ქრონიკული პერიკარდიტი ანთებითი პროცესია, რომელიც თანდათან იწყება, ხანგრძლივად მიმდინარეობს და იწვევს სითხის დაგროვებას პერიკარდიულ სივრცეში ან პერიკარდიუმის გასქელებას.
ქრონიკული პერიკარდიტი ორგვარი შეიძლება იყოს. ქრონიკული ექსუდაციური პერიკარდიტის დროს სითხე პერიკარდიუმის ფურცლებს შორის თანდათან გროვდება.
ქრონიკული შეხორცებითი პერიკარდიტი იშვიათი დაავადებაა და პერიკარდიუმის ფურცლებზე ნაწიბუროვანი (ფიბროზული) ქსოვილის დაგროვების შედეგია. წლების განმავლობაში ფიბროზული ქსოვილი იკუმშება და იწვევს გულის კომპრესიას. ამგვარად, გული არ დიდდება, როგორც ეს გულის დაავადებების უმრავლეს შემთხვევაში ხდება. ვინაიდან კომპრესირებული გულის სისხლით ასავსებად უფრო მაღალი წნევაა საჭირო, იმატებს ვენებში არსებული წნევა, საიდანაც სისხლი ბრუნდება გულისაკენ. ვენებში გროვდება სისხლი, იწყება სითხის გაჟონვა და კანქვეშ დაგროვება.
ქრონიკული ექსუდაციური პერიკარდიტის მიზეზი ხშირად უცნობია. შესაძლებელია ეს იყოს სიმსივნური დაავადება, ტუბერკულოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი). ასევე ხშირად უცნობია ქრონიკული შეხორცებითი პერიკარდიტის მიზეზიც. ყველაზე ხშირი ცნობილი მიზეზია ვირუსული ინფექცია და სხივური თერაპია ძუძუს კიბოს ან ლიმფომის მკურნალობის მიზნით. ქრონიკული შეხორცებითი პერიკარდიტი შესაძლოა მწვავე პერიკარდიტის გაგრძელება იყოს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, ანამნეზში ტრავმა, ქირურგიული ჩარევა გულზე ან ბაქტერიული ინფექცია. წარსულში აშშ-ში ქრონიკული პერიკარდიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ტუბერკულოზი იყო, თუმცა დღესდღეობით ამ ინფექციაზე შემთხვევათა 2% მოდის. აფრიკასა და ინდოეთში ტუბერკულოზი კვლავ პერიკარდიტის სხვადასხვა ფორმის უხშირეს მიზეზებს შორისაა.
დაავადების სიმპტომებია: ქოშინი, ხველა და ადვილად დაღლა. ხველა ვითარდება ფილტვის ვენებში, წნევის მატების შედეგად ჰაეროვან პარკებში (ალვეოლებში) სითხის დაგროვების გამო. ადვილად დაღლის მიზეზი პერიკარდიუმის პათოლოგიაა, რომელიც ზღუდავს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის შესრულებას და გული ვერ აწვდის სხეულს სათანადო რაოდენობით სისხლს. სხვა სიმპტომებია მუცლის ღრუს (ასციტი) და ქვედა კიდურების კანქვეშ (ედემა) სითხის დაგროვება. ზოგჯერ სითხე გროვდება პლევრის ფურცლებს (გარსი, რომელიც ფარავს ფილტვებს) შორის (პლევრული გამონაჟონი). ქრონიკული პერიკარდიტის დროს ტკივილი არ ვლინდება.
ქრონიკული ექსუდაციური პერიკარდიტის დროს სითხის ნელი ტემპით დაგროვების შემთხვევაში სიმპტომები მწირია. ამის მიზეზია პერიკარდიუმის თანდათანობით გაჭიმვა. ასეთ შემთხვევაში გულის ტამპონადა შეიძლება არ განვითარდეს. სითხის სწრაფად დაგროვების შემთხვევაში კი, გულის კომპრესიის გამო, მოსალოდნელია ტამპონადა.
პაციენტის მიერ აღწერილი სიმპტომები მნიშვნელოვანია ქრონიკული პერიკარდიტის დიაგნოზის დასადგენად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს არ აქვს გულის მუშაობის დარღვევის სხვა მიზეზი, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, კორონარული არტერიების დაავადება ან გულის სარქვლების პათოლოგია.
დიაგნოზის დასაზუსტებლად ხშირად ექოკარდიოგრაფიას იყენებენ. ამ მეთოდით დგინდება სითხის არსებობა პერიკარდიუმის ღრუში და გულის ირგვლივ ფიბროზული ქსოვილის განვითარება. ასევე შესაძლებელია გულის ტამპონადის დადასტურება. გულმკერდის რენტგენოგრაფიით შესაძლებელია პერიკარდიუმში კალციუმის ჩანართების გამოვლენა. ასეთი ჩანართები უვითარდება ქრონიკული შეხორცებითი პერიკარდიტის მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარს.
დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია ორიდან ერთი გზით. გულის კათეტერიზაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს გულის კამერებსა და მსხვილ სისხლძარღვებში სისხლის წნევის გასაზომად. მიღებული მონაცემები ექიმს ეხმარება პერიკარდიტის სხვა მსგავსი მდგომარეობებისგან განსხვავებაში. ალტერნატიულად, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) შეიძლება გამოყენებული იქნეს პერიკარდიუმის სისქის განსაზღვრისათვის. ჩვეულებრივ, დაუზიანებელი პერიკარდიუმი 3 მმ-ზე ნაკლები სისქისაა, ქრონიკული შეხორცებითი პერიკარდიტის დროს კი მისი სისქე 6 მმ ან უფრო მეტია.
ქრონიკული პერიკარდიტის მიზეზის დასადგენად ტარდება ბიოფსია, მაგალითად ტუბერკულოზის დროს. სადიაგნოზო ქირურგიული ჩარევისას ხდება პერიკარდიუმის მცირე ქსოვილის აღება და მისი მიკროსკოპულად შესწავლა. ალტერნატიულად, მასალის აღება შეიძლება გულმკერდის განაკვეთიდან შეყვანილი პერიკარდიოსკოპის დახმარებით (ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილი პერიკარდიუმის დასათვალიერებლად და ქსოვილის გამოსაკვლევად აღებისათვის).
როდესაც ცნობილია ექსუდაციური პერიკარდიტის მიზეზები, ტარდება შესაბამისი მკურნალობა, თუკი ეს შესაძლებელია. გულის ნორმალური მუშაობის დროს ექიმები დალოდების და დაკვირვების ტაქტიკას არჩევენ. თუ დაავადებას თან ახლავს სიმპტომები ან საეჭვოა ინფექციის არსებობა, ხდება დრენირება ქირურგიული გზით.
ქრონიკული შეხორცებითი პერიკარდიტის დროს სიმპტომებს ამსუბუქებს მოსვენებითი რეჟიმი, საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვა და შარდმდენების გამოყენება (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას). ამასთან, განკურნება მხოლოდ პერიკარდიუმის ქირურგიულად მოცილების გზით არის შესაძლებელი. ქირურგიული მეთოდით იკურნება პაციენტების 85%. თუმცა, იმის გამო, რომ ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 5-15%-ია, პაციენტების უმრავლესობა ქირურგიულ მკურნალობას მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც დაავადება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ აქტივობაზე. ქირურგიული მკურნალობა არ ტარდება დაავადების ადრეულ (მნიშვნელოვანი სიმპტომების გამოვლენამდე) ან მოგვიანებით (სიმპტომები ვლინდება მოსვენებულ მდგომარეობაშიც) სტადიაზე.