პროგრესული მრავალკეროვანი ლეიკოენცეფალოპათია | მკურნალი.გე
  1. პროგრესული მრავალკეროვანი ლეიკოენცეფალოპათია
  2. თავისა და ზურგის ტვინის ინფექციები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
პროგრესული მრავალკეროვანი ლეიკოენცეფალოპათია

პროგრესული მრავალკეროვანი ლეიკოენცეფალოპათია ტვინის იშვიათი ინფექციაა, რომელსაც JC ვირუსი იწვევს.

  • დაავადების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები;

  • ვლინდება მოუქნელობა, მეტყველების გაძნელება, მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, შემეცნებითი ფუნქციების სწრაფად დაქვეითებასთან ერთად;

  • დახლოებით 9 თვეში ვითარდება სიკვდილი;

  • დიაგნოსტიკისთვის კეთდება გამოსახულებითი კვლევები და ლუმბალური პუნქცია;

  • შესაძლოა ეფექტიანი იყოს იმ დაავადების მკურნალობა, რამაც იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია.

პროგრესულ მრავალკეროვან ლეიკოენცეფალოპათიას JC ვირუსი იწვევს (არ არის კავშირში კროიტცფელდტ-იაკობის დაავადებასთან). ვირუსით ადამიანი ხშირად ბავშვობაში ინფიცირდება. მოზრდილთა უმრავლესობის ორგანიზმში ეს ვირუსი არსებობს, მაგრამ დაავადება არ ვითარდება. ვირუსი არააქტიურ მდგომარეობაში რჩება, სანამ რამე (მაგ.: იმუნიტეტის დაქვეთება) არ შეუწყობს ხელს, რომ "გამოიღვიძოს" და გამრავლება დაიწყოს. შესაბამისად, დაავადებაც ძირითადად იმუნური სისტემის დასუსტების გამო ვითარდება, მაგ.: ლეიკემიის, ლიმფომის, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსი), იმუნიტეტის დამთრგუნავი მედიკამენტების (იმუნოსუპრესორების) მიღების დროს. ეს საშუალებები გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად ან ავტოიმუნური დაავადებების, მაგ.: სისტემური წითელი მგლურას ან მრავლობითი სკლეროზის სამკურნალოდ.

სიმპტომები

JC ვირუსი, როგორც ჩანს, გააქტიურებამდე სიმპტომებს არ იწვევს.

დაავადება თანდათან იწყება, მაგრამ ხშირად სწრაფად პროგრესირებს. სიმპტომები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ ტვინის რომელი ნაწილია ინფიცირებული. სამიდან ყოველ 2 პაციენტში შემეცნებითი ფუნქცია სწრაფად და პროგრესულად ქვეითდება, დემენცია ვითარდება. მეტყველება თანდათან უფრო რთულდება, შესაძლოა ადამიანმა ნაწილობრივ დაკარგოს მხედველობა. ძნელდება სიარული, იშვიათად გულყრები და თავის ტკივილიც ვლინდება. სიკვდილი ხშირად სიმპტომების დაწყებიდან 1-9 თვეში დგება, თუმცა ზოგი პაციენტი უფრო დიდხანს ცოცხლობს (დაახლოებით 2 წელი).

დიაგნოზი

დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანში სიმპტომების პროგრესირებადი გაუარესება ამ დაავადებაზე მიუთითებს. ხშირად თავის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება. მასზე შესაძლებელია ისეთი ცვლილებების აღმოჩენა, რომლებიც ამ დიაგნოზის სისწორეზე მიანიშნებს.

ლუმბალური პუნქცია თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის ასაღებად ტარდება. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) შესაძლებელია JC ვირუსის აღმოჩენა სითხეში. ზოგჯერ დიაგნოზი არ დასტურდება, სანამ გარდაცვლილი ადამიანის ტვინის ქსოვილი არ შეისწავლება.

მკურნალობა

მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, თუ იმუნიტეტის დამასუსტებელ თავდაპირველ დაავადებას ვუმკურნალებთ, პაციენტები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მაგალითად, როცა მიზეზი შიდსია, მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპია ინიშნება. თუკი ადამიანი იმუნოსუპრესორ მედიკამენტს იღებს, მისი მოხსნით შესაძლებელია პროგრესირებადი მრავალკეროვანი ლეიკოენცეფალოპათიის შემსუბუქებაც.