სიმსივნეები იშვიათად აზიანებს სახსრებს, თუ ისინი ძვლის ან რბილი ქსოვილის სიმსივნის მიმდებარედ არაა. ორი ძირითადი დაავადება – სინოვიური ქონდრომატოზი და პიგმენტური ბუსუსოვან-კვანძოვანი სინოვიტი – ვითარდება სახსრების სინოვიური გარსიდან. აღნიშნული სიმსივნეები კეთილთვისებიანია, თუმცა აგრესიული. ორივე მათგანი, ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე სახსარს აზიანებს, უფრო ხშირად, მუხლის და შემდეგ – ბარძაყის და ტკივილსა და სითხის დაგროვებას იწვევს. ორივე შემთხვევაში მკურნალობა ქირურგიულია და დაზიანებული სინოვიური გარსის მოცილებას (სინოვექტომია) გულისხმობს.
სინოვიური ქონდრომატოზი: სინოვიური ქონდრომატოზის (ძველად სინოვიური ოსტეოქონდრომატოზი ეწოდებოდა) დროს სახსრის ამომფენი უჯრედები ხრტილის წარმომქმნელ უჯრედებად გარდაიქმნება. აღნიშნული უჯრედები ხრტილის გროვებს წარმოქმნის, რომელიც შემდგომ სახსრის ირგვლივ სივრცეში იჭრება, წარმოქმნის თავისუფალ სხეულებს, რომლებიც ბრინჯის მარცვლის ზომისაა და ტკივილსა და შეშუპებას იწვევენ. მდგომარეობა იშვიათად ხდება ავთვისებიანი. ხელახლა განვითარება ხშირია.
პიგმენტური ბუსუსოვან-კვანძოვანი სინოვიტი: პიგმენტური ბუსუსოვან-კვანძოვანი სინოვიტი იწვევს სახსრის სინოვიური გარსის შეშუპებას და ზრდას. აღნიშნული ზრდა იწვევს ხრტილის და სახსარში შემავალი ძვლების დაზიანებას. ამავე დროს, სინოვიური გარსი წარმოქმნის სითხის ჭარბ რაოდენობას, რომელიც ტკივილსა და შეშუპებას განაპირობებს. ხშირად, პროცესის შედეგად, სახსარში სისხლიანი სითხე გროვდება. ძირითადად ერთი სახსარი ზიანდება და განმეორების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სახსრის პროთეზირება. იშვიათად, სინოვექტომიის შემდგომ სხივური თერაპია ტარდება.