ღრმა ვენების თრომბოზი | მკურნალი.გე
  1. ღრმა ვენების თრომბოზი
  2. ვენების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ღრმა ვენების თრომბოზი

ღრმა ვენების თრომბოზი არის ღრმა ვენებში სისხლის კოლტების (თრომბების) წარმოქმნა.

  • სისხლის კოლტი შეიძლება წარმოიქმნას ვენაში, თუ ის დაზიანებულია ან სახეზეა დაავადება, რომელიც იწვევს შენადედის წარმოქმნას, ან გარემოება, რომელიც ანელებს სისხლის ნაკადის გულისკენ დინებას;

  • თრომბებმა შეიძლება გამოიწვიოს ზედა ან ქვედა კიდურის შეშუპება;

  • თრომბი შეიძლება მოწყდეს და გადავიდეს ფილტვებში, რასაც პულმონური ემბოლიზმი ეწოდება;

  • ღრმა ვენების თრომბოზის დასადგენად გამოიყენება დოპლერულტრასონოგრაფია და სისხლის ანალიზები;

  • პულმონური ემბოლიზმის პრევენციისთვის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება.

სისხლის კოლტების (თრომბი) წარმოქმნას ღრმა ვენებში ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება, ზედაპირულ ვენებში – ზედაპირული თრომბოფლებიტი. ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში ვითარდება, თუმცა, შეიძლება, ზედა კიდურების ვენებიც დააზიანოს.

პულმონური ემბოლიზმი: ღრმა ვენაში წარმოქმნილი თრომბი ზოგჯერ მოწყდება და გარდაიქმნება ემბოლად, რომელიც სისხლის ნაკადს მიჰყვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, გულის გავლით ხვდება ფილტვებში, სადაც დაეცობა ფილტვის არტერიას, დაახშობს მის სანათურს და წყვეტს სისხლის დინებას. ამ მდგომარეობას პულმონური ემბოლიზმი ეწოდება და ის პაციენტისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. მცირე ზომის სისხლის კოლტები, რომლებიც ზედაპირული თრომბოფლებიტის დროს წარმოიქნება, ჩვეულებრივ, ემბოლად არ გარდაიქმება. ამრიგად, პოტენციურად საშიში მხოლოდ ღრმა ვენების თრომბებია. ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში წარმოქმნილი თრომბები უფრო ხშირად გარდაიქმნება ემბოლებად, ვიდრე ზედა კიდურებისა, შესაძლოა იმიტომ, რომ წვივის კუნთების ზეწოლის შედეგად თრომბი ღრმა ვენაში გადაადგილდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში პაციენტი ფიზიკურად უფრო აქტიური ხდება.

პულმონური ემბოლიზმის შედეგები დამოკიდებულია ემბოლის ზომასა და რაოდენობაზე. მცირე ზომის ემბოლი ახშობს მცირე ზომის არტერიას ფილტვებში და იწვევს ფილტვის ქსოვილის ნაწილის კვდომას (ფილტვის ინფარქტი). დიდი ზომის ემბოლი მთლიანად ან თითქმის მთლიანად წყვეტს სისხლის დინებას გულის მარჯვენა ნაწილიდან ფილტვებში და სწრაფად იწვევს სიკვდილს. ასეთი დიდი ემბოლები ხშირი არ არის, თუმცა წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ღრმა ვენის თრომბოზის რომელი შემთხვევა გამოიწვევს ზემოხსენებულს, თუ სათანადო მკურნალობა არ ტარდება. ამიტომ ექიმები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან პაციენტებს, რომელთაც ღრმა ვენების თრომბოზი აქვთ.

ზოგიერთ ადამიანს თანდაყოლილი დეფექტი აქვს, სახელდობრ, გულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების გამყოფი ძგიდის მთლიანობა დარღვეულია მასში არსებული ოვალური ხვრელის სახით. ამ შემთხვევებში ემბოლი გაივლის ზემოხსენებულ ხვრელს, ხვდება არტერიული სისხლის მიმოქცევაში და ახშობს არტერიის სანათურს სხეულის რომელიმე ნაწილში, მაგალითად, თავის ტვინში და ინსულტის მიზეზი ხდება.

მიზეზები

ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების ხელშემწყობია სამი ძირითადი ფაქტორი (ვირხოვის ტრიადად მოიხსენიებენ):

  • ვენის შიგნითა გარსის დაზიანება

  • სისხლის კოლტების წარმოქმნისადმი მიდრეკილება

  • სისხლის ნაკადის მოძრაობის შენელება

ვენები შეიძლება დაზიანდეს ქირურგიული ჩარევის ან ამა თუ იმ გამღიზიანებელი ნივთიერების ინტრავენურად შეყვანის შედეგად, ან ზოგიერთი დაავადების არსებობისას, როგორიცაა მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (ბიურგერის დაავადება). ზოგჯერ ვენას თავად თრომბი აზიანებს, რაც, თავის მხრივ, ახალი თრომბის წარმოქმნის მიზეზი ხდება.

ზოგიერთი ავადმყოფობის დროს, როგორიცაა სიმსივნე, მემკვიდრული დაავადებები, სისხლის შენადედი მაშინ წარმოიქმნება, როცა ამის საჭიროება არ არის. მედიკამენტები, მათ შორის ორალური კონტრაცეპტივები, ესტროგენი ან მისი მსგავსი მოქმედების მქონე წამლები (ტამოქსიფენი და რალოქსიფენი) აგრეთვე ხელს უწყობს კოლტის წარმოქმნას; თამბაქოს მოხმარებაც რისკფაქტორია. ზოგჯერ თრომბი ყალიბდება მშობიარობის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ასაკოვნებში დეჰიდრატაცია ხელს უწყობს კოლტის სწრაფად წარმოქმნას და, შესაბამისად, ღრმა ვენების თრომბოზის განვითარებას.

ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის დროს და სხვა შემთხვევებში, როდესაც ქვედა კიდურები არ მოძრაობს ნორმალურად (მაგალითად ფეხის ტრავმის დროს), სისხლის ნაკადის სიჩქარე ქვეითდება, ვინაიდან წვივის კუნთები არ იკუმშება, არ ახდენს ზეწოლას ვენებზე სისხლის გადასაადგილებლად გულის მიმართულებით. მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი შეიძლება განუვითარდეს პაციენტს გულის ინფარქტით, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე დღე ქვედა კიდურების გაუნძრევლად წევს ან პაციენტს, რომელსაც ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს. ღრმა ვენების თრომბოზის მიზეზი შეიძლება გახდეს მენჯის ღრუს ორგანოებზე, ბარძაყსა და მუხლზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევები. თრომბოზი შესაძლებელია ჯანმრთელ პირებშიც, რომლებიც ხანგრძლივად არიან მჯდომარე პოზაში – მაგალითად, თვითმფრინავით, მანქანით მგზავრობისას; თუმცა ეს ძალიან იშვიათია; ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად სხვა რისკფაქტორების მქონე პირებს ემართებათ.

სიმპტომები

ღრმა ვენების თრომბოზის მქონე პაციენტთა დაახლოებით ნახევარს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. ამ ადამიანებში გულმკერდის არეში ტკივილი ან სუნთქვის უკმარისობა, პულმონური ემბოლიზმით გამოწვეული, შეიძლება პირველი მინიშნება აღმოჩნდეს, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ქვედა კიდურების ღრმა ვენების დაზიანებისას აღინიშნება წვივების შეშუპება, მტკივნეულობა; წვივი შეხებისას თბილია და ფაფუკი. შესაძლებელია კოჭის, ტერფის ან ბარძაყის შეშუპება, იმის მიხედვით, თუ რომელი ვენაა ჩართული პროცესში. შესაბამისად, თუ მხრის ვენაა ჩართული, შეიძლება მხარი შეშუპდეს.

ღრმა ვენების ქრონიკული უკმარისობა: ზოგიერთისისხლის კოლტი ზოგჯერ ნაწიბუროვან ქსოვილად გადაიქცევა, რომელიც ვენის სარქვლებს აზიანებს, რის გამოც ვენები ნორმულად ვეღარ ფუნქციონირებს, გროვდება სითხე (ეს მდგომარეობა შეშუპებად იწოდება), კოჭი სივდება. შეშუპება შეიძლება გავრცელდეს და ბარძაყიც მოიცვას, თუ ვენა საკმარისად მაღალ დონეზეა დახშული. შეშუპება დღის ბოლოს უარესდება, ვინაიდან სისხლის ნაკადი, თუ ადამიანი ზის ან ფეხზე დგას, ზევით, გრავიტაციის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა გადაადგილდეს, რომ გულს მიაღწიოს. ღამით შეშუპება ცხრება, ვინაიდან, ქვედა კიდურებისჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას ვენები კარგად იცლება.

ზოგჯერ დაზიანებული ვენები მთლიანად არის დახშული. ასეთ შემთხვევაში ფეხი გამუდმებით შეშუპებულია. შეშუპება საღამო ხანს უფრო მეტადაა გამოხატული. კოჭის შიგნითა ზედაპირზე კანი ქერცლით არის დაფარული, პაციენტს ქავილი აწუხებს, კანი შეიძლება მოწითალო ყავისფერი გახდეს; ფერის შეცვლა გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების გაფართოებული ვენიდან, ვენის გაფაშრებული კედლის გავლით, კანში გადასვლით. ფერშეცვლილი კანი ადვილად ზიანდება მცირე ტრავმითაც კი, მაგალითად, გაკაწვრით, მსუბუქი დარტყმით, ირღვევა მისი მთლიანობა და წყლული ჩნდება. შესაძლოა, ვენების ვარიკოზი განვითარდეს. გარდა წყლულის მიდამოში ტკივილისა, პაციენტს ზოგჯერ აწუხებდეს მფეთქავი ტკივილი ფეხზე დგომისას და სიარულის დროს.

თუ შეშუპება მკვეთრად არის გამოხატული, მდგრადი და მუდმივია, ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება, რომელიც სითხეს იზიდავს; ამის შედეგად წვივის გარშემოწერილობა სულ უფრო მეტად იზრდება, პაციენტს ფეხში სიმძიმის გრძნობა აქვს. ასეთ შემთხვევაში წყლულების გაჩენის ალბათობა მაღალია, მათი შეხორცება კი რთული.

დიაგნოზი

ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოზი ზოგჯერ რთულია, განსაკუთრებით თუ ტკივილი და შეშუპება არ არის ან უმნიშვნელოდაა გამოხატული. ეჭვის არსებობისას დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება დოპლერულტრასონოგრაფია. ზოგჯერ ექიმები საზღვრავენ სისხლში ე.წ. D-dimers – ნივთიერებას, რომელიც სისხლის კოლტებიდან გამოთავისუფლდება. თუ სისხლში მისი დონე მომატებული არ არის, სავარაუდოა, რომ პაციენტს ღრმა ვენების თრომბოზი არ აქვს.

თუ პაციენტს პულმონური ემბოლიზმის ნიშნები აღენიშნება, მის არსებობაზე ეჭვის დასადასტურებლად კომპიუტერული ტომოგრაფია ან რადიაქტიური მარკერით გულმკერდის სკანირება ტარდება; დოპლერულტრასონოგრაფია ქვედა კიდურების ვენებში კოლტების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. ეს პროცედურები მხოლოდ იმ შემთხვევებში ტარდება, თუ პაციენტს კოლაფსი არ აღენიშნება. კოლაფსი დიდი ზომის პულმონური ემბოლიზმის არსებობაზე მიუთითებს და გადაუდებლად მოითხოვს მკურნალობის დაწყებას.

პრევენცია

ღრმა ვენების თრომბოზის რისკის თავიდან აცილება სრულად ვერ ხერხდება, მისი შემცირება რამდენიმე მეთოდით შეიძლება, მაგალითად, ადამიანებმა ღრმა ვენების თრომბოზის რისკით უნდა მოხარონ და გაშალონ ტერფები 10-ჯერ ყოველ 30 წუთში. რისკის მქონე კონტინგენტს მიეკუთვნებიან პირები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ დიდი ქირურგიული ჩარევა ან ხანგრძლივი მგზავრობა აქვთ წამოწყებული; თვითმფრინავით ხანგრძლივი ფრენისას სასარგებლოა ყოველ 2 საათში ერთხელ გავლა და გაჭიმვა.

ელასტიკური წინდების ხანგრძლივი ხმარება ვენებს ცოტათი ავიწროებს და სისხლის ნაკადის დინებას აჩქარებს, რაც ამცირებს თრომბოზის რისკს. თუმცაღა, მხოლოდ ელასტიკური წინდები არ არის საკმარისი ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან ასაცილებლად; უფრო მეტიც, ადამიანებს ექმნებათ დაცულობის ცრუ განცდა და ისინი უგულებელყოფენ პრევენციის უფრო ეფექტურ მეთოდებს. ელასტიკური ბანდების არასწორად გამოყენების შემთხვევაში ის შეიძლება დაიხვეს ერთ ადგილზე და ზეწოლის გამო გააღრმაოს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის შეფერხება.

პნევმატური კომპრესული წინდები თრომბის წარმოქმნის პრევენციის ეფექტური საშუალებაა. ეს წინდები პლასტიკატისგან მზადდება, ავტომატურად იბერება და იცლება ელექტროტუმბოთი, ანუ ისინი პერიოდულად მოეჭირება წვივებს და ცლის ვენებს. წინდები გამოიყენება ქირურგიულ ჩარევამდე, კიდურზე ჩამოცმული რჩება ოპერაციის დროს და მის შემდეგ, სანამ პაციენტი სიარულს დაიწყებს.

შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ჰეპარინი, ფონდაპარინუქსი ან ვარფარინი ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკფაქტორების მქონე პაციენტებს ენიშნება ქირურგიულ ჩარევამდე, ჩარევის პროცესში და ზოგჯერ მის შემდეგაც. ამ პაციენტების რიგს მიეკუთვნებიან პირები შედედების პრობლემებით და ისინი, ვისაც ბოლო ხანებში ჰქონდათ ღრმა ვენების თრომბოზის ერთი ან მეტი ეპიზოდი. გარკვეული ტიპის ქირურგიული ჩარევისას (როგორიცაა მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება) რისკი განსაკუთრებით დიდია. ასეთ შემთხვევებში პაციენტებს შეიძლება ჩაუტარდეს ანტიკოაგულაციური მკურნალობა ქირურგიული ჩარევის საჭიროების გარეშე ჰოსპიტალიზაციის დროსაც. ანტიკოაგულანტები ამცირებს კოლტის წარმოქმნის შესაძლებლობას ბევრად ეფექტურად, ვიდრე ელასტიკური წინდები.

მკურნალობა

ღრმა ვენების თრომბოზის დროს ძირითადი საზრუნავია პულმონური ემბოლიზმის თავიდან აცილება. დასაწყისში შეიძლება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო, თუმცა მკურნალობის თანამედროვე, ეფექტური მეთოდების წყალობით პაციენტთა უმრავლესობას მკურნალობის გაგრძელება შინაც შეუძლია. წოლითი რეჟიმი არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წოლა სიმპტომებს ამსუბუქებს.

მკურნალობა ტარდება ანტიკოაგულაციური საშუალებებით – დაბალმოლეკულური ჰეპარინით ან ფონდაპარინუქსით, კანქვეშ ინექციების სახით, რასაც თან ახლავს ვარფარინის ტაბლეტის დასალევად მიღება. საინექციო მედიკამენტების მოქმედება მაშინვე იწყება, ხოლო ვარფარინისა – რამდენიმე დღის შემდეგ. ვარფარინის მოქმედების დაწყებისთანავე საინექციო მედიკამენტების გამოყენება წყდება. ზოგიერთ პაციენტს მხოლოდ საინექციო მედიკამენტი ენიშნება, ვარფარინის დამატების გარეშე. მკურნალობის ხანგრძლივობა (საინექციო მედიკამენტით ან ვარფარინით) დამოკიდებულია რისკის დონეზე. პაციენტებს, რომელთაც ღრმა ვენების თრომბოზი ამა თუ იმ კონკრეტული მიზეზით (როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, მედიკამენტის მიღების შეწყვეტა) განუვითარდათ, მკურნალობა 3-6 თვე უგრძელდებათ. თუ მოხსენიებული მიზეზი არ აღინიშნება, მკურნალობა მინიმუმ 6 თვე გრძელდება. პაციენტებს ღრმა ვენების თრომბოზის ორი ან მეტი ეპიზოდით ვარფარინი მუდმივად, განუსაზღვრელი დროით ეძლევათ.

ვარფარინის გამოყენება ზრდის როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სისხლდენის რისკს; ამიტომ პერიოდულად სისხლის ანალიზია საჭიროა იმის დასადგენად, რამდენად გათხელებულია სისხლი (ანტიკოაგულაციის ხარისხი). ვარფარინის დოზა ანალიზის შედეგის მიხედვით განისაზღვრება.

ამჟამად გროვდება თრომბის დამშლელი ინტრავენურად შესაყვანი მედიკამენტების, მათ შორის ქსოვილოვანი პლაზინოგენის აქტივატორის, გამოყენების გამოცდილება. ეს წამლები (თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები) პაციენტს ეძლევა, თუ თრომბის არსებობის ხანგრძლივობა 48 საათს არ აღემატება. ამ დროის მონაკვეთის შემდეგ თრომბში ნაწიბუროვანი ქსოვილი ყალიბდება, რის გამოც მისი დაშლის ალბათობა დაბალია.

ძალიან იშვიათად, ძირითად ვენაში, გულსა და თრომბოზით დაზიანებულ მსხვილი კალიბრის ვენას შორის, ფილტრი (ქოლგა) იდგმება; ეს, როგორც წესი, ქვემო ღრუვენაა, რომელიც სხეულის ქვედა ნაწილიდან აბრუნებს სისხლს გულში. ფილტრი აკავებს ემბოლს, არ აძლევს მას ფილტვში მოხვედრის შესაძლებლობას.

გართულებები: პულმონური ემბოლიზმის განვითარებისას მკურნალობა ტარდება ჟანგბადით (მიეწოდება ნიღბით ან ნაზალურად – ცხვირიდან), ტკივილგამაყუჩებლებით და ანტიკოაგულანტებით – ჰეპარინით და ვარფარინით. თუ პულმონური ემბოლიმია სიცოცხლისთვის საშიშია, გამოიყენება თრომბოლიზური მედიკამენტები ან ემბოლის მოსაცილებლად ქირურგიული ოპერაცია ტარდება.

ღრმა ვენების თრომბოზის დროს ვენები სრულად არასოდეს იკურნება, ვენების სარქვლების აღდგენის ოპერაცია დამუშავების ფაზაშია. შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს მუხლამდე ელასტიკური წინდების ხმარება.

კანზე მტკივნეული წყლულების გაჩენის შემთხვევაში სწორად გაკეთებული კომპრესიული დოლბანდები ამცირებს დისკომფორტს. პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ ტარდება და, ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გამო, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. წყლული თითქმის ყოველთვის ინფიცირდება და დოლბანდებზე ჩირქი და მყრალი სუნის გამონადენი ჩნდება. ჩირქი და გამონადენი თბილი წყლითა და საპნით უნდა მოიბანოს. კრემები, მალამოები და სხვა ადგილობრივი საშუალებები ნაკლებად ეფექტურია.

ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთანავე წყლულები თავისით ხორცდება. შეხორცების შემდეგ ელასტიკური წინდების გამუდმებით ხმარება შესაძლებელს ხდის წყლულის რეციდივის თავიდან არიდებას. ხმარებისას წინდები მანამ უნდა შეიცვალოს, სანამ ზედმეტად თავისუფალი (მოშვებული) გახდება. თუ შესაძლებელია, პაციენტმა შვიდი წინდა უნდა შეიძინოს, თუ ორივე ქვედა კიდურის ვენებია დაზიანებული – შვიდი წყვილი და ყოველდღე სხვადასხვა გამოიყენოს.

თუ წყლულები არ ხორცდება, კანის გადანერგვა ტარდება. გადანერგვის შემდეგ ელასტიკური წინდების მოხმარებაა საჭირო კანის განმეორებითი დაწყლულების თავიდან ასაცილებლად.