როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებს შორის, 30 წლის ასაკიდან ძვლების სიმკვრივე თანდათან მცირდება. ძვლის სიმკვრივის შემცირება უფრო ინტენსიური ქალებში მენოპაუზის შემდეგ ხდება. შედეგად, ძვლები ხდება უფრო მყიფე და მიდრეკილი დაზიანებისადმი/მოტეხილობებისადმი, განსაკუთრებით ასაკოვან პირებში.
ასაკთან ერთად, ხრტილსა და შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე ცვლილებების გამო, ზიანდება სახსრებიც. სასახსრე ხრტილი თანდათან თხელდება და იცვლება მისი კომპონენტები (პროტეოგლიკანები), რის გამოც სახსრები ნაკლებად ელასტიკური და დაზიანებისადმი მიდრეკილი ხდება. ასეთ დროს სასახსრე ზედაპირები ისე ადვილად ვეღარ სრიალებს, როგორც ადრე. აღნიშნული პროცესი იწვევს ოსტეოართრიტს. ამასთან, იოგებისა და მყესების შემაერთებელი ქსოვილი უფრო რიგიდული და მყიფე ხდება, რის გამოც სახსრები ნაკლებად მოქნილია. აღნიშნული ცვლილებები სახსრების მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვას იწვევს.
კუნთოვანი მასის შემცირება (სარკოპენია) 30 წლის ასაკიდან იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. კუნთოვანი ქსოვილი მცირდება – თანდათან იკლებს კუნთოვანი ბოჭკოების ზომა და რაოდენობა. სარკოპენიის შედეგად მცირდება კუნთოვანი მასა და თანდათან იკლებს კუნთის ძალა. კუნთოვანი ძალის უმნიშვნელო დაქვეითებაც კი იწვევს დატვირთვის გაზრდას ზოგიერთ სახსარში (მაგალითად, მუხლებში), რაც ხელს უწყობს ართრიტის განვითარებას და შედეგად, ადამიანი შეიძლება ადვილად დაეცეს. საბედნიეროდ, კუნთოვანი მასის და ძალის კლება ნაწილობრივ შეიძლება დავძლიოთ ან შევაფერხოთ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით. ასაკთან ერთად იცვლება კუნთოვანი ბოჭკოების სახეობაც. კუნთოვანი ბოჭკოების რაოდენობა, რომლებიც სწრაფად იკუმშება, უფრო მეტად მცირდება, ვიდრე ნელა კუმშვადი. შედეგად, ხანდაზმულ ასაკში კუნთები ისე სწრაფად ვეღარ იკუმშება.