ტვინის სიმსივნე ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი წარმონაქმნია ამ ორგანოში. იგი შეიძლება ტვინშივე წარმოიქმნას ან სხეულის სხვა ნაწილიდან გავრცელდეს (მეტასტაზირდეს) მასში.
ტვინის სიმსივნეები ოდნავ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მხოლოდ კეთილთვისებიანი მენინგიომა გვხვდება შედარებით ხშირად ქალებში. სიმსივნეები ხშირად ვითარდება ზრდასრულობის ადრეულ ან შუა პერიოდში, მაგრამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება წარმოიქმნას. ისინი უფრო და უფრო ხშირდება მოხუცებში.
ტვინის სიმსივნეები შესაძლოა იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი სიმსივნე წარმოიშობა ტვინში ან მის მახლობლად არსებული უჯრედებიდან, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანია. მძიმე გართულებები ორივე მათგანის არსებობას შეიძლება მოჰყვეს, რადგან თავის ქალა მყარია, მას სიმსივნის ზრდისთვის საჭირო სივრცე ვერ დაემატება. ამასთანავე, ონკოლოგიური პათოლოგია შეიძლება სასიცოცხლო ფუნქციების მარეგულირებელ ნაწილში ან მის მახლობლად წარმოიშვას. ტვინის მეორადი სიმსივნეები ორგანიზმის სხვა ნაწილიდან წამოსული მეტასტაზებია, შესაბამისად, ყოველთვის ავთვისებიანია.
კეთილთვისებიან სიმსივნეებს სახელწოდებები იმ უჯრედების ან ქსოვილების მიხედვით ჰქვიათ, საიდანაც წარმოიშობიან. მაგალითად, ჰემანგიობლასტომა სისხლძარღვებში წარმოიშობა ("ჰემა" – სწორედ ამას მიუთითებს, ხოლო ჰემანგიობლასტი – უჯრედია, რომელიც სისხლძარღვის ქსოვილში ვითარდება). ზოგი კეთილთვისებიანი სიმსივნე ემბრიონული – ჩანასახოვანი უჯრედებიდან ვითარდება ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიაზე. ისინი შეიძლება დაბადებისთანავე გამოვლინდეს.
ტვინის პირველადი, ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე ხშირი სახე გლიომაა, რომელიც რამდენიმე სახის არსებობს. გლიომები ტვინის პირველადი სიმსივნეების 65%-ს შეადგენს. თუმცა, ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობა მეტასტაზურია, ანუ სხვა ორგანოდან ხვდება ტვინში.
მეტასტაზი ტვინში შეიძლება ერთგან ან მრავალ სხვადასხვა ადგილას გაიზარდოს. ბევრი სახის კიბო ვრცელდება ამ ორგანოში, მათ შორის: ძუძუს, ფილტვის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ავთვისებიანი მელანომა, ლეიკემია და ლიმფომა. ტვინის ლიმფომები ხშირია შიდსით დაავადებულ პაციენტებში და უცნობი მიზეზის გამო, უფრო და უფრო ხშირდება ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ადამიანებშიც.
ტვინის სიმსივნეს გართულებების გამოწვევა შემდეგნაირად შეუძლია:
იმის მიუხედავად, სიმსივნე კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი, სიმპტომები მაინც ვლინდება. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ნელა იზრდება და სიმპტომების განვითარებამდე შესაძლოა საკმაოდ დიდ ზომასაც მიაღწიოს.
ტვინის სიმსივნე სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს, უეცრად გაჩენილი ან თანდათან გამოვლენილი სიმპტომებით. რომელი მათგანი განვითარდება თავდაპირველად ან როგორ, დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, ზრდის სიჩქარესა და მდებარეობაზე. ტვინის ზოგ ნაწილში მცირე წარმონაქმნსაც კი შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, ზოგან კი სიმპტომების გამოვლენამდე სიმსივნე შედარებით დიდ ზომას აღწევს. ნელა ზრდასთან ერთად პათოლოგიური წარმონაქმნი აწვება და ჭიმავს ნერვულ ქსოვილს, მაგრამ არ აზიანებს მას. ნერვულ უჯრედებს ამ ცვლილებების კომპენსაცია, მათთან შეგუება საკმაოდ კარგად შეუძლიათ, შესაბამისად, სიმპტომებიც არ ვითარდება თავიდანვე.
სიმსივნეების ბევრი გამოვლინება მომატებული ქალასშიდა წნევის შედეგია. ყველაზე გავრცელებულია თავის ტკივილი, რომელიც ხშირად პირველია სიმპტომებიდან. თუმცა, ზოგადად თავის ტკივილს, უმრავლეს შემთხვევაში, ტვინის სიმსივნე არ იწვევს. ამ დაავადების დროს აღმოცენებული ტკივილი დროთა განმავლობაში უფრო ხშირდება და მუდმივი ხდება, შვების გარეშე. ხშირად იგი უფრო ძლიერდება დაწოლისას, შეიძლება მძინარე ადამიანიც გააღვიძოს. თანდათან მზარდი სიმსივნე იწვევს თავის ტკივილს, რომელიც, როგორც წესი, გაღვიძებისას უფრო ძლიერია. თუ მანამდე ადამიანს ეს პრობლემა არ ჰქონია და ტკივილს ჩამოთვლილი თავისებურებები ახასიათებს, შესაძლოა მიზეზი ტვინის სიმსივნე იყოს.
ხშირად მომატებული ქალასშიდა წნევა შემეცნებით ფუნქციებსა და განწყობილებაზეც ახდენს გავლენას. ზოგჯერ პიროვნება იცვლება, მაგალითად, ადამიანი შეიძლება გახდეს ჩაკეტილი, უხასიათო და ხშირად უჭირდეს სამუშაოს შესრულება. ზოგ პაციენტს აწუხებს მოთენთილობა, დეზორიენტაცია და აზროვნების გაძნელება. ამ სიმპტომებს ხშირად ოჯახის წევრები ან თანამშრომლები უფრო ამჩნევენ, ვიდრე თავად ადამიანი. ტვინის სიმსივნის ადრეული ნიშანი ასევე შეიძლება იყოს დეპრესია და შფოთვა, განსაკუთრებით კი უეცრად განვითარებული. პაციენტი შეიძლება უჩვეულოდ იქცეოდეს, დაკარგოს თავის შეკავების უნარი ან ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც მანამდე არასდროს უქნია. მოხუცებში ტვინის ზოგიერთი სიმსივნე ისეთ სიმპტომებს იწვევს, რომ შეიძლება შეცდომით დემენციად ჩაითვალოს.
სხვა ხშირი გამოვლინებებიდან აღსანიშნავია: ვერტიგო, წონასწორობის მოშლა და კოორდინაციის დარღვევა. მოგვიანებით, ქალასშიდა წნევის გაზრდასთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, ღებინება, ლეთარგია, ჭარბი მოთენთილობა, დროგამოშვებით ცხელება და კომაც კი. ზოგჯერ მხედველობა უეცრად იბურება ადამიანის მიერ პოზის შეცვლის დროს. ტვინის ზოგი სიმსივნე, განსაკუთრებით პირველადი, გულყრებსაც იწვევს. იმის მიხედვით, თუ ორგანოს რომელი ნაწილი ზიანდება, შეიძლება ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გამოვლინდეს:
მაგალითად, ჰიპოფიზის სიმსივნე შეიძლება მახლობლად მდებარე მხედველობის ნერვებს (თავის ტვინის მე-2 წყვილი ნერვი) დააწვეს და პერიფერიული მხედველობა დააქვეითოს. ჩამოთვლილთაგან ყოველი სიმპტომი მძიმე დაავადების ნიშანია და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
თუ სიმსივნემ თავ-ზურგტვინის სითხის დინება დაახშო ტვინში არსებულ სივრცეებში (პარკუჭებში), იგი შეიძლება დაგროვდეს და პარკუჭები გააფართოოს (ამას ჰიდროცეფალია ეწოდება). შედეგად, ქალასშიდა წნევა იზრდება. მომატებული წნევის სხვა სიმპტომებთან ერთად, ჰიდროცეფალიის დროს ძნელდება თვალების ზევით ატრიალება. ჩვილებსა და ძალიან პატარა ბავშვებში თავი ზომაში იზრდება.
თუ ქალასშიდა წნევამ მეტისმეტად მოიმატა, ტვინმა შეიძლება ქვევით გადაინაცვლოს, რადგან ქალას გაფართოება არ შეუძლია. შედეგი თავის ტვინის თიაქარია (იხ. ილუსტრაცია გვ. 805), რომლის ორი მთავარი სახე არსებობს:
თავის ტვინში მეტასტაზების მქონე ადამიანებს თავდაპირველი სიმსივნის სიმპტომებიც უვლინდებათ. მაგალითად, თუ ფილტვის კიბოა პირველადი, შესაძლოა სისხლიანი ხველა განვითარდეს. მეტასტაზირებას ხშირად წონაში კლება ახლავს თან.
მკურნალობის გარეშე დროთა განმავლობაში სიმპტომები უფრო მძიმდება, მკურნალობის შედეგად კი, განსაკუთრებით კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, ზოგი ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდება. სხვების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება, ხანდახან მკვეთრადაც კი. გამოსავალი დამოკიდებულია სიმსივნის ტიპსა და მდებარეობაზე.
ექიმებს ტვინის სიმსივნეზე მაშინ მიაქვთ ეჭვი, თუ ადამიანს პირველად გამოუვლინდა გულყრა ან სხვა დამახასიათებელი სიმპტომებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გასინჯვითაც შეიძლება დადგინდეს თავის ტვინის ფუნქციონირების მოშლა, ტვინის სიმსივნის დიაგნოსტიკისთვის დამატებითი გამოკვლევებია საჭირო.
თავის ქალას ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიით შეიძლება ისეთი სიმსივნეების აღმოჩენა, რომელიც ძვალს აზიანებს (მაგ.: მენინგიომა ან ჰიპოფიზის ადენომა). თუმცა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო გამოსადეგია, რადგან ამით ტვინის ყველა სახის სიმსივნის აღმოჩენა შეიძლება. ამ კვლევებით დიდი სიზუსტით დგინდება სიმსივნის ზომა და მდებარეობა. დიაგნოზის დასმის შემდეგ სხვა კვლევები ინიშნება, რათა წარმონაქმნის სახეობა დადგინდეს.
ზოგჯერ ლუმბალური პუნქცია კეთდება თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის ასაღებად და მიკროსკოპით შესასწავლად. ეს მაშინაა საჭირო, თუ ექიმი ეჭვობს, რომ სიმსივნე ტვინის მფარავ გარსებში შეიჭრა და აწვება თავის ტვინის ნერვებს ან ხელს უშლის თავ-ზურგტვინის სითხის უკუშეწოვას, ანდა ორივე გართულება ერთად აღინიშნება. ეს კვლევა მაშინაცაა გამოსადეგი, როცა სიმსივნის ტიპი გაურკვეველია. თავ-ზურგტვინის სითხეში შეიძლება კიბოს უჯრედები იყოს. თუმცა, პროცედურა არ ტარდება დიდი სიმსივნისა და გაზრდილი ქალასშიდა წნევის დროს. ამ შემთხვევაში სითხის ნაწილის გამოღებამ ლუმბალური პუნქციისას შეიძლება წარმონაქმნის გადაადგილება და შესაბამისად, თავის ტვინის თიაქარი გამოიწვიოს.
სიმსივნის ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის ამოკვეთა მიკროსკოპით შესასწავლად) ხშირად საჭიროა მისი ტიპის დასადგენად ან იმის გასაგებად, კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. ბიოფსია სიმსივნის ოპერაციის დროსაც შეიძლება გაკეთდეს, სრულად ან ნაწილობრივ ამოკვეთის დროს. თუ წარმონაქმნთან მიღწევა ძნელია, ბიოფსია ზოგჯერ ნემსის სამგანზომილებიანი დამიზნებით კეთდება (სტერეოტაქტიკური ბიოფსია) კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით. ასე ექიმებს უფრო უადვილდებათ, ზუსტად სიმსივნიდან აიღონ ქსოვილის ნიმუში.
ტვინის სიმსივნის მკურნალობა მის ზომასა და მდებარეობაზეა დამოკიდებული. თუ შესაძლებელია, კეთდება კრანიოტომია (თავის ქალას გახსნა) და წარმონაქმნი ამოიკვეთება. ზოგი სიმსივნის ამოჭრა ტვინის ძალიან მცირე დაზიანებით ან ამის გარეშეც შეიძლება, თუმცა, ბევრი მათგანი ისეთ ადგილასაა, რომ ჩვეულებრივი ოპერაციით ამოკვეთა ტვინის მნიშვნელოვანი უბნების დაუზიანებლად რთულია ან შეუძლებელიც კი.
ტრადიციული ქირურგიული ჩარევისას ზოგჯერ ეს ორგანო ზიანდება და ვლინდება ნაწილობრივი დამბლა, მგრძნობელობის მოშლა, სისუსტე ან შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება. მიუხედავად ამისა, სიმსივნის ამოკვეთა (ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი) აუცილებელია, თუ მისი ზრდა საფრთხეს უქმნის ტვინის მნიშვნელოვან ნაწილებს. მაშინაც კი, როცა განკურნება შეუძლებელია, ოპერაცია ზოგჯერ მაინც ეფექტიანია სიმსივნის ზომის შესამცირებლად, სიმპტომების შესამსუბუქებლად და მკურნალობის სხვა მეთოდის განსაზღვრისთვის, მაგ.: საჭიროა სხივური თუ ქიმიოთერაპია.
კეთილთვისებიანი სიმსივნეები: ქირურგიული ოპერაცია ხშირად უსაფრთხოა და განკურნავს პაციენტს. თუმცა, თუ იგი მოხუცია ან სიმსივნე ძალიან პატარაა და სიმპტომებს არ იწვევს, შეიძლება ექიმი არც ჩაერიოს. ზოგჯერ ოპერაციის შემდეგ სხივური თერაპია ინიშნება, რათა დარჩენილი სიმსივნური უჯრედებიც განადგურდეს. სხივური ქირურგიის მეშვეობით გამოსხივების ფოკუსირება ზუსტად არჩეულ უბანზე ხდება. იგი ეფექტიანია კეთილთვისებიანი სიმსივნეების, მაგ.: მენინგიომებისა და სმენის ნერვის ნევრომების სამკურნალოდ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ტრადიციული ოპერაციის ნაცვლად სხივური ქირურგია გამოიყენება.
ავთვისებიანი სიმსივნეები: სამკურნალოდ, როგორც წესი, ქირურგიის, სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაცია გამოიყენება. სიმსივნე მაქსიმალურად ამოიკვეთება, რაც უსაფრთხოების გათვალისწინებით შესაძლებელია და შემდეგ იწყება სხივური თერაპია. იგი რამდენიმე კვირას გრძელდება. სხივურ ქირურგიას მაშინ მიმართავენ, თუ ტრადიციული ოპერაცია ვერ ჩატარდება, განსაკუთრებით კი მეტასტაზების სამკურნალოდ.
ძალიან აგრესიული სიმსივნეების დროს ქიმიოთერაპია ინიშნება სხივურ თერაპიასთან ერთად. ეს იშვიათად კურნავს პაციენტს, მაგრამ წარმონაქმნი საკმარისად მცირდება ზომაში, რათა თვეების ან წლების მანძილზე კონტროლს ექვემდებარებოდეს.
სხივური თერაპიის შემდეგ ტვინის ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ ხანგრძლივი ქიმიოთერაპია ინიშნება. ეს განსაკუთრებით ეფექტიანია ანაპლაზიური ოლიგოდენდროგლიომის დროს.
ქალასშიდა წნევის მომატება: ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. წნევის შესამცირებლად და თიაქრის პრევენციისთვის მედიკამენტები, მაგ.: მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები, როგორც წესი, ვენაში უკეთდება პაციენტს. ისინი წარმონაქმნის გარშემო შეშუპებას ამცირებს. რამდენიმე დღეში ან საათში კორტიკოსტეროიდები ხშირად აღადგენს სიმსივნის გამო მოშლილ ფუნქციებს და აყუჩებს თავის ტკივილს, მაშინაც კი, თუ წარმონაქმნი დიდი ზომისაა.
თუ სიმსივნე თავ-ზურგტვინის სითხის დინებას ახშობს ტვინში მდებარე სივრცეებში, სპეციალური მოწყობილობა იდგმება, რომლითაც ჭარბი სითხე გამოდის და თიაქრის რისკიც მცირდება. მოწყობილობა შედგება პატარა მილისგან (კათეტერისგან) და ქალაში წნევის მზომავი სენსორისგან. ქალაზე პატარა ხვრელი კეთდება და მილი მასში შეიყვანება. პროცედურის დროს ადგილობრივ ანესთეზიასა და სედაციურ საშუალებას ან ნარკოზს იყენებენ. მილი რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება ამოიღონ ან მუდმივ შუნტად აქციონ. ამ დროის განმავლობაში ექიმი ქირურგიულად ამოკვეთს მთლიან სიმსივნეს (ან მის ნაწილს) ან იყენებს სხივურ ქირურგიას, სხივურ თერაპიას წარმონაქმნის ზომის შესამცირებლად და თავ-ზურგტვინის სითხის დინების აღსადგენად.
მეტასტაზები: მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს ძირითადი სიმსივნე. ტვინში გავრცელებული მეტასტაზების სამკურნალოდ მათზე დამიზნებული სხივური თერაპია გამოიყენება. ქირურგიულად ამოკვეთას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მეტასტაზი ერთია. ზოგჯერ სხივური ქირურგიაც გამოიყენება.
ამჟამად გამოიცდება მკურნალობის ახალი, ექსპერიმენტული მეთოდები: პატარა, ქიმიოთერაპიული საშუალებების შემცველი ან რადიოაქტიური მარცვლები ტვინში, სიმსივნეში ინერგება და ანადგურებს მას.
სიცოცხლის დასასრულის საკითხები: თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა და დროთა განმავლობაში, მათ შეიძლება ვეღარც შეძლონ სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღება თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ დროს რეკომენდებულია წინასწარი მითითებების შემუშავება. მათი მეშვეობით ექიმს შეეძლება განსაზღვროს, რა სახის სამედიცინო დახმარება უნდა ჩაუტარდეს პაციენტს, მაშინ, როცა მას უკვე აღარ შეეძლება ამის გადაწყვეტა.
ავთვისებიანი სიმსივნეების ბევრი ცენტრი, განსაკუთრებით კი პალიატიური დაწესებულებების მქონენი, სთავაზობს პაციენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებასა და სახლში მოვლის სერვისს.