სიმპტომები (ფილტვის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა) | მკურნალი.გე
  1. სიმპტომები (ფილტვის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)
  2. ფილტვის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
სიმპტომები (ფილტვის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)

ფილტვების დაზიანების ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი სიმპტომებია ხველა, ჰაერის უკმარისობა (ქოშინი) და სტვენა სუნთქვის დროს. პირის ღრუდან ფილტვებამდე სასუნთქ გზებში დაბრკოლების არსებობა იწვევს ხმაურიან ჩასუნთქვას, რასაც სტრიდორი ჰქვია. ფილტვებში არსებულმა პრობლემამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლიანი ხველა (ჰემოპტიზი), სისხლში ჟანგბადის მცირე შემცველობით განპირობებული კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი) ან ტკივილი გულმკერდში. ფილტვების გახანგრძლივებულმა დაავადებამ შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილებშიც გამოიწვიოს ცვლილებები, მათ შორის თითების ფორმის შეცვლა (კომბლისებრი თითები). ზემოთ ჩამოთვლილი ზოგი სიმპტომი ყოველთვის არ მიუთითებს სასუნთქი გზების დაავადებაზე. მაგალითად, გულმკერდში ტკივილი შესაძლოა გულის და კუჭ-ნაწლავის ორგანოთა დაავადებებით იყოს გამოწვეული. აგრეთვე, ქოშინი შეიძლება გულისა და სისხლის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.

ხველა

ხველა არის ჰაერის სწრაფი, მძლავრი გამოდევნა სასუნთქი გზებიდან. მისი ფუნქცია არის სასუნთქი გზების გაწმენდა უცხო ნაწილაკებისაგან.

ხველა ჩვეულებრივი, მაგრამ საკმაოდ რთული რეფლექსია, რომელიც წარმოადგენს ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას. დაცვის სხვა მექანიზმებთან ერთად, ხველა ფილტვებს ეხმარება, თავი დაიცვას იმ უცხო ნაწილაკებისგან, რომელიც ყოველთვის არის ჩასუნთქულ ჰაერში. ხველა ზოგჯერ ნახველის გამოყოფით მიმდინარეობს. ნახველი არის ლორწოს, უცხო სხეულებისა და უჯრედების ნარევი, რომელსაც ფილტვები გარეთ გამოდევნის.

მიზეზები

ხველა იწყება სასუნთქი გზების გაღიზიანების დროს. რესპირატორული ინფექციები (ჩვეულებრივ, ბაქტერიული ან ვირუსული) აღიზიანებენ სასუნთქ გზებს და წარმოადგენენ ხველის დაწყების მიზეზს. სასუნთქი გზების გაღიზიანებას ასევე იწვევს ალერგენები. ყოველთვის ახველებენ თამბაქოს მწეველები. სიგარეტის კვამლი არა მხოლოდ აღიზიანებს სასუნთქ გზებს, არამედ აზიანებს სასუნთქი გზების ამომფენ უჯრედებსაც, მათ შორის წამწამოვან (ცილიარულ) წანაზარდებს, რომლებიც სასუნთქ გზებს უცხო ნაწილაკებისაგან ასუფთავებენ. ხველა შეიძლება სურდომაც გამოიწვიოს; კერძოდ, ცხვირიდან გამონადენმა, რომელიც შესაძლოა ცხვირის ღრუდან გადაედინოს ხახაში, ზოგჯერ, ხორხში ან სასუნთქი გზების შორეულ ნაწილებში, სადაც იწვევს გაღიზიანებას. ხველა ასევე შეიძლება გამოიწვიოს გასტროეზოფაგურმა რეფლუქსმა, როცა კუჭისა და საყლაპავის შიგთავსი საყლაპავიდან გადადის ტრაქეასა და სასუნთქ გზებში, რაც იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას. ზოგიერთი ხველის მიზეზი შესაძლოა მედიკამენტიც იყოს, მაგალითად, ანგიოტენზინგარმადქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები (აგფ-ინჰიბიტორები). სასუნთქი გზების შევიწროება სასულეს ქვემოთ (ბრონქოკონსტრიქცია), უცხო სხეულები, ან კიდევ სასუნთქ გზებში სიმსივნური პროცესი შესაძლოა იყოს ხველის, სტვენითი სუნთქვის ან ორივეს წარმოქმნის მიზეზი. ბრონქოკონსტრიქციას ადგილი აქვს ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) და გულის უკმარისობის დროს, როდესაც ფილტვებში სითხე გროვდება.

ხველა ბევრნაირია. ის შეიძლება ძალიან შემაწუხებელი იყოს, განსაკუთრებით თუ მას ახლავს ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, სისხლი ან უჩვეულოდ დიდი რაოდენობით ან ძალიან წებოვანი ნახველი. ამასთან, თუ ხველა მატულობს თანდათან, ათეული წლების განმავლობაში, როგორც ეს მწეველებში ხდება, პაციენტმა შეიძლება მას ყურადღება არც კი მიაქციოს.

შეფასება

ხველის შესახებ ინფორმაცია ექიმს ეხმარება ხველის მიზეზის დადგენაში. ამიტომ, ექიმმა შეიძლება შემდეგი კითხვები დასვას:

  • რამდენი ხანია, რაც პაციენტი ახველებს?

  • დღის რომელ ნაწილში იწყება ხველა?

  • რა ფაქტორები უწყობს ხელს ხველის დაწყებას (მათ შორის ცივი ჰაერი, სხეულის პოზიცია, ლაპარაკი, ჭამა, სითხის დალევა)?

  • ახლავს თუ არა ხველას ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, თავბრუხვევა, სტვენა სუნთქვის დროს?

  • გამოიყოფა ხველის დროს ნახველი ან სისხლი?

  • აღინიშნება თუ არა სხვა სახის დაზიანება, რაც შესაძლოა ხველის წარმოქმნის მიზეზი იყოს (მაგ. გასტროეზოფაგური რეფლუქსი ან გამონადენი ცხვირიდან)?

  • შეიძლება ხველის მიზეზი რაიმე მედიკამენტის მიღება იყოს?

  • რა ფერის არის ნახველი?

ნახველის ხასიათი, განსაკუთრებით მისი ფერისა და კონსისტენციის ცვლილება, ხანდახან ექიმს ხველის მიზეზის დადგენაში ეხმარება. ნახველის ყვითელი, მომწვანო ან მოყავისფრო ფერით შესაძლოა ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზი დადგინდეს. გამჭვირვალე, მაგრამ ძალიან წებოვანი (ლორწოვანი) ნახველი ახასიათებს ასთმას. ნახველის გამოსაკვლევად ექიმს ზოგჯერ შესაძლოა მიკროსკოპი დასჭირდეს. ბაქტერიებისა და სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) აღმოჩენა წარმოადგენს ინფექციის დამადასტურებელ ფაქტორს. ლეიკოციტების სპეციფიკური სახეობის (ეოზინოფილების) აღმოჩენა მიანიშნებს ასთმაზე. ხველის დროს ადამიანმა შესაძლოა სისხლი გამოყოს, რაც, ჩვეულებრივ, ბრონქიტზე მიანიშნებს; თუმცა, ის შესაძლოა უფრო სერიოზული დაზიანების გამოვლინება იყოს. ჩვეულებრივ, რენტგენოლოგიური გამოკვლევა და სხვა დიაგნოსტიკური ტესტები იმ შემთხვევაშია საჭირო, როცა ადამიანი მიუთითებს, რომ ხველა გართულდა ან გახანგრძლივდა, ან ხველის მიზეზი გაურკვეველია.

მკურნალობა

ვინაიდან ხველა ნახველის ევაკუაციასა და სასუნთქი გზების გასუფთავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, არ არის აუცილებელი ხველის დათრგუნვა, თუ ის ადამიანს ძილში არ უშლის ხელს. უფრო მნიშვნელოვანია ძირითადი დაზიანების, მათ შორის ინფექციის, ფილტვებში სითხის დაგროვების ან ასთმის მკურნალობა. მაგალითად, ინფექციის დროს პაციენტმა უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი, ხოლო ასთმის დროს – საინჰალაციო მედიკამენტები. ხველის სამკურნალოდ, მისი სირთულისა და მისი წარმოქმნის მიზეზის გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტების დანიშვნა. როდესაც ხველა გამოწვეულია სასუნთქი გზების შევიწროებით, პაციენტს ბრონქების გამაფართოებელი წამლები (ბრონქოდილატატორები) მოუტანს შვებას. ამ დროს სხვა ჯგუფის წამლების ეფექტურობა უცნობია.

ხველის საწინააღმდეგო მკურნალობა: ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები ხველის დასათრგუნად ინიშნება. ხველის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს ოპიოიდების ჯგუფის ყველა პრეპარატს, რადგან ისინი თრგუნავენ თავის ტვინის სუნთქვის ცენტრს. ოპიოიდებიდან ხველის საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად კოდეინი გამოიყენება. თავის მხრივ, კოდეინის მიღებამ შეიძლება გულისრევა, ღებინება და ყაბზობა გამოიწვიოს. კოდეინის ხანგრძლივი მოხმარებისას პაციენტი შეიძლება დამოკიდებული გახდეს მასზე. თუ კოდეინი დანიშნულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება საჭირო გახდეს ხველის დასათრგუნად საჭირო დოზის გაზრდა. ხველის დამთრგუნველმა ოპიატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი იღებს სხვა წამლებს, რომლებიც ზრდიან სისხლში ოპიატების კონცენტრაციას (მაგ. სედატიური და საძილე საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ალკოჰოლი და გარკვეული ანტიჰისტამინური პრეპარატები). ოპიოიდების მიღება ყოველთვის უსაფრთხო არ არის, ამიტომ ექიმი ამ ჯგუფის პრეპარატს რეზერვში იტოვებს განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსაყენებლად.

სხვა არაოპიოიდური ხველის შემამცირებელი საშუალებები, როგორიცაა დექსტრომეტორფანი და ბენზონატატი, ხველას ასევე თავის ტვინის სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის გზით ამცირებენ. ეს პრეპარატები, სხვა წამლებთან ერთად წარმოადგენენ ბევრი რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტის აქტიურ ინგრედიენტებს. მათ არ ახასიათებს დამოკიდებულების განვითარება და სწორად გამოყენებისას ნაკლებად იწვევენ ძილიანობას. იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ხველა დიდი რაოდენობით ნახველით, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მუდმივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ინჰალატორის საშუალებით ორთქლის ინჰალაციამ შესაძლოა შეაჩეროს ხველა იმის გამო, რომ თბილი ორთქლი ამცირებს ტრაქეისა და სასუნთქი გზების გაღიზიანებას. ორთქლის ტენი ათხიერებს სეკრეტს და აადვილებს მის ამოხველებას. ოთახის ჰაერის გრილი ორთქლით დატენიანება იმავე შედეგს იძლევა. ზოგიერთი ექიმი ფიქრობს, რომ საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება იწვევს ორგანიზმის სითხით შევსებას (ჰიდრატაციას) და ასევე ეფექტურია წებოვანი ნახველის შემთხვევაში, როგორც ორთქლის ინჰალაცია.

ამოსახველებელი საშუალებები: წებოვანი ნახველის არსებობისას ზოგი ექიმი უპირატესობას ანიჭებს ამოსახველებელ მედიკამენტებს (ზოგი მათ მუკოლიზურ პრეპარატებსაც უწოდებს), რომლებიც იწვევენ ბრონქის სეკრეტის გათხიერებას, რითაც უფრო იოლდება ნახველის ამოხველება. ეს პრეპარატები არ იწვევენ ხველის შემცირებას. მათი ეფექტურობა ბოლომდე არ არის დადასტურებული. ზემოხსენებული მიზნით შეიძლება კალიუმის იოდიდის ნაჯერი ხსნარის დანიშვნა. ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრეპარატები შეიცავენ გუაიფენეზინს ან ტერპინჰიდრატს. ბავშვებში ეფექტურია იპეკაკუანას სიროფის მცირე დოზა, განსაკუთრებით, მწვავე ლარინგოტრაქეიტის დროს.

კისტური ფიბროზის დროს გამოიყენება დორნაზა-ალფა (ადამიანის დეოქსირიბონუკლაზა I-ის ინჰალაციური რეკომბინანტი). მისი მოქმედებით თხიერდება ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტი, რისი დაგროვებაც ქრონიკული რესპირატორული ინფექციის შედეგია. ზედმეტად სქელი და პრობლემური ნახველის გათხიერებაში ორგანიზმს ასევე ეხმარება ფიზიოლოგიური ხსნარის ინჰალაცია ან აცეტილცისტეინის მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბრონქოდილატატორები, კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინური და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები: ბრონქოდილატატორები (ბრონქების გამაფართოებლები), მათ შორის საინჰალაციო ალბუტეროლი და მსგავსი საშუალებები, ასევე, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა ხველა გამოწვეულია სასუნთქი გზების შევიწროებით (ბრონქოკონსტრიქცია), რასაც ადგილი აქვს ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) დროს. ამ შემთხვევაში შესაძლოა ეფექტური იყოს ტაბლეტირებული თეოფილინი. პაციენტებში, რომელთაც სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის შემდეგ დარჩათ ნარჩენი მოვლენები მსტვინავი სუნთქვის ან გახანგრძლივებული ხველის სახით, ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების მიღება კარგ ეფექტს იძლევა.

ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომელთა ზემოქმედება აშრობს სასუნთქ გზებს, ხველის მოსახსნელად ან ნაკლებად ეფექტურია, ან საერთოდ არ აქვს შედეგი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხველის მიზეზი სასუნთქი გზების ალერგიული რეაქციაა. როდესაც ხველა სხვა მიზეზით არის გამოწვეული, მაგალითად, ბრონქიტით, ანტიჰისტამინური საშუალებების მიერ ლორწოვანი გარსის გამომშრობი ეფექტი შესაძლოა, პირიქით, ცუდიც აღმოჩნდეს, ვინაიდან ის გამოიწვევს სასუნთქ გზებში არსებული სეკრეტის გასქელებას და ნახველის ამოხველების გართულებას.

შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ფენილეფრინი, რომელიც ადამიანს შვებას ჰგვრის ე.წ. ცხვირის "გაჭედვის" დროს (ცხვირით სუნთქვის გაძნელება), გამოსადეგია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ხველა სურდოს დროს ცხვირიდან გამონადენით არის გამოწვეული.

ქოშინი

ქოშინი არის სუნთქვის გაძნელების უსიამოვნო შეგრძნება.

სუნთქვის რიტმი და სიხშირე, ჩვეულებრივ, იზრდება ფიზიკური დატვირთვის ან ზღვის დონიდან ძალიან დიდ სიმაღლეზე ყოფნისას, მაგრამ ეს შემთხვევები იშვიათად იწვევს დისკომფორტს. სუნთქვა შესაძლოა გახშირდეს მოსვენების მდგომარეობაშიც, ოღონდ იმ პირებში, რომელთაც სასუნთქი სისტემის ან სხვა ორგანოების მრავალი დაავადება აქვთ. მაგალითად, ცხელების დროს ადამიანებს გახშირებული სუნთქვა აქვთ.

ქოშინის დროს სუნთქვის გახშირებას თან ახლავს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ადამიანს აწუხებს ის, რომ არ შეუძლია საკმარისი სიხშირით და სიღრმით სუნთქვა. აღინიშნება სხვა შეგრძნებებიც, კერძოდ, სუნთქვის გართულება, რის გამოც ადამიანი ცდილობს, ჩასუნთქვისას დაჭიმოს სასუნთქი კუნთები, რაც ხელს უწყობს გულმკერდის გაფართოებას, ასევე ამოსუნთქვისასაც, რათა მოახერხოს ჰაერის გარეთ გამოძევება. დისკომფორტს იწვევს იმის შეგრძნებაც, რომ ამოსუნთქვის დასრულებამდე აუცილებელია ჩასუნთქვა. ასევე შემაწუხებელია გულმკერდის შებოჭვის შეგრძნება.

მიზეზები

ფილტვების დაავადებები: ადამიანებს, რომელთაც აქვთ ფილტვების დაავადებები, ყოველთვის აქვთ ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ფიზიკური დატვირთვის დროს. დატვირთვისას ადამიანის ორგანიზმი მოიხმარს ბევრ ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. თავის ტვინში არსებული სუნთქვის ცენტრის ზემოქმედებით სუნთქვა ხშირდება, როცა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია იკლებს და იმატებს ნახშირორჟანგის დონე. თუ გული და ფილტვები ფუნქციურად უკმარისობის მდგომარეობაშია, მცირე ფიზიკური დატვირთვაც სუნთქვის მნიშვნელოვან გახშირებას და ქოშინს იწვევს. ქოშინი იმდენად უსიამოვნო შეგრძნებაა, რომ ადამიანი თავს ანებებს ფიზიკურ აქტიურობას. თუ ფილტვების დაავადება გართულებულია, ქოშინი შესაძლოა მოსვენებულ მდგომარეობაშიც წარმოიქმნას.

ქოშინი შეიძლება იყოს ფილტვების ობსტრუქციული და რესტრიქციული დაავადების შედეგი. ფილტვების რესტრიქციული დაავადებების დროს (მაგ, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი) ფილტვები კარგავს ელასტიკურობას და უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ფილტვები გაფართოვდეს ჩასუნთქვის დროს. ხერხემლის მნიშვნელოვანი გამრუდება (სკოლიოზი) მნიშვნელოვნად აუარესებს სუნთქვის პროცესს, ვინაიდან ამ დროს გულმკერდის ყაფაზის მოძრაობა შეზღუდულია. ობსტრუქციული დაავადებების დროს (მაგ. ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება – ფქოდ) იზრდება სასუნთქ გზებში ჰაერის მოძრაობისადმი წინააღმდეგობა, ვინაიდან სასუნთქი გზები შევიწროებულია. იმის გამო, რომ ჩასუნთქვის დროს სასუნთქი გზები ფართოვდება, ჰაერი მაინც აღწევს ფილტვებში. ამოსუნთქვის დროს კი სასუნთქი გზები ვიწროვდება და ჰაერი ჩვეულებრივი სიჩქარით და რაოდენობით ვერ გამოიდევნება ფილტვებიდან, სუნთქვა ძნელდება, ვითარდება ამოსუნთქვითი ქოშინი.

გულის უკმარისობა: გული, როგორც ტუმბო, უზრუნველყოფს სისხლის ფილტვების მოძრაობას. გულმა სათანადოდ უნდა იმუშაოს, რათა ფილტვებმა თავისი ფუნქციის ნორმალურად შესრულება შეძლოს. თუ გული სისხლს არაადეკვატურად გადატუმბავს (გულის უკმარისობა), სისხლი ფილტვებში შეგუბებას იწყებს, შესაძლოა განვითარდეს ფილტვების შეშუპება. ორგანიზმის ეს მდგომარეობა ყოველთვის იწვევს ქოშინს, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობისა და გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება. ფილტვებში სითხის შეგუბებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების შევიწროება და მსტვინავი სუნთქვა, აგრეთვე, ჰაერის უკმარისობის ძლიერი შეტევა. ამ მდგომარეობას კარდიული ასთმის შეტევა ეწოდება.

გულის უკმარისობის დროს ადამიანს შესაძლებელია აღენიშნოს ორთოპნოე, ღამის პაროქსიზმული ქოშინი ან ორივე ერთად. ორთოპნოე არის ქოშინის გაძლიერება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მჯდომარე პოზიციასთან შედარებით. ღამის პაროქსიზმული ქოშინი არის უეცრად, უპირატესად ძილის დროს წარმოქმნილი შემაშინებელი ჰაერის უკმარისობა. ადამიანს აღვიძებს სუნთქვის გაძნელება და იგი აიძულებს, წამოჯდეს ან ადგეს, რომ შეძლოს სუნთქვა. ეს მდგომარეობა არის ორთოპნოეს უკიდურესად რთული ფორმა და წარმოადგენს გულის გართულებული უკმარისობის ნიშანს.

ანემია: ქოშინი აღინიშნება ანემიის დროსაც, ვინაიდან სისხლნაკლებობის დროს სისხლში შემცირებულია სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) რაოდენობა, რომელთაც ჟანგბადი მიაქვთ ქსოვილებამდე. ავადმყოფი სუნთქავს ხშირად და ღრმად. ეს ხდება რეფლექსურად, რათა ამ გზით გაიზარდოს სისხლში ჟანგბადის შემცველობა.

სხვა მიზეზები: ქოშინი აღინიშნება თირკმლების უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის მოულოდნელი გართულების, გარკვეული მედიკამენტებისა და შხამების მიღების დროსაც. ქოშინი ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში შესაძლოა უეცრად წარმოიქმნას. მისი განვითარების მიზეზია სისხლში დიდი რაოდენობით მჟავა ნივთიერებების დაგროვება (ამ მდგომარეობას ჰქვია მეტაბოლური აციდოზი). თირკმლების უკმარისობის დროს ქოშინის წარმოქმნას შეიძლება ხელი შეუწყოს ანემიამ და გულის უკმარისობამ.

ჰიპერვენტილაციური სინდრომის დროს ადამიანი უჩივის ძლიერ ჰაერის უკმარისობას, და იწყებს მძიმედ და სწრაფად სუნთქვას. ეს მდგომარეობა უფრო მეტ შფოთვას იწვევს ამ დროს რეალურად არსებულ ფიზიკურ პრობლემასთან შედარებით. ადამიანები, რომელთაც საკუთარ თავზე გამოცადეს ეს სინდრომი, ძალიან შეშინებულები არიან და როდესაც მათ გულმკერდის არეში ტკივილი აქვთ, შეიძლება მიიჩნიონ, რომ აქვთ გულის შეტევა. ავადმყოფს შესაძლოა აღენიშნოს ცნობიერების ისეთი ცვლილება, რომ ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, მოეჩვენოს, რომ მისგან ძალიან შორს არის. პაციენტს აქვს დაბუჟების შეგრძნება თითების, ფეხების არეში და ტუჩების ირგვლივ.

შეფასება და მკურნალობა

ექიმს, ჩვეულებრივ, შეუძლია შეაფასოს ქოშინის წარმოქმნის მიზეზი და ფიზიკური დატვირთვის შედეგები. ქოშინის უშუალო მიზეზის დასადგენად გამოიყენება გულმკერდის რენტგენოგრაფია, არტერიული სისხლის აირების შესწავლა და ჟანგბადის კონცენტრაციის გაზომვა, ან პულსოქსიმეტრია. გულმკერდის რენტგენოგრაფიამ შესაძლოა გამოავლინოს პნევმონიის (ფილტვების ანთების) ან ფილტვის სხვა რომელიმე დაავადების ნიშნები, ასევე მიანიშნოს გულის უკმარისობაზეც. სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე, როგორც წესი, მიუთითებს ფილტვებისა და გულის დაზიანებაზე. ფილტვის ფუნქციური კვლევა საშუალებას იძლევა, შეფასდეს ობსტრუქციული და რესტრიქციული დაზიანების ხარისხი და ფილტვის უნარი, გადაიტანოს ჟანგბადი ჰაერიდან სისხლში. ჟანგბადის არანორმალური ტრანსპორტირების მიზეზი შეიძლება იყოს სასუნთქი სისტემის როგორც ობსტრუქციული, ისე რესტრიქციული დაზიანება. შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა გამოკვლევების ჩატარებაც, რათა შეფასდეს და დროულად დაისვას ანემიის, გულის რაიმე პრობლემის, ფილტვის სპეციფიკური დაზიანებისა და თირკმლების უკმარისობის დიაგნოზი.

ქოშინის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ არტერიულ სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე, სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება ნაზალური (ცხვირის) ან სახის პლასტიკური ნიღბით. გართულებულ შემთხვევებში, როცა პაციენტს, მიუხედავად მიღებული ზომებისა, მაინც არ შეუძლია ღრმა და ხშირი სუნთქვა, ექიმს შეუძლია სუნთქვის მართვა სასუნთქი აპარატის საშუალებით (მექანიკური ვენტილაცია). ამ დროს სასუნთქი მილი შეიძლება ჩაიდგას ტრაქეაში ან გამოიყენონ სახეზე მჭიდროდ მორგებული ნიღაბი.

ტკივილი გულმკერდის არეში

ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება იყოს მჭრელი (მაგ, მახვილი დანით მიყენებული ჭრილობის მსგავსად), ყრუ, წვის შეგრძნების ან მოჭერითი ხასიათის. ის შესაძლოა ლოკალიზებული იყოს კონკრეტულ ადგილას (მაგ. გულმკერდის კედელი), ან რთული იყოს მისი მდებარეობის დადგენა. ხშირად ის ღრმა ტკივილის შეგრძნებას იწვევს. ტკივილი შესაძლოა იყოს მუდმივი ან ხანგამოშვებითი, გაგრძელდეს წამების, წუთების ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში. ტკივილმა შეიძლება მოიმატოს სუნთქვის, სხეულის პოზიციის შეცვლის, დატვირთვის, ჭამის ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების დროს.

პლევრიტის დროს ტკივილი საკმაოდ ძლიერი და მჭრელია, იზრდება სუნთქვისა და ხველის დროს. პაციენტმა შეიძლება დაიკავოს იძულებითი მდგომარეობა: მაგ. დაწვეს დაზიანებულ მხარეზე ან შეეცადოს, რომ ღრმად არ ისუნთქოს და არ დაახველოს, რათა ამით შეამციროს ტკივილის შეგრძნება. როგორც წესი, ტკივილის უბანი ძალიან მცირე ზომისაა; თუმცა, დროთა განმავლობაში შეიძლება ადგილი შეიცვალოს. ასევე, შესაძლოა გულმკერდის გარკვეულ ნაწილში, კერძოდ, ნეკნთა შორის გამოვლინდეს ნერვის მიერ გადაცემული ტკივილი (ინტერკოსტალური ნერვი). ეს ტკივილი ვრცელდება ზურგიდან ნეკნის გასწვრივ გულმკერდის წინა ნაწილში, და როგორც წესი, მოიცავს ორ ან სამ ნეკნს.

მიზეზები

ტკივილი გულმკერდის არეში შესაძლოა დაიწყოს სასუნთქი სისტემის დაზიანების გამო, მაგალითად, პლევრის (ორფურცლიანი მემბრანა, რომელიც ფარავს ფილტვს) დაზიანების შედეგად. ტკივილი აგრეთვე შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ორგანოების ან ქსოვილების დაზიანებით, რომლებიც არ განეკუთვნება სასუნთქ სისტემას, მათ შორის, გულმკერდის კედელი, გული, მსხვილი სისხლძარღვები, ან საყლაპავი. გულისა და მსხვილი სისხლძარღვების ზოგიერთი დაზიანება საკმაოდ რთულია და შესაძლოა, ადამიანი სასწრაფო გამოკვლევასა და მკურნალობას საჭიროებდეს.

პლევრისმიერი ტკივილი ჩვეულებრივ გამოწვეულია პლევრის ანთებით (პლევრიტი). არსებობს პლევრის ტკივილის გამომწვევი ძალიან ბევრი მიზეზი, მათ შორის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, კიბო. პლევრიტი შეიძლება გამოიწვიოს სხვა ორგანოთა ანთებითმა დაზიანებამაც, მათ შორის, რევმატოიდულმა ართრიტმა და სისტემურმა წითელმა მგლურამ. სისხლის კოლტები შესაძლოა სისხლის ნაკადით გადაადგილდეს ფილტვებისაკენ (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია), გაიჭედოს ფილტვის არტერიის სისტემაში და გამოიწვიოს გულმკერდის პლევრისეული ტკივილი. პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვება (პნევმოთორაქსი), ასევე გულის მფარავი გარსის ანთება (პერიკარდიტი) შეიძლება გახდეს გულმკერდის არეში ტკივილის წარმოქმნის მიზეზი, რომელიც ღრმა ჩასუნთქვისას ძლიერდება. პლევრის გამონაჟონი – სითხე, რომელიც გროვდება პლევრის ორ ფურცელს შორის არსებულ პლევრის ღრუში, თავდაპირველად წარმოქმნის პლევრულ ტკივილს, თუმცა ეს ტკივილი თანდათან იკლებს პლევრის ღრუში გარკვეული რაოდენობის სითხის ჩადგომისას, რომელიც პლევრის ფურცლებს ერთმანეთისგან აშორებს.

ტკივილი შეიძლება წარმოქმნას ფილტვის სხვა დაზიანებამაც (მათ შორის ფილტვის აბსცესმა და სიმსივნემ), ამ შემთხვევაში ტკივილის აღწერა გაცილებით რთულია, ვიდრე პლევრისმიერი ტკივილისა. ასეთი ტკივილი ყოველთვის აღიქმება გულმკერდის არეში ლოკალიზებულ გაურკვეველ, ღრმა ტკივილად. მსგავსი ტკივილი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებისა და სასუნთქი გზების ნებისმიერმა დაზიანებამ.

გულმკერდის არეში ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისა და ხველის დროს და ხშირად შემოიფარგლება გულმკერდის გარკვეულ ნაწილში, ტკივილი იმატებს ამ არეში ზეწოლისას. ტკივილის წარმოქმნის უხშირესი მიზეზია გულმკერდის კედლის დაზიანება, მათ შორის ნეკნების მოტეხილობა, ასევე ნეკნთაშუა კუნთების დაზიანება და გაწყვეტა. ინტერკოსტალური კუნთების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ხველამაც კი და ტკივილმა ამ დროს გასტანოს დღეებისა და კვირების მანძილზე. ნეკნთაშუა ნერვის გასწვრივ ტკივილი წარმოიქმნება მაშინ, როცა ნერვი გაღიზიანებულია სიმსივნის ან ჰერპესის მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, იწვევს ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი. ჰერპესის დროს ტკივილი შეიძლება გაჩნდეს გამონაყარის წარმოქმნამდე.

შეფასება და მკურნალობა

პაციენტის მიერ ტკივილის ხასიათის აღწერა ექიმს მისი წარმოქმნის მიზეზის დადგენაში ეხმარება. ჩვეულებრივ, ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია, რომლის საფუძველზეც ხშირად დგინდება გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი. ძირითადად ტკივილის მიზეზი არის სასუნთქი სისტემის პრობლემა. თუ საეჭვოა გულისა და მსხვილი სისხლძარღვების სერიოზული დაზიანება, დიაგნოსტირებისთვის საჭირო ხდება შესაბამისი გამოკვლევების გაკეთება, მათ შორის ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) ან სისხლის ანალიზი. ინიშნება ძირითადი დაავადების მკურნალობა. თუ მკურნალობით კონტროლდება ტკივილის ძირითადი მიზეზი, წამლებმა შეიძლება შეასუსტოს ტკივილი.

სტვენითი სუნთქვა

სტვენითი სუნთქვა არის სტვენის მუსიკალური ხმა სუნთქვის დროს, რომელიც გამოწვეულია სასუნთქი გზების ნაწილობრივი შევიწროებით.

სტვენითი სუნთქვის დროს სასუნთქი სისტემის რომელიღაც ნაწილი ობსტრუქციულ მდგომარეობაშია. მისი წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს სასუნთქი გზების გავრცელებული შევიწროება (მაგ. ასთმის, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, ზოგიერთი რთული ალერგიული მდგომარეობის დროს), სასუნთქი გზების ლოკალური შევიწროება (მაგ. სიმსივნის დროს), ან სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გაჭედვა. მორეციდივე სტვენის წარმოქმნის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ასთმა, თუმცა, შესაძლებელია, ის დაიწყოს ადამიანებშიც, რომელთაც არასდროს ჰქონიათ ასთმის შეტევა. სუნთქვის დროს სტვენა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის ინფექციურმა დაავადებებმა (მაგ. პნევმონია ან ბრონქიტი) ან ბავშვებში ბრონქიოლიტმა.

ჩვეულებრივ, ექიმი მშრალი მსტვინავი ხიხინის არსებობას ადგენს პაციენტის სტეტოსკოპით მოსმენისას. ხმაურიანი მშრალი მსტვინავი ხიხინის მოსმენა ძალიან ადვილია, ზოგჯერ სტეტოსკოპის გარეშეც. იმისათვის, რომ ექიმმა მოისმინოს ნაზი მშრალი მსტვინავი ხიხინი, სტეტოსკოპით მოსმენისას პაციენტმა ღრმად უნდა ამოისუნთქოს. მწეველებში ერთ უბანში გახანგრძლივებული მსტვინავი ხიხინი შეიძლება მოასწავებდეს ფილტვის კიბოს. როდესაც ადამიანს სტვენითი სუნთქვა ეწყება პირველად და უეცრად, დიაგნოსტიკაში ექიმს ეხმარება გულმკერდის რენტგენოგრაფია. იმ ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ გახანგრძლივებული ან განმეორებითი სტვენა სუნთქვის დროს, საჭირო ხდება ფილტვის ფუნქციის კვლევა, რათა შეფასდეს სასუნთქი გზების შევიწროების ხარისხი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. თუ ექიმი დარწმუნებულია, რომ სასუნთქ გზებში უცხო სხეულია, მას შეუძლია სასუნთქ გზებში ჩადგას ელასტიკური მილი (ბრონქოსკოპი) პრობლემის დიაგნოსტირებისათვის და უცხო სხეულის ამოსაღებად.

სტვენა სუნთქვის დროს იხსნება ბრონქოდილატატორების მეშვეობით, მათ შორის, ალბუტეროლის ინჰალაციით. ერთი-ორი კვირით კორტიკოსტეროიდების დალევა ხსნის სტვენითი სუნთქვის მწვავე ეპიზოდს, თუ ის გამოწვეულია ასთმით ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით.

სტრიდორი

სტრიდორი არის ხმაურიანი ჩასუნთქვა, რომელიც გამოწვეულია ხახის, ხორხისა და სასულეს (ტრაქეის) ნაწილობრივი შევიწროებით.

სტრიდორი შეიძლება იმდენად ხმაურიანი იყოს, რომ მისი მოსმენა მცირე დისტანციაზეც არის შესაძლებელი. ამ ხმის წარმოქმნა დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების შევიწროებისას ჰაერის ტურბულენტურ მოძრაობასთან. ბავშვებში მისი მიზეზი შეიძლება იყოს ცრუ კრუპი, უცხო სხეულის შესუნთქვა, ან ძალიან იშვიათად, ხორხსარქვლის ინფექცია. მოზრდილებში ის წარმოიქმნება სიმსივნის, აბსცესის, ზედა სასუნთქი გზების შეშუპების ან ბგერითი იოგების დისფუნქციის დროს.

როდესაც სტრიდორის შედეგად ადამიანს ეწყება ქოშინი მოსვენებით მდგომარეობაში, ეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში სასუნთქი მილი უნდა ჩაიდგას პაციენტის პირში ან ცხვირში (ტრაქეის ინტუბაცია), ან ტრაქეაზე გარედან მცირე ქირურგიული განაკვეთი (ტრაქეოსტომია) უნდა გაკეთდეს, რათა ჰაერი ჩავიდეს ბლოკირებულ სასუნთქ გზებში და შესაბამისად, მოხდეს მოხრჩობის პრევენცია. პრობლემის მიზეზი, ჩვეულებრივ, დგინდება ტრაქეის ინტუბაციით, რომლის დროსაც ექიმს შეუძლია უშუალოდ დაათვალიეროს ზედა სასუნთქი გზები. თუ ტრაქეის ინტუბაცია არ გაკეთდა, დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო ხდება ელასტიკური მილის ჩადგმა ცხვირსა და ზედა სასუნთქ გზებში (ამ პროცედურას ჰქვია ნაზოფარინგული ლარინგოსკოპია).

ჰემოპტიზი (ჰემოპტოე)

ჰემოპტიზი არის სასუნთქი სისტემის ორგანოებიდან სისხლის ამოხველება.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანი ხველა პაციენტში იწვევს შიშს, მიზეზი უხშირესად სერიოზული არ არის.

მიზეზები

ამ სიმპტომის წარმოქმნის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ინფექცია. ხანდახან მისი მიზეზია ცხვირიდან სისხლდენა, როდესაც სისხლი ცხვირიდან გადადის სასუნთქ გზებში და შემდეგ ამოხველდება. გაურკვეველი მიზეზით განვითარებული სისხლიანი ხველა ან ნახველში დიდი რაოდენობით სისხლი ექიმის შეფასებას საჭიროებს.

სიმსივნური პროცესი, კერძოდ, ფილტვის კიბო, დაახლოებით 20%-ზე მეტ შემთხვევაში წარმოადგენს სისხლიანი ხველის მიზეზს. ჰემოპტოე შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილის ნეკროზმა, რომელიც გამოწვეულია ფილტვის არტერიის შესაბამისი ტოტის თრომბით დახშობით (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია),

სხვა მიზეზებისგან აღსანიშნავია ფილტვის ვენებში სისხლის მაღალი წნევა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია გულის უკმარისობით ან მიტრალური სტენოზით. ფილტვის სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემები, მაგალითად, არტერიულ-ვენური მალფორმაცია ან ფილტვის სისხლძარღვების ანთებითი მდგომარეობა, ასევე შეიძლება იყოს ჰემოპტიზის წარმოქმნის მიზეზი.

შეფასება

თუ სისხლიანი ხველა ძალზე ინტენსიურია, გახანგრძლივებულია ან მისი მიზეზი გაურკვეველია, აუცილებელია პრობლემის დიაგნოსტიკური შეფასება. ექიმი ვარაუდობს ფილტვის კიბოს არსებობას და ატარებს შესაბამის გამოკვლევებს, როცა პაციენტი მწეველია, ამასთან, 40 წელზე მეტი ასაკისაა (ან ახალგაზრდა მწეველებში, რომელთაც მოწევა დაიწყეს მცირე ასაკიდან) და განვითარდა ჰემოპტოე, ან მაშინაც კი, თუ ნახველში მხოლოდ სისხლის ზოლებია. ამ დროს პირველი აუცილებელი კვლევა არის გულმკერდის რენტგენოგრაფია. სისხლდენის ლოკალიზაციის დასადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს ელასტიკური მილით დათვალიერება (ბრონქოსკოპია). შესაძლებელია გაკეთდეს ფილტვების იზოტოპური სკანირება (ფილტვების პერფუზიული სკანირება). ეს მეთოდი გამოიყენება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დასადგენად). მიუხედავად გამოკვლევებისა, სისხლიანი ხველის მიზეზის დადგენა შემთხვევათა 30-40%-ში ვერ ხერხდება. თუ ჰემოპტიზის შემთხვევა გართულებულია, მისი მიზეზის დადგენა, ჩვეულებრივ, შესაძლებელია.

მკურნალობა

სისხლდენისას წარმოქმნილმა სისხლის კოლტებმა შეიძლება დაახშოს სასუნთქი გზები და გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები. თავის მხრივ, ხველა აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასუნთქი გზების სისუფთავე და გამავლობა, ამიტომ ხველის დათრგუნვა ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებით არ არის სასურველი.

ჩვეულებრივ, სისხლდენა მცირე ინტენსიურობისაა და წყდება თავისით ან წყდება სისხლდენის მიზეზის (მაგ. გულის უკმარისობა ან ინფექცია) ადეკვატურად მკურნალობის შედეგად.

თუ სისხლის დიდი კოლტი მსხვილ სასუნთქ გზაში გაიჭედება, ექიმებს კოლტის ამოღება ბრონქოსკოპის საშუალებით შეუძლიათ. ძალიან იშვიათად, სისხლიანი ხველა რთულად მიმდინარეობს და თავისით არ წყდება. ამ შემთხვევაში, საჭირო ხდება მილის შეყვანა პირიდან ან ცხვირიდან ტრაქეასა და ქვემოთა სასუნთქ გზებში, რათა უზრუნველყონ სასუნთქი გზების გახსნა. თუ სისხლდენის წყარო მსხვილი სისხლძარღვია, ექიმს შეუძლია სცადოს სისხლდენის შეჩერება პროცედურის საშუალებით, რომელსაც ბრონქის არტერიის ემბოლიზაციას უწოდებენ. რენტგენით მეთვალყურეობის საშუალებით, ექიმი კათეტერს სისხლძარღვში დგამს და მასში შეჰყავს ქიმიური ნივთიერება, ზღვის ღრუბლის ჟელატინის ფრაგმენტი ან ლითონის სპირალი, რითაც ხდება სისხლძარღვის ბლოკირება და ამის საშუალებით სისხლდენის შეწყვეტა. ხანდახან, გართულებული ან გახანგრძლივებული სისხლდენის დროს, სისხლდენის შესაწყვეტად საჭირო ხდება ბრონქოსკოპიის გამოყენება ან ქირურგიული ჩარევა. ასევე შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის გზით ფილტვის დაზიანებული უბნის ამოკვეთა. ეს მაღალი რისკის პროცედურები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენება. თუ სისხლდენას სისხლის შედედების დარღვევა იწვევს, საჭიროა პლაზმის, შედედების ფაქტორებისა და სისხლის ფორმიანი ელემენტების გადასხმა.

ციანოზი

ციანოზი არის კანის ლურჯად შეღებვა, რომელიც გამოწვეულია არტერიულ სისხლში ჟანგბადის არაადეკვატური რაოდენობით.

ციანოზი ვითარდება მაშინ, როდესაც ჟანგბადით ღარიბი სისხლი (დეოქსიგენირებული), რომელიც უფრო ლურჯი ფერისაა, ვიდრე წითელი, კანქვეშ არსებულ სისხლძარღვებში მიედინება. ციანოზი შეიძლება გამოწვეული იყოს გულისა და ფილტვების სხვადასხვა ტიპის რთული დაავადების შედეგად, რომლებიც იწვევენ სისხლში ჟანგბადის დაბალ დონეს. ციანოზი ასევე შეიძლება განვითარდეს გულისა და გარკვეული სისხლძარღვების დისფუნქციის დროს, როდესაც სისხლს აქვს საშუალება, პირდაპირ შევიდეს გულში ფილტვებში (კერძოდ, ალვეოლებში) გავლის გარეშე, სადაც სისხლი, ჩვეულებრივ, ჟანგბადს იღებს ჰაერიდან. სისხლის მიმოქცევის მსგავს დარღვევას ეწოდება შუნტი. შუნტის საშუალებით ჟანგბადით ღარიბი სისხლი ორგანიზმის ვენებიდან შეიძლება გადავიდეს განსაზღვრულ სისხლძარღვებში, რომელთაც შემდეგ სისხლი ფილტვებიდან გადააქვთ გულის მარცხენა ნაწილში, ან შესაძლოა, სისხლი პირდაპირ დიდი წრის ვენური სისტემიდან მოხვდეს მარცხენა გულში. ჟანგბადით ღარიბი სისხლი გულიდან გადაიტუმბება ორგანიზმში და შემდეგ ხვდება კანსა და სხვა ქსოვილებში.

სისხლში ჟანგბადის შემცველობა შეიძლება შეფასდეს პულსოქსიმეტრიის საშუალებით, რომლის დროსაც აპარატის სენსორი მაგრდება პაციენტის თითზე ან ყურის ბიბილოზე, ანდა პირდაპირ შეიძლება გაკეთდეს არტერიული სისხლის აირების ანალიზი. სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირების და, შესაბამისად, ციანოზის მიზეზის დასადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს გულმკერდის რენტგენოგრაფიის, ექოკარდიოგრაფიის, გულის კათეტერიზაციის, ფილტვების ფუნქციური გამოკვლევის და ზოგიერთი სხვა გამოკვლევის ჩატარება.

მსგავს შემთხვევებში, როდესაც სისხლში ჟანგბადის დონე დაბალია, მკურნალობის პირველი საშუალება არის ოქსიგენოთერაპია. ბევრი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, როდესაც ადგილი აქვს სისხლის შუნტირებას, მკურნალობის მიზნით საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა ან სხვა პროცედურები.

საათის მინის მსგავსი ფრჩხილები და კომბლისებრი თითები

საათის მინის მსგავსი ფრჩხილები და კომბლისებრი თითები არის ხელისა და ფეხის თითების წვერების გაფართოება და ფრჩხილების თითის ფალანგზე მიმაგრების კუთხის ცვლილება.

საათის მინის მსგავსი ფრჩხილები და კომბლისებრი თითები ვითარდება მაშინ, როდესაც ფრჩხილბუდის ქვეშ არსებული ქსოვილი სქელდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ ხდება ეს ცვლილება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთი ცილების რაოდენობაზე, რომლებიც სისხლძარღვების ზრდას ასტიმულირებს. საათის მინის მსგავსი ფრჩხილები და კომბლისებრი თითები ვითარდება ფილტვების ზოგიერთი დაავადების დროს (მაგ. ფილტვის კიბო, ფილტვის აბსცესი, ბრონქოექტაზია), მაგრამ არა ყველა დაავადების დროს (მაგ. პნევმონია, ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება). საათის მინის მსგავსი ფრჩხილები და კომბლისებრი თითები შეიძლება ჩამოყალიბდეს ასევე გულის თანდაყოლილი დაავადებებისა და ღვიძლის დაზიანების არსებობისას, ან სხვა შემთხვევების დროს, როდესაც თითების ცვლილება თანდაყოლილია და არ მიუთითებს რაიმე დაავადებაზე. თითების ეს ცვლილება თავისთავად არ საჭიროებს რაიმე სახის მკურნალობას.