ძვალში არსებული მრავალი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი შეიძლება ჰგავდეს ძვლის სიმსივნეს.
ერთკამერიანი კისტა: ბავშვებშიერთკამერიანი კისტები იმ არეებთან ახლოს ვითარდება, საიდანაც ძვალი იზრდება (ზრდის ზონები). კისტა ძვლის მიმდებარე უბნის გათხელებას იწვევს, რაც მოტეხილობის მიზეზი შეიძლება გახდეს. მოტეხილობის აღდგენის შემდეგ კისტა ზოგჯერ ქრება. უფრო ხშირად, მკურნალობა ტარდება კორტიკოსტეროიდის ინექციით, ძვლის სპეციალური საგოზავით დამუშავებით ან ძვლის სინთეზური შემცვლელებით. 5 სმ-ზე მეტი სიგრძის ან სიგანის კისტების არსებობისას, განსაკუთრებით ბავშვებში, შიგთავსის მოსაცილებლად შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. კისტის მოფხეკას (კიურეტაჟი) ატარებენ სპეციალური კოვზისებური ინსტრუმენტით და შემდგომ ძვალს გადანერგავენ სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში (ძვლის იმპლანტი). თუმცა შემთხვევათა უმეტესობაში კისტები ინექციურ მკურნალობას უკეთ ემორჩილება, ვიდრე ინვაზიურ ჩარევას. მკურნალობის მიუხედავად, შემთხვევათა 10-15%-ში კისტები რჩება ან ხელახლა ვითარდება.
ფიბროზული დისპლაზია: ფიბროზული დისპლაზია ბავშვობიდან ძვლის არასწორ განვითარებას გულისხმობს. ამ პათოლოგიური პროცესის დროს ერთი ან რამდენიმე ძვალი ზიანდება. შეიძლება გამოვლინდეს ყავისფერი ლაქები ან ნაადრევი მომწიფების ნიშნები; მას ოლბრაიტის სინდრომსაც უწოდებენ. ძვლების პათოლოგიური ზრდა წყდება პუბერტული პერიოდისთვის. მდგომარეობა იშვიათად ხდება ავთვისებიანი. ტკივილს ამცირებს კალციტონინის ინექციები ან ინტრავენურად დანიშნული ბისფოსფონატები. ქირურგიული პროცედურებით კორეგირდება დეფორმაციები, მოტეხილობები, რომლებიც იმობილიზაციით არ აღდგება ან ტკივილი, რომელიც სხვა საშუალებების გამოყენებით არ შემცირდა.
ძვლის ანევრიზმული კისტა: ძვლის ანევრიზმული კისტა 25 წლის ასაკამდე ვითარდება და მისი მიზეზი უცნობია. კისტები, ჩვეულებრივ, გრძელი ძვლების (მხარი და ბარძაყის ძვალი) გარეთა დაბოლოებასთან ვითარდება, თუმცა თითქმის ყველა ძვალი შეიძლება დაზიანდეს. კისტები ნელა ზრდადია. მათ ირგვლივ ახალი ძვლოვანი გარსი ყალიბდება და საწყის ძვალთან შედარებით, იგი უფრო ფართოა. ხშირია ტკივილი და შეშუპება. კისტა შეიძლება რამდენიმე კვირიდან წლამდე არსებობდეს დიაგნოზის დასმამდე.
ყველაზე წარმატებული მკურნალობაა ქირურგიული ჩარევა, თუმცა არასრულად მოცილების შემთხვევაში შესაძლებელია კისტის ხელახლა განვითარება. შეძლებისდაგვარად, თავიდან უნდა იქნეს აცილებული დასხივება, რადგან, იშვიათად, მოგვიანებით შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. ისიც უნდა ითქვას, რომ დასხივება არჩევითი მკურნალობაა, იმ შემთხვევაში, როდესაც ქირურგიული ჩარევა ვერ ტარდება ან კისტა ზურგის ტვინის კომპრესიას ახდენს.