ასეპტიკური მენინგიტი სუბარაქნოიდული (თავისა და ზურგის ტვინის მფარავ გარსებს შორის მოთავსებული) სივრცის ანთებაა, რომლის დიაგნოზსაც მაშინ სვამენ, როცა სტანდარტული კვლევებით ბაქტერიის აღმოჩენა ვერ ხერხდება.
ასეპტიკური მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის მფარავ შუა და შიგნითა გარსებს შორის სივრცის ანთებაა. მას სუბარაქნოიდული სივრცე ეწოდება და თავ-ზურგტვინის სითხისთვის ერთგვარ არხს ქმნის, რომლითაც იგი მიედინება თავისა და ზურგის ტვინის ზედაპირზე (იხ. ილუსტრაცია გვ. 688).
ასეპტიკური მენინგიტი ხშირად ვირუსულია, მაგრამ გამომწვევი სხვა რამეც შეიძლება იყოს. სიღრმისეული გამოკვლევების გარეშე ამ დაავადების მიზეზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება.
ვირუსები: ზოგ ვირუსს პირდაპირ შეუძლია შეაღწიოს გარსებსა და სუბარაქნოიდულ სივრცეში ტვინის გარშემო და უეცრად გამოიწვიოს მენინგიტი. მათ შორის ყველაზე ხშირია:
ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები ეპიდემიის სახით შეიძლება გავრცელდეს.
სხვა ვირუსები პირდაპირ ინფექციას ერთეულ შემთხვევებში იწვევს (სპორადულად). მათგან აღსანიშნავია მარტივი ჰერპესის ვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), ვარიცელა ზოსტერ ვირუსი (რომელიც ჩუტყვავილას იწვევს) და ყბაყურა ვირუსი. ყბაყურა მენინგიტის ხშირი მიზეზია მსოფლიოში, მაგრამ იშვიათია აშშ-ში, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია. მოლარეს მენინგიტის დროს ასეპტიკური მენინგიტი განმეორებით ვითარდება მრავალჯერ. ამის მიზეზი მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი 2-ია, რომელიც ასევე იწვევს სასქესო ორგანოების ჰერპესს. ვირუსით გამოწვეული ენცეფალიტის დროს, როგორ წესი, რაღაც ხარისხით მენინგიტიცაა გამოხატული.
ბაქტერიები:ზოგჯერ ასეპტიკური მენინგიტის დიაგნოზი მაშინ ისმება, როცა გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენა რთულია, მაგ.: ლაიმის დაავადების, სიფილისის, ტუბერკულოზის გამომწვევი მიკროორგანიზმების.
სხვა მდგომარეობები: ასეპტიკური მენინგიტი შეიძლება გამოიწვიოს (იხ. ცხრილი გვ. 826):
მენინგიტი ხშირად მსუბუქი სიმპტომების მქონე გრიპისმაგვარი დაავადების, ვირუსული ინფექციის შემდეგ ან მათთან ერთად ვითარდება. სიმპტომები ზოგადია და მოიცავს: ცხელებას, უგუნებობას, ხველას, კუნთებისა და თავის ტკივილს.
ასეპტიკური მენინგიტი ხშირად ბაქტერიულის მსგავს სიმპტომებსაც იწვევს (ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, მოთენთილობა და კისრის რიგიდობა). თუმცა, ადამიანი ამ დროს იმდენად ცუდად არ ხდება. შესაძლოა ცხელება არც გამოვლინდეს, განსაკუთრებით, თუ მიზეზი ინფექცია არ არის.
პაციენტთა უმრავლესობა 1-2 კვირაში გამოჯანმრთელდება.
მენინგიტზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის ასაღებად და სტანდარტულად გამოსაკვლევად ლუმბალური პუნქცია კეთდება, როგორც წესი. კვლევებიდან აღსანიშნავია: სითხეში სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვის, ტიპის განსაზღვრა და ბაქტერიული კულტურის დათესვა, რათა მათი იდენტიფიკაცია მოხდეს. ასეპტიკური მენინგიტის დიაგნოზი მაშინ ისმება, როცა თავ-ზურგტვინის სითხეში დიდი რაოდენობით სისხლის თეთრი უჯრედებია (რაც ანთებაზე მიანიშნებს), მაგრამ სტანდარტული კვლევებით გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენა ვერ ხერხდება.
ამ სტანდარტულ გამოკვლევებში ვირუსების კულტივაცია არ შედის, რადგან ეს საკმაოდ რთულია და დიდი დრო სჭირდება (გამონაკლისია ენტეროვირუსები). ამის ნაცვლად პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდი გამოიყენება ვირუსის სახეობის დასადგენად (მაგ.: ჰერპესის ან აივ), მათ წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების დონის განსასაზღვრად სისხლსა და თავ-ზურგტვინის სითხეში. ანტისხეულების რაოდენობა იზომება თავიდან და 3-4 კვირის შემდეგ, მერე კი შედეგები ერთმანეთს ედარება. თუ მათი დონე თავ-ზურგტვინის სითხეში ბევრად უფრო გაიზარდა, ვიდრე სისხლში, სავარაუდოა, რომ ვირუსმა მენინგიტი გამოიწვია. დაახლოებით თანაბარი ზრდა კი ნიშნავს, რომ ვირუსმა ორგანიზმი დააინფიცირა, მაგრამ მენინგიტი არ განვითარებულა.
მიზეზის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა მის საწინააღმდეგოდაა მიმართული. მაგალითად, თუ ლაიმის დაავადების, სიფილისის ან ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია აღმოაჩინეს, მათზე სპეციფიკურად მოქმედი ანტიბიოტიკები ინიშნება. ავთვისებიან სიმსივნეს ქირურგიულად, სხივური თერაპიით ან ქიმიოთერაპიით მკურნალობენ, როგორც წესია. თუ გამომწვევი რაიმე მედიკამენტია, იგი მოიხსნება ან დოზა მცირდება. ვირუსული ინფექციების უმრავლესობას ანტივირუსული საშუალებებით მკურნალობა არ სჭირდება, ისინი თავისით გაივლის. თუმცა, მოლარეს მენინგიტის შემთხვევაში აციკლოვირი ინიშნება, ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროს კი – განციკლოვირი.
თუ ექიმს ეჭვი ასეპტიკურ მენინგიტზე აქვს, მაგრამ ბაქტერიულსაც ვერ გამორიცხავს თავიდან, მკურნალობა ამ უკანასკნელის შესაბამისი, ანუ რამდენიმე ანტიბიოტიკი ინიშნება. კვლევების შედეგებს არ ელოდებიან. თუ ანალიზებით ვერ აღმოჩნდა ბაქტერიები თავ-ზურგტვინის სითხეში და მასში შაქრის, ცილისა და სისხლის თეთრი უჯრედების შემცველობა ასეპტიკურ მენინგიტზე მიუთითებს, ანტიბიოტიკები იხსნება. მიზეზის მიუხედავად, საჭიროა სიმპტომების მკურნალობა. თავის ტკივილისა და ცხელებისთვის ინიშნება აცეტამინოფენი დასალევად და სითხეები – დასალევად ან ვენაში გადასასხმელად.