სუბდურული ემპიემა ჩირქის დაგროვებაა არა შიგ ტვინში, არამედ მისი მფარავი გარეთა, მაგარი გარსის ქვეშ.
სუბდურული ემპიემა ვითარდება თავის ტვინის მფარავ გარეთა (მაგარ) და შუა (არაქნოიდულ) გარსებს შორის.
ეს დაავადება შესაძლოა წიაღების ინფექციის, ყურის მძიმე ინფექციის, თავის ტრავმის, თავზე ოპერაციის ან სისხლის ინფიცირების შედეგად განვითარდეს. სუბდურულ ემპიემას იგივე ბაქტერიები იწვევს, რაც ტვინის აბსცესს. 5 წელზე პატარა ბავშვებში მენინგიტს ხშირად ეს დაავადებაც ახლავს თან.
ტვინის აბსცესის მსგავსად, ემპიემასაც შეუძლია თავის ტკივილის, ძილიანობის, გულყრებისა და ტვინის ფუნქციის მოშლის სხვა სიმპტომების გამოწვევა. ისინი რამდენიმე დღეში ვითარდება და მკურნალობის გარეშე სწრაფად გადაიზრდება კომაში, საბოლოო შედეგი კი სიკვდილია.
მრტ-ზე ან კტ-ზე სუბდურული ემპიემის აღმოსაჩენად გამოიყენება საკონტრასტო ნივთიერება (ანუ რადიოგაუმჭვირვალე, რომელიც არ ატარებს რენტგენის სხივებს). ლუმბალური პუნქცია არც ისე გამოსადეგია და თან ზოგჯერ სახიფათოცაა. ჩვილებში შესაძლებელია ნემსის პირდაპირ ემპიემაში შეყვანა ყიფლიბანდიდან (რბილი სივრცე ქალას ძვლებს შორის) ჩირქის ამოსაღებად, წნევის შესამცირებლად და დიაგნოსტიკური კვლევებისთვის.
სუბდურული ემპიემა ქირურგიულად უნდა დაიცალოს. თუ ინფექცია წიაღების პათოლოგიის გამო განვითარდა, ქირურგი მასაც გამოასწორებს ოპერაციის დროს. სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ვენაში შეიყვანება.