ტვინი: ტვინის შესაძლებლობები, ცხადია, იცვლება ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკში და შემდგომ, მოხუცებულობაში გადასვლისას. პატარაობისას აზროვნება და ლოგიკა თანდათანობით ვითარდება და ბავშვი რთული უნარების ათვისებას ახერხებს. ზრდასრულობის პერიოდის განმავლობაში ტვინის ფუნქციონირება შედარებით სტაბილურია. გარკვეული ასაკის შემდეგ, რაც ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის, ფუნქციები ნელ-ნელა ქვეითდება. ტვინის სხვადასხვა უნარი სხვადასხვა დროს იცვლება:
ხშირად ძნელია გავარჩიოთ ტვინის ფუნქციის ასაკობრივი ცვლილებები იმ დარღვევებისგან, რომლებსაც მოხუცებულებში გავრცელებული დაავადებები იწვევენ. ესენია: დეპრესია, ინსულტი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი) და თავის ტვინის დეგენერაციული პროცესები, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება.
დაბერებასთან ერთად ტვინში უჯრედთა რაოდენობა მცირდება, თუმცა დაღუპულ ნეირონთა რაოდენობა განსხვავდება ადამიანებში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. დარჩენილი უჯრედებიც უარესად ფუნქციონირებენ, მაგრამ ტვინს აქვს სპეციფიკური ხერხები, რათა დანაკარგის კომპენსაცია შეძლოს:
ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაქვეითდება ჩვენი ტვინის ფუნქციები. მაგალითად, გონებრივი და ფიზიკური სავარჯიშოები ანელებს ნერვული უჯრედების დაღუპვის პროცესს ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ვარჯიში დარჩენილ უჯრედებსაც ეხმარება მუშაობაში. მეორე მხრივ, ორი ან მეტი ულუფა ალკოჰოლის მიღება დღეში აჩქარებს ტვინის ფუნქციების დაქვეითებას.
ასაკის მატებასთან ერთად თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდება საშუალოდ 20%-ით იკლებს. ეს რიცხვი მეტია იმ ადამიანებში, ვისაც ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი აქვთ (თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადება). ამ დაავადების რისკს ზრდის: ხანგრძლივი მწეველობა, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტეროლი ან შაქარი სისხლში (შაქრიანი დიაბეტი), რომელიც არ კონტროლდება ცხოვრების წესის შეცვლით ან წამლებით. ასეთ დროს ნეირონები შესაძლოა ნაადრევად დაიღუპოს, რაც დააქვეითებს გონებრივ ფუნქციებს. შედეგად, მეტია საშიშროება, შედარებით ახალგაზრდა ასაკში დემენციის განვითარებისა.
ზურგის ტვინი: ასაკის მატებასთან ერთად მალებს შორის ხრტილოვანი დისკები ელასტიკურობას კარგავს, მყარი და მსხვრევადი ხდება. ამასთანავე, ძვლოვანი მალების ნაწილები შესაძლოა ზომაში გაიზარდოს. შედეგად, დისკები ვეღარ არბილებს მოძრაობისას ხერხემალზე წარმოქმნილ რყევებს, მეტი ძალა აწვება ზურგის ტვინსა და მისგან გამომავალ ნერვთა ფესვებს. ასეთმა დაზიანებამ, შესაძლოა მგრძნობელობის ან ხანდახან ძალის შემცირება, წონასწორობის მოშლა გამოიწვიოს.
ასაკის მატებასთან ერთად პერიფერიულ ნერვებში იმპულსის გატარების სიჩქარე მცირდება, რაც იწვევს მგრძნობელობის შემცირებას, რეფლექსების შენელებასა და ხშირად, მოუქნელობას. გამტარებლობა მცირდება იმის გამო, რომ ნერვზე გარშემო შემოკრული მიელინის გარსი დეგენერაციას განიცდის. ეს კი გამოწვეულია ასაკის მატებასთან ერთად სისხლის მიწოდების შემცირებით, მეზობლად მდებარე ძვლების ზრდით და ზეწოლით ნერვებზე, ან ორივეთი ერთად. როგორც წესი, ეს ეფექტი იმდენად მინიმალურად ვლინდება, რომ ფაქტობრივად შეუმჩნეველია, თუკი ნერვები სხვა რაიმე დაავადებამაც არ დააზიანა (მაგ. დიაბეტმა).
ასაკში შესვლისას მცირდება პერიფერიული ნერვული სისტემის საპასუხო რეაქციაც დაზიანებაზე. ახალგაზრდა ადამიანებში პერიფერიულ ნერვს შეუძლია დაზიანებული აქსონი აღიდგინოს, თუ უჯრედის სხეული უვნებელია. მოხუცებში ეს თვითაღდგენის პროცესი შედარებით ნელი და არასრულია, რის გამოც მათში დაავადებები უფრო მძიმედ მიმდინარეობს.