ნერვები | მკურნალი.გე
  1. ნერვები
  2. ნერვული სისტემის ბიოლოგია
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ნერვები

პერიფერიული ნერვული სისტემა 100 მილიარდზე მეტი ნერვული უჯრედისგან შედგება, რომლებიც მთელ ორგანიზმშია გაფანტული სიმებივით. ისინი უკავშირდებიან ტვინს, სხეულის სხვა ნაწილებს და ხშირად – ერთმანეთსაც. პერიფერიულ ნერვებს ბოჭკოთა კონები ქმნის. ბოჭკოებს გარშემო მრავალ ფენად აკრავს ცხიმოვანი ნივთიერებისგან შექმნილი გარსი – მიელინი. იგი იმპულსის გატარების სიჩქარეს ზრდის. ნერვებში სიგნალები სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება, რაც დამოკიდებულია მათ დიამეტრსა და მიელინის გარსის სისქეზე.

პერიფერიულ ნერვულ სისტემაში ორ ნაწილს გამოყოფენ: სომატურს და ავტონომიურს.

სომატური ნერვული სისტემა შედგება ნერვებისგან, რომლებიც ზურგისა და თავის ტვინს აკავშირებენ ნებითი მოძრაობების შემსრულებელ კუნთებთან (ჩონჩხის კუნთები) და კანის რეცეპტორებთან. რეცეპტორები ნერვული ბოჭკოების დაბოლოებებია, რომლებიც ინფორმაციას იღებენ ორგანიზმიდან და გარემოდან.

ავტონომიური ნერვული სისტემა ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინს აკავშირებს შინაგან ორგანოებთან, არეგულირებს ორგანიზმში უნებლიეთ მიმდინარე პროცესებს. ამის მაგალითებია: გულისცემის სიხშირე, წნევა, სუნთქვის სიხშირე, კუჭში გამოყოფილი მჟავას რაოდენობა და ნაწლავებში საკვების გადაადგილების სიჩქარე. ავტონომიური ნერვული სისტემაც, თავის მხრივ, ორი ნაწილისგან შედგება:

  • სიმპათიკური ნაწილი: მისი მთავარი ფუნქცია ორგანიზმის სტრესული ან სახიფათო სიტუაციისთვის მომზადებაა – იმისთვის, რომ იბრძოლოს ან გაიქცეს;

  • პარასიმპათიკური ნაწილი: ამზადებს ორგანიზმს ჩვეული მდგომარეობისთვის.

ისინი ერთად ფუნქციონირებენ და, როგორც წესი, ერთი ააქტიურებს, მეორე კი პირიქით, ანელებს შინაგან ორგანოთა მუშაობას. მაგალითისთვის, სიმპათიკური ნერვული სისტემა ზრდის პულსს, წნევას, სუნთქვის სიხშირეს, ხოლო პარასიმპათიკური მათ ყველას ამცირებს.

თავისა და ზურგის ტვინის ნერვები: ნერვებს, რომლებიც ტვინს აკავშირებენ თვალებთან, ყურებთან, ცხვირთან, ყელთან, თავის, კისრისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილთან – თავის ტვინის ანუ კრანიალური ნერვები ეწოდება. არსებობს 12 წყვილი კრანიალური ნერვი. შესაბამისად, ის ნერვები, რომლებიც ზურგის ტვინს აკავშირებენ დანარჩენ სხეულთან – ზურგის ტვინის ანუ სპინალური ნერვებია. თავის ტვინი ორგანიზმის უდიდეს ნაწილს სწორედ სპინალური ნერვებით უკავშირდება. ისინი სულ 31 წყვილია და ზურგის ტვინის გასწვრივ, მცირე დაშორებებით გამოდიან მისგან. თავის ტვინის რამდენიმე და ზურგის ტვინის ნერვთა უმრავლესობა პერიფერიული ნერვული სისტემის როგორც სომატურ, ისე ავტონომიურ ნაწილს მიეკუთვნება.

ზურგის ტვინის ნერვები მისგან მალებს შორის არსებული სივრცეებით გამოდიან. თითოეული ნერვი იწყება ორი მოკლე ტოტით (ზურგის ტვინის ნერვთა ფესვები) – ერთი წინა მხრიდან, მეორე – უკნიდან.

  • მამოძრავებელი (წინა) ფესვი: გამოდის ზურგის ტვინის წინა ნაწილიდან. მასში მოძრაობს იმპულსები თავისა და ზურგის ტვინიდან სხეულისკენ, კერძოდ ჩონჩხის კუნთებისკენ;

  • მგრძნობიარე (უკანა) ფესვი: შედის ზურგის ტვინში უკანა მხრიდან და მიაქვს ინფორმაცია (სხეულის პოზიციის, სინათლის, შეხების, ტემპერატურის, ტკივილის შესახებ) სხეულიდან ტვინში. თითოეულ ფესვს კანზე თავისი მონაკვეთი – დერმატომი შეესაბამება, ანუ ადგილი, საიდანაც მას ინფორმაცია მიაქვს.

ზურგის ტვინიდან გამოსვლის შემდეგ შესაბამისი მამოძრავებელი და მგრძნობიარე ფესვების გაერთიანებით ერთი სპინალური ნერვი იქმნება. სხეულის ზოგიერთ ნაწილში ნერვები ნერვულ წნულებს ქმნიან. მათში ერთი ნერვის ბოჭკოები სხვისასთან გადაჯგუფდება, გადაეწყობა და შემდეგ ისინი ერთად მიემართებიან დანიშნულების ადგილისკენ. ორი მთავარი ნერვული წნულია: მხრის წნული, მკლავებისა და მტევნებისკენ მიმავალი ბოჭკოებისთვის და გავა-წელის წნული – ფეხებისა და ტერფებისთვის.