მაჯის არხის, იდაყვის არხის და სხივის არხის სინდრომები – ნერვზე ზეწოლის სინდრომებია. აღნიშნული პრობლემების დროს ნერვზე რაიმე სახის ზეწოლა (ძვლოვანი ან შემაერთებელი ქსოვილის) იწვევს შეგრძნების, მოძრაობის ან ორივეს ერთად დარღვევას. სიმპტომებია: დაბუჟება, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, სისუსტე ან მათი კომბინაცია. დიაგნოზი ისმება ან დასტურდება ელექტრომიოგრაფიით და ნერვის გამტარობის შესწავლით. თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები მკვეთრად გამოხატულია ანდა აღინიშნება მგრძნობელობის მუდმივი დაკარგვა და სისუსტე, მაშინ ნერვზე ზეწოლის შესამცირებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
მაჯის არხის სინდრომი შუათანა ნერვის მტკივნეული კომპრესიაა მაჯის არხში გამოსვლისას.
მაჯის არხის სინდრომი შუათანა ნერვზე ზეწოლის შედეგად ვითარდება, რომელიც მაჯის ხელისგულისმხრივ ზედაპირზეა ლოკალიზებული (ამ არეს მაჯის არხს უწოდებენ). შუათანა ნერვი აინერვირებს ცერის მიდამოს. კომპრესია მაჯის არეში არსებული რბილი ქსოვილების, სხვადასხვა მიზეზით განვითარებული შეშუპების ან ფიბროზული ქსოვილების ბოჭკოების წარმოქმნითაა გამოწვეული.
მაჯის არხის სინდრომი ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით 30-50 წლის ქალებს შორის და შეიძლება ერთ ან ორივე ხელზე ვლინდებოდეს. შედარებით მაღალი რისკი აქვთ იმ პირებს, რომელთა საქმიანობა მოითხოვს განმეორებად ძალისმიერ მოძრაობებს განზიდული მაჯის სახსრით, მაგალითად, როგორიცაა სახრახნისით მუშაობა. სხვა შესაძლო ფაქტორებია: კომპიუტერის არასწორად მდებარე კლავიატურის რეგულარული გამოყენება, ვიბრაციის გახანგრძლივებული ზემოქმედება (მაგალითად, ზოგიერთი ხელსაწყო). მაჯის არხის სინდრომის განვითარების მომატებული რისკი აქვთ: ორსულებს, დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, პოდაგრის ან რევმატოიდული ართრიტის მქონე პირებს. თუმცა შემთხვევათა უმრავლესობა უცნობი მიზეზით ვითარდება.
ნერვის კომპრესიით გამოწვეული სიმპტომები, ერთგვარად უცნაური შეგრძნებებია, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი მტევნის პირველი სამი თითის არეში, ცერის მხარეზე. ზოგჯერ ტკივილის, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება მკლავშიც აღინიშნება. ტკივილი ძლიერდება ძილის დროს, რაც ხელის პოზიციითაა განპირობებული. დროთა განმავლობაში, ნაკლები დატვირთვის გამო, მტევნის კუნთები ცერის მხარეზე სუსტდება და ზომაში მცირდება (ატროფია).
დიაგნოზი ძირითადად დაავადებული ხელის და მაჯის გასინჯვით ისმება. ექიმი დასაწყისში ნერვის გამტარობის შესწავლას ახდენს, რათა დარწმუნდეს, რომ მაჯის არხის სინდრომთან აქვს საქმე, განსაკუთრებით – ქირურგიული ჩარევის წინ.
მდგომარეობას გარკვეულწილად ამსუბუქებს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც თავიდან აცილებენ მაჯის ზედმეტად განზიდვას და შუათანა ნერვზე დამატებით ზეწოლას, მაგალითად – კომპიუტერის კლავიატურის სათანადო კუთხით მოთავსება. ხშირად ეფექტურია მაჯის ფიქსატორი, რომელიც მტევანს ნეიტრალურ პოზიციაში აფიქსირებს (განსაკუთრებით ღამით) და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლების მიღება. სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია ძირითადი დაავადებების მკურნალობით (როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება). ხანგრძლივ გაუმჯობესებას იწვევს კორტიკოსტეროიდის სუსპენზიის ინექცია მაჯის არხში. ძლიერი ტკივილის ან კუნთების ატროფიის და სისუსტის შემთხვევაში, შუათანა ნერვზე ზეწოლის შესამცირებელი ყველაზე ეფექტური გზა – ქირურგიული ჩარევაა. ქირურგი კვეთს ფიბროზულ ბოჭკოებს, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ნერვზე.
იდაყვის არხის სინდრომი (ულნარული ნეიროპათია) იდაყვის ნერვზე ზეწოლით გამოწვეული მდგომარეობაა.
იდაყვის ნერვი იდაყვის არეში (შიდა როკი) კანის ზედაპირთან ახლოს გაივლის და ადვილად ზიანდება იდაყვზე განმეორებითი ზეწოლით, მისი ხანგრძლივი მოხრით ან ამ არეში ძვლის პათოლოგიური ზრდით. ბეისბოლის მოთამაშეებს (პიჩერები ანუ ბურთის მიმწოდებლები) განსაკუთრებით ხშირად უვითარდებათ აღნიშნული მდგომარეობა, ვინაიდან ხელის დამატებითი შემობრუნებაა საჭირო ბურთის გადასაგდებად.
სიმპტომებია: ტკივილი და დაბუჟება იდაყვის არეში და ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება არათითისა (მე-4 თითი) და ნეკის არეში. საბოლოოდ ვითარდება აღნიშნული თითების სისუსტე, რაც ასევე გავლენას ახდენს საჩვენებელი და ცერა თითებით მოჭიდების ფუნქციაზე, ვინაიდან მტევნის წვრილი კუნთების უმეტესობა, სწორედ, იდაყვის ნერვით ინერვირდება. ქრონიკული, მძიმედ მიმდინარე იდაყვის ნერვის სინდრომი იწვევს კუნთების განლევას (ატროფია) და ხელის კლანჭისებრ დეფორმაციას.
ნერვის გამტარობის შესწავლა ტარდება ნერვის დაზიანების ზუსტი ლოკალიზაციის დასადგენად. იდაყვის ნერვის მსუბუქი დაზიანების დროს ეფექტურია ფიზიკური თერაპია (მათ შორის ფიქსატორის გამოყენება ღამით, იდაყვის ზედმეტად მოხრის თავიდან ასაცილებლად) და იდაყვზე ზეწოლის მოხსნა. ასევე შემსუბუქებას იწვევს დღის განმავლობაში იდაყვის ბალიშის გამოყენება. პაციენტების 85%-ს, რომელთა მდგომარეობა ფიქსატორის გამოყენებით არ უმჯობესდება ან ნერვის მძიმედ გამოხატული კომპრესია აქვთ, ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ. ქირურგიული ჩარევით ხდება ნერვის გამოთავისუფლება ზეწოლისაგან.
სხივის არხის სინდრომი (უკანა ძვალთაშორისი ნერვის სინდრომი) დაავადებაა, რომელიც წინამხრის, ხელის უკანა ზედაპირის ან იდაყვის დონეზე სხივის ნერვის ტოტის კომპრესიითაა გამოწვეული.
იდაყვის დონეზე სხივის ნერვის დაზიანების მიზეზებია მისი ტრავმით, განგლიონით, ლიპომით (კეთილთვისებიანი ცხიმოვანი ქსოვილისგან შემდგარი სიმსივნე), ძვლის სიმსივნით ან ირგვლივმდებარე სინოვიური ჩანთის ან კუნთის ანთებითი პროცესით გამოწვეული ზეწოლა.
სხივის ნერვზე ზეწოლა იწვევს მჭრელ, მჩხვლეტავ ან მწიწკნავ ტკივილს, რომელიც წინამხრის ან მტევნის ზურგის არეში ვითარდება. ტკივილი ძლიერდება მაჯისა და თითების გამართვის მცდელობისას. მგრძნობელობის დარღვევა არ ვითარდება, რადგან სხივის ნერვი ძირითადად კუნთებს აინერვირებს.
ნერვზე ზეწოლის შესამცირებლად და შეხორცების დასაჩქარებლად, საჭიროა ფიქსატორის ტარება და მაჯის მობრუნებისა და იდაყვის მოხრის თავიდან აცილება. მაჯის დასუსტების და მტევნის ჩამოკიდების შემთხვევაში, ნერვზე ზეწოლის შესამცირებლად, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.