მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი | მკურნალი.გე
  1. მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი
  2. სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი

მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი არის სუნთქვის (ან ფილტვის) უკმარისობის ფორმა, გვხვდება მრავალი ისეთი დაავადების დროს, რომელთაც ახასიათებთ ფილტვების შეშუპება და სისხლში ჟანგბადის უკიდურესად დაბალი დონე.

  • მრდს-ით პაციენტებს აღენიშნებათ ქოშინი, სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა, კანის სიჭრელე ან მოლურჯო ფერი (ციანოზი), სხვადასხვა ორგანოების, მათ შორის გულის და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა;

  • დიაგნოსტიკა მოიცავს არტერიულ სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრას, გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას;

  • პაციენტები მკურნალობას გადიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მექანიკური ვენტილაცია;

  • პაციენტს მიეწოდება ჟანგბადი და ტარდება შესაბამისი მკურნალობა სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით.

მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (მრდს) არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა. იგი შეიძლება განვითარდეს პაციენტებში უკვე არსებული ფილტვის რომელიმე პათოლოგიის ფონზე ან მის გარეშე, მანამდე ჯანმრთელ პირებში. მას ასევე უწოდებენ მოზრდილთა რესპირატორულ დისტრეს-სინდრომს, თუმცა გვხვდება ბავშვებშიც. სინდრომის ნაკლებად მძიმე ფორმას ფილტვის მწვავე დაზიანება ეწოდება.

მიზეზები

ნებისმიერი დაავადება ან მდგომარება, რომელიც აზიანებს ფილტვის ქსოვილს, შეიძლება იყოს მრდს-ის განვითარების მიზეზი. შემთხვევების ნახევარზე მეტი მძიმე, გავრცელებული ინფექციის (სეფსისი) ან პნევმონიის ფონზე ვითარდება.

ალვეოლების და კაპილარების დაზიანების შედეგად სისხლი და სეკრეტი თავდაპირველად იკავებს ალვეოლათაშორის სივრცეს, შემდეგ კი უშუალოდ მის ღრუში გროვდება. მრავალი ალვეოლის კოლაფსი (მდგომარეობას ეწოდება ატელექტაზი) შესაძლოა ასევე სურფაქტანტის დეფიციტით იყოს გამოწვეული. სურფაქტანტი არის ნივთიერება, რომელიც შიგნიდან ამოფენს ალვეოლებს და ეწინააღმდეგება მათ შეჭმუხნას. სითხის დაგროვება ალვეოლებში ან მათი დიდი ნაწილის კოლაფსი აფერხებს ჩასუნთქული ჰაერის ნაკადიდან ჟანგბადის სისხლში გადასვლას, შედეგად მისი დონე მნიშვნელოვნად ქვეითდება, ასევე მცირდება ნახშირორჟანგის ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად გამოდევნის უნარიც, რის გამოც მისი კონცენტრაცია სისხლში უმნიშვნელოდ იცვლება.

სისხლში დაქვეითებულმა ჟანგბადის შემცველობამ, ფილტვების და ლეიკოციტების დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ციტოკინების ცირკულაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა არაერთი ორგანოს დაზიანება ან ერთდროულად რამდენიმე ორგანოს უკმარისობის ჩამოყალიბება (მდგომარეობას პოლიორგანული უკმარისობა ეწოდება). იგი შეიძლება განვითარდეს მრდს-ის დაწყებიდან დროის მოკლე მონაკვეთში ან დღეების და კვირების შემდეგ. გარდა ამისა, პაციენტები მრდს-ით მიეკუთვნებიან ბაქტერიული პნევმონიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს.

სიმპტომები

მრდს-ი, როგორც წესი, თავდაპირველი დაზიანებიდან ან გამომწვევი დაავადების დაწყებიდან 24-48 სთ-ის განმავლობაში ვითარდება, მაგრამ, შესაძლოა, მოგვიანებით 4-5 დღის შემდეგ გამოვლინდეს. პაციენტს აღენიშნება ქოშინი, გახშირებული და ზედაპირული სუნთქვა. ფილტვების აუსკულტაციით მოისმინება კრეპიტაცია ან მსტვინავი სუნთქვა. კანი ხდება ჭრელი, მოლურჯო ელფერის (ციანოზური), რაც სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით არის გამოწვეული. ირღვევა გულის და თავის ტვინის ფუნქციები – ვითარდება პულსის გახშირება, რიტმის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა და ძილიანობა.

დიაგნოსტიკა

არტერიულ სისხლში განისაზღვრება ჟანგბადის კონცენტრაცია. ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, რომელიც გამოავლენს ჰაერის ნაცვლად სითხის არსებობას ფილტვის ქსოვილში. შესაძლოა, საჭირო იყოს დამატებითი კვლევების ჩატარება იმის დასადგენად, არის თუ არა პრობლემის მიზეზი გულის უკმარისობა.

პროგნოზი

მძიმე ჰიპოქსემია დროული მკურნალობის გარეშე მრდს-ის მქონე პაციენტების 90%-ში ლეტალურად მთავრდება, თუმცა სწრაფად დაწყებული მკურნალობა შემთხვევათა 2/3-ში გადარჩენის საშუალებას იძლევა.

პაციენტები, რომლებშიც მკურნალობა დასაწყისშივე შედეგს იძლევა, როგორც წესი, სრულად გამოჯანმრთელდებიან, ხოლო ისინი, რომელთა მკურნალობა მოითხოვს ხანგრძლივად მართვით სუნთქვაზე ყოფნას, მიდრეკილნი არიან ფილტვის დანაწიბურებისაკენ, რომლის უკუგანვითარებას რამდენიმე თვეც კი სჭირდება. ვრცელი დაზიანება ფილტვის ფუნქციონირების დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს და ყოველდღიური საქმიანობის შეზღუდვა გამოიწვიოს. მისგან განსხვავებით მცირე ზომის ფიბროზი კლინიკურად მხოლოდ დატვირთვისას ვლინდება.

ბევრ პაციენტს მრდს-ით უვითარდება წონის მნიშვნელოვანი კლება. რეაბილიტაცია ჰოსპიტალში ამსუბუქებს მათ მდგომარეობას.

მკურნალობა

პაციენტები მრდს-ით მკურნალობას გადიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მკურნალობა ეფექტურია, როდესაც გათვალისწინებულია მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი (მაგალითად პნევმონია). ჟანგბადის მიწოდება არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩარევა, ტარდება ჰიპოქსემიის კორექციის მიზნით.

თუ ცხვირის კანულით ან სახის ნიღბით მიწოდებული ჟანგბადი არასაკმარისია, მისი დაბალი კონცენტრაციის საკორექციოდ საჭიროა ძალიან დიდი მოცულობით ინჰალაცია ანდა მიმართავენ მექანიკურ ვენტილაციას. როგორც წესი, აპარატი ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს მაღალი წნევით აწვდის ფილტვებს ტრაქეაში მოთავსებული მილის გავლით. ამოსუნთქვის დროს წნევა შედარებით ქვეითდება (ეწოდება დადებითი ამოსუნთქვის წნევა) და ალვეოლების შეჭმუხნას ეწინააღმდეგება.