კისრის სპონდილოზი | მკურნალი.გე
  1. კისრის სპონდილოზი
  2. ზურგის ტვინის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
კისრის სპონდილოზი

კისრის სპონდილოზი კისრის მალებისა და მალთაშუა დისკების დეგენერაციაა, რის გამოც ზურგის ტვინზე დაზიანების შესაბამის ნაწილში ზეწოლა ვითარდება.

  • ხშირად მიზეზი ოსტეოართრიტია;

  • პირველი სიმპტომებია ბარბაცით, მკვეთრი მოძრაობებით სიარული, ტკივილი და მოქნილობის დაკარგვა კისრის არეში;

  • დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით;

  • სამკურნალოდ გამოიყენება: კისრის რბილი საყელო, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კუნთების მომადუნებელი მედიკამენტები და ზოგჯერ ოპერაციაც.

კისრის სპონდილოზი ხშირად შუახნის და მოხუც ადამიანებს ემართებათ. იგი ზურგის ტვინის ფუნქციის მოშლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია 55 წელზე უფროს ასაკში.

დაბერებასთან ერთად ოსტეოართრიტი უფრო და უფრო ხშირდება. ამ დაავადებისას კისრის მალები დეგენერაციას განიცდის. როცა მალის ძვალი დაზიანების აღდგენას ცდილობს, იგი ჭარბად იზრდება და პათოლოგიური წანაზარდები უვითარდება, რაც ავიწროებს ხერხემლის არხს კისრის ნაწილში (ეს არხი ხერხემლის ცენტრშია მოთავსებული და სწორედ მასში მდებარეობს ზურგის ტვინი). დეგენერაციას მალთაშუა დისკებიც განიცდის, შედეგად ირღვევა მათი დამცველობითი – ხერხემალზე გარეშე ძალის მოქმედების შემარბილებელი ფუნქცია. ამიტომ ზურგის ტვინზე შესაძლოა ზეწოლა განვითარდეს და იგი დაზიანდეს. ზოგი ადამიანი ვიწრო ხერხემლის არხით ვითარდება. მათში სპონდილოზით გამოწვეული კომპრესიის სიმპტომები უფრო მძიმედ ვლინდება.

ხშირად ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვთა ფესვებზეც (ნერვების ნაწილები, რომლებიც ზურგის ტვინის მახლობლად მდებარეობს) ვითარდება.

ზოგჯერ ოსტეოართრიტის დროს კისრის მოხრისას ერთი მალა გვერდით მდებარე მეორე მალაზე ზემოდან გადაცურდება (ამას სპონდილოლისთეზი ეწოდება). შედეგად ხერხემლის არხი უეცრად ვიწროვდება და კისრის ყოველი გამოძრავებისას ზურგის ტვინი მსუბუქად, მაგრამ მრავალჯერ ზიანდება.

სიმპტომები

სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს ზურგის ტვინზე, მისი ნერვების ფესვებზე ან ორივეზე ზეწოლით.

თუ ზურგის ტვინზეა კომპრესია, პირველი ნიშანი სიარულის ცვლილებაა. ფეხები მკვეთრად (სპასტიკურად) მოძრაობს და ადამიანი ბარბაცით დადის. მტევნებსა და ტერფებში შესაძლოა მგრძნობელობა მოიშალოს. ზოგჯერ კისერი მტკივნეული და ნაკლებად მოქნილი ხდება. რეფლექსები ძლიერდება, რაც ხანდახან კუნთების სპაზმს იწვევს, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში. ხველამ, ცემინებამ ან კისრის სხვა მოძრაობებმა შესაძლოა დაამძიმოს სიმპტომები. ზოგჯერ ისინი მტევნებზე უფრო ვლინდება, ვიდრე ფეხებსა და ტერფებზე. თუ ზეწოლა ძლიერია, შეიძლება შარდვა და კუჭის მოქმედებაც დაირღვეს.

ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების კომპრესიის შემთხვევაში პაციენტს აწუხებს კისრის ტკივილი, რომელიც თავში, მხრებში ან ხელებში გადაეცემა. ერთი ან ორივე ზედა კიდურის კუნთები შესაძლოა დასუსტდეს და განილიოს, რის გამოც ხელები დუნდება. შეიძლება მათი რეფლექსებიც დაქვეითდეს.

დიაგნოსტიკა

ექიმს ეჭვი კისრის სპონდილოზზე სიმპტომების მიხედვით მიაქვს, განსაკუთრებით კი მოხუც ან ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში. დიაგნოზის დასადასტურებლად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) გამოიყენება. მრტ ბევრად უფრო ინფორმაციულია ამ შემთხვევაში, რადგან მის გამოსახულებაზე ზურგის ტვინი და ნერვთა ფესვებიც ჩანს, კტ-ზე კი – არა. თუმცა, ორივე კვლევით შეიძლება დადგინდეს, სადაა ხერხემლის არხი შევიწროებული, რა ხარისხით და კერძოდ რომელი ნერვების ფესვები შეიძლება იყოს დაზიანებული.

მკურნალობა

კისრის სპონდილოზის დროს ზოგჯერ ზურგის ტვინის ფუნქციის მოშლის სიმპტომები მკურნალობის გარეშეც მცირდება ან სტაბილურდება, მაგრამ ისინი შესაძლოა გაუარესდეს კიდეც.

თავიდან, განსაკუთრებით, თუ მხოლოდ ნერვთა ფესვებია ზეწოლის ქვეშ, მდგომარეობას ამსუბუქებს: კისრის რბილი საყელო, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), მაგ.: იბუპროფენი და კუნთების მომადუნებელი მედიკამენტები (როგორიცაა მეთოკარბამოლი).

თუ ზეწოლა ზურგის ტვინზეცაა, ხშირად ოპერაციაა საჭირო. განაკვეთი კისრის წინა (წინა ცერვიკალური დისკექტომია და გამაგრება) ან უკანა მხარეს (უკანა ლამინექტომია) კეთდება. დაზიანებული მალის ნაწილი ამოიკვეთება, რათა მეტი სივრცე შეიქმნას ზურგის ტვინისთვის. თუ ძვლოვანი წანაზარდებიცაა ხერხემალზე, ისინიც მოიკვეთება და მალების ერთმანეთზე მიმაგრებით ხერხემლის სტაბილიზაცია ხდება. გასათვალიწინებელია, რომ ოპერაციის შედეგად უკვე დაზიანებული ნერვები ვერ აღდგება, მისი მიზანი შემდგომი დაზიანებების თავიდან აცილებაა. რაც უფრო ადრე ტარდება ქირურგიული ჩარევა, მით უფრო კარგია შედეგი.

იმის გამო, რომ ზოგჯერ ხერხემალი ოპერაციის შემდეგ არასტაბილურია, გამოჯანმრთელების პერიოდში პაციენტებს შესაძლოა მოუწიოთ კისრის მყარი საყელოს ტარებამ, რათა თავი გაუნძრევლად იყოს.

თუკი კუნთების სპაზმი განვითარდა, მათ მოსახსნელად მომადუნებელი საშუალება – ბაკლოფენი გამოიყენება.