სასუნთქ სისტემაზე დაბერების პროცესების ზეგავლენა ისეთივეა, როგორიც სხვა ორგანოებზე: ფუნქცია თანდათან უარესდება. ფილტვების ასაკობრივი ცვლილებები მოიცავს ამოსუნთქვის მაქსიმალური სისწრაფის, გაზთა ცვლის და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის (ჰაერის ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ამოისუნთქავს მაქსიმალური ამოსუნთქვის დროს) შემცირებას, აგრეთვე, სასუნთქი კუნთების დასუსტება/დაუძლურებას და ფილტვების დაცვითი მექანიზმების ეფექტურობის შემცირებას. ჯანმრთელ ადამიანებში ფილტვების ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითება იშვიათად ვლინდება კლინიკური სიმპტომებით, მაგრამ მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ხანდაზმული ადამიანის მიერ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შესრულების უნარის დაქვეითებას, განსაკუთრებით, ინტენსიური ვარჯიშის, მათ შორის სირბილის, ველოსიპედის ტარების, მთაზე ცოცვის შემთხვევაში. სიმსუქნე კიდევ უფრო აქვეითებს ფილტვების ფუნქციას. გარდა ამისა, ხანდაზმულებში უფრო მაღალია ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის პნევმონიით (ფილტვების ანთებით) გართულების რისკი. ამდენად, რესპირატორული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მათ შორის გრიპისა და პნევმოკოკური პნევმონიის საწინააღმდეგო აცრები, პრაქტიკულად აუცილებელია ხანდაზმულთათვის. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ფილტვების ასაკობრივი ცვლილებები ზეგავლენას ახდენს გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებებით გამოწვეულ დაზიანებაზე, განსაკუთრებით სიგარეტის მოხმარების დამანგრეველი მოქმედების შედეგებზე.