მწვავე ბაქტერიული მენინგიტი | მკურნალი.გე
  1. მწვავე ბაქტერიული მენინგიტი
  2. თავისა და ზურგის ტვინის ინფექციები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
მწვავე ბაქტერიული მენინგიტი

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის მფარავ გარსებს შორის არსებული სუბარაქნოიდული სივრცის სწრაფად განვითარებადი ბაქტერიული ანთებაა.

  • დიდ ბავშვებსა და მოზრდილებში კისრის რიგიდულობა (დაჭიმულობა) ვითარდება ცხელებასა და თავის ტკივილთან ერთად;

  • ჩვილებსა და პატარა ბავშვებში ტემპერატურა შეიძლება მაღალი ან დაბალი იყოს, გამოვლინდეს გაღიზიანებულობა ან მოთენილობა, უმადობა;

  • ანტიბიოტიკები ეფექტიანია დროულად მიღების შემთხვევაში;

  • როგორც წესი, ლუმბალური პუნქცია კეთდება, მაგრამ – მკურნალობის დაწყების შემდეგ;

  • მენინგიტის ზოგი ფორმის პრევენციისთვის არსებობს ვაქცინები.

სუბარაქნოიდული სივრცე თავისა და ზურგის ტვინის მფარავ შუა (არაქნოიდულ) და შიგა (რბილ) გარსებს შორის მდებარეობს (იხ. ილუსტრაცია გვ. 688). მასში თავ-ზურგტვინის სითხეა მოთავსებული, რომელიც ამ ორგანოების მფარავ შრეებს შორის მოძრაობს, იცავს მათ და ავსებს თავის ტვინში მდებარე ღრუებს.

როცა ბაქტერიები სუბარაქნოიდულ სივრცეში იჭრება, იმუნური სისტემა მათ წინააღმდეგ ამოქმედდება და სპეციალური უჯრედები გროვდება ორგანიზმის დასაცავად. ამ პროცესის შედეგი ანთებაა. მძიმე ანთება შესაძლოა ტვინის სისხლძარღვებზეც გავრცელდეს და მათში თრომბები წარმოიქმნას, რაც ზოგჯერ ინსულტს იწვევს. ანთების შედეგი შეიძლება იყოს ტვინის ქსოვილის ფართო დაზიანება, შეშუპება და სისხლდენის მცირე კერების წარმოქმნა. თუ შეშუპება მძიმეა, ქალასშიდა წნევა იზრდება და ტვინის ნაწილები გადაადგილდება. ტვინის რომელიმე უბნის ჩაჭედვისას ამ ორგანოს ნაწილებად გამყოფ ტიხრებში დატანებულ ერთ-ერთ ხვრელში, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა – თავის ტვინის თიაქარი ვითარდება.

ბაქტერიული მენინგიტი ყველაზე ხშირი ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და 55 წელზე უფროს ადამიანებშია. მისი ერთი განსაკუთრებით საშიში ტიპი, მენინგოკოკური მენინგიტი, შეიძლება მცირე ეპიდემიის სახით გავრცელდეს მცირე სივრცეში მჭიდროდ მცხოვრებ ადამიანებში, მაგ.: სამხედრო ნაწილში, კოლეჯის საერთო საცხოვრებელში.

მენინგიტი შეიძლება გამოიწვიოს ვირუსებმა, სოკოებმა, უმარტივესებმა, სიმსივნურმა უჯრედებმა, ზოგმა მედიკამენტმა (რაც ალერგიულ რეაქციას იწვევს) და გამაღიზიანებელმა ნივთიერებებმა (მათ შორის აირებმა და ქიმიურმა ნივთიერებებმა).

მიზეზები

სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ბაქტერია იწვევს მენინგიტს.

თუ ეს ინფექცია საზოგადოებაში დაემართა ადამიანს (ანუ არა საავადმყოფოში ან მოხუცებულთა სახლში), მისი გამომწვევი, როგორც წესი, ნეისერია (Neisseria meningitides, იწვევს მენინგოკოკურ მენინგიტს) ან სტრეპტოკოკია (Streptococcus pneumoniae). ჩვეულებრივ, გარემოში ორივე მათგანი არსებობს. ეს ბაქტერიები ზოგი ადამიანის ცხვირსა და ზედა სასუნთქ გზებშიც ცხოვრობს, ისე, რომ დაზიანებას არ იწვევს. ზოგჯერ მიკროორგანიზმები ტვინში იჭრება გაურკვეველი მიზეზის გამო. სხვა შემთხვევაში, ინფექცია იმუნური სისტემის დასუსტების შედეგად ვითარდება, მისი დამთრგუნავი დაავადების დროს ან მედიკამენტის (იმუნოსუპრესანტის) მიღებისას. ბაქტერიული ინფექციების, მათ შორის მენინგიტის, განვითარების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის, სახსრების, ენდოკრინული ან იმუნური სისტემის ზოგი ქრონიკული დაავადება

  • კორტიკოსტეროიდების ან იმუნიტეტის დამთრგუნავი საშუალებების მიღება, რომლებიც ინიშნება გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად, ზოგი დაავადების სამკურნალოდ (კიბო, ავტოიმუნური დაავადებები)

  • სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა)

  • შუა ყურის, ცხვირის ან წიაღების ქრონიკული ინფექციები

  • პნევმოკოკით გამოწვეული პნევმონია

  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია

ზოგჯერ მენინგიტი თავის ტრავმის შედეგად ვითარდება. მაგალითად, ქალას მოტეხილობამ შეიძლება სუბარაქნოიდული სივრცე და ცხვირის წიაღები ერთმანეთთან დააკავშიროს. ბაქტერიები წიაღებიდან ვრცელდება და გარსების ინფიცირებას იწვევს.

Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული მენინგიტი (პნევმოკოკური მენინგიტი) თანდათან იშვიათდება, რადგან ახლა ადამიანებს საყოველთაოდ ცრიან ამ ინფექციაზე.

Listeria monocytogenesბაქტერიულ მენინგიტს იწვევს ახალშობილებში, ორსულებსა და 50 წელზე უფროს პაციენტებში. ამ მიკროორგანიზმით გამოწვეული დაავადების რისკი იზრდება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის, კორტიკოსტეროიდების ან იმუნიტეტის დამთრგუნავი მედიკამენტების მიღების დროს.

Escherichia coli-თ (ნორმაში არსებობს მსხვილ ნაწლავში, განავალში) ან Klebsiella-თი გამოწვეული მენინგიტი, როგორც წესი, სისხლის გავრცელებული ინფექციის (სეფსისის) მერე, საავადმყოფოში შეძენილი ინფექციის ან თავისა და ზურგის ტვინის ოპერაციის შედეგად ვითარდება. იმუნური სისტემის დასუსტება ზრდის სეფსისისა და საავადმყოფოში შეძენილი ინფექციების რისკს, შესაბამისად – ამ ბაქტერიებით გამოწვეული მენინგიტის განვითარებისაც.

ბაქტერია Pseudomonas-ით გამოწვეული მენინგიტი უფრო ხშირია დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

Staphylococcus aureus-მა დაავადება შეიძლება ტრავმის ან თავის ქალაზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ გამოიწვიოს, აგრეთვე მაშინ, როცა ამ ბაქტერიით გულის სარქვლების ინფიცირება (ენდოკარდიტი) ვითარდება.

ახალშობილებში, რომელთა იმუნიტეტიც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მაღალია რისკი Escherichia coli-ით ან B ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული მენინგიტისა.

სიმპტომები

უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში, ადრევე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ცხელება

  • თავის ტკივილი

  • კისრის ტკივილი და დაჭიმულობა (ხშირია)

ასევე გავრცელებული სიმპტომია ღებინებაც. ამ ყველაფერს ზოგჯერ წინ უძღვის ყელის ტკივილი, ხველა, სურდო ან სასუნთქი გზების დაავადების სხვა სიმპტომები. კისერი მხოლოდ დაჭიმული არ არის. ნიკაპის გულმკერდთან მიტანის მცდელობამ შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს და ეს საერთოდ შეუძლებელი იყოს. თავის სხვა მიმართულებით მოძრაობა იმდენად ძნელი არ არის.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პირველად, როგორც წესი, ჩამოთვლილი სიმპტომები ვლინდება რაიმე კომბინაციით:

  • მაღალი ან დაბალი ტემპერატურა

  • უმადობა

  • ღებინება

  • აგზნებადობა

  • გულყრები

  • მოდუნება (ლეთარგია)

  • მაღალი (წვრილი) ხმით ტირილი

უფროსი ბავშვებისა და მოზრდილებისგან განსხვავებით, 1 წლამდე ასაკის ჩვილებში კისრის დაჭიმულობა და მტკივნეულობა არ ვითარდება.

ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა შეიძლება ძალიან დამძიმდეს 24 საათში, ბავშვისა კი – უფრო ადრეც.

მენინგოკოკური მენინგიტის დროს ზოგჯერ გამონაყარი ვითარდება (წითელი და იისფერი წერტილები). იგი ყველაზე გამოხატული ტანზე და ქვედა კიდურებზეა. ამის შემჩნევა თავიდან შეიძლება ძნელი იყოს მუქი ფერის კანზე.

ბაქტერიული ინფექცია ტვინის შეშუპებას იწვევს. 2 წლამდე ბავშვებში ამის გამო ყიფლიბანდი (თავის ქალას ძვლებს შორის არსებული რბილი ნაწილი) შეიძლება ამოიბურცოს (ყიფლიბანდის მეშვეობით ბავშვის თავი სამშობიარო არხში ეტევა. იგი დაახლოებით 2 წლის ასაკში იხურება). ტვინის შეშუპების გამო ზოგჯერ თავ-ზურგტვინის სითხის დინება იხშობა ამ ორგანოს გარშემო, სითხე გროვდება და აწვება ტვინს (ამას ჰიდროცეფალია ეწოდება). ზოგჯერ გარეთა (მაგარი) გარსის ქვეშ ჩირქი გროვდება (სუბდურული ემპიემა).

ბავშვებსა და მოზრდილებში გაღიზიანებულობა, დეზორიენტაცია და მზარდი მოთენთილობა ვლინდება. ეს უკანასკნელი შეიძლება გადაიზარდოს ცნობიერების დაკარგვაში (ანუ სტუპორში), რომელსაც გამოსაფხიზლებლად ძლიერი გაღიზიანება სჭირდება, კომაში ან სიკვდილიც კი განვითარდეს. შეშუპება ქალასშიდა წნევას ზრდის და აფერხებს სისხლის დინებას, რაც ზოგჯერ ინსულტის სიმპტომებსაც იწვევს, მათ შორის დამბლას. ზოგ ადამიანს გულყრები უვლინდება.

მენინგოკოკური მენინგიტის შემთხვევათა უმრავლესობაში სისხლი და სხვა მრავალი ორგანოც ინფიცირებულია – ამას მენინგოკოკცემია ეწოდება. მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე საათში ძალიან დამძიმდეს. შედეგად, ზოგ უბანში ქსოვილები კვდება, ვითარდება სისხლჩაქცევები კანქვეშ (რაც ვლინდება წითელი წერტილების ან იისფერი ლაქების სახით), ლორწოვან გარსებზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და სხვა ორგანოებში. მკურნალობის გარეშე არტერიული წნევა ეცემა, ვითარდება შოკი და სიკვდილი. ხშირია სისხლდენა თირკმელზედა ჯირკვლებში, რომლებიც ფუნქციონირებას წყვეტს და შოკი კიდევ უფრო მძიმდება. ამას ვოთერჰაუს-ფრიდრიხსონის სინდრომი ეწოდება და, როგორც წესი, სიკვდილით სრულდება დროული მკურნალობის გარეშე.

ზოგჯერ მენინგიტი სხვა ინფექციის მკურნალობის დროს ვითარდება (მაგ.: ყურის ან ყელის). ხანდახან კი ამ დაავადების ადრეული ეტაპი შეცდომით სხვა ინფექცია ჰგონიათ და ანტიბიოტიკებით მკურნალობას იწყებენ. ორივე შემთხვევაში მენინგიტის სიმპტომები ბევრად მსუბუქად ვლინდება, ვიდრე ზოგადად ახასიათებს ამ დაავადებას, რაც აძნელებს მის ამოცნობას.

დიაგნოზი

თუ 2 წლის ან უფრო პატარა ასაკის ბავშვს ცხელება აქვს აუხსნელი მიზეზით ან მშობელი ხვდება, რომ ბავშვი ცუდადაა, აუცილებელია მაშინვე ექიმისთვის მიმართვა ან დარეკვა მაინც, განსაკუთრებით კი, თუ სიმპტომები აცეტამინოფენის შესაბამისი დოზის ფონზეც არ ქრება. ბავშვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ვლინდება:

  • მზარდი გაღიზიანებადობა ან უჩვეულო ძილიანობა

  • სხეულის დაბალი ტემპერატურა

  • უმადობა

  • გულყრები

  • კისრის დაჭიმულობა (და მტკივნეულობა)

ზრდასულ ადამიანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, თუ გამოვლინდა:

  • ცნობიერების აბნევა

  • სტუპორი

  • გულყრები

  • ცხელების, გამონაყრისა და კისრის დაჭიმულობის რაიმე კომბინაცია

გასინჯვისას ექიმი მენინგიტისთვის დამახასიათებელი ნიშნების, მაგ. კისრის რიგიდობისა და კანზე გამონაყრის, აღმოჩენას ეცდება. როცა ეჭვი სწრაფად განვითარებად მენინგიტზე მიიტანება, პაციენტის სისხლის ნიმუში ლაბორატორიაში იგზავნება, სადაც იგი დაითესება და ხდება ბაქტერიების ზრდა (კულტივირება) ღამის განმავლობაში. თუ მიკროორგანიზმების არსებობა დადასტურდა, ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზი ისმება. კულტურის მეშვეობით დგინდება, ზუსტად რომელი მიკრობი იწვევს ინფექციას. ამ კვლევის შედეგების მისაღებად ორი დღეა საჭირო. ზოგ კლინიკაში სისხლის ახლებური ანალიზის მეთოდით იმავე ინფორმაციის მიღება რამდენიმე საათში შეიძლება.

ლუმბალური პუნქციაც კეთდება, მაგრამ, როგორც წესი, მისი უსაფრთხოების განსაზღვრისთვის მანამდე სხვა კვლევებია საჭირო, მაგ. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ან სისხლის შედედების უნარის ანალიზი. საჭიროა გამოირიცხოს, რაიმე წარმონაქმნი (სისხლჩაქცევა, სიმსივნე ან აბსცესი) ხომ არ არის ტვინში, რაც ქალასშიდა წნევას გაზრდიდა. ამისთვისაც თავის კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება. თუ წნევა მომატებულია, ტვინმა შეიძლება ქვევით გადაინაცვლოს და თიაქარი განვითარდეს.

ლუმბალური პუნქციისას თხელი ნემსი ხერხემლის ქვედა ნაწილში, ორ მალას შორის შეიყვანება თავ-ზურგტვინის სითხის (ლიქვორის) გამოსაღებად. ექიმები ყურადღებით შეისწავლიან ლიქვორს, რომელიც ზოგადად გამჭვირვალეა, მენინგიტის დროს კი – შემღვრეული. იზომება თავ-ზურგტვინის სითხის წნევაც, რომელიც დაავადების დროს გაზრდილია. აგრეთვე განისაზღვრება სითხეში შაქრისა და ცილის შემცველობა, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა და ტიპი. ამ ინფორმაციის მეშვეობით შეიძლება ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტების ერთმანეთისგან გარჩევა. ლიქვორი მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლება, რათა შიგ მყოფი ბაქტერიები აღმოაჩინონ და სახეობა დაადგინონ. თუ სითხეში მიკროორგანიზმების არსებობა დადასტურდა, სხვა კვლევებით სწრაფად განისაზღვრება, ზუსტად რომელია, მაგ. Neisseria meningitidisან Streptococcus pneumoniae. ზოგი ანალიზი ამ ბაქტერიების ზედაპირზე არსებული ცილების (ანტიგენების) აღმოჩენას ემყარება. გამოკვლევის ერთ-ერთი ხერხია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ), რომელიც გენის მრავალ ასლს ქმნის და ამის მეშვეობით ბაქტერიისთვის დამახასიათებელი დნმ-ის უნიკალური თანმიმდევრობების აღმოჩენა შეიძლება.

თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის კულტურაც ითესება და 24 საათის შემდეგ გაზრდილი ბაქტერიების გამოკვლევა ხდება ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაზე ანუ იმის დადგენა, რომელი მედიკამენტით შეიძლება მათი განადგურება (ანტიბიოტიკოგრამა). ანტიბიოტიკებით მკურნალობა შედეგების მიღებამდე იწყება. ანალიზების პასუხებით უბრალოდ საჭირო ცვლილებების შეტანა ხდება დანიშნულ მედიკამენტებში.

მენინგიტის გამომწვევის აღმოჩენამდე თავ-ზურგტვინის სითხის სხვა კვლევებიც ტარდება, რათა დადგინდეს, ხომ არ არის მიზეზი ვირუსები, სოკოები, კიბოს უჯრედები ან სხვა ნივთიერებები, რაც სტანდარტულ ანალიზებში არ ჩანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოკვლევა მარტივი ჰერპესის ვირუსზე, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს ტვინში და გამოიწვიოს ენცეფალიტი.

ექიმი აიღებს სისხლის, შარდისა და ლორწოს ნიმუშებს ცხვირიდან და ყელიდან, გამონაყრის მქონე პაციენტებში კი – კანქვეშა სითხესა და ქსოვილს პატარა ნემსით გამონაყრის ადგილიდან. ნიმუშები ითესება და მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლება ბაქტერიების გამოსავლენად.

მკურნალობა

მწვავე ბაქტერიული მენინგიტის დროს ადამიანი შეიძლება რამდენიმე საათში დაიღუპოს, ამიტომ მკურნალობა რაც შეიძლება ადრე იწყება – ანალიზების შედეგების მიღებამდე და ხშირად ლუმბალურ პუნქციამდეც კი. პაციენტი საავადმყოფოს მიმღებში ხვდება და ვენაში რამდენიმე ანტიბიოტიკი უკეთდება. ექიმი ითვალისწინებს, რომელი ბაქტერია შეიძლება იყოს დაავადების სავარაუდო გამომწვევი და ისე არჩევს ანტიბიოტიკს. თუმცა, როგორც წესი, შეუძლებელია მხოლოდ სიმპტომების მიხედვით ზუსტად დადგინდეს ბაქტერიის სახეობა, ამიტომ რამდენიმე ანტიბიოტიკი ინიშნება, რომლებიც მრავალი მიკროორგანიზმის წინააღმდეგაა ეფექტიანი. პაციენტს ასევე უნიშნავენ ანტივირუსულ საშუალებას, რომელიც მოქმედებს ტვინის ანთების (ენცეფალიტის) გამომწვევ ჰერპესის ვირუსზე. მას შემდეგ, რაც იდენტიფიცირდება გამომწვევი მიკროორგანიზმის, როგორც წესი – ბაქტერიის სახეობა, ანტიბიოტიკები იცვლება და ინიშნება ისინი, რომლებიც ზუსტად ამ მიკრობის წინააღმდეგაა ეფექტიანი. ამასთანავე, მოიხსნება ყველა სხვა არასაჭირო ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალება.

კორტიკოსტეროიდი, მაგ. დექსამეტაზონი პაციენტს ანტიბიოტიკის პირველად შეყვანამდე 15 წუთით ადრე ან მასთან ერთად ეძლევა. მისი მიღება 2-4 დღე გრძელდება. ანტიბიოტიკების მიერ ბაქტერიების დახოცვის შედეგად წარმოქმნილი მიკრობთა ფრაგმენტები ანთებას იწვევს და სწორედ მის დასათრგუნად ინიშნება კორტიკოსტეროიდები. ანთებას შეუძლია შეშუპება და ტვინის დაზიანება გამოიწვიოს. ეს მედიკამენტები ქალასშიდა წნევასაც ამცირებს და თუ თირკმელზედა ჯირკვლები დაზიანებულია, ჩაანაცვლებს მათ მიერ ნორმაში გამომუშავებულ ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს.

საჭიროა ცხელების, ოფლიანობის, ღებინების ან უმადობის გამო დაკარგული სითხის მოცულობის შევსება. ბაქტერიული მენინგიტი ბევრ ორგანოს აზიანებს და მძიმე გართულებებს იწვევს, ამიტომ, პაციენტებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ათავსებენ.

დაავადების გართულებების წარმოქმნის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა ინიშნება:

  • გულყრების დროს ანტიკონვულსანტები (იხ. ცხრილი გვ. 785);

  • შოკის შემთხვევაში (მაგ. ვოთერჰაუს-ფრიდრიხსონის სინდრომის დროს) პაციენტს დამატებით გადაესხმება სითხეები და ზოგჯერ მედიკამენტებიც (ვენაში), რათა არტერიული წნევა გაიზარდოს და მდგომარეობა გამოსწორდეს;

  • კომაში მყოფი პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაჰყავთ;

  • ქალასშიდა წნევის სახიფათოდ მომატებისას სისხლში ნახშირორჟანგის შემცველობის შესამცირებლად და შესაბამისად, თავ-ზურგტვინის სითხის წნევის სწრაფად, მაგრამ ხანმოკლე ვადით დასაკლებად სასუნთქ აპარატს იყენებენ. ამის შემდეგ მანიტოლი ან მსგავსი მედიკამენტი გადაისხმება ვენაში. მანიტოლის მოქმედებით ტვინში არსებული წყალი სისხლში გადაინაცვლებს, რაც ამცირებს თავ-ზურგტვინის სითხის წნევას ქალაში. ამაზე დაკვირვება სპეციალური სენსორის ან მასთან დაკავშირებული პატარა მილის (კათეტერის) მეშვეობით შეიძლება. მოწყობილობა თავის ქალაზე ამოჭრილ პატარა ხვრელში შეიყვანება. კათეტერის მეშვეობით საჭიროების შემთხვევაში ჭარბი თავ-ზურგტვინის სითხის მოშორება და წნევის შემცირებაცაა შესაძლებელი;

  • სუბდურული ემპიემის მკურნალობის მიზნით ქირურგს შეიძლება მოუხდეს ემპიემის (დაგროვილი ჩირქის) ნემსით დაცლა.

პროგნოზი

დროული მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდება, მაგრამ დაგვიანებისას – ხშირი შედეგია ტვინის სამუდამო დაზიანება ან სიკვდილი, უფრო ჩვილ ბავშვებსა და მოხუცებში. ზოგ ადამიანს გულყრები რჩება და მუდმივი მკურნალობა ხდება საჭირო. ნევროლოგიური პრობლემები, მაგ. სამუდამო გონებრივი ჩამორჩენილობა, დამბლა ან სმენის დაკარგვა შესაძლოა ვეღარასდროს გამოსწორდეს.

პრევენცია

მწვავე მენინგიტის (განსაკუთრებით კი მენინგოკოკური მენინგიტის) მქონე პაციენტებს განცალკევებით ათავსებენ, სანამ ინფექცია მკურნალობას არ დაექვემდებარება და მისი გავრცელების საფრთხე არ მოიხსნება (როგორც წესი, რამდენიმე დღე ან უფრო ნაკლები). მენინგიტის ზოგი ფორმის საწინააღმდეგოდ ვაქცინებიცაა შექმნილი.

მენინგოკოკური მენინგიტის თავიდან აცილება ვაქცინითაა შესაძლებელი. ცრიან 2 წლის ან უფროს ბავშვებს, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. ვაქცინაცია ასევე რეკომენდებულია:

  • მოზარდებისთვის

  • საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებისთვის

  • სამხედრო ნაწილებში მყოფთათვის

  • იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად შეიძლება ჰქონდეს შეხება ამ ბაქტერიასთან

ვაქცინა მაშინაც გამოიყენება, როცა ეპიდემია ვრცელდება ან ამისი საშიშროებაა მჭიდრო სივრცეში მცხოვრებ ადამიანებში (მაგ. სამხედრო ნაწილებში). მენინგოკოკური მენინგიტის მქონე პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს და სხვა ყველას პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკი ენიშნება (რიფამპინი ან ციპროფლოქსაცინი დასალევად ან ცეფტრიაქსონი საინექციო ფორმით).

Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული მენინგიტი: ამ ინფექციისგან დამცავი ვაქცინით დღესდღეობით საყოველთაოდ იცრებიან ბავშვები.

Haemophilus influenzae-თი გამოწვეული მენინგიტის B ტიპის ვაქცინით სტანდარტულად ცრიან ბავშვებს. ამით, ფაქტობრივად, დამარცხდა ერთ დროს ბავშვთა მენინგიტის ყველაზე ხშირად გამომწვევი მიკრობი.