არტერიოვენური ფისტულა | მკურნალი.გე
  1. არტერიოვენური ფისტულა
  2. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია
  3. ინფექციები
არტერიოვენური ფისტულა

არტერიოვენური ფისტულა არის არტერიისა და ვენის დამაკავშირებელი პათოლოგიური გზა.

  • მიუხედავად იმისა, რომ ფისტულის გასწვრივ სისხლის ნაკადის ხმიანობის სტეთოსკოპით მოსმენა შესაძლებელია, გამოსახულებითი კვლევების ჩატარება ხშირად მაინც საჭიროა;

  • ფისტულის მოცილება შესაძლებელია ამოკვეთით ან ლაზეროთერაპიით. ზოგჯერ ფისტულაში შეჰყავთ ნივთიერება, რომელიც არ ატარებს სისხლის ნაკადს.

ფიზიოლოგიურად სისხლი არტერიებიდან ჯერ კაპილარებში, შემდეგ კი ვენებში ჩაედინება. არტერიოვენური ფისტულის არსებობისას სისხლი, კაპილარების გვერდის ავლით, არტერიიდან პირდაპირ ვენაში გადადის. ადამიანს შეიძლება დაბადებიდან ჰქონდეს არტერიოვენური ფისტულა (თანდაყოლილი ფისტულა) ან ის დაბადების შემდეგ განვითარდეს (შეძენილი ფისტულა).

თანდაყოლილი არტერიოვენური ფისტულები არ არის ხშირი. შეძენილი არტერიოვენური ფისტულების მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ტრავმა, რომელიც აზიანებს ერთმანეთის გვერდით მდებარე არტერიას და ვენას. როგორც წესი, დაზიანება დანით ნაჩხვლეტი ან ტყვიით მიყენებული ჭრილობაა. ფისტულა დაზიანებისთანავე ან მის შემდეგ რამდენიმე საათში ყალიბდება. ადგილობრივად შესივება ვითარდება, გარშემო მდებარე ქსოვილების სისხლით გაჟღენთის გამო.

მკურნალობის ზოგიერთი მეთოდის, როგორიცაა ხელოვნური თირკმელი, გამოყენებისას საჭირო ხდება ყოველი პროცედურის წინ ვენაში ჩხვლეტა. ხშირი განმეორებითი ჩხვლეტების გამო ვენის ანთება შეიძლება განვითარდეს და თრომბი ჩამოყალიბდეს. ამ უკანასკნელის ნაწიბურად გარდაქმნის შემთხვევაში ვენა ზიანდება. პრობლემის თავიდან ასარიდებლად ექიმებმა შეიძლება წინასწარ ჩამოაყალიბონ არტერიოვენური ფისტულა, როგორც წესი, წინამხრის ერთმანეთთან მიმდებარე არტერიასა და ვენას შორის. პროცედურის შედეგად ვენა განიერდება, ვენაში ნემსის შეყვანა გაადვილებულია, სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს, რის გამოც, თრომბი აღარ წარმოიქმნება. სხვა, დიდი ზომის არტერიოვენური ფისტულებისგან განსხვავებით ეს მცირე ზომის, ხელოვნურად შექმნილი ფისტულები არ ქმნის პრობლემას გულისთვის; მათი დახურვა ნებისმიერ დროს შეიძლება.

სიმპტომები და დიაგნოზი

როდესაც თანდაყოლილი ფისტულა ახლოსაა კანის ზედაპირთან, შეიძლება შეშუპება განვითარდეს, კანის ფერი შეიცვალოს მოწითალო-მოლურჯოდ. თუ ეს ცვლილებები ღია, ადვილად შესამჩნევ ადგილებში აღმოცენდა, მაგალითად სახეზე, პაციენტს კოსმეტიკური პრობლემა ექმნება.

დიდი ზომის შეძენილი, არანამკურნალები არტერიოვენური ფისტულის გავლით სისხლის დიდი მოცულობა მაღალი წნევით გადადის არტერიიდან ვენურ ქსელში. ვენების კედლები არ არის საკმარისად მდგრადი იმისთვის, რომ ამ წნევას გაუძლოს, რის გამოც, ისინი იჭიმება, ვენა ფართოვდება და იკლაკნება (ზოგჯერ ვარიკოზულ ვენას წააგავს). ამის შედეგად სისხლი გაფართოებული ვენისკენ უფრო შეუფერხებლად მოძრაობს, ვიდრე არტერიაში დინებისას, სისხლის წნევა ქვეითდება, რის საკომპენსაციოდ გული უფრო სწრაფად, ძლიერად იკუმშება და ზრდის გადატუმბული სისხლის მოცულობას. ეს უკანასკნელი გულის გადატვირთვას, შემდგომში კი გულის უკმარისობას იწვევს. რაც უფრო დიდი ზომისაა ფისტულა, მით უფრო მაღალია გულის უკმარისობის განვითარების ალბათობა.

დიდი ზომის შეძენილი არტერიოვენური ფისტულის საპროექციო არეზე სტეთოსკოპის მოთავსებისას მოისმინება აკუსტიკური ფენომენი, რომელსაც მანქანის ხმიანობას უწოდებენ. დიაგნოზის დასადასტურებლად და პრობლემის სირთულის განსაზღვრისთვის დოპლერულტრასონოგრაფია გამოიყენება. ღრმა სისხლძარღვებს (როგორიცაა აორტა და ღრუვენა) შორის არსებული ფისტულების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაა რეკომენდებული.

მკურნალობა

მცირე ზომის თანდაყოლილი არტერიოვენური ფისტულა შეიძლება ამოიკვეთოს ან ლაზეროკოაგულაციით მოსცილდეს. ამ პროცედურას დახელოვნებული ანგიოლოგი ატარებს. თვალთან, ტვინთან და მნიშვნელოვან ორგანოებთან ახლოს განთავსებული არტერიოვენური ფისტულები განსაკუთრებით რთული სამკურნალო შეიძლება აღმოჩნდეს.

შეძენილი არტერიოვენური ფისტულების მკურნალობა დიაგნოზის დასმის შემდეგ მალევეა საჭირო. ქირურგიულ ჩარევამდე, ფისტულის კონტურების ნათელი გამოსახულების მისაღებად, მასში შპრიცით რადიოკონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ. ამ პროცედურას ანგიოგრაფია ეწოდება. თუ ქირურგს გაუჭირდა ფისტულასთან მიდგომა (მაგალითად, თავის ტვინში მდებარეობისას), გამოიყენება რთული საინექციო ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც თრომბი ყალიბდება და სისხლის დინება ფისტულაში წყდება. მოხსენიებულის მაგალითია რგოლების ან საცობების მოთავსება ფისტულებში სხვადასხვა ადგილზე, სადაც ვენა და არტერია უკავშირდება ერთმანეთს. ყოველივე ზემოხსენებული არ საჭიროებს რენტგენის გამოიყენებას და ღია ქირურგიულ ჩარევას.