაფსი მოსახლეობის დაახლოებით 2%-5%-ს აქვს. ხშირი მიზეზია მიქსომატოზური დეგენერაცია – მემკვიდრული შემაერთებელ-ქსოვილოვანი დაავადება, რომელიც სარქვლის ქსოვილის დასუსტებას იწვევს. მიტრალური პროლაფსი შესაძლოა გულის სერიოზული პრობლემის წინა პირობად იქცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგურგიტაცია მკვეთრია ან სარქვლის ინფექცია განვითარდა, ან მიქსომატოზური ქსოვილის მთლიანობა დაირღვა.
პაციენტთა უმრავლესობას მიტრალური სარქვლის პროლაფსის დროს ჩივილები არ აქვს. მცირე ნაწილს აღენიშნება სიმპტომები, რომელთა მიზეზი გაუგებარია; ესენია: ტკივილი გულმკერდში, გულისცემის გახშირება, გულის ფრიალი (გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება), შაკიკისმაგვარი თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუხვევა, ზოგჯერ – სისხლის წნევის დაქვეითება ფეხზე წამოდგომისას (ამ მოვლენას ორთოსტაზული ჰიპოტენზია ჰქვია).
დიაგნოზი ეფუძნება ფიზიკური გასინჯვის შედეგებს – ფონენდოსკოპით (სტეთოსკოპით) მოისმინება წკიპურტისმაგვარი ხმიანობა. რეგურგიტაციის დროს მოისმინება შუილი მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის (სისტოლა) დროს. ექოკარდიოგრაფიის მეშვეობით განისაზღვრება პროლაფსისა და რეგურგიტაციის ხარისხი.
მიტრალური პროლაფსის მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს მკურნალობა არ ესაჭიროება. მკვეთრად გახშირებული გულისცემის შემთხვევაში შესაძლებელია ბეტა-ბლოკერების გამოყენება გულისცემის სიხშირის შესამცირებლად, გულის ფრიალის ან სხვა სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ მიტრალური სარქვლის პროლაფსს თან ახლავს რეგურგიტაცია, მიზანშეწონილია პრევენციული ანტიბაქტერიული მკურნალობა ქირურგიული, სტომატოლოგიური ან სხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარება. აღნიშნული ამცირებს სარქვლების ბაქტერიული ინფექციის (ინფექციური ენდოკარდიტი) განვითარების ალბათობას.