სასუნთქი სისტემა იწყება ცხვირისა და პირის ღრუდან და გრძელდება სასუნთქი გზებითა და ფილტვებით. სასუნთქ სისტემაში ჰაერი შედის ცხვირითა და პირით, რომელიც შემდეგ გადადის ხახაში და ხორხში.ხორხს აქვს მცირე ზომის ხორხსარქველი, რომელიც ავტომატურად იხურება ყლაპვისას, რაც იცავს სასუნთქ გზებს მასში საკვებისა და წყლის მოხვედრისაგან.
სასუნთქი გზების შემდეგი გრძელი ნაწილი არის სასულე (ტრაქეა), რომელიც იყოფაორ ტოტად: მარჯვენა და მარცხენა ბრონქებად, რომლებიც ფილტვებში შედის. თითოეული ფილტვი იყოფა წილებად: მარჯვენა ფილტვში არის 3 წილი, ხოლო მარცხენა ფილტვში – 2 წილი. მარცხენა ფილტვი ზომით ოდნავ მცირეა მარჯვენა ფილტვთან შედარებით, ვინაიდან ის გულთან ერთად იყოფს გულმკერდის ღრუს მარცხენა ნახევრის სივრცეს.
თავის მხრივ, ბრონქები მრავალგზის იტოტება უფრო მცირე კალიბრის ბრონქებად და საბოლოოდ მთავრდება უწვრილესი ბრონქიოლებით, რომლებიც დიამეტრით ნახევარი მილიმეტრის ტოლია. სასუნთქი გზები ზემოდან ქვემო მიმართულებით ხესავით იტოტება, ამიტომაც სასუნთქი სისტემის ამ ნაწილს უწოდებენ ბრონქულ ხეს. მსხვილი სასუნთქი გზების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს ნაწილობრივ დრეკადი შემაერთებელი ქსოვილი – ხრტილი. უფრო მცირე კალიბრის სასუნთქი გზების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ფილტვის ქსოვილი, რომელიც მათ გარს აკრავს და მიმაგრებულია მათზე. სასუნთქი გზების ირგვლივი გლუვი კუნთები ფართოვდება და იკუმშება, რაც ცვლის სასუნთქი გზების სანათურის ზომას.
თითოეული ბრონქიოლის დაბოლოებასთან არის უამრავი პატარა აიროვანი პარკი (ალვეოლა). ორივე ფილტვის მილიონობით ალვეოლა ერთად ქმნის სასუნთქ ზედაპირს, რომლის ფართობი 100 კვ. მეტრზე მეტია. ალვეოლების კედლებში ძალიან ხშირი უწვრილესი სისხლძარღვოვანი ქსელია, რომელსაც კაპილარები ჰქვია. კაპილარებსა და ჰაერს შორის ძალიან თხელი ბარიერი საშუალებას აძლევს ჟანგბადს, რომ გადავიდეს ალვეოლიდან სისხლში და ნახშირორჟანგს – კაპილარების სისხლიდან გადავიდეს ალვეოლებში არსებულ ჰაერში.
პლევრა არის კრიალა მემბრანა, რომელიც გარედან აკრავს ფილტვებს, ხოლო შიგნიდან – გულმკერდის შიგნითა კედელს. ის საშუალებას აძლევს ფილტვებს შეუფერხებლად იმოძრაოს როგორც სუნთქვისას, ასევე სხეულის გადაადგილების დროს. ჩვეულებრივ, პლევრის ორ ფურცელს შორის არის ძალიან მცირე რაოდენობის საპოხი სითხე. ეს ორი ფურცელი ერთმანეთზე შეუფერხებლად სრიალებს, როდესაც ფილტვები იცვლის ზომას და ფორმას სუნთქვის დროს.