განგლიონი | მკურნალი.გე
  1. განგლიონი
  2. ხელის დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
განგლიონი

განგლიონი (განგლიონური ცისტა) ჟელატინისმაგვარი ნივთიერების შემცველი შესივებაა ხელებსა ან მაჯაზე.

განგლიონის განვითარება ტიპურია 20-50 წლის ასაკში და მამაკაცებთან შედარებით ქალებს შორის 3-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება. მათი განვითარებისათვის ჩვეული ადგილია მაჯის ხელისზურგისმხრივი ზედაპირი (დორზალური ზედაპირი). ასევე შეიძლება განვითარდეს მაჯის წინა ზედაპირზე (პალმარული ზედაპირი) და თითების ზურგზე, ფრჩხილის უკან რამდენიმე მილიმეტრში (აღნიშნულ ადგილზე განვითარებულ განგლიონს ლორწოვანი კისტა ეწოდება).

რატომ ვითარდება განგლიონი უპირატესად მაჯის არეში, ცნობილი არაა. შეიძლება დაკავშირებული იყოს წარსულში მიღებულ ტრავმასთან. თითის ზურგზე არსებული განგლიონი, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია თითის ბოლო სახსრის ანთებასთან. თუმცა, შემთხვევათა უმეტესობაში, განგლიონური ცისტის არსებობა არ ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ართრიტის განვითარება.

განგლიონი მკვრივი, მომრგვალო ან ელიფსის ფორმის პარკისებური შეშუპებაა, რომელიც წამოწეულია კანის ზედაპირიდან. შეიცავს სუფთა, ჟელესმაგვარ, წებოვან შიგთავსს. უმტკივნეულოა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება რაიმე სახის დისკომფორტი გამოიწვიოს. დიაგნოზის დასმა მარტივადაა შესაძლებელი ხელის გასინჯვით.

მკურნალობა

განგლიონის ნაწილი მკურნალობის გარეშე ქრება, ამიტომ ზოგადად მკურნალობის ჩატარება საჭირო არაა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უსწორმასწორო შესახედაობისაა, იწვევს რაიმე სახის დისკომფორტს, ზომაში მზარდია – ჟელესმაგვარი შიგთავსის (პაციენტების 50%-ში) მოცილება ადვილი შესაძლებელია შპრიცის და ნემსის საშუალებით. ზოგ შემთხვევაში, ტკივილის და დისკომფორტის შემცირების მიზნით, ჟელესმაგვარი ნივთიერების ამოღების შემდეგ, შეჰყავთ კორტიკოსტეროიდის სუსპენზია. განგლიონის მოცილების ტრადიციული მეთოდი – ხელის მყარ ზედაპირზე მოთავსება (მაგალითად მაგიდაზე) და განგლიონზე ძლიერად წიგნის დარტყმა – არამართებულია. მეთოდმა შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს და აქედან გამომდინარე გამართლებული არაა. პაციენტების 50%-ს შეიძლება განგლიონის ქირურგიული გზით მოცილება დასჭირდეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, განგლიონი თავიდან ვითარდება შემთხვევათა 5-15%-ში.