ცოფი | მკურნალი.გე
  1. ცოფი
  2. თავისა და ზურგის ტვინის ინფექციები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ცოფი

ცოფი ტვინის ვირუსული ინფექციაა, რომელიც ცხოველებით გადაეცემა და იწვევს თავისა და ზურგის ტვინის ანთებას. ამ ორგანოებში ვირუსის შეღწევის შემდეგ, ცოფი სიკვდილით მთავრდება.

  • ადამიანს ვირუსი შეიძლება დაინფიცირებული ცხოველის კბენით გადაედოს, როგორც წესი, გარეულის;

  • ცოფი იწვევს მოუსვენრობას ან დეზორიენტაციასა და დამბლას;

  • ვირუსის აღმოჩენა კანის ბიოფსიითაა შესაძლებელი;

  • ინფექციის თავიდან აცილება ჭრილობის დამუშავებით, ცოფის საწინააღმდეგო აცრითა და იმუნოგლობულინით (შრატით) შეიძლება.

ორგანიზმში შეღწევის ადგილიდან (როგორც წესი, ნაკბენიდან), ცოფის ვირუსი ზურგის ტვინის ნერვების გაყოლებით ტვინში ვრცელდება, სადაც გამრავლებას იწყებს. აქედან სანერწყვე ჯირკვლებისკენ მიემართება მათთან მიმავალი ნერვებით და ნერწყვით გამოიყოფა. მას შემდეგ, რაც ვირუსი თავისა და ზურგის ტვინს მიაღწევს, ცოფი სასიკვდილოა. თუმცა, ამას სულ მცირე, 10 დღე, ხშირად 30-50 დღე სჭირდება (იმის მიხედვით, თუ სადაა ნაკბენი). დროის ამ პერიოდში ვირუსის შესაჩერებლად და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად სპეციალური მკურნალობაა საჭირო.

ცოფი ყოველწლიურად 55000 ადამიანის სიკვდილს იწვევს მთელ მსოფლიოში. შემთხვევათა უმრავლესობა აფრიკისა და აზიის სოფლებში ფიქსირდება. აშშ-ში ცოფით წელიწადში რამდენიმე ადამიანი იღუპება.

მიზეზები

ცოფის ვირუსი ბევრ შინაურ და გარეულ ცხოველში გვხვდება მსოფლიოს უდიდეს ნაწილში. ცოფიანი ცხოველი შეიძლება ავად იყოს სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე, სწორედ ამ პერიოდში ავრცელებს იგი დაავადებას.

ვირუსს ცოფიანი ცხოველის ნერწყვი შეიცავს და მაშინ გადაეცემა, როცა იგი კბენს (ან იშვიათად, ლოკავს) სხვა ადამიანს ან ცხოველს. მიკრობს დაუზიანებელ კანში შეღწევა არ შეუძლია. იმისთვის, რომ იგი ორგანიზმში მოხვდეს, კანზე პატარა ნაჩხვლეტი, დაზიანება მაინც უნდა იყოს. ინფიცირების მეორე გზაა ცხვირით ან პირით ჰაერში შეწონილი ვირუსის შემცველი წვეთების შესუნთქვა (მაგ.: გამოქვაბულში, სადაც ცოფიანი ღამურები არიან).

ადამიანს ეს დაავადება ბევრმა ძუძუმწოვარმა შეიძლება გადასდოს, მათ შორის: ძაღლმა, კატამ, ღამურამ, ენოტმა, სკუნსმა და მელამ. ცოფი იშვიათია მღრღნელებში (ზაზუნებში, ზღვის გოჭებში, ციყვებში, უდაბნოს ვირთაგვებში, ბურუნდუკებში, ვირთხებსა და თაგვებში), კურდღლებსა და ბოცვრებში. აშშ-ში არ დაფიქსირებულა ამ ცხოველების მიერ ადამიანზე ცოფის გადაცემის შემთხვევა. დაავადება არ ემართებათ ფრინველებსა და რეპტილიებს.

აშშ-ში აცრების გამო ცოფი, ფაქტობრივად, აღარ გვხვდება ძაღლებში და ინფექციის წყარო თითქმის ყოველთვის გარეული ცხოველია, ხშირად ღამურა. ღამურას ნაკბენს ზოგჯერ ვერც ამჩნევს ადამიანი. ცოფით სიკვდილის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ინფიცირებული ღამურას ნაკბენის შედეგია.

მსოფლიოში, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, დაავადებულთა უმრავლესობას ინფექცია ცოფიანი გარეული ცხოველისგან გადაედო. სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (სადაც ძაღლების აცრა ფართოდ არ არის გავრცელებული), ცოფი საკმაოდ ხშირია ძაღლებში და ამ დაავადებით სიკვდილის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ამის დამსახურებაა.

სიმპტომები

ნაკბენი ჭრილობა შეიძლება მტკივნეული იყოს ან შეგრძნებას არ იწვევდეს. ღამურას ნაკბენის შემდეგ, როგორც წესი, სიმპტომები არ ვლინდება.

ყველაფერი მაშინ იწყება, როცა ცოფის ვირუსი თავისა და ზურგის ტვინს აღწევს, კბენიდან დაახლოებით 30-50 დღის შემდეგ. თუმცა, ეს პერიოდი განსხვავებული შეიძლება იყოს, 10 დღე ან ერთ წელზე მეტიც კი გრძელდებოდეს. რაც უფრო ახლოა ნაკბენი ტვინთან (მაგ.: თუ სახეზეა), მით უფრო სწრაფად ვლინდება სიმპტომები.

ცოფი შეიძლება ცხელებით, თავის ტკივილით და ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნებით (უგუნებობით) დაიწყოს. ადამიანთა უმრავლესობას ეწყება მოუსვენრობა, დეზორიენტაცია და უკონტროლო აგზნება. მათი ქცევა შეიძლება უჩვეულო იყოს, გამოვლინდეს ჰალუცინაციები და უძილობა. ნერწყვის წარმოქმნა მკვეთრად იზრდება. ცოფი ტვინში ყლაპვის, მეტყველებისა და სუნთქვის ცენტრებს აზიანებს, რის გამოც ხახისა და ხორხის კუნთების სპაზმი ვითარდება, რაც შეიძლება აუტანლად მტკივნეული იყოს. მსუბუქ ნიავსაც ან წყლის დალევის მცდელობასაც კი შეუძლია, გამოიწვიოს სპაზმი, შესაბამისად, ცოფით დაავადებული ადამიანი ვერ სვამს სითხეს. ამის გამო ცოფს ხშირად ჰიდროფობიას (წყლის შიშს) უწოდებენ.

ინფექციის მთელ ტვინში გავრცელებასთან ერთად, ღრმავდება დეზორიენტაცია და აგზნება. საბოლოოდ, კომა და სიკვდილი ვითარდება. სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს სასუნთქი გზების დახშობა, გულყრები, გამოფიტვა ან გავრცელებული დამბლა.

ადამიანთა 20%-ში ცოფი ნაკბენი კიდურის დამბლით იწყება, რაც შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება. ამ შემთხვევაში, აზროვნება, როგორც წესი, არ ირღვევა და დაავადების სხვა სიმპტომთა უმრავლესობა არ ვლინდება.

დიაგნოზი

ექიმი ცოფზე მიიტანს ეჭვს, თუ პაციენტს თავის ტკივილი, დეზორიენტაცია და დაავადების სხვა გამოვლინებები აქვს, განსაკუთრებით, თუ მანამდე ცხოველმა უკბინა ან კონტაქტი ჰქონდა ღამურებთან (მაგ.: გამოქვაბულის შესწავლისას). თუმცა, ამას ხშირად ვერ აცნობიერებენ, ვერ იხსენებენ ცოფით დაავადებული ადამიანები. ექიმი აიღებს კანის ნიმუშს (ხშირად კისრიდან) და მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლის (ამას კანის ბიოფსია ეწოდება), რათა დადგინდეს, არის თუ არა ორგანიზმში ვირუსი. ამ მიზნით გამოიკვლევა ნერწყვი და შარდიც. ლუმბალური პუნქცია თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის მისაღებად კეთდება და ისიც შეისწავლება. გამოიყენება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც გენის მრავალი ასლი წარმოიქმნება და რომელსაც ხშირად იყენებენ ბაქტერიისთვის დამახასიათებელი დნმ-ის უნიკალური თანმიმდევრობის აღმოსაჩენად. გამოკვლევისთვის ორგანიზმის სითხეების მრავალ ნიმუშს იღებენ სხვადასხვა დროს, რათა ვირუსის აღმოჩენის ალბათობა მეტი იყოს.

მკურნალობა

სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მკურნალობა უკვე აღარ არის ეფექტიანი. ინფექცია ფაქტობრივად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება. მკურნალობა უბრალოდ სიმპტომების შემსუბუქებასა და ადამიანისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.

პრევენცია

ცხოველის მიერ კბენამდე:საჭიროა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ცხოველის, განსაკუთრებით კი გარეულის მიერ კბენა. არ მიუახლოვდეთ მათ ან თქვენთვის უცნობ ცხოველებს. ცოფის ნიშნები გარეულ ცხოველებში შეიძლება მსუბუქი იყოს, მაგრამ მათი ქცევა, როგორც წესი, უჩვეულოა, მაგალითად:

  • ცხოველმა შეიძლება არ გამოავლინოს აგრესია, სიმორცხვე ან შიში ადამიანის მიახლოებისას

  • ღამის ცხოველები (ღამურები, სკუნსები, ენოტები და მელიები) გარეთ არიან დღისით;

  • ღამურები უცნაურ ხმას გამოცემენ ან უჭირთ ფრენა

  • ცხოველი იკბინება პროვოცირების, გაღიზიანების გარეშე

  • ცხოველი დასუსტებულია, აგზნებული ან აგრესიული

არ შეიძლება სავარაუდოდ ცოფიანი ცხოველის აყვანა დახმარების მიზნით, ისინი ხშირად იკბინებიან. თუ ცხოველი ავად გამოიყურება, დაუკავშირდით ჯანდაცვის ადგილობრივ წარმომადგენლებს, რათა წაიყვანონ იგი.

თუ არსებობს რისკი, რომ ადამიანს ცოფის ვირუსთან ჰქონდეს შეხება, საჭიროა მანამდე გაკეთდეს ინფექციის საწინააღმდეგო აცრა (მაგ.: ვეტერინარებში; ლაბორატორიის პერსონალში, რომლებსაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეთ ცოფიან ცხოველთან; განვითარებად ქვეყანაში 30 დღეზე მეტი დროის გატარებისას (სადაც ძაღლები საყოველთაოდ არ არიან აცრილნი და ღამურების გამოქვაბულების შემსწავლელებში).

ვაქცინაცია ადამიანთა უმრავლესობას მთელი ცხოვრების მანძილზე იცავს. თუმცა, ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მცირდება და თუ ვირუსთან კონტაქტი კიდევაა მოსალოდნელი, 2 წელიწადში ერთხელ განმეორებითი (ბუსტერი) აცრები უნდა გაკეთდეს.

ცხოველის კბენის შემდეგ: ადამიანმა ჭრილობა კბენის შემდეგ საპნითა და წყლით კარგად უნდა დაიბანოს მაშინვე, ღრმა, ნაჩხვლეტი ჭრილობის შემთხვევაში – შეუშვიროს გამდინარე წყალს. ამის შემდეგ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. იგი ჭრილობას ხელახლა დაამუშავებს ანტისეპტიკური ხსნარით – ბენზალკონიუმის ქლორიდით. შესაძლოა საჭირო გახდეს კიდეების მოკვეთა.

ექიმი ეცდება, განსაზღვროს, როგორია ცოფით ინფიცირების ალბათობა. ამის ადრეული დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების პრევენცია, როგორც წესი, შესაძლებელია, თუ მალევე დაიწყო მკურნალობა.

გამოკვლევებით შეუძლებელია კბენისთანავე დადგინდეს, ცოფის ვირუსით დაინფიცირდა თუ არა ადამიანი. შესაბამისად, დაავადების თავიდან ასაცილებლად, პაციენტს შეიძლება იმუნოგლობულინი (შრატი) და ვაქცინა გაუკეთდეს. ცოფის იმუნოგლობულინი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს და უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას, თუმცა ხანმოკლედ. ვაქცინა კი თავად ორგანიზმში იწვევს ამ ანტისხეულების წარმოქმნას. მისი დამცველობითი ეფექტი თანდათან ვითარდება, მაგრამ ბევრად დიდხანს გრძელდება.

იმუნოგლობულინისა და ვაქცინის საჭიროება იმის მიხედვით განისაზღვრება, ადამიანი ადრე იყო თუ არა აცრილი ცოფზე, ასევე ეს დამოკიდებულია ცხოველის სახეობასა და სხვა გარემოებებზე. მაგალითად, ექიმი დაინტერესდება:

  • ცხოველი ძაღლი იყო, ენოტი თუ სხვა

  • გაავებული იყო თუ არა

  • თავდასხმა რამემ გამოიწვია თუ უმიზეზო იყო

  • შეიძლება თუ არა ცხოველზე დაკვირვება

თუ ადამიანს პრევენციული მკურნალობა ესაჭიროება და აცრილი არ არის, მაშინვე კეთდება ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი და ვაქცინა (დღე 0). იმუნოგლობულინი, თუ შესაძლებელია, ჭრილობის გარშემო შეიყვანება. ვაქცინის 4 დამატებითი დოზა კეთდება მე-3, მე-7, მე-14 და 28-ე დღეებზე. აცრის ადგილი შესაძლოა შეშუპდეს და მტკივნეული იყოს, მაგრამ მსუბუქად. მძიმე ალერგიული რეაქციები იშვიათია.

თუ ადამიანი უკვე აცრილია ცოფზე, დაავადების განვითარების რისკი მცირდება. თუმცა, მაინც საჭიროა ჭრილობის კარგად დამუშავებასთან ერთად ცოფის საწინააღმდეგო აცრა მაშინვე და მე-3 დღეზე.