ოსტეოართრიტი | მკურნალი.გე
  1. ოსტეოართრიტი
  2. სახსრების დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტი ქრონიკული დაავადებაა (ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც დეგენერაციული ართრიტი, სახსრების დეგენერაციული დაავადება, ოსტეოართროზი ან ჰიპერტროფიული ოსტეოართრიტი), რომელსაც თან ახლავს ხრტილის და ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანება და ხასიათდება ტკივილით, შებოჭილობით და ფუნქციის დაკარგვით.

  • სასახსრე ხრტილის და ირგვლივი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეული ართრიტი ხშირდება ასაკის მატებასთან ერთად;

  • ხშირია ტკივილი, შეშუპება და ძვლოვანი ქსოვილის ჭარბი ზრდა, ისევე, როგორც დილის ან ხანგრძლივად უმოძრაობის შემდგომი შებოჭილობა, რომელიც გააქტიურების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში გაივლის;

  • დიაგნოზი სიმპტომებსა და რენტგენოგრაფიულ მონაცემებს ეფუძნება;

  • მკურნალობა მოიცავს ვარჯიშს და სხვა ფიზიკურ ღონისძიებებს, მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს ფუნქციას, მძიმე შემთხვევებში კი – სახსრის პროთეზირებას ან სხვა სახის ქირურგიულ ჩარევას.

ოსტეოართრიტი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ხშირად 40-50 წლიდან იწყება და 80 წლის ასაკისთვის, სხვადასხვა ხარისხით გამოხატულ დაზიანებას იწვევს თითქმის ყველა ადამიანში. 40 წლის ასაკამდე ოსტეოართრიტის განვითარება მამაკაცებს შორის უფრო ხშირია ქალებთან შედარებით, რაც ტრავმებითაა განპირობებული. 40-დან 70 წლამდე ასაკში მატულობს ქალებს შორის, ხოლო 70 წლის შემდეგ თანაბრად გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში.

მიზეზები

ჩვეულებრივ, სახსრებში მოძრაობისას, ხახუნის დონე იმდენად დაბალია, რომ სახსარი წლების მანძილზე დაცულია ცვეთისაგან. ოსტეოართრიტი, ძირითადად, ქსოვილის დაზიანებითაა გამოწვეული. დაზიანებული სახსრის აღსადგენად, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება გროვდება სახსარში და ზრდის ხრტილის ისეთი კომპონენტების პროდუქციას, როგორიცაა კოლაგენი (შემაერთებელი ქსოვილის მტკიცე ფიბროზული პროტეინი) და პროტეოგლიკანები (ნივთიერება, რომელიც ელასტიკურობას ანიჭებს ხრტილს). სითხის შეკავების გამო ხრტილი ჯირჯვდება, რბილდება და ზედაპირზე ბზარები უჩნდება. მცირე ზომის ნაჭდევები წარმოიქმნება ხრტილის ქვეშ – ძვალში, რაც მის დასუსტებას განაპირობებს. დაზიანებული კერის აღდგენისას ხრტილის, ძვლის და სხვა ქსოვილების ახალწარმონაქმნები ვითარდება. ძვლოვანი ქსოვილი ჭარბად იზრდება სახსრების კიდეებთან და წანაზარდები (ოსტეოფიტები) წარმოიქმნება, რომელთა დანახვა და შეგრძნება ზოგჯერ შესაძლებელია. საბოლოოდ, ხრტილის გლუვი, სრიალა ზედაპირი უხეში და უსწორმასწორო, ხოლო სახსარში მოძრაობა მტკივნეული ხდება. სხვადასხვა გზით ზიანდება სახსრის ყველა კომპონენტი – ძვლები, სასახსრე კაფსულა (ქსოვილები, რომლებიც გარს აკრავს სახსრების უმეტესობას), სინოვიური ქსოვილი (სახსრის ღრუს ამომფენი ქსოვილი), მყესები, იოგები და ხრტილი – რაც საბოლოო ჯამში სახსრის ფუნქციის დარღვევას იწვევს.

ოსტეოართრიტის კლასიფიკაციისას გამოყოფენ მის პირველად (ანუ იდიოპათიურ) ფორმას, როდესაც გამომწვევი მიზეზი უცნობია (შემთხვევათა უმრავლესობაში) და მეორეულს, როდესაც მიზეზი სხვა დაავადება ან მდგომარეობაა, როგორიცაა ინფექცია, დეფორმაცია, ტრავმა, სახსრის პათოლოგიური მოძრაობა, მეტაბოლური დარღვევები (მაგალითად, რკინის სიჭარბე ორგანიზმში (ჰემოქრომატოზი) ან სპილენძის სიჭარბე ღვიძლში (ვილსონის დაავადება)), ან დაავადებები, რომლებიც იწვევს ხრტილის დაზიანებას (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან პოდაგრა). განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან პირები, რომელთაც ერთი სახსრის ან სახსრების ჯგუფის განმეორებითი დატვირთვა უხდებათ. ასეთები არიან: ფოლადის ქარხნის მუშები, ფერმერები, ქვანახშირის მაღაროს მუშები, ავტობუსის მძღოლები. მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის გამომწვევი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ისეთი პროფესია, რომელიც მუხლის სახსრის მოხრას საჭიროებს ხანგრძლივად. უცნაურია, მაგრამ გრძელ დისტანციაზე სირბილი არ ზრდის დაავადების განვითარების რისკს. თუმცა ოსტეოართრიტის განვითარების შემდეგ, სპორტის აღნიშნული სახეობა ხშირად აუარესებს დაავადებას. სიმსუქნე ოსტეოართრიტის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, განსაკუთრებით – მუხლის სახსარში და უპირატესად – ქალებში.

სიმპტომები

სიმპტომები, როგორც წესი, თანდათან ვითარდება და დასაწყისში ერთ ან რამდენიმე სახსარს აზიანებს. ძირითადად ზიანდება ფალანგთაშორისი სახსრები, ცერა თითის ფუძე, კისერი, წელი, ტერფის დიდი თითი, ბარძაყი და მუხლი. პირველი სიმპტომია სიღრმიდან მომავალი ტკივილი და როდესაც ის სახსრებია დაზიანებული, რომლებიც სხეულის მასით მეტად იტვირთება, ჩვეულებრივ, ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად (როგორიცაა ხანგრძლივად დგომა) ტკივილი უარესდება, ძილის ან ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ სახსარი თითქოს შებოჭილია, თუმცა აღნიშნული შებოჭილობა, როგორც წესი, გაივლის 30 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით სახსრის ამოძრავების შემდეგ.

დაავადების სიმპტომების მეტად გამოვლენის შემდეგ, სახსარი ნაკლებად მოძრავი ხდება და საბოლოოდ სრული სიფართით გაშლა ან მოხრა შეუძლებელი ხდება. ხრტილოვანი ქსოვილის, ძვლის და სხვა ქსოვილების ჭარბად ზრდა სახსრის ზომაში მატებას განაპირობებს. ხრტილის არასწორი ზედაპირები სახსარში მოძრაობისას ეხახუნება ერთმანეთს და ჭრიალის ან ჭრაჭუნის ხმიანობას გამოსცემს. ძვლოვანი წანაზარდები ფალანგების დაბოლოებასთან ახლოს (ჰებერდენის კვანძები) ან ფალანგების შუა სახსრებში (ბუშარის კვანძები) ვითარდება.

ზოგიერთ სახსარში (როგორიცაა მუხლი), იოგები, რომლებიც გარს აკრავს და ამაგრებს მას, ზედმეტად იჭიმება, რაც სახსრის არასტაბილურობას განაპირობებს. ბარძაყი ან მუხლი დაჭიმული ხდება და მოძრაობის დიაპაზონი მცირდება. შეხება ან სახსარში მოძრაობა (განსაკუთრებით დგომის, კიბეზე ასვლის ან სიარულის დროს) საკმაოდ მტკივნეული ხდება.

ოსტეოართრიტი ხშირად ხერხემალსაც აზიანებს. ყველაზე ხშირი სიმპტომია წელის ტკივილი. ხერხემლის დაზიანებული დისკები ან სახსრები, ჩვეულებრივ, მსუბუქ ტკივილსა და დაჭიმულობას იწვევს. კისრის ან წელის მიდამოს ოსტეოართრიტისას, თუ ძვლოვანი წანაზარდი ნერვზე ზეწოლას მოახდენს, შეიძლება ხელის ან ფეხის დაბუჟება, ტკივილი და სისუსტე განვითარდეს. ხერხემლის არხში, წელის დონეზე არსებული ძვლოვანი წანაზარდი, არხიდან გამოსვლამდე ნერვზე ზეწოლის გამო (წელის დონეზე სპინალური სტენოზი) შესაძლოა სიარულის დროს ფეხის ტკივილის მიზეზი გახდეს, რამაც კიდურში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გვაფიქრებინოს (გარდამავალი კოჭლობა). იშვიათად, ძვლოვანი წანაზარდები აწვებინ საყლაპავს და იწვევენ ყლაპვის გაძნელებას.

ზოგჯერ ოსტეოართრიტი წლების მანძილზე სტაბილურად მიმდინარეობს ან ძალიან სწრაფად პროგრესირებს, თუმცა უფრო ხშირად, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ნელა მიიწევს წინ. მრავალ ადამიანს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვა უვითარდება.

დიაგნოზი

ექიმი დიაგნოზს სვამს დამახასიათებელი სიმპტომების, ფიზიკური გასინჯვის და სახსრის რენტგენოლოგიური სურათის (როგორიცაა ძვლის გადიდება და სასახსრე სივრცის დავიწროება) მიხედვით. 40 წლის ასაკისათვის, მრავალ ადამიანს აქვს ოსტეოართრიტისათვის დამახასიათებელი ცვლილებები, განსაკუთრებით, იმ სახსრებში, რომლებიც წონით მეტად იტვირთება, ასეთია მუხლისა და ბარძაყის სახსრები, თუმცა სიმპტომები ამ ასაკის პაციენტთა მხოლოდ ნახევარს აღენიშნება. რენტგენოგრაფია ოსტეოართრიტის ნაადრევად დიაგნოსტირებისათვის ნაკლებად გამოსადეგია, რადგან ხრტილში არსებულ ცვლილებებს იგი ვერ გამოავლენს, არადა, სწორედ ეს ცვლილებებია დაავადების ყველაზე ადრეული ნიშანი. ასევე, რენტგენოლოგიური კვლევით მიღებული შედეგები ხშირად არ შეესაბამება დაავადების სიმპტომებს. მაგალითად, რენტგენოგრაფიაზე შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მინიმალური ცვლილებები, მაშინ როდესაც პაციენტს მძიმე სიმპტომები აქვს გამოხატული ან პირიქით, რენტგენოგრაფიამ შეიძლება აჩვენოს მრავალრიცხოვანი ცვლილება იმის მიუხედავად, რომ დაავადებულს არანაირი ჩივილები არ აქვს.

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ადრეულად ავლენს ხრტილში მიმდინარე ცვლილებებს, თუმცა დიაგნოსტიკისათვის იშვიათად მიმართავენ. ასევე შეზღუდულია მისი გამოყენება დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, რუტინულ შემთხვევებში. არ არსებობს ოსტეოართრიტის სადიაგნოზო სისხლის ტესტები, თუმცა ისინი გვეხმარება სხვა დაავადებების გამორიცხვაში (მაგალითად, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი). თუ სახსარი შეშუპებულია, ადგილობრივი გაუტკივარებით ჩხვლეტენ მას სითხის ამოღების მიზნით. მიღებული სითხის ანალიზის დახმარებით ხდება ოსტეოართრიტის დიფერენცირება სხვა ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა ინფექცია და პოდაგრა.

მკურნალობა

სათანადო ფიზიკური ვარჯიში, რომელიც მოიცავს დაჭიმვას, გამაგრებას და პოსტურულ ვარჯიშებს – ხელს უწყობს ჯანმრთელი ხრტილის შენარჩუნებას, სახსრის მოძრაობის დიაპაზონის გაზრდას და ირგვლივმდებარე კუნთების განმტკიცებას, რის შედეგადაც კუნთები უკეთ უძლებს დატვირთვას. ზოგჯერ ფიზიკური ვარჯიშით შესაძლებელია ბარძაყისა და მუხლის ოსტეოართრიტის არა მარტო შეჩერება, არამედ უკუგანვითარებაც კი. დაჭიმვითი სავარჯიშოების შესრულება ყოველდღიურადაა საჭირო. ვარჯიში ბალანსირებული უნდა იყოს მტკივნეული სახსრის პერიოდულ დასვენებასთან, თუმცა სახსრის იმობილიზაცია, შემსუბუქების ნაცვლად, მდგომარეობას უფრო გააუარესებს. ზედმეტად რბილი სკამების, დივნების, მატრასების და ავტომანქანის სავარძლების გამოყენებამ შეიძლება სიმპტომების გაუარესება გამოიწვიოს. რეკომენდებულია მანქანის წინ გადმოხრილი სავარძლების, სწორსაზურგიანი, მაღალი სკამების (როგორიცაა სამზარეულოს ან სასადილოს სკამები), მაგარი მატრასების და ფიცარნაგების გამოყენება, კარგად მორგებული და ათლეტური ფეხსაცმლის ტარება.

ხერხემლის ოსტეოართრიტის დროს, ზოგჯერ მდგომარეობის შემსუბუქებას იწვევს სპეციფიკური სავარჯიშოები, ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შეიძლება ზურგის ქამრების ან კორსეტების გამოყენება. ვარჯიში უნდა მოიცავდეს, როგორც კუნთების გამაძლიერებელ, ასევე დაბალი ინტენსივობის აერობიკულ სავარჯიშოებს (ასეთია სეირნობა, ცურვა და ველოსიპედით სიარული). თუ შესაძლებელია, უმჯობესია ჩვეული ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის შენარჩუნება, უნდა გაგრძელდეს ისეთი აქტივობები, როგორიცაა ჰობი და სამუშაო. თუმცა ფიზიკური აქტივობები იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ თავიდან იქნას აცილებული მოხრა და შედეგად ოსტეოართრიტული ტკივილის გაძლიერება.

სასარგებლოა ფიზიკური მეთოდებით მკურნალობა, სითბური თერაპიის სახით, ასევე – გარკვეული დიაპაზონის მოძრაობების შესრულება თბილ წყალში, ვინაიდან სითბოს გავლენით მცირდება დაჭიმულობა, სპაზმი და უმჯობესდება კუნთების ფუნქცია. ასევე შესაძლებელია ცივი კომპრესის გამოყენება ტკივილის შესამცირებლად ერთ სახსარში, მდგომარეობის დროებითი გაუარესების შემთხვევაში. არტაშანი ან დამხმარე საშუალებები (როგორიცაა ხელჯოხი, ყავარჯენი, კორსეტი ან სულაც ორთოპედიული სამარჯვი) იცავს გარკვეულ სახსრებს მტკივნეული მოძრაობების დროს. ფეხსაცმლის დანამატები (ორთოპედიული) ამცირებს სიარულის დროს წარმოქმნილ ტკივილს. შეიძლება სასარგებლო იყოს სათანადოდ განსწავლული მკურნალის მიერ ჩატარებული მასაჟი და ღრმა სითბური მკურნალობა დიათერმიით ან ულტრაბგერით.

მედიკამენტები ვარჯიშისა და ფიზიოთერაპიის დანამატის სახით გამოიყენება. კომბინირებულად ან დამოუკიდებლად დანიშნული მედიკაკამენტები უშუალოდ გავლენას არ ახდენს ოსტეტეოართრიტის მიმდინარეობაზე. ისინი ინიშნება სიმპტომების შესამცირებლად და აადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას. მარტივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა აცეტამინოფენი, შესაძლოა საკმარისი იყოს მსუბუქი ან საშუალო სიძლიერის ტკივილის დროს. ალტერნატივის სახით, ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად მიიღება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები). აასს-ები ამცირებენ სახსრების ტკივილს და მათში მიმდინარე ანთებით პროცესს. თუმცა, ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, პარაცეტამოლთან შედარებით, სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ზოგჯერ საჭირო ხდება ტკივილის შესამსუბუქებელი სხვა საშუალებების გამოყენება. მაგალითად, წიწაკის კომპონენტებისაგან მომზადებული კრემი, რომლის აქტიური ნივთიერება არის კაპსაიცინი – მისი წასმა შესაძლებელია კანზე სახსრის მიდამოში.

მიორელაქსანტები (ჩვეულებრივ, დაბალი დოზებით) ამცირებენ ოსტეოართრიტით დაზიანებული სახსრის კუნთების გადაძაბვით გამოწვეულ ტკივილს. თუმცა ასაკოვან პაციენტებში გამოყენებისას მათ უფრო მეტი გვერდითი ეფექტის გამოწვევა შეუძლიათ, ვიდრე სარგებლის მოტანა.

სახსრის ანთებითი პროცესის, შეშუპების და ტკივილის უეცრად განვითარების შემთხვევაში, საჭიროა სასახსრე სითხის ამოღება და კორტიზონის სპეციალური ფორმის ინექცია. ამგვარი მკურნალობა მხოლოდ დროებით ამსუბუქებს მდგომარეობას და ხშირად არ უნდა იქნეს გამოყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია სახსრის დაზიანება გამოიწვიოს. ცალკეულ შემთხვევებში, ჰიალურონატის (სინოვიური სითხის მსგავსი შემადგენლობის მქონე ხსნარის) 3-5 სახსარშიდა ინექცია, თითო კვირიანი ინტერვალებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს ხანგრძლივი დროის მანძილზე (ერთ წლამდე).

რამდენიმე საკვებ დანამატზე (როგორიცაა გლუკოზამინის სულფატი და ქონდროიტინ სულფატი) ჩატარდა კვლევა, ეფექტის შესაფასებლად. დღესდღეობით, მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა და გლუკოზამინის სულფატისა და ქონდროიტინ სულფატის პოტენციური სარგებელი ბოლომდე ნათელი არაა. კიდევ უფრო ნაკლები მტკიცებულებაა სხვა საკვები დანამატების ეფექტურობის თაობაზე.

ქირურგიული მკურნალობის საკითხი ისმება მაშინ, როდესაც ყველა სხვა მეთოდი არაეფექტური აღმოჩნდება ტკივილის შემცირების ან ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით. შესაძლებელია ზოგიერთი სახსრის, უხშირესად ბარძაყის და მუხლის (იხ. ნახატი გვ. 620) სახსრების, შეცვლა ხელოვნურით. ჩვეულებრივ, ძალიან წარმატებულია სახსრის პროთეზირების ოპერაცია და თითქმის ყოველთვის აუმჯობესებს მოძრაობას და ფუნქციას და მკვეთრად ამცირებს ტკივილს. აქედან გამომდინარე, როდესაც ტკივილის მართვა ვეღარ ხერხდება ან ფუნქცია შეიზღუდება, უნდა დაისვას ქირურგიული ჩარევის საკითხი. ვინაიდან ხელოვნური სახსარი სამუდამო არაა, ახალგაზრდებში ოპერაციას აყოვნებენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რითაც მცირდება განმეორებითი პროთეზირების საჭიროება.

ახალგაზრდებში ოსტეოართრიტის დროს (რომელიც უხშირესად ტრავმით არის გამოწვეული) ხრტილის მცირე დეფექტების სამკურნალოდ იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც აღადგენს ხრტილის უჯრედებს. თუმცა ასეთი მეთოდების ეფექტიანობა დამტკიცებული არაა ხრტილის დიდი ზომის დეფექტების არსებობის შემთხვევაში, როგორც ეს ხშირად ასაკოვან პირებს შორის აღინიშნება.