სახსრები ერთ ან რამდენიმე ძვალს შორის არსებული კავშირებია. ზოგიერთი სახსარი ჩვეულებრივ უძრავია, ასეთია, მაგალითად, ქალის ძვლოვან ფირფიტებს შორის მოთავსებული სახსრები. სხვა სახსრებს კი მოძრაობის დიდი და რთული დიაპაზონი აქვს. სახსრის კონფიგურაცია განსაზღვრავს მოძრაობის შესაძლო მიმართულებასა და სიფართეს. მაგალითად, მხრის სახსარი, რომელსაც ბურთისა და ფოსოს კონსტრუქცია აქვთ, ხელის შიგნით და გარეთ როტაციის, ასევე წინ, უკან, გვერდით მოძრაობის საშუალებას იძლევა. მუხლის, მტევნისა და ტერფის თითების სახსრებში მხოლოდ მოხრა (ფლექსია) და გაშლაა (ექსტენზია) შესაძლებელი.
სახსარში შემავალი კომპონენტები უზრუნველყოფს მის სტაბილურობას და ამცირებს მუდმივად მოძრაობაში ყოფნით გამოწვეული დაზიანების რისკს. ძვლის დაბოლოება დაფარულია ხრტილით – გლუვი, გამძლე, ელასტიკური და დამცველობითი უნარის მქონე ქსოვილით, რომელიც კოლაგენის, წყლის და პროტეოგლიკანებისაგან შედგება და ამცირებს ხახუნის ძალას მოძრაობისას (კოლაგენი მტკიცე ფიბროზული ქსოვილია; პროტეოგლიკანები სწორედ ის ნივთიერებებია, რომლებიც ხრტილს ელასტიკურობას ანიჭებს). სახსრები ამოფენილია გარსით (სინოვიური ქსოვილი), რომელიც მათთან ერთად ქმნის სასახსრე კაფსულას. სინოვიური ქსოვილის უჯრედები წარმოქმნის მცირე რაოდენობით სუფთა სითხეს (სინოვიური სითხე), რომელიც კვებავს ხრტილს და ხახუნის ძალის შემცირების გზით აადვილებს მოძრაობას.