მწვავე პერიკარდიტი პერიკარდიუმის ანთებითი დაავადებაა, იწყება უეცრად, ხშირად თან ახლავს ტკივილი და პერიკარდის ღრუში სითხის და სისხლის კომპონენტების (როგორიცაა ფიბრინი, სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები, სისხლის თეთრი უჯრედები – ლეიკოციტები) დაგროვება.
მწვავე პერიკარდიტის ძირითადი გამომწვევია ინფექცია ან სხვა ფაქტორები, რომლებიც პერიკარდიუმის გაღიზიანებას იწვევს. ინფექციის მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსები, ასევე ბაქტერიები, პარაზიტები (მათ შორის პროტოზოა) ან სოკოები.
სხვადასხვა ჰოსპიტლის მონაცემებით, პერიკარდიტის ყველაზე ხშირი მიზეზია შიდსი, რომელსაც თან ახლავს დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება პერიკარდიუმის ღრუში (პერიკარდული გამონაჟონი). შიდსის მქონე პირებს შორის პერიკარდიტის გამომწვევი შეიძლება მრავალი ინფექცია იყოს, მათ შორის ტუბერკულოზიც. აშშ-ში ტუბერკულოზით გამოწვეული პერიკარდიტი (ტუბერკულოზური პერიკარდიტი) მწვავე პერიკარდიტების 5%-ზე ნაკლებ, ხოლო ინდოეთის ზოგიერთი რეგიონსა და აფრიკის ქვეყნებში შემთხვევათა უმრავლესობაში გვხვდება.
სხვა ფაქტორები, რომლებიც პერიკარდიუმის გაღიზიანებასა და ანთებას იწვევს, შეიძლება იყოს: გულის შეტევა, ქირურგიული ჩარევა გულზე, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, თირკმლების უკმარისობა, ტრავმები, სიმსივნური დაავადებები (როგორიცაა ლეიკემია, შიდსის მქონე პირებს შორის კაპოშის სარკომა), რევმატიზმი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), სხივური თერაპია, სისხლის გაჟონვა აორტის ანევრიზმიდან (აორტის კედლის გამობერილობა). გულის მწვავე შეტევის შემდეგ მწვავე პერიკარდიტი პირველ დღეებში ვითარდება შემთხვევათა 15%-ში, 10 დღიდან 2 თვის განმავლობაში – 1-3%-ში. მწვავე პერიკარდიტი შეიძლება იყოს მრავალი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, როგორიცაა ანტიკოაგულანტები (ვარფარინი და ჰეპარინი), პენიცილინი, პროკაინამიდი (ანტიარითმიული საშუალება), ფენიტოინი (ანტიკონვულსანტი) და ფენილბუტაზონი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება).
მწვავე პერიკარდიტი იწვევს ცხელებასა და გულმკერდში ტკივილს, რომელიც გადაეცემა მარცხენა მხარში და ზოგჯერ მარცხენა ხელში და გულის შეტევის ტკივილის მსგავსია; თუმცა, მისგან განსხვავებით, ტკივილი უარესდება წინ დახრისას, საკვების ყლაპვის, ხველის ან ღრმა სუნთქვის დროს. პერიკარდიულ სივრცეში სითხის ან სისხლის დაგროვება იწვევს ზეწოლას გულზე და ხელს უშლის სისხლის გადატუმბვას. თუ გულზე ზეწოლის წნევა მაღალია, პოტენციურად ფატალური (სასიკვდილო) მდგომარეობა – გულის ტამპონადა შეიძლება განვითარდეს.
ტუბერკულოზური პერიკარდიტი თანდათან იწყება, ზოგჯერ, გამოხატული ფილტვის ინფექციის სიმპტომების გარეშე. შეიძლება ვლინდებოდეს ცხელება და გულის უკმარისობის სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება. მოსალოდნელია გულის ტამპონადის განვითარება.
ვირუსული ინფექციით გამოწვეულ მწვავე პერიკარდიტს, ჩვეულებრივ თან ახლავს ტკივილი, თუმცა ხანმოკლედ მიმდინარეობს და შორეული შედეგები არ აქვს.
როდესაც მწვავე პერიკარდიტი გულის შეტევის შემდეგ პირველ დღეებში ვითარდება, მისი სიმპტომები იშვიათად იქცევს ყურადღებას, ვინაიდან ამ დროს გულის შეტევის სიმპტომებს მეტი ყურადღება ეთმობა. გულის შეტევიდან 10 დღე – 2 თვის ინტერვალით განვითარებული პერიკარდიტი დრესლერის სინდრომის გამოვლინებაა (პოსტინფარქტული სინდრომი) და მოიცავს ცხელებას, პერიკარდიულ გამონაჟონს (სითხის დაგროვება პერიკარდიუმის ღრუში), პლევრიტს (ფილტვების მფარავი გარსების ანთება), პლევრულ გამონაჟონს (სითხე ფილტვის ფურცლებს შორის) და სახსრების ტკივილს.2222
მწვავე პერიკარდიტის დიაგნოზი ისმება პაციენტის მიერ ტკივილის აღწერილობით და სტეთოსკოპით გულმკერდის მოსმენისას დამახასიათებელი ხმიანობის გამოვლენით. მოისმინება ხახუნის ხმიანობა, რომელიც ტყავის ხახუნის ან გამხმარი ფოთლების შრიალის მსგავსია (პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა). ექიმები ამგვარი ხმიანობის მოსმენით სვამენ მწვავე პერიკარდიტის დიაგნოზს გულის შეტევიდან რამდენიმე საათში ან დღეში.
დაავადების დროს სასარგებლო კვლევის მეთოდებია გულმკერდის რენტგენოგრაფია და ექოკარდიოგრაფია (პროცედურა, რომელიც ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით ქმნის გულის გამოსახულებას), რომელთა დახმარებით პერიკარდიუმის ღრუში სითხეს აღმოაჩენენ. ამ მეთოდის დახმარებით ასევე შესაძლებელია პერიკარდიტის მიზეზის დადგენა, მაგალითად სიმსივნე. სხვა კვლევის მეთოდია ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ). მისი დახმარებით შეიძლება პერიკარდიტზე ეჭვის მიტანა; თუმცა, მხოლოდ ეკგ მონაცემების მიხედვით, რთულია პერიკარდიტის განსხვავება გულის შეტევისაგან. სისხლის სხვადასხვა ანალიზით შესაძლებელია პერიკარდიტის გამომწვევი ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა ლეიკემია, შიდსი, ინფექცია, რევმატიზმი, თირკმლის უკმარისობის გამო სისხლში შარდოვანას მომატება.
მიზეზის მიუხედავად, პერიკარდიტის მქონე პაციენტი საავადმყოფოში თავსდება. მათ ეძლევათ მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს ანთებით პროცესსა და ტკივილს (როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) და აკვირდებიან ისეთ გართულებებს, როგორიცაა გულის ტამპონადა. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი ან კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზონი (პრედნიზოლონი). პრედნიზონი უშუალოდ არ ამსუბუქებს ტკივილს, თუმცა ამცირებს მას ანთებითი პროცესის დათრგუნვის გზით. თუ პერიკარდიტი გამოწვეულია მედიკამენტის მიღებით, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს მისი შეწყვეტა.
პერიკარდიტის შემდგომი მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუ მიზეზი თირკმლების უკმარისობაა, მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოხდეს დიალიზის სიხშირის გაზრდით. სიმსივნური დაავადების დროს, ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ქიმიო- ან სხივური თერაპია; თუმცა, ხშირად აუცილებელია, პერიკარდიუმის ქირურგიული გზით მოცილება. თუ დაავადების მიზეზი ინფექციაა, მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკების დანიშვნასა და პერიკარდიუმის ღრუდან ჩირქის დრენირებას.
პერიკარდიუმიდან სითხის დრენირება ხდება კანის გავლით ბუშტისებური დაბოლოების მქონე კათეტერის ჩადგმის გზით. კათეტერის ბუშტისებური დაბოლოების გაბერვით იქმნება ხვრელი (ფანჯარა). ამ პროცედურას ეწოდება კანგავლითი ბალონური პერიკარდიოტომია და ძირითადად ტარდება სიმსივნით განპირობებული გამონაჟონის ან მისი განმეორების შემთხვევაში. ალტერნატიული მეთოდია მკერდის ძვლის ქვემოთ მცირე ნაჩხვლეტიდან პერიკარდიუმის პატარა ნაწილის მოცილება, საიდანაც ხდება მილის ჩადგმა პერიკარდიუმის ღრუში. ამ ჩარევას ეწოდება სუბქსიპოიდური პერიკარდიოტომია და ტარდება ბაქტერიული ინფექციით განპირობებული გამონაჟონის ევაკუაციისათვის. ორივე პროცედურა საჭიროებს ადგილობრივ ანესთეზიას, შესაძლებელია ჩატარდეს პაციენტის საწოლში, შესაძლებელს ხდის სითხის მუდმივად დრენირებას და საკმაოდ ეფექტურია.
ვირუსული ინფექციით, ტრავმის შემდგომ ან დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული პერიკარდიტის დროს სიმპტომებს ამცირებს ასპირინი, იბუპროფენი ან კორტიკოსტეროიდები. პაციენტების ნაწილს შორის ეფექტურია კოლხიცინი. მედიკამენტური მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში პერიკარდიუმს აცილებენ ქირურგიული გზით. როდესაც მწვავე პერიკარდიტი გულის შეტევის აღმოცენებიდან პირველივე საათებსა ან დღეებში ვლინდება, შეტევის სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, როგორიცაა ძლიერი ანალგეტიკები, მაგალითად, მორფინი, ასევე ამცირებს პერიკარდიტით გამოწვეულ დისკომფორტს.
დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია პერიკარდიტის გამომწვევ მიზეზზე. როდესაც იგი ვირუსულია ან მიზეზი ვერ დგინდება, გამოჯანმრთელება 1-3 კვირაში დგება. გართულებები ან პროცესის ხშირად გამეორება აფერხებს გამოჯანმრთელებას. ონკოლოგიური პაციენტები, სიმსივნური პროცესის პერიკარდიუმზე გავრცელების შემთხვევაში, იშვიათად ცოცხლობენ 12-18 თვეზე მეტხანს.