ადამიანის სხეული რთული, ნატიფად ორგანიზებული სტრუქტურაა, რომელიც შედგება განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უჯრედებისგან. მათი ერთობლივი მოქმედება სიცოცხლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ადამიანის სხეულის ბიოლოგია გულისხმობს მის სტრუქტურას (ანატომია) და ფუნქციას (ფიზიოლოგია). ფიზიოლოგია დაწვრილებით არის განხილული წიგნის ყოველი თავის პირველ ქვეთავში.
სხეულის ანატომია სხვადასხვა დონით არის წარმოდგენილი – უჯრედების უმცირესი ნაწილებიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი ორგანოებით დამთავრებული, აგრეთვე, ამ უკანასკნელთა კავშირით სხვა ორგანოებთან. მაკროსკოპიული ანატომია ორგანოებს სწავლობს შეუიარაღებელი თვალით – გვამის გაკვეთისას. ცელულარული ანატომია შეისწავლის უჯრედებს და მათ შემადგენელ ნაწილებს სპეციალური ტექნიკური საშუალებების, მაგალითად, მიკროსკოპის, გამოყენებით. მოლეკულური ანატომიის (ხშირად მოიხსენიება მოლეკულურ ბიოლოგიად) მიზანია უჯრედების უმცირესი ნაწილების შესწავლა ბიოქიმიის დონეზე.
ანატომია და ფიზიოლოგია მნიშვნელოვნად იცვლება განაყოფიერების მომენტიდან დაბადებამდე. დაბადების შემდეგ ანატომიური და ფიზიოლოგიური ცვლილებების სისწრაფე იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდია. ზოგიერთი ანატომიური ცვლილება აღმოცენდება გვიანი მოწიფულობის პერიოდში, თუმცა, დაბერებას, უპირატესად განაპირობებს ფიზიოლოგიური ცვლილებები სხეულის უჯრედებსა და ორგანოებში.