მსოფლიოს ზოგ ნაწილში ტვინის ინფექცია შესაძლოა ჭიებმა ან სხვა პარაზიტებმა გამოიწვიონ. ეს უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებსა და სოფლად, შედარებით იშვიათად გვხვდება აშშ-ში.
ცისტიცერკოზი: ამ დაავადებას იწვევს ღორის ბრტყელი ჭიის ლარვები. იგი ყველაზე გავრცელებული პარაზიტული ინფექციაა დასავლეთ ნახევარსფეროში. ცისტიცერკის კვერცხებით დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ კუჭის წვენის მოქმედებით კვერცხები ლარვებად გარდაიქმნება. ისინი სისხლში გადადის და ვრცელდება მთელ ორგანიზმში, მათ შორის ტვინში. ლარვებიდან ცისტები წარმოიქმნება, რომელთაც შეუძლიათ თავის ტკივილისა და გულყრების გამოწვევა. ცისტა ნელ-ნელა იშლება და ლარვა კვდება, რაც ანთებას, შეშუპებას, თავის ტკივილს, გულყრებს, პიროვნების ცვლილებასა და შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებას იწვევს.
ზოგჯერ ცისტა თავ-ზურგტვინის სითხის მოძრაობას ახშობს ტვინში მდებარე სივრცეებში (პარკუჭებში) და ამ ორგანოზე ზეწოლა იზრდება. განვითარებულ დაავადებას ჰიდროცეფალია ეწოდება. გაზრდილ წნევას შეუძლია თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ძილიანობა გამოიწვიოს.
ცისტების აღმოჩენა ხშირად შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ). თუმცა, ხშირად ასევე საჭიროა სისხლის ანალიზები და ლუმბალური პუნქცია თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის მისაღებად, რათა დიაგნოზი დადასტურდეს.
ინფექციას ალბენდაზოლით ან პრაზიქვანტელით მკურნალობენ. ლარვის სიკვდილის შედეგად განვითარებული ანთების შესამცირებლად კორტიკოსტეროიდები ინიშნება. გულყრების დროს ანტიკონვულსანტებს გამოიყენებენ.
ზოგჯერ ოპერაციაც საჭიროა, რათა ჭარბი თავ-ზურგტვინის სითხის მოსაშორებლად და ჰიდროცეფალიის სამკურნალოდ შუნტი ჩაიდგას. შუნტი პატარა მილია, რომლის ერთი ბოლოც თავის ტვინში არსებულ სივრცეებში იდგმება, მეორე კი კანქვეშა გზის გავლით, მუცელში, სადაც სითხის ზედმეტი რაოდენობა ჩაედინება. შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაცია ცისტების ტვინიდან ამოსაკვეთად.
სხვა ინფექციები:ექინოკოკოზსა (ჰიდატიდურ დაავადებას) და ცენუროზს სხვა სახის ბრტყელი ჭიები იწვევს. ექინოკოკოზის დროს შესაძლოა ტვინში დიდი ზომის ცისტები წარმოიქმნას. ცენუროზის ცისტები ზოგჯერ ახშობს
თავ-ზურგტვინის სითხის დინებას ტვინის გარშემო, ისევე როგორც ცისტიცერკოზის დროს.
შისტოსომოზი ინფექციაა, რომელსაც სისხლის ორპირა პარაზიტი იწვევს.
ექინოკოკოზის, ცენუროზის და შისტოსომოზის სიმპტომები ცისტიცერკოზის სიმპტომების მსგავსია, აღინიშნება: გულყრები, თავის ტკივილი, პიროვნების ცვლილება და შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება.
ამ ინფექციების დიაგნოსტიკა მრტ-ის ან კტ-ის გამოყენებით შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ ლუმბალური პუნქციაც საჭიროა. თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევით ვლინდება ანთების განსაკუთრებული სახე, რომლის დროსაც სისხლის თეთრი უჯრედები – ეოზინოფილებია მომატებული.
ამ სამი ინფექციის სამკურნალოდ მედიკამენტები გამოიყენება, მაგალითად: აბენდაზოლი, მებენდაზოლი, პრაზიქვანტელი და პირანტელის პამოატი, თუმცა ზოგჯერ ცისტების ქირურგიულად ამოკვეთაა საჭირო.