დეფორმაციები (ხელის დაავადებები) | მკურნალი.გე
  1. დეფორმაციები (ხელის დაავადებები)
  2. ხელის დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
დეფორმაციები (ხელის დაავადებები)

ხელის დეფორმაცია შეიძლება განაპირობოს ტრავმამ ან დაავადებებმა (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი). დეფორმაციების მკურნალობა, თუ ეს შესაძლებელია, დროულად და სათანადოდ უნდა ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში, ისეთი მარტივი ღონისძიებები, როგორიცაა ფიქსატორის დადება ან ფიზიკური ვარჯიში, ყოველთვის არასაკმარისია და ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

ჩაქუჩისებრი თითი

ჩაქუჩისებრი თითი თითის წვერის დეფორმაციაა, რომლის დროს იგი შიგნითა მხარესაა მოხრილი და თავისთავად გასწორება შეუძლებელია.

აღნიშნული დეფორმაცია, ჩვეულებრივ, მყესის დაზიანების ან მისი ძვალთან მიმაგრების ადგილის გაგლეჯის შედეგია. შეიძლება დაზიანდეს ერთი ან რამდენიმე თითი. ექიმი დიაგნოზს თითის გასინჯვით სვამს. საჭირო ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, რომ დავრწმუნდეთ მოტეხილობის არარსებობაში. მკურნალობა მოიცავს, გაშლილ მდგომარეობაში, თითის არტაშანზე მიმაგრებას. მყესის შეხორცებისათვის 6-10 კვირაა საჭირო. ჩაქუჩისებრი თითი იშვიათად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაშინ, როდესაც ძვლის დიდი ზომის ფრაგმენტია ჩამოტეხილი ან სახსარი ნაწილობრივ გადაადგილებულია.

გედის ყელისებრი დეფორმაცია

გედის ყელისებრი დეფორმაცია – ესაა თითის ფუძესთან არსებული მოხრილობა (ფლექსია), შუამდებარე სახსრის გაშლა (ექსტენზია) და ყველაზე დაშორებული სახსრის მოხრა (ფლექსია).

აღნიშნული დეფორმაციის ყველაზე ხშირი მიზეზი რევმატოიდული ართრიტია. სხვა მიზეზებია თითის ჩაქუჩისებრი დეფორმაცია მკურნალობის გარეშე, თითების ფუძის ან თითების მყესების ფიბროზული ფირფიტის გათხელება (მოდუნება), კუნთოვანი სპაზმი, რომელიც ხელის დაზიანებას იწვევს, თითის შუა ძვლის მოტეხილობის არასწორი შეხორცება. თითის მოხრა ზოგჯერ შეუძლებელი ხდება. დეფორმაციამ მნიშვნელოვნად გამოხატული უნარების შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს.

ჭეშმარიტი გედის ყელისებრი დეფორმაცია ცერა თითის დაზიანებას არ იწვევს. ამ უკანასკნელს, სხვა თითებისაგან განსხვავებით, ერთით ნაკლები სახსარი აქვს. თუმცა, გედის ყელისებრი დეფორმაციის ერთ-ერთი ვარიანტის შემთხვევაში, რომელსაც იხვის ნისკარტისმაგვარ დეფორმაციას უწოდებენ, ცერა თითის ბოლო სახსარი მნიშვნელოვნად გადასწორებულია და გადახრილია იმგვარად, რომ ცერის ფუძესთან ქმნის 90º-იან კუთხეს. თუ ერთი ან მეტი თითის გედის ყელისებრი და იხვის ნისკარტისებრი დეფორმაცია ერთდროულად ვლინდება, მნიშვნელოვნადაა გაძნელებული ხელის მოჭიდების ფუნქცია.

ექიმი დიაგნოზს ხელისა და თითების გასინჯვით სვამს.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანი ძირითადი დაავადების განკურნებაა, თუ ეს შესაძლებელია. მსუბუქ დეფორმაციას თითის ფიქსატორის (რგოლებიანი ფიქსატორი) დადებით მკურნალობენ. აღნიშნული ფიქსატორი დეფორმაციის კორექციას ახდენს, თან ხელით სხვადასხვა საქმის შესრულება შესაძლებელია. ხელის მოჭიდების ფუნქციის გაუმჯობესება შეიძლება სახსრების ქირურგიული აღდგენით ან ცერის და სხვა თითების სახსრების ერთმანეთთან შერწყმით (ეწოდება ფალანგთაშორისი ართროდეზი) იმ პოზიციაში, რომელიც ფუნქციის ოპტიმალურად შესრულებას უზრუნველყოფს.

ბუტონის დეფორმაცია

ბუტონის დეფორმაციის დროს თითის შუა სახსარი მოხრილია წინ (ხელისგულის მიმართულებით), ხოლო ბოლო სახსარი უკიდურესად გარეთაა გადახრილი (ხელისგულის მხრიდან).

აღნიშნული დარღვევა, ყველაზე ხშირად რევმატოიდული ართრიტის დროს აღინიშნება, თუმცა ტრავმის შემდგომ (როგორიცაა ღრმა ნაკვეთი ჭრილობა, სახსრის ამოვარდნილობა ან მოტეხილობა) ან ოსტეოართრიტის დროსაც შეიძლება განვითარდეს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს აღნიშნული დეფორმაცია თითების შუა სახსრების გახანგრძლივებული ანთების გამო უვითარდებათ. თუ დეფორმაცია ტრავმის გამოა განვითარებული, იგი ძირითადად მყესის ფუძესთანაა ლოკალიზებული (შუა ფალანგის გამშლელი მყესი). შედეგად შუა სახსარი (ეწოდება პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსარი) ღილ-კილოს ემსგავსება. დეფორმაცია ხელის ფუნქციას არ არღვევს. ექიმი დიაგნოზს თითის გასინჯვით სვამს.

მკურნალობა

თუ ბუტონის დეფორმაცია გამშლელი მყესის დაზიანებითაა გამოწვეული, მისი გამოსწორება ფიქსატორითაა შესაძლებელი, რომელიც შუა სახსარს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს 6 კვირის განმავლობაში. თუ ფიქსაცია არაეფექტურია, ან ბუტონის დეფორმაცია რევმატოიდული ართრიტითაა გამოწვეული, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

ეროზიული (ანთებითი) ოსტეოართრიტი

ეროზიული (ანთებითი) ოსტეოართრიტი – ოსტეოართრიტის ფორმაა, რომელიც ხელის შეშუპებას, ტკივილს და ზოგჯერ თითების სახსრებში კისტების წარმოქმნას იწვევს (განსაკუთრებით, ბოლო სახსრებში).

მტევნის ოსტეოართრიტი ვლინდება თითების ბოლო სახსრების ძვლების ზომაში მომატებით (ჰებერდენის კვანძები) და ძვლოვანი ზრდის სიჭარბით შუა სახსრების ძვლებში (ბუშარის კვანძები). ეროზიულ ოსტეოართრიტთან ერთად ირგვლივმდებარე ქსოვილების შეშუპებაც აღინიშნება. თითების, მტევნის ან მაჯის სახსრები, ჩვეულებრივ, არ ზიანდება. დაზიანებული სახსრები დეფორმირებულია.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზს ფიზიკური გასინჯვით სვამენ. დეფორმაცია რენტგენოგრაფიითაც ვლინდება. რევმატოიდული ართრიტისაგან განსხვავებით, სისხლის ის ანალიზები, რომლებიც ანთებით პროცესზე მიუთითებენ (როგორიცაა ერითროციტების დალექვის სიჩქარე და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა), ჩვეულებრივ, ნორმის ფარგლებშია, მიუხედავად იმისა, როგორი სიმძიმისაც უნდა იყოს დაავადება.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს: სხვადასხვა ამპლიტუდის მოძრაობებს თბილ წყალში, რომელიც ამცირებს ტკივილს ვარჯიშის დროს და ინარჩუნებს სახსრების ელასტიკურობას. დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად პერიოდულად ფიქსატორით ხდება იმობილიზაცია და ინიშნება ანალგეტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) – ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად. ზოგჯერ კორტიკოსტეროიდის სუსპენზიის ინექცია მძიმედ დაზიანებულ სახსარში ამცირებს ტკივილს და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს. იშვიათად, ოსტეოართრიტის შორს წასულ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა არაეფექტურია, შესაძლოა საჭირო გახდეს სახსრის რეკონსტრუქციული მკურნალობა ან ქირურგიული წესით გაერთიანება. ქირურგიული ჩარევა ოსტეოართრიტის გამო მტევნის სახსრებიდან ყველაზე ხშირად ცერა თითის ფუძეზე ტარდება.

დიუპტრიენის კონტრაქტურა

დიუპტრიენის კონტრაქტურა (პალმარული ფიბრომატოზი) ხელისგულის შიგნით არსებული ფიბროზული ქსოვილების (ეწოდება ფასცია) ბოჭკოების პროგრესირებადი გადაჭიმვაა, რომელიც იწვევს თითების მოხრას, რასაც საბოლოოდ კლანჭისებრი ხელის განვითარებამდე მივყავართ.

  • დიუპტრიენის კონტრაქტურა გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პირებს შორის ვითარდება;

  • მკურნალობა მოიცავს კვანძებში კორტიკოსტეროიდის ინექციას ან დანაწიბურებული ხელის შემთხვევაში – ქირურგიულ ჩარევას – მოხრილი თითების კორექციისათვის.

დიუპტრიენის კონტრაქტურა გავრცელებული მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად მამაკაცებს შორის ვითარდება 45 წლის ასაკის შემდეგ. თუმცა პათოლოგიური გენის არსებობა არ ნიშნავს, რომ დაავადების განვითარება გარდაუვალია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგი მოსახლეობის 5%-ს აღენიშნება. დაავადებულთა 50%-ში ორივე ხელის დაზიანება ვლინდება. პროცესის ცალ მხარეზე არსებობისას, მარჯვენა ხელი ორჯერ უფრო ხშირად ზიანდება მარცხენასთან შედარებით.

დიუპტრიენის კონტრაქტურა განსაკუთრებით ხშირია დიაბეტით, ალკოჰოლიზმით ან ეპილეფსიით დაავადებულ პირებს შორის. დაავადება ზოგჯერ სხვა მდგომარეობებთან შეიძლება იყოს ასოცირებული, მაგალითად, როგორიცაა ფიბროზული ქსოვილის გასქელება თითების სახსრების ირგვლივ (გაროდის ბალიშები), პენისის ფასციის დამოკლება, რომელიც იწვევს მის გადახრას და მტკივნეულ ერექციას (პენისის ფიბრომატოზი [პეირონის დაავადება], კვანძების არსებობა ტერფსა და ფეხისგულზე (პლანტარული ფიბრომატოზი). ხელისგულის ფასციის გასქელებისა და მოხვევის ზუსტი მექანიზმი უცნობია.

პირველი სიმპტომია ხელისგულზე რბილი კვანძის გაჩენა (ძირითადად მესამე ან მეოთხე ფალანგთან). კვანძი იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას, თუმცა დროთა განმავლობაში უმტკივნეულო ხდება. თანდათან თითი იწყებს მოხრას. საბოლოოდ, მოხრა მატულობს და თითი თაღისებური (კლანჭისმაგვარი) შესახედაობის ხდება. ექიმი დიაგნოზს ხელის გასინჯვის მიხედვით სვამს.

კვანძში კორტიკოსტეროიდის სუსპენზიის ინექცია ამცირებს ტკივილს ამ არეში, თუმცა დაავადების წინსვლას ვერ აფერხებს. ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება, როდესაც ხელის გაშლა ვეღარ ხერხდება ან თითები იმგვარად მოხრილია, რომ ხელის ფუნქცია იზღუდება. დაავადებული ფასციის ქირურგიული წესით მოცილება რთულია, ვინაიდან ფასცია გარშემოვლებულია ნერვებით, სისხლძარღვებით და მყესებით. თუ ფასცია სრულყოფილად არ მოსცილდება, დიუპტრიენის კონტრაქტურა შეიძლება კვლავ განვითარდეს ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ასევე შესაძლებელია სპონტანური კვლავგანვითარება, განსაკუთრებით იმ პაციენტებს შორის, რომელთაც პრობლემა ახალგაზრდა ასაკში გაუჩნდათ, ჰყავთ აღნიშნული პრობლემის მქონე ოჯახის წევრები, აქვთ გაროდის ბალიშები, პეირონის დაავადება ან ფეხისგულების კვანძები.