მიტრალური სტენოზი | მკურნალი.გე
  1. მიტრალური სტენოზი
  2. გულის სარქვლების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
მიტრალური სტენოზი

მიტრალური სტენოზი (მიტრალური ხვრელის სტენოზი) მიტრალური სარქვლის ხვრელის შევიწროებაა, რის გამოც სარქვლის გახსნისას პარკუჭში ჩამავალი სისხლის ნაკადს გაზრდილი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება.

  • მიტრალური სტენოზის ყველაზე ხშირი მიზეზია რევმატიული ცხელება; ახალშობილებში შესაძლებელია თანდაყოლილი სტენოზის არსებობა;

  • მიტრალური სტენოზი, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუ სტენოზი ძალიან მკვეთრი არ არის;

  • დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელი შუილის კონსტატაციას გულის სტეთოსკოპით მოსმენისას;

  • სამკურნალოდ გამოიყენება შარდმდენები, ბეტა-ბლოკერები ან კალციუმის არხების ბლოკერები.

მიტრალური სტენოზის დროს, მიტრალური სარქვლის გახსნისას ხვრელის შევიწროების გამო, პარკუჭში სისხლის ნაკადის ჩადენა შეფერხებულია. შესაბამისად, მარცხენა წინაგულში იზრდება სისხლის წნევა და მოცულობა, რის გამოც ის ფართოვდება. გაფართოებული წინაგულის შეკუმშვები არარეგულარულია და გახშირებული (ასეთ მდგომარეობას წინაგულების ციმციმი ეწოდება). მოხსენიებულის შედეგად ირღვევა გულის ფუნქცია. თუ მიტრალური სტენოზი მკვეთრად არის გამოხატული, ფილტვის სისხლძარღვებში წნევა იზრდება, ფილტვებში სითხე გუბდება – ვითარდება გულის უკმარისობა, არტერიული სისხლის ნაკადში ჟანგბადის შემცველობა ქვეითდება. ორსულებში, მიტრალური სარქვლის მკვეთრი სტენოზის შემთხვევებში, გულის უკმარისობა შეიძლება სწრაფად განვითარდეს.

მიზეზები

მიტრალური სტენოზის თითქმის ყველა შემთხვევა რევმატიული ცხელებით არის გამოწვეული, რომელიც ხშირია ბავშვებს შორის არანამკურნალები სტრეპტოკოკური ანგინის ან ქუნთრუშის გადატანის შემდეგ.

სადღეისოდ რევმატიული ცხელება ძალიან იშვიათია ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, დასავლეთ ევროპაში, სადაც ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება სტრეპტოკოკური ანგინის სამკურნალოდ. ამ რეგიონებში რევმატიული ცხელება ძირითადად მოხუცების ხვედრია, რომელთაც ბავშვობის დროს ან ახალგაზრდა ასაკში არაადეკვატურად ჩაუტარდათ ანტიბაქტერიული მკურნალობა, აგრეთვე იმ პაციენტებისა, რომელნიც ჩამოსული არიან რეგიონებიდან, სადაც ანტიბიოტიკები დანიშნულებით არ გამოიყენება. ამ რეგიონებში რევმატიული ცხელების შემთხვევები და მიტრალური სტენოზიც ხშირია ახალგაზრდა და მოზარდობის ასაკში, ზოგჯერ ბავშვებშიც. თუ მიტრალური სარქვლის სტენოზი რევმატიული ცხელების შედეგად არის განვითარებული, სარქვლის დაკბილული კარედები თითქმის შეზრდილია ერთმანეთთან. მიტრალური სტენოზი იშვიათია ახალშობილებში (თანდაყოლილი). ეს ჩვილები ქირურგიული ჩარევის გარეშე იშვიათად აღწევენ 2 წელზე მეტ ასაკს. არსებობს სამი იშვიათი მდგომარეობა, რომელიც არ არის კავშირში მიტრალურ სტენოზთან, თუმცა იძლევა სტენოზის მსგავს ეფექტს. ესენია: მიქსომა (კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი მარცხენა წინაგულში), სამსაკნიანი წინაგულები (იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროსაც მარცხენა წინაგულში მემბრანული ტიხარი არსებობს) და ფილტვის ვენების ოკლუზიური დაავადება (ფილტვებიდან მარცხენა წინაგულში ჩამავალი ვენების შევიწროება).

სიმპტომები და დიაგნოზი

მსუბუქი ხარისხის მიტრალური სტენოზი, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მძიმე სტენოზის შემთხვევებში პაციენტების გარკვეულ ნაწილს წინაგულების ფიბრილაცია ან გულის უკმარისობა აქვს. მოციმციმე არითმიის დროს პაციენტები უჩივიან გულის ფრიალს (გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება), გულის უკმარისობისას – ადვილად დაღლას და ქოშინს. სუნთქვის გახშირება საწყის ეტაპზე მხოლოდ ფიზიკური აქტივობისას, მოგვიანებით კი მოსვენებულ მდგომარეობაშიც ვლინდება. პაციენტების გარკვეული ნაწილი კომფორტულად სუნთქავს მხოლოდ მაღალი სასთუმლის გამოყენებისას ან მჯდომარე მდგომარეობაში. პაციენტებს, რომელთაც სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა აქვთ, ხოლო ფილტვის სისხლძარღვებში მაღალი წნევა, აღენიშნებათ ტუჩების, ცხვირის, ყურის ბიბილოების ციანოზი და შინდისფერი ღაწვები ("მიტრალური სახე"). შესაძლოა სისხლიანი ხველა (ჰემოფთიზი). მისი მიზეზია ფილტვის სისხლძარღვებში მკვეთრად გაზრდილი წნევა, რაც კაპილარების ან მცირე კალიბრის ვენის გასკდომას იწვევს. სისხლიანი ხველის ეპიზოდები ჩვეულებრივ უმნიშვნელოა, მაგრამ თუ ჰემოფთიზი მეორდება და პაციენტი ბევრ სისხლს კარგავს, გადაუდებლად არის საჭირო ექიმის დახმარება, რადგან ეს მდგომარეობა მძიმე მიტრალური სტენოზის ან სხვა სერიოზული პრობლემის ნიშანია.

გულის სტეთოსკოპით მოსმენისას აღინიშნება დამახასიათებელი შუილი, რომელიც შევიწროებულ სარქველში სისხლის ნაკადის მიერ წინააღმდეგობის გადალახვის საჭიროებით არის გამოწვეული. დაზიანებული სარქველი იხსნება მარცხენა წინაგულიდან პარკუჭის მიმართულებით. განსხვავებით ნორმალური სარქვლისგან, რომელიც უხმაუროდ იხსნება, სტენოზური სარქველი გაღებისას გამოსცემს ტკაცუნის ხმიანობას, რომლის სტეთოსკოპით მოსმენა აგრეთვე არის შესაძლებელი.

დიაგნოზი ეფუძნება ელექტროკარდიოგრაფიული, გულმკერდის რენტგენოგრაფიული და ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევის შედეგებს. რენტგენზე აღინიშნება გადიდებული მარცხენა წინაგული, ექოსკოპიით შევიწროებული სარქვლისა და მასში მოძრავი სისხლის ნაკადის გამოსახულება მიიღება.

პრევენცია და მკურნალობა

მიტრალური სტენოზის თავიდან აცილების უპირველესი წინა პირობაა რევმატიული ცხელების პრევენცია. ეს უკანასკნელი გულისხმობს სტრეპტოკოკური ანგინის ანტიბიოტიკებით დროულ მკურნალობას.

მიტრალური სტენოზის სამკურნალოდ გამოიყენება შარდმდენი საშუალებები, ბეტა-ბლოკერები ან კალციუმის არხების ბლოკერები. შარდმდენები აძლიერებს შარდის წარმოქმნას და გამოყოფას, ამცირებს ფილტვებში წნევას მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების გზით. ბეტა-ბლოკერები, დიგოქსინი და კალციუმის არხების ბლოკერები აკონტროლებს გულისცემის სიხშირეს. ანტიკოაგულანტების გამოყენება საჭირო ხდება თანმხლები მოციმციმე არითმიის შემთხვევაში, სისხლის კოლტის წარმოქმნის შესაფერხებლად.

თუ მედიკამენტურმა მკურნალობამ სიმპტომები არ შეამსუბუქა და არ შეამცირა, საჭირო ხდება დაზიანებული სარქვლის აღდგენა ან შეცვლა. ზოგჯერ სარქვლის გაფართოება ხერხდება ბალონური ვალვულოპლასტიკით, ოპერაციული ჩარევის გარეშე. მოხსენიებულის დროს კათეტერი, რომლის წვერზე ბალონია მოთავსებული მსხვილი კალიბრის ვენის გზით გულში, კერძოდ მიტრალურ სარქველთან შეჰყავთ, ბალონი იბერება და აფართოებს შევიწროებული სარქვლის კაფსულას. თუ მიტრალური სარქველი ძლიერ არის დაზიანებული, სარქველს ქირურგიული ჩარევის გზით ცვლიან ხელოვნური სარქვლით.

ქირურგიული, სტომატოლოგიური ან სხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე მიტრალური სტენოზით დაავადებული პაციენტებისთვის მიზანშეწონილია ანტიბაქტერიული თერაპია, რომელიც ამცირებს სარქვლების ბაქტერიული ინფექციის (ინფექციური ენდოკარდიტი) რისკს.