ზურგის ტვინზე ზეწოლა | მკურნალი.გე
  1. ზურგის ტვინზე ზეწოლა
  2. ზურგის ტვინის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ზურგის ტვინზე ზეწოლა

ტრავმის ან დაავადების გამო ზურგის ტვინზე შესაძლოა ზეწოლა განვითარდეს, რაც ზურგის ტკივილს, ჩხვლეტის შეგრძნებას, კუნთების სისუსტესა და სხვა სიმპტომებს იწვევს.

  • ზეწოლა შეიძლება ძვალმა, სისხლჩაქცევამ, ჩირქგროვამ, სიმსივნემ, დაზიანებულმა მალთაშუა დისკმა ან მისმა თიაქარმა გამოიწვიოს;

  • სიმპტომებიდან აღსანიშნავია ზურგის ტკივილი, უჩვეულო შეგრძნებები, კუნთების სისუსტე, შარდვისა და კუჭის მოქმედების კონტროლის დაქვეითება. ეს ყველაფერი შესაძლოა მსუბუქი ან საკმაოდ მძიმე იყოს;

  • დიაგნოზი სიმპტომების, გასინჯვის შედეგების, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან სხვა გამოსახულებითი კვლევის მიხედვით ისმება;

  • მიზეზის მიხედვით ზეწოლის შესამცირებლად შესაძლოა ოპერაცია ან კორტიკოსტეროიდი გახდეს საჭირო.

ნორმაში ზურგის ტვინს ხერხემალი იცავს, მაგრამ ზოგი ტრავმის ან დაავადების დროს მასზე შეიძლება ზეწოლა განვითარდეს (კომპრესია), რაც არღვევს ფუნქციონირებას. ამ მდგომარეობების დროს ზოგჯერ ზეწოლა ზურგის ტვინის ბოლოდან გამოყოფილ ნერვთა ჯგუფზეც (რაშის კუდზე) ან ზურგის ტვინის ნერვების ფესვებზეც ხდება, რომლებიც მალებს შორის არსებულ სივრცეებში გამოდის. ზეწოლა შესაძლოა უეცრად განვითარდეს და სიმპტომებიც რამდენიმე წუთში ან საათში, დღეში გამოვლინდეს, ზოგჯერ კი იგი ნელა ვითარდება და სიმპტომები მრავალი კვირის ან თვის მანძილზე უარესდება.

მიზეზები

ზურგის ტვინზე ზეწოლა რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხდეს:

  • ძვლით: მალების მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან პათოლოგიური წანაზარდების შემთხვევაში (მაგ.: კისრის სპონდილოზისას) ზურგის ტვინზე ზეწოლა ვითარდება. ავთვისებიანი სიმსივნით ან ოსტეოპოროზით დასუსტებული მალები ზოგჯერ მსუბუქი ტრავმის დროს ან მის გარეშეც ტყდება;

  • შემაერთებელი ქსოვილით: იოგები შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება და მათაც შეუძლიათ ზეწოლა განავითარონ ზურგის ტვინზე ხერხემლის მძიმე ტრავმის შედეგად;

  • დაგროვილი სისხლი (სისხლჩაქცევა): სისხლი შესაძლოა ზურგის ტვინში ან მის გარშემო დაგროვდეს. ამის ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმაა, მაგრამ ბევრი სხვა დარღვევაც შეიძლება იყოს გამომწვევი. მათ შორისაა: პათოლოგიური კავშირი სისხლძარღვებს შორის (არტერიოვენური მალფორმაციები), სიმსივნე, სისხლის შედედების მოშლა, ანტიკოაგულანტების (რომლებიც ხელს უშლიან სისხლს შედედებაში) ან თრომბოლიზური საშუალებების (რომლებიც შლის სისხლის თრომბს) მიღება;

  • სიმსივნეები: ხერხემალში ან ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში გავრცელებული (მეტასტაზირებული) ავთვისებიანი სიმსივნეები ზეწოლის ხშირი მიზეზია. ამას იშვიათად იწვევს თავად ხერხემალში წარმოქმნილი სიმსივნეები;

  • ჩირქგროვა (აბსცესი): უფრო იშვიათად, ჩირქი გროვდება ზურგის ტვინში ან მის გარშემო და აწვება მას;

  • მალთაშუა დისკის დაზიანება ან თიაქარი: ამის გამო შესაძლოა ზურგის ტვინის ნერვის ფესვზე (ნერვის ნაწილი, რომელიც ზურგის ტვინთან მდებარეობს) განვითარდეს ზეწოლა, ზოგ შემთხვევაში კი – თავად ზურგის ტვინზე.

ზოგჯერ ცხენის კუდის სინდრომი თავად იწვევს ზურგის ტვინის კომპრესიას.

სწრაფად განვითარებული ზეწოლა ხშირად ტრავმის შედეგია, რომლის დროსაც მალის მოტეხილობა ან ამოვარდნილობა ვითარდება. კომპრესია თანდათან მაშინ ვლინდება, როცა მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნე ან კისრის სპონდილოზია. თუმცა ნელ-ნელა დასუსტებული ძვლები (მაგ.: ავთვისებიანი სიმსივნით ან ოსტეოპოროზით) შეიძლება უეცრად მოტყდეს, რაც სწრაფად დაამძიმებს ზეწოლას. სისხლჩაქცევას, აბსცესსა და მალთაშუა დისკის დაზიანებასაც შეუძლია უეცარი კომპრესია გამოიწვიოს, მაგრამ ხშირად ეს ნელ-ნელა, დღეების ან კვირების მანძილზე ხდება. ნელა (თვეების ან წლების განმავლობაში) განვითარებული ზეწოლის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კისრის სპონდილოზია (მალებისა და მალთაშუა დისკების დეგენერაცია კისერში).

სიმპტომები

მსუბუქმა ზეწოლამ მხოლოდ უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს, თუ მხოლოდ ზოგი ნერვული იმპულსის გადაადგილებას უშლის ხელს ზურგის ტვინში ზემოთ და ქვემოთ. გამოვლინებებიდან აღსანიშნავია: ზურგის ტკივილი ან დისკომფორტი, კუნთების მსუბუქი სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან სხვა დარღვევა, კაცებში კი ერექციის განვითარებისა და შენარჩუნების გაძნელება (ერექციული დისფუნქცია). ტკივილი შესაძლოა ფეხში, ზოგჯერ კი ტერფშიც გავრცელდეს. ზოგჯერ მგრძნობელობა საერთოდ იკარგება. რეფლექსები (მათ შორის მოშარდვის სურვილიც) შეიძლება გაძლიერდეს, რაც კუნთების სპაზმს, გაზრდილ ოფლიანობას იწვევს. ზეწოლის ზრდასთან ერთად სიმპტომებიც უარესდება.

ძლიერი ზეწოლა ბლოკავს ნერვულ იმპულსებს, რაც კუნთების მძიმე სისუსტეს, დაბუჟებას, შარდის შეკავებას ან შარდისა და განავლის შეუკავებლობას გამოიწვევს. თუ ნერვული სიგნალები საერთოდ აღარ გატარდა, შედეგი დამბლა და მგრძნობელობის სრული დაკარგვა იქნება. პაციენტს შესაძლოა დისკომფორტი აწუხებდეს ზურგის ტვინზე ზეწოლის ადგილის გასწვრივ, ქამრისებურად. მას შემდეგ, რაც კომპრესია სიმპტომებით გამოვლინდება, დაზიანების ხარისხი მატულობს უმცირესიდან – ძალიან მძიმემდე. მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ვითარდება საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე საათში ან დღეში.

დიაგნოსტიკა

ადამიანმა, რომელსაც ზურგის ტვინზე ზეწოლის სიმპტომები აქვს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით ზოგჯერ შესაძლებელია დაკარგული ფუნქციების აღდგენა ან მდგომარეობის გაუმჯობესება.

იმის გამო, რომ ეს ორგანო თავისებურადაა მოწყობილი, სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით ექიმს შეუძლია, განსაზღვროს, მისი რომელი ნაწილია დაზიანებული. მაგალითად, თუ სისუსტე და მგრძნობელობის დაკარგვა ფეხებშია (და არა ხელებში), მოშარდვა და კუჭის მოქმედება დარღვეულია, სავარაუდოა, რომ ხერხემლის დაზიანება გულმკერდის შუა დონეზეა. ხერხემლის გაყოლებაზე ტკივილისა და მტკივნეულობის მდებარეობაც ეხმარება ექიმს დაზიანების ადგილის განსაზღვრაში.

საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) მაშინვე გადაღება. თუ ეს ვერ ხერხდება, მიელოგრაფია კეთდება კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან (კტ) ერთად (მიელოგრაფია გულისხმობს ზურგის ტვინში რადიოგაუმჭვირვალე ნივთიერების შეყვანის შემდეგ რენტგენის გადაღებას). ამ კვლევებით ხშირად გამოჩნდება, სადაა ზეწოლა ზურგის ტვინზე და შესაძლოა მისი მიზეზიც დადგინდეს. მრტ-ით, მიელოგრაფიისა და კტ-ის მეშვეობით შეიძლება დიაგნოსტირდეს მალის მოტეხილობა ან ამოვარდნილობა, მალთაშუა დისკის თიაქარი, ძვლის პათოლოგიური წანაზარდი, სისხლდენა, აბსცესი ან სიმსივნე. მიელოგრაფიის დროს ლუმბალური პუნქცია კეთდება და რადიოგაუმჭვირვალე ნივთიერების მცირე რაოდენობა ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში შეიყვანება. შესაბამისად, ექიმს შეუძლია განსაზღვროს, ზეწოლა სრულად ახშობს თუ არა თავ-ზურგტვინის სითხის მოძრაობას მასში.

თუკი მიზეზი სავარაუდოდ მალის მოტეხილობა ან ამოვარდნილობაა ტრავმის გამო, შესაძლოა რენტგენოგრაფიაც გაკეთდეს. მათი მეშვეობით ინფორმაცია სწრაფად მიიღება, ასე რომ, ექიმებს მალევე შეუძლიათ შეაფასონ მდგომარეობა.

ზურგის ტვინზე ზეწოლის მიზეზი ზუსტად დასტურდება მის მოსახსნელად ჩატარებული ოპერაციის დროს. თუ ქირურგიული ჩარევა მაშინვე არ გაკეთდა, ან მრტ-ის, მიელოგრაფიისა და კტ-ის მეშვეობით უცნობი წარმოშობის პათოლოგიური მოცულობითი მასა აღმოჩნდა, რომელიც ზეწოლას იწვევს, ოპერაციის მაგივრად ბიოფსია კეთდება მისი რაობის დასადგენად. კტ-ის კონტროლის მეშვეობით ექიმს ნემსი პირდაპირ პათოლოგიურ წარმონაქმნში შეჰყავს.

მკურნალობა

თუ ფუნქციები მხოლოდ ნაწილობრივაა მოშლილი ან ფუნქციათა დარღვევა ცოტა ხნის წინ მოხდა (როგორც წესი, ასეთი მდგომარეობა მაშინ იქმნება, როცა ზეწოლა უეცრად ვითარდება), საჭიროა კომპრესიის დროულად მოხსნა. მისი სწრაფად აღმოჩენისა და მკურნალობის შემთხვევაში, სანამ ნერვული გზები დაზიანდება, შესაძლოა ზურგის ტვინის სამუდამო დაზიანება ავიცილოთ თავიდან და ფუნქციონირებაც ხშირად სრულად აღდგება. ზეწოლის მოსახსნელად, როგორც წესი, ოპერაციაა საჭირო. ქირურგიულ ჩარევას მაშინაც მიმართავენ, როცა აუცილებელია ფოლადის ჩხირების ჩადგმა ხერხემლის სტაბილიზაციისთვის.

მკურნალობის სხვა მეთოდები მიზეზზეა დამოკიდებული. ზოგი დაავადების დროს კორტიკოსტეროიდების, მაგ.: დექსამეტაზონის ან მეთილპრედნიზოლონის მაღალი დოზები ინიშნება ვენაში გადასასხმელად, რაც შეიძლება ადრე. ასეთი ჰორმონული თერაპია ნაჩვენებია სიმსივნეების, ბლაგვი ტრავმის ან ზეწოლის გამომწვევი უცნობი მიზეზის დროს. კორტიკოსტეროიდები ზურგის ტვინში და მის გარშემო ამცირებენ შეშუპებას, რაც ზეწოლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. თუ აბსცესი იწვევს ამ ორგანოს ფუნქციონირების მოშლის სიმპტომებს (მაგ.: დამბლა, შარდის და განავლის შეუკავებლობა), ნეიროქირურგი ოპერაციის გზით ამოკვეთს მას რაც შეიძლება მალე. ამ დროს ანტიბიოტიკებიც ინიშნება. თუ ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომები არ განვითარებულა, შესაძლოა სრულიად საკმარისი იყოს ჩირქის ნემსით ამოღება ან ანტიბიოტიკების დანიშვნა ან ორივე ერთად.

თუ მიზეზი სისხლჩაქცევაა, დაგროვილ სისხლს ქირურგიულად მოაშორებენ დროულად. პაციენტებს, რომელთაც დარღვეული აქვთ სისხლის შედედება ან იღებდნენ ანტიკოაგულანტებს,K ვიტამინის ინექცია და პლაზმის გადასხმა უკეთდებათ, რათა სისხლდენისკენ მიდრეკილება გამოსწორდეს ან შემცირდეს.

როცა მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნეა, მკურნალობა ხშირად მოიცავს ოპერაციას, სხივურ თერაპიას ან ორივეს.