შარკოს სახსარი (ნეიროგენული ართროპათია, ნეიროპათიული ართროპათია), სახსრის პროგრესირებადი დესტრუქციაა, ზოგჯერ, ძალიან სწრაფად ვითარდება იმის გამო, რომ ტკივილის შეგრძნება დაკარგულია და დაავადებულმა არაფერი იცის სახსრის დაზიანების ადრეული ნიშნების თაობაზე.
ზოგიერთი ნერვის დაზიანების დროს ადამიანი ტკივილს ვეღარ გრძნობს. ნერვების ამგვარ დაზიანებას მრავალი დაავადება იწვევს, მაგალითად: შაქრიანი დიაბეტი, ხერხემლის დაავადებები, სიფილისი. ნერვის დაზიანებისას შესაძლებელია სახსრის მრავალჯერადი დაზიანება და მოტეხილობაც კი განვითარდეს – სათანადო შეგრძნების გარეშე. ტრავმები სახსრის ფუნქციის დარღვევამდე წლებით ადრე შეიძლება ვლინდებოდეს. თუმცა, დისფუნქციის ნიშნების გამოვლინებისას, სახსრის სრული დაზიანება უკვე რამდენიმე თვეში ვითარდება.
განვითარების ადრეულ ეტაპზე, შარკოს სახსარი ოსტეოართრიტულის მსგავსია, ვინაიდან სახსარი რიგიდულია და მასში სითხეა დაგროვებული. ჩვეულებრივ, უმტკივნეულო ან ნაკლებად მტკივნეულია, იმასთან შედარებით, რაც სახსრის დაზიანების ხარისხისთვის იქნებოდა შესაბამისი. თუ დაავადება სწრაფად პროგრესირებს, სახსარი მეტად მტკივნეული ხდება. ამ შემთხვევაში, სახსარი უკვე შეშუპებულია სითხის დიდი რაოდენობით დაგროვებისა და ძვლოვანი წანაზარდების არსებობის გამო. შეიძლება დეფორმირდეს კიდეც მოტეხილობების და იოგების დაჭიმულობის გამო, რაც ძვლების ადგილის შეცვლას იწვევს. მოძრაობის დროს ზოგჯერ უხეში ხრაშუნი ისმის, სახსარში არსებული თავისუფალი ძვლოვანი ფრაგმენტების გამო. სახსარი შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც "ძვალი და ტყავი".
პათოლოგიური პროცესი შეიძლება ნებისმიერ სახსარში განვითარდეს და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნერვია დაზიანებული, ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლი ან წვივი, დიაბეტის მქონე პაციენტებში – ტერფი. უხშირესად მხოლოდ ერთი სახსარია დაზიანებული, როგორც წესი, არა უმეტეს – 2-ან 3 სახსრისა.
ექიმები შარკოს სახსარზე ეჭვობენ, როდესაც პაციენტს ნერვის დაზიანება და სახსროვანი პრობლემები აღენიშნება. რენტგენოგრაფია ავლენს სახსრის დაზიანებას – კალციუმის დეპოზიტების ჩალაგებას და ძვლის პათოლოგიურ ზრდას. ზოგჯერ, შესაძლებელია შარკოს სახსრის პრევენცია, რაც ტერფის მოვლასა და ტრავმების თავიდან აცილებას გულისხმობს. არტაშანი ან სპეციალური ფეხსაცმელი იცავს სახსარს მეტი დაზიანებისაგან. ნერვის პათოლოგიის გამომწვევი დაავადების მკურნალობა აფერხებს სახსრის დაზიანებას და ზოგჯერ მის უკუგანვითარებასაც კი იწვევს. დაზიანების დროული დიაგნოსტირება და იმობილიზაცია, ასევე არასტაბილური სახსრების შინირება აჩერებს ან ამცირებს დაზიანებას. ბარძაყის და მუხლის დაზიანება შეიძლება ქირურგიულად გამოსწორდეს ან პროთეზირება ჩატარდეს. თუმცა, ხელოვნური სახსარი ხშირად დროზე ადრე გამოდის მწყობრიდან.