დიაგნოსტიკა | მკურნალი.გე
  1. დიაგნოსტიკა
  2. ფილტვის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
დიაგნოსტიკა

ანამნეზსა და ფიზიკურ გამოკვლევებზე დაყრდნობით, ექიმს, ჩვეულებრივ, შეუძლია დაადგინოს, აქვს თუ არა პაციენტს ფილტვების ან სასუნთქი გზების რაიმე დაავადება. დიაგნოსტიკური კვლევები ტარდება დიაგნოზის დასაზუსტებლად, დაზიანების ხარისხისა და გართულებების დასადგენად, ასევე მკურნალობის დასაგეგმად.

ავადმყოფობის ანამნეზი და ფიზიკური კვლევა

უპირველეს ყოვლისა, ექიმი პაციენტს ეკითხება ჩივილების შესახებ. სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაზიანებაზე შეიძლება მიუთითებდეს ტკივილი გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა (ქოშინი) მოსვენების თუ ფიზიკური დატვირთვის დროს, ხველა, ნახველისა თუ სისხლის ამოხველება (ჰემოპტოე), და სტვენა სუნთქვის დროს. სხვა, უფრო ზოგადი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ავად ყოფნის ზოგადი შეგრძნება ან დისკომფორტი (შეუძლოდ ყოფნა), ზოგჯერ შესაძლოა სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაზიანებით იყოს გამოწვეული.

შემდგომ ექიმი პაციენტს უსვამს კითხვებს გადატანილი ინფექციების, დაავადების წინა პერიოდში ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენების, საყოფაცხოვრებო და სამუშაო გარემოს, მოგზაურობებისა და გართობის სახეების შესახებ.

ექიმი პაციენტს ასევე ეკითხება, ჰქონდათ თუ არა მისი ოჯახის წევრებს ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადება, ან სხვა ორგანოს დაავადება, რომელსაც შეიძლებოდა, გავლენა მოეხდინა ფილტვებსა და სასუნთქ გზებზე (მათ შორის შედედების დარღვევა და ზოგადი ანთებითი დაავადებები). ექიმი ასევე სვამს კითხვებს სხვა საერთო სიმპტომების შესახებ, რომლებიც ერთი შეხედვით, შეიძლება არც იყოს სასუნთქ სისტემასთან კავშირში.

ექიმი პაციენტის ფიზიკური კვლევის დროს აფიქსირებს ავადმყოფის წონას და გარეგნული დათვალიერების შედეგებს. ასევე, უნდა შეფასდეს პაციენტის ზოგადი განწყობა და თვითშეგრძნება, რომელიც შეიძლება გაუარესდეს ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადების გამო. ექიმმა გამოსაკვლევ პირს შეიძლება მოსთხოვოს მცირე მანძილზე გავლა ან კიბის რამდენიმე საფეხურზე ასვლა, რათა დარწმუნდეს, გამოიწვევს თუ არა ფიზიკური დატვირთვა ქოშინს.

მნიშვნელოვანია კანის ფერის შეფასება, რადგან, მაგალითად, სიფერმკრთალე მიუთითებს ანემიასა და სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე, ხოლო კანის მოლურჯო ელფერი (ციანოზი) – სისხლში ჟანგბადის არაადეკვატურ შემცველობაზე. ასევე, ექიმი ათვალიერებს თითებს საათის მინის მსგავსი ფრჩხილებისა და კომბლისებრი თითების დასადგენად.

ექიმი ყურადღებით აკვირდება გულმკერდს სუნთქვის ტიპისა და სუნთქვითი მოძრაობის შესაფასებლად. სტეტოსკოპის გამოყენებით ექიმი ისმენს სუნთქვით ხმიანობებს, რათა დაადგინოს სასუნთქი გზების განვლადობის დარღვევა და სითხის არსებობა ფილტვების ალვეოლებში. გულმკერდზე დაკაკუნებით (პერკუსია) ექიმს შეუძლია მიიტანოს ეჭვი ფილტვების ჰაერით გადაბერვასა ან ჩაფუშვაზე, ანდა ფილტვის ირგვლივ არსებულ სივრცეში სითხის არსებობაზე. გარდა ამისა, გამოკვლევისათვის შესაძლებელია საჭირო აღმოჩნდეს კომპლექსური ფიზიკური კვლევა, რადგან ფილტვების დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ორგანოთა დაზიანებაც. ასევე, ზოგიერთი დაავადებების დროს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ფილტვებთან, საწყისი სიმპტომები ისეთი შეიძლება იყოს, რომ შესაძლებელია, ვივარაუდოთ ფილტვების დაავადება. მაგალითად, ქოშინი შესაძლოა გამომჟღავნდეს გულისა და თირკმლების დაავადებების დროს. თავის მხრივ, პნევმონია შესაძლოა მიუთითებდეს იმუნური სისტემის დაზიანებაზე.

ფილტვების ფუნქციური გამოკვლევა

ფილტვების ფუნქციური კვლევის საშუალებით შეიძლება გაიზომოს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მოცულობითი მახასიათებლები, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლის პროცესის ეფექტურობა. გამოკვლევის ეს სახე გაცილებით უკეთ ასახავს ფილტვის დაზიანების ზოგად ტიპსა და გართულებებს, ვიდრე კონკრეტული პრობლემის გამომწვევ მიზეზს. კვლევის ეს მეთოდი გამოიყენება ზოგიერთი სპეციფიკური დაავადების, კერძოდ, ასთმის დროს.

ფილტვების მოცულობისა და ჰაერის ნაკადის შეფასება: ფილტვების დაზიანების შეფასებისას ხშირად საჭიროა გაიზომოს, თუ რა რაოდენობის ჰაერის დატევა შეუძლია ფილტვს, რა სისწრაფით და რა რაოდენობით ამოდის ჰაერი სასუნთქი გზებით ამოსუნთქვისას. აღნიშნული მონაცემები იზომება სპირომეტრით, რომელსაც აქვს პირში ჩასადები თავაკი (მუნდშტუკი), რომელიც ჰაერგამტარი მილით უკავშირდება მონაცემების ჩამწერ აპარატს. გამოსაკვლევმა პირმა აპარატის მუნდშტუკი უნდა ჩაიდოს პირში ისე, რომ ტუჩები თავაკზე მჭიდროდ იყოს მორგებული. ამ დროს ცხვირის ნესტოები დახშული უნდა იყოს, რათა ჰაერის ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც მხოლოდ პირის საშუალებით გახდეს შესაძლებელი. პაციენტმა უნდა ჩაისუნთქოს ღრმად, შემდეგ უნდა ამოისუნთქოს ფორსირებულად და სწრაფად, აპარატის მიერ მონაცემების სრულ დაფიქსირებამდე. ამ გამოკვლევით ფასდება ჰაერის მოცულობა ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს, ასევე სუნთქვის ფაზების ხანგრძლივობა. ხშირად საჭირო ხდება გამოკვლევის გამეორება პაციენტის მიერ სასუნთქი გზების გამაფართოებელი საშუალებების (ბრონქოდილატატორები) მიღების შემდეგ.

ამოსუნთქვის სისწრაფის განმსაზღვრელი ყველაზე მარტივი აპარატი არის მცირე ზომის, ხელით საზომი ხელსაწყო, რომელსაც პიკფლოუმეტრს უწოდებენ. გამოსაკვლევმა პირმა ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ამ ხელსაწყოში შეძლებისდაგვარად ძლიერად უნდა ჩაბეროს.

ფილტვების სპირომეტრული მონაცემები მიუთითებს ფილტვების ელასტიკურობის ან დაჭიმულობის შეცვლაზე, ასევე გულმკერდის ყაფაზის დეფორმაციასა და სასუნთქი კუნთების მდგომარეობის ცვლილებებზე. ზოგიერთი დაავადების დროს ფილტვები მნიშვნელოვნად კარგავს ელასტიკურობას, მაგალითად, ფილტვების ფიბროზის დროს; ასევე, გულმკერდის კედელი ძალიან დაჭიმულია ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ხერხემლის გამრუდება (სკოლიოზი). სხვადასხვა ნერვ-კუნთოვანმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიაფრაგმისა და სასუნთქი კუნთების სისუსტე (მაგ. მიასთენია) და გიიენ-ბარეს სინდრომი.

ჰაერის ნაკადის სპირომეტრული გაზომვის შედეგები აჩვენებს სასუნთქი გზების შევიწროებასა და ობსტრუქციას. მიღებული მონაცემები ნორმიდან გადახრილია ობსტრუქციული დაავადებების არსებობისას, მათ შორის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა (ფქოდ) და ბრონქული ასთმის დროს.

ჰაერის მოცულობის გაზომვა: თითქმის ყველა ტიპის სპირომეტრის გამოყენებით შესაძლებელია ფილტვების მოცულობისა და ჰაერის ნაკადის სიჩქარის გაზომვა ფორსირებული სუნთქვის დროს. გამოკვლევის ეს მონაცემები მნიშვნელოვანია ისეთი პათოლოგიის სადიაგნოზოდ, რომლებიც იწვევს ხორხისა და ტრაქეის ნაწილობრივ დახშობას.

სასუნთქი კუნთების ძალის შეფასება: სასუნთქი კუნთების ძალა შეიძლება შეფასდეს, თუ ადამიანი ფორსირებულ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შეასრულებს მანომეტრში (წნევის საზომ ხელსაწყოში). დაავადებები, რომლებიც იწვევს კუნთების სისუსტეს, მათ შორის კუნთების დისტროფია და გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი (ALS ანუ ლუ გერიგის დაავადება), ძალიან ართულებს სუნთქვას და იწვევს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს წნევის შემცირებას.

დიფუზიის მოცულობის განსაზღვრა: დიფუზიის მოცულობის კვლევისას შესაძლებელია შეფასდეს ფილტვების ალვეოლებიდან სისხლძარღვებში ჟანგბადის გადასვლის ეფექტურობა. ვინაიდან ჟანგბადის დიფუზიის მოცულობის გაზომვა უშუალოდ ძალიან რთულია, ამიტომ გამოსაკვლევი პირი ჩაისუნთქავს ნახშირჟანგის მცირე მოცულობას, შემდეგ 10 წამით შეიკავებს სუნთქვას და ამის შემდეგ ამოისუნთქავს ნახშირჟანგის დეტექტორში.

თუ გამოკვლევა აჩვენებს, რომ ნახშირჟანგი კარგად არ აბსორბირდა (არ შეიწოვა), ეს იმის მაუწყებელია, რომ ფილტვებსა და სისხლძარღვებს შორის ჟანგბადის ცვლა სრულყოფილად არ მიმდინარეობს. დიფუზიის მოცულობის შეცვლა განსაკუთრებით დამახასიათებელია ფილტვების ფიბროზისთვის (რომელიც აზიანებს ფილტვის სისხლძარღვებს), ასევე, ზოგ შემთხვევაში, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისთვისაც (ფქოდ).

მაქსიმალური ნებაყოფლობითი ვენტილაცია (MVV): ეს მაჩვენებელი აფასებს პაციენტის სუნთქვის უნარს. გამოკვლევა ტარდება გამოსაკვლევი პირის ჯდომისას. ავადმყოფს ავალებენ, რომ ისუნთქოს რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად განსაზღვრულ დროში, ჩვეულებრივ, 15 ან 30 წამის განმავლობაში. გამოკვლევისას იზომება მოცემულ დროში ჩასუნთქულ-ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა. აღნიშნული გამოკვლევის წარმატებით ჩატარება დამოკიდებულია პაციენტის მიერ ექიმის ინსტრუქციების ზუსტად შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებული კვლევა საკმაოდ სასარგებლოა განსაზღვრულ სიტუაციებში.

ძილის შესწავლა

სუნთქვა ჩვეულებრივ ავტომატური პროცესია და კონტროლდება სუნთქვის ცენტრის მიერ, რომელიც ასევე რეაგირებს სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილებაზე. თუმცა, არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც სუნთქვას აჩერებენ განსაზღვრული დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ძილის დროს – ამ მდგომარეობას ეწოდება ძილის აპნოე. ძილის აპნოეს დროს გამოკვლევის საუკეთესო მეთოდებია: ტვინის აქტივობის ტალღებზე დაკვირვება (ელექტროენცეფალოგრაფიის საშუალებით, რომელსაც შემოკლებით ეეგ-ს უწოდებენ), სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა (პულსოქსიმეტრის საშუალებით, რომლის სენსორიც მაგრდება თითზე ან ყურის ბიბილოზე), სუნთქვის დროს ჰაერის მოძრაობის შესწავლა (იზომება ერთ ნესტოზე დამაგრებული ხელსაწყოს საშუალებით), გულმკერდის მოძრაობის შეფასება, და ზოგიერთი სხვა გამოკვლევა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კვლევა წარმოადგენს ერთი გამოკვლევის ნაწილს, რომელსაც პოლისომნოგრაფია ეწოდება. ვინაიდან ეს უკანასკნელი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, იმის დასადგენად, აქვს თუ არა პაციენტს ძილის აპნოე ზოგჯერ ძილის დროს გამოკვლევის სხვა მეთოდები გამოიყენება.

არტერიული სისხლის აირების გამოკვლევა

არტერიული სისხლის აირების გამოკვლევის დროს არტერიულ სისხლში იზომება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია და დგინდება სისხლის მჟავიანობა (PH). არტერიიდან გამოსაკვლევი სისხლის აღება მოითხოვს სამედიცინო პერსონალის მხრიდან ოსტატობას და გამოსაკვლევ პირში რამდენიმეწუთიან დისკომფორტს იწვევს. ჩვეულებრივ, გამოსაკვლევად სისხლს იღებენ მაჯიდან (სხივის არტერია). ჟანგბადის, ნახშირორჟანგისა და სისხლის მჟავიანობის დონე წარმოადგენს ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვან ინდიკატორს, ვინაიდან ეს მონაცემები გვიჩვენებს, თუ როგორი წარმატებით ხდება ფილტვების მიერ სისხლის ჟანგბადით გამდიდრება და ნახშირორჟანგისგან გათავისუფლება.

სისხლის ოქსიგენაციის პროცესზე დაკვირვება შეიძლება სენსორის საშუალებით, რომელიც მაგრდება თითზე ან ყურის ბიბილოზე. ამ პროცედურას პულსოქსიმეტრია ეწოდება. თუ ექიმს ასევე ესაჭიროება ინფორმაცია ნახშირორჟანგის შემცველობისა და სისხლის მჟავიანობის შესახებ (მაგალითად, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში), აუცილებელია არტერიული სისხლის აირების გამოკვლევა.

გულმკერდის გადაღება

გულმკერდის რენტგენოგრაფიის დროს გულმკერდს ყოველთვის იღებენ წინა და უკანა მხრიდან. ჩვეულებრივ, საჭიროა გვერდითა პოზიციიდან გადაღებაც. გულმკერდის რენტგენოგრამაზე კარგად ჩანს გული და მსხვილი სისხლძარღვები და, ჩვეულებრივ, შესაძლოა, გამოჩნდეს ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანება, მისი მომიჯნავე სივრცეები, ან გულმკერდის კედელი ნეკნების ჩათვლით. მაგალითად, გულმკერდის რენტგენოგრამაზე შეიძლება ნათლად გამოჩნდეს პნევმონიის სხვადასხვა ვარიანტი, ფილტვების სიმსივნე, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შეჭმუხნილი ფილტვი (ატელექტაზი), პლევრის ღრუში ჰაერის (პნევმოთორაქსი) ან სითხის (ჰიდროთორაქსი) დაგროვება. მიუხედავად ამისა, რენტგენოლოგიური კვლევა კერძო შემთხვევაში იშვიათად იძლევა საკმარის ინფორმაციას დაზიანების გამომწვევი მიზეზის შესახებ. თუმცა, დიაგნოზის დაზუსტებისას ეს კვლევა ექიმს შეიძლება გამოკვლევის სხვა მეთოდის შერჩევაში დაეხმაროს.

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/CT) გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი რენტგენოგრაფია. ტომოგრამა შედგება რენტგენოლოგიური სურათების სერიისაგან, რომელიც გაანალიზებულია კომპიუტერის საშუალებით და იძლევა გამოსახულებით ინფორმაციას ორგანოს სხვადასხვა ნაწილის განივი და გრძივი შრის შესახებ. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ სისხლში ან მას ასმევენ პაციენტს.

მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა (მრტ/MRI). ამ გამოკვლევისას მიიღება საკმაოდ დეტალური სურათი, რომელიც განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა ექიმს ეჭვი მიაქვს გულმკერდის სისხლძარღვების დაზიანებაზე, მათ შორის აორტის ანევრიზმაზე. კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დროს არ გამოიყენება რადიოაქტიური ნივთიერება.

ულტრასონოგრაფია არის კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც მიღებული გამოსახულება წარმოიქმნება ორგანიზმში ბგერითი ტალღების არეკვლისას. აღნიშნული გამოკვლევა ხშირად გამოიყენება პლევრის ღრუში სითხის დასადგენად (პლევრის ღრუ არის სივრცე პლევრის ორ ფურცელს შორის, რომელთაგან ერთი ფარავს ფილტვებს, ხოლო მეორე – გულმკერდის შიგნითა კედელს). ულტრასონოგრაფიის გამოყენება ასევე შეიძლება თვალყურის სადევნებლად პლევრის პუნქციის დროს (პლევრის ღრუდან ნემსით სითხის გამოღება).

ფილტვების რადიოაქტიური სკანირება ძირითადად გამოიყენება ფილტვებში სისხლის შენადედების აღმოსაჩენად (ფილტვის არტერიის ემბოლია – პულმონური ემბოლია). ეს მეთოდი შესაძლოა აგრეთვე გამოიყენონ ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტის წინასაოპერაციო კვლევის დროს. ამ გამოკვლევისას გამოიყენება მცირე რაოდენობით ხანმოკლე მოქმედების რადიოაქტიური ნივთიერება, რათა ვიზუალურად აისახოს ფილტვებში სისხლისა და ჰაერის ნაკადები. როგორც წესი, გამოკვლევა ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე (ფილტვების პერფუზიული სკანირება) რადიოაქტიური ნივთიერება შეჰყავთ ვენაში, და სკანერი იღებს სურათს, სადაც აისახება, თუ როგორ ნაწილდება ეს ნივთიერება ფილტვების სისხლძარღვებში. თუ პერფუზიული სკანირების შედეგად გამოვლინდა დაზიანება, ამ შემთხვევაში სკანირების მეორე ეტაპის ჩატარება აუცილებელია (ფილტვების ვენტილაციური სკანირება). ამისათვის პაციენტმა უნდა ჩაისუნთქოს რადიოაქტიური აირი და სკანერი იწერს, თუ როგორ ხდება ჩასუნთქული აირის გადაადგილება ფილტვებში.

ფილტვის არტერიის ანგიოგრაფიის დროს (ასევე უწოდებენ ფილტვის არტერიის არტერიოგრაფიას) რენტგენოკონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ფილტვის არტერიაში და ამის შემდეგ, ჩვეულებრივი რენტგენის გამოყენებით ხდება ფილტვების გადაღება. ანგიოგრაფია ძირითადად გამოიყენება ფილტვის არტერიის ემბოლიაზე ეჭვის დროს, როდესაც ფილტვის სკანირება სავარაუდო დაზიანებას გამოავლენს. გამოკვლევის ეს მეთოდი ითვლება საუკეთესო საშუალებად პულმონური ემბოლიის დასადასტურებლად ან უარსაყოფად. ფილტვის არტერიის ანგიოგრაფია შესაძლოა თანდათან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფიით ჩანაცვლდეს. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია ნაკლებად ინვაზიურია, რადგან ამ პროცედურის დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერება მცირე კალიბრის პერიფერიულ ვენაში შეჰყავთ, ცენტრალური პულმონური არტერიის ნაცვლად.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული (პეტ/PET) სკანირების გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სავარაუდოა ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა. რადიოლოგიური კვლევის ეს მეთოდი ემყარება მალიგნიზებულ (ავთვისებიან) ქსოვილსა და კეთილთვისებიან ქსოვილს შორის განსხვავებულ მეტაბოლურ პროცესებს. გლუკოზის მოლეკულები უკავშირდება ნაერთებს, რაც ჩანს პეტ-ის საშუალებით. გლუკოზის მოლეკულები შეჰყავთ ინტრავენურად, შემდეგ ეს მოლეკულები გროვდება სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ქსოვილებში (მათ შორის, ავთვისებიანად გადაგვარებულ ლიმფურ კვანძებში), რაც ამ ქსოვილებს პეტ-ით სკანირებისას ხილვადს ხდის. კეთილთვისებიანი ზრდისას მოლეკულების დაგროვება არ ხდება იმ რაოდენობით, რომ სკანირებისას შესაძლებელი იყოს მათი დაფიქსირება.

თორაკოცენტეზი

თორაკოცენტეზის საშუალებით შესაძლებელია პლევრის ღრუში დაგროვილი სითხის გარეთ გამოშვება (მაგალითად, პლევრული გამონაჟონის არსებობისას). თორაკოცენტეზი კეთდება ორი ძირითადი მიზეზის გამო: დიაგნოსტიკური კვლევისათვის თხევადი მასალის (სითხის) მისაღებად და პაციენტისთვის ქოშინის შესამცირებლად, რომელიც გამოწვეულია პლევრის ღრუში დაგროვილი სითხის ფილტვის ქსოვილზე ზეწოლით.

პროცედურის დროს პაციენტი უნდა იჯდეს კომფორტულად, იგი წინგადახრილი ეყრდნობა ხელებს. გულმკერდის გვერდით ზედაპირზე კანის მცირე მიდამო სუფთავდება და კეთდება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. ამის შემდეგ ექიმს 2 ნეკნს შორის გულმკერდის ღრუში შეჰყავს ნემსი, მაგრამ არა ისე ღრმად, რომ ნემსმა დააზიანოს ფილტვი. ამის შემდეგ ექიმს შპრიცით გამოაქვს მცირე რაოდენობით სითხე. ზოგჯერ საჭირო ხდება ულტრასონოგრაფიული კვლევა, რათა ექიმმა წინასწარ ზუსტად განსაზღვროს, რომელ არეში ჯობს ნემსის შეყვანა. სითხის მიღების შემდეგ კეთდება შეგროვებული სითხის ანალიზი მისი ქიმიური შემადგენლობის, მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედების შემცველობის დასადგენად.

თუ პლევრის ღრუში დიდი რაოდენობით სითხეა დაგროვებული, შესაძლებელია საჭირო გახდეს სითხის ამოღება პლასტიკური კათეტერის საშუალებით და ამოღებული სითხის შენახვა სითხის შესანახ კონტეინერში, რომელიც უფრო დიდია მოცულობით, ვიდრე შპრიცი. ასევე შესაძლოა სითხის დრენირება რამდენიმე დღის განმავლობაში, რისთვისაც გრძელ მილს (გულმკერდის მილი ან დრენაჟის კათეტერი) ტოვებენ გულმკერდის ღრუში და სითხის ამოტუმბვა განუწყვეტლივ გრძელდება.

თორაკოცენტეზის ჩატარებისას და მას შემდეგ გართულებების რისკი მცირეა. ავადმყოფი შესაძლოა გრძნობდეს ყრუ ტკივილს ჩასუნთქვისას, როდესაც ფილტვი ივსება ჰაერით და იზრდება გულმკერდის კედლის წინააღმდეგობა, ან ხველის გაძლიერებულ სურვილს. ასევე, ადამიანი შესაძლოა ზერელედ, ზედაპირულად სუნთქავდეს. სხვა შესაძლო გართულებები მოიცავს პუნქციისას ფილტვის დაზიანებას და ჰაერის გადასვლას პლევრის ღრუში (პნევმოთორაქსი), სისხლდენას პლევრის ღრუში და გულმკერდის კედლიდან, გონების დაკარგვას, დაინფიცირებას, ნემსით ღვიძლისა და ელენთის დაზიანებას. კვირებისა და თვეების განმავლობაში დაგროვილი დიდი მოცულობის სითხის სწრაფად გამოღებისას სითხე შეიძლება თვით ფილტვის ქსოვილში დაგროვდეს (ფილტვის შეშუპება). იმისათვის, რომ დროულად იქნეს დადგენილი ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი გართულება, სასურველია პროცედურის დასრულების შემდეგ გულმკერდის რენტგენოგრაფიის ჩატარება.

პლევრის ან ფილტვის პუნქციური ბიოფსია

როდესაც თორაკოცენტეზის საშუალებით არ ხერხდება პლევრის გამონაჟონის (პლევრის ღრუში პლევრის ორ ფურცელს შორის სითხის დაგროვების) მიზეზის დადგენა, ექიმმა უნდა გააკეთოს პლევრის ბიოფსია. პირველად, თორაკოცენტეზის მსგავსად, კანი სუფთავდება და კეთდება ანესთეზია. შემდეგ გრძელი ნემსის საშუალებით ექიმი იღებს პლევრის ფურცლის ქსოვილის მცირე ნიმუშს და გზავნის მას ლაბორატორიაში, რათა დადგინდეს დაზიანების მიზეზი, მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნე ან ტუბერკულოზი. პუნქციური ბიოფსიის საშუალებით დაახლოებით 80-90%-ში ისმება ტუბერკულოზის ზუსტი დიაგნოზი, მაგრამ ეს პროცენტი ნაკლებია ავთვისებიანი სიმსივნისა და სხვა დაზიანებათა შემთხვევაში.

თუ ქსოვილის ნიმუშის აღება ფილტვის სიმსივნის არედან არის საჭირო, ექიმს შეუძლია პუნქციური ბიოფსიის გაკეთება. კანის ანესთეზიის შემდეგ ექიმი ყოველთვის იყენებს გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას დაზიანების ზუსტი ადგილის დასადგენად, შეჰყავს საბიოფსიო ნემსი სიმსივნის არეში და იღებს უჯრედებს ან ქსოვილის მცირე ნაწილს, რომელსაც შემდეგ ლაბორატორიაში გამოკვლევისათვის გზავნის. თუ კერძო შემთხვევაში არსებობს ეჭვი ფილტვის ინფექციური დაზიანების შესახებ, ბიოფსიის შედეგად მიღებული ქსოვილი იგზავნება დასათესად (ეს არის პროცედურა, როდესაც ქსოვილის ნიმუში თავსდება საკვებნიადაგიან კონტეინერში და შემდეგ ხდება საკვებ ნიადაგზე გაზრდილი ბაქტერიების კვლევა). პლევრისა და ფილტვის პუნქციური ბიოფსიის შემდგომი გართულებები ისეთივეა, რაც თორაკოცენტეზის შემთხვევაში.

ბრონქოსკოპია

ბრონქოსკოპია არის ხორხისა და სასუნთქი გზების პირდაპირი ვიზუალური გამოკვლევა ელასტიკური დასათვალიერებელი მილის – ბრონქოსკოპის საშუალებით. ბრონქოსკოპს ბოლოში აქვს განათება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, მთელ სიგრძეზე დაათვალიეროს ბრონქები.

ბრონქოსკოპის გამოყენება შეიძლება მაგალითად, ფილტვიდან სისხლდენისას დაზიანების ადგილის დასადგენად. თუ ექიმს ფილტვის სიმსივნის არსებობაზე აქვს ეჭვი, ბრონქოსკოპის საშუალებით შესაძლებელია სასუნთქი გზების დათვალიერება და გამოსაკვლევი ნიმუშის აღება ნებისმიერი ადგილიდან, რომელიც მიაგავს ავთვისებიანად გადაგვარებულს. ბრონქოსკოპიის გამოყენება ასევე შეიძლება პნევმონიის გამომწვევი ბაქტერიების გამოსაყოფად, როდესაც მათი იდენტიფიცირება და გამოყოფა ვერ ხერხდება გამოკვლევის სხვა საშუალებებით. ბრონქოსკოპია განსაკუთრებით ხელსაყრელია ფილტვის ქსოვილის ნიმუშის ასაღებად შიდსით დაავადებულ პირებში და სხვა იმუნოდეფიციტური სინდრომების დროს. დამწვრობისას ან იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანმა ჩაყლაპა კვამლი, ბრონქოსკოპიული კვლევა ეხმარება ექიმს, შეაფასოს ხორხისა და სასუნთქი გზების დამწვრობისა და კვამლით დაზიანების ხარისხი.

გარკვეული მდგომარეობების დროს ბრონქოსკოპია ექიმს მკურნალობაშიც ეხმარება. მაგალითად, ბრონქოსკოპის გამოყენება შეიძლება სასუნთქი გზებიდან სეკრეტის, სისხლის, ჩირქისა და უცხო სხეულების გამოსადევნად, ფილტვის გარკვეულ უბნებში წამლის შესაყვანად, აგრეთვე, ხელოვნური სუნთქვისას სასუნთქ გზებში ჰაერგამტარი მილის ჩადგმის დროს (ტრაქეის ინტუბაცია) მილისათვის სწორი მიმართულების მისაცემად.

ბრონქოსკოპიის ჩატარებამდე 4 საათით ადრე პაციენტმა არაფერი არ უნდა ჭამოს და დალიოს. გამოსაკვლევ პირს პროცედურის წინ დასამშვიდებლად ყოველთვის ასმევენ სედატიურ საშუალებებს. შეიძლება დაინიშნოს ატროპინიც, რომელიც შეამცირებს ხორხის სპაზმსა და აჩქარებულ გულისცემას, რაც გამოკვლევის დროს თავს იჩენს ხოლმე. ყელსა და ცხვირის ღრუში ასხურებენ საანესთეზიო საშუალებას და ამის შემდეგ ბრონქოსკოპი ცხვირის ღრუდან სასუნთქ გზებში შეჰყავთ.

ბრონქოალვეოლური ლავაჟი არის პროცედურა, რომელსაც ექიმები მიმართავენ მაშინ, როდესაც საჭიროა გამოსაკვლევი მასალის მიღება ისეთი უწვრილესი ბრონქიოლებისა და ალვეოლებისაგან, რაც არ ჩანს ბრონქოსკოპის საშუალებით. უწვრილეს ბრონქიოლში ბრონქოსკოპის შეყვანის შემდეგ ექიმი აპარატში ასხამს მარილიან წყალს (ფიზიოლოგიურ ხსნარს). ბრონქიოლებიდან უკან დაბრუნებისას სითხეს თან მოაქვს უჯრედები და ბაქტერიები. ამ მასალის მიკროსკოპით შესწავლა ექიმს ეხმარება ინფექციისა და სიმსივნის დიაგნოზის დაზუსტებაში. შესაძლებელია, მიღებული სითხე მოთავსდეს საკვები ნიადაგის შემცველ კონტეინერში (დაითესოს) და იქ დაყოვნდეს რამდენიმე დღით. ამ დროს აკვირდებიან, გაიზარდა თუ არა ნიადაგზე ბაქტერიები, რაც ინფექციური დაავადების გამოვლენის საუკეთესო გზაა.

ფილტვების ტრანსბრონქული ბიოფსიის საშუალებით შესაძლებელია ფილტვის ქსოვილის ნიმუშის აღება ბრონქოსკოპის პინცეტის საშუალებით. პინცეტი, რომელიც გადის ბრონქოსკოპის არხში, უწვრილესი ბრონქების გავლით აღწევს ფილტვის იმ ქსოვილამდე, საიდანაც საბიოფსიო მასალის აღებაა საჭირო. ექიმს შეუძლია ფლუოროსკოპის გამოყენება (ხელსაწყო, რომელშიც რენტგენის სხივების დახმარებით სხეულის შინაგან სტრუქტურებს ეკრანზე აჩვენებენ) ბიოფსიის ჩასატარებელი ადგილის ზუსტად განსაზღვრისათვის. მსგავსი კონტროლი ამცირებს ბიოფსიის დროს ფილტვის შემთხვევითი დაზიანებისა და პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვების რისკს (პნევმოთორაქსი). მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების ტრანსბრონქული ბიოფსიისას მაღალია გართულებების რისკი, ამ მეთოდით მიიღება მნიშვნელოვანი დამატებითი დიაგნოსტიკური ინფორმაცია და ამისათვის შესაძლოა ქირურგიული ჩარევა აღარ გახდეს საჭირო.

ტრანსბრონქული პუნქციური ასპირაცია კეთდება შედარებით იშვიათად. ამ პროცედურის დროს ბრონქოსკოპის საშუალებით ნემსი შეჰყავთ ბრონქის კედელში. მსხვილ სასუნთქ გზებში ნემსის შეყვანა შეიძლება პირდაპირი ვიზუალური კონტროლით, ხოლო წვრილი სასუნთქი გზების კედელში – რენტგენოლოგიური კონტროლის ქვეშ. ექიმს შეუძლია საეჭვო ლიმფური კვანძებიდან მიკროსკოპული გამოკვლევისათვის უჯრედების აღება.

ბრონქოსკოპიის შემდეგ გამოსაკვლევი პირი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ რჩება. ბიოფსიის შემდეგ საჭიროა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რათა გართულებები, მათ შორის სისხლდენა ან ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში (პნევმოთორაქსი), დროულად გამოვლინდეს.

თორაკოსკოპია

თორაკოსკოპია არის ფილტვების ზედაპირისა და პლევრის ღრუს ვიზუალური გამოკვლევა დასათვალიერებელი მილის – თორაკოსკოპის საშუალებით. ბიოფსიისათვის ფილტვის ქსოვილის საკვლევი ნიმუშის მოპოვების ყველაზე მეტად გავრცელებული საშუალება არის თორაკოსკოპია. ეს მეთოდი ასევე შესაძლოა გამოიყენონ პლევრის ღრუში სითხის დაგროვების (პლევრული გამონაჟონის) სამკურნალოდ.

პროცედურის ჩასატარებლად პაციენტს უკეთდება ზოგადი ანესთეზია. მის შემდეგ ქირურგი გულმკერდის კედელზე აკეთებს სამ მცირე ზომის განაკვეთს და თორაკოსკოპი პლევრის ღრუში შეჰყავს. ამ დროს პლევრის ღრუში შედის ჰაერიც, რაც იწვევს ფილტვის კოლაფსს. გარდა ამისა, თორაკოსკოპიის დროს შესაძლებელი ხდება ფილტვის ზედაპირისა და პლევრის დათვალიერება. ამ დროს ექიმს შეუძლია მასალის აღება მიკროსკოპული გამოკვლევისათვის და დასათესად. განსაზღვრულ შემთხვევებში ექიმს თორაკოსკოპის საშუალებით ასევე შეუძლია პლევრის ღრუში წამლის შეყვანა, რათა თავიდან იქნას აცილებული სითხის ხელახალი დაგროვება. გულმკერდის ღრუდან თორაკოსკოპის გამოღების შემდეგ, მასში დგამენ სპეციალურ გულმკერდის მილს, რათა პროცედურის დროს პლევრის ღრუში შესული ჰაერი ამოიტუმბოს, რაც შეჭმუხნილ ფილტვს გაშლის საშუალებას აძლევს.

თორაკოსკოპიის შემდგომი შესაძლო გართულებები პლევრის პუნქციური ბიოფსიის შემდგომი გართულებების ანალოგიურია. თუმცა, ეს პროცედურა უფრო ინვაზიურია, მას შემდეგ რჩება მცირე ზომის ჭრილობები და პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

მედიასტინოსკოპია

მედიასტინოსკოპია არის ფილტვებს შორის არსებული სივრცის (შუასაყრის, მედიასტინუმის) პირდაპირი ვიზუალური დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს, მედიასტინოსკოპის საშუალებით. შუასაყარში მდებარეობს გული, სასულე, საყლაპავი მილი, მკერდუკანა ჯირკვალი და ლიმფური კვანძები. მედიასტინოსკოპია, თითქმის ყოველთვის, გულმკერდის ღრუში ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გადიდების მიზეზის დასადგენად გამოიყენება. მას ასევე იყენებენ თორაკოტომიის გაკეთებამდე ფილტვის კიბოს გავრცელების სიღრმისა და მიდამოს შესაფასებლად.

მედიასტინოსკოპია ტარდება საოპერაციო ოთახში, გაუტკივარებისთვის გამოიყენება ზოგადი ნარკოზი. კეთდება მცირე ზომის ღრმა განაკვეთი უშუალოდ მკერდის ძვლის ზემოთ. ამის შემდეგ მედიასტინოსკოპი შეჰყავთ ტრაქეის წინ და უშვებენ ქვემოთ, გულმკერდის ღრუში. ექიმი ათვალიერებს შუასაყრის შიგთავსს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს მასალას დიაგნოსტიკური კვლევისათვის. მედიასტინოსკოპიის შემდგომი გართულებები იგივეა, რაც თორაკოცენტეზისა და პლევრის პუნქციური ბიოფსიისას.

თორაკოტომია

თორაკოტომია არის ოპერაცია, რომლის დროსაც ხსნიან გულმკერდის კედელს გულმკერდის ორგანოების დასათვალიერებლად. ასევე იღებენ ქსოვილოვან მასალას ლაბორატორიული გამოკვლევისათვის და მკურნალობენ გულის, ფილტვებისა და მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებებს.

თორაკოტომია დიდი ოპერაციაა, ამიტომ იგი უფრო იშვიათად გამოიყენება, ვიდრე სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები. თორაკოტომიას აკეთებენ მაშინ, როდესაც თორაკოცენტეზის, ბრონქოსკოპიის ან მედიასტინოსკოპიის შედეგად ვერ იღებენ სრულყოფილ ინფორმაციას. ამ გამოკვლევის შედეგად ფილტვის დაავადების დაახლოებით 90%-ში დგინდება სწორი დიაგნოზი, ვინაიდან უშუალოდ ჩანს დაზიანების ადგილი და შესაძლებელია ქსოვილის საკმაოდ დიდი ნიმუშის აღება გამოსაკვლევად. თორაკოტომიას იყენებენ ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჭიროა ავთვისებიანად გადაგვარებული ფილტვის ქსოვილის მოშორება. თორაკოტომიით ქირურგს ეძლევა საშუალება, დაინახოს და მოკვეთოს შეცვლილი ქსოვილი.

თორაკოტომია საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და ტარდება საოპერაციო ოთახში. განაკვეთი კეთდება გულმკერდის კედელზე. შესაძლებელია მიკროსკოპიული კვლევისათვის ფილტვის ქსოვილის საკვლევი მასალის მოპოვება. თუ აღნიშნულ მასალას იღებენ ორივე ფილტვიდან, საჭირო ხდება მკერდის ძვლის გაკვეთა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფილტვის სეგმენტის, წილის ან მთლიანად ფილტვის ამოღება.

გულმკერდის მილს დგამენ პლევრის ღრუში და ტოვებენ 24-48 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პაციენტი სტაციონარში რამდენიმე დღით რჩება. გართულებებიდან აღსანიშნავია დაინფიცირება, გახანგრძლივებული სისხლდენა ან ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში (პნევმოთორაქსი).

ასპირაცია

ასპირაცია გამოიყენება სასულესა და მსხვილი კალიბრის ბრონქებიდან სეკრეტისა და უჯრედების მისაღებად, აგრეთვე, მიკროსკოპიული კვლევისთვის საჭირო და დასათესი მასალის გამოსაყოფად, არაპროდუქტიული ხველის დროს სასუნთქი გზების დაგროვილი სეკრეტისაგან გასათავისუფლებლად.

გრძელი, ელასტიკური და პლასტიკური მილის ერთ ბოლოს უერთებენ ასპირატორის ტუმბოს, მილის მეორე ბოლოს ცხვირის ან პირის ღრუდან უშვებენ ტრაქეაში (სასულეში). როდესაც მილი სამუშაო მდგომარეობაშია, იწყება ასპირაციის პროცესი ხანგამოშვებით, 2-5 წამიანი პერიოდებით. იმ პირებში, რომელთაც ყელის არეში ჩადგმული აქვთ მილი, რომელიც ჩადის ტრაქეაში (ტრაქეოსტომა), ან მილი ჩადგმულია ცხვირში ან პირში, რომელიც ჩადის ტრაქეაში (ენდოტრაქეული მილი), ასპირატორის მილი თავსდება უშუალოდ იმ მილში, რომელიც ტრაქეაშია ჩადგმული. ზოგჯერ ტრაქეაში ჩადგმულ მილში მარილიანი წყლის შეშვება აიოლებს სეკრეტისა და უჯრედების ამოტუმბვას.