სირინქსი | მკურნალი.გე
  1. სირინქსი
  2. ზურგის ტვინის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
სირინქსი

სირინქსი ნიშნავს სითხით სავსე ღრუს, რომელიც ზურგის ტვინში (სირინგომიელია), თავის ტვინის ღეროში (სირინგობულბია) ან ორივეში ვითარდება.

  • ღრუები შესაძლოა თანდაყოლილი იყოს ან შემდეგ განვითარდეს სიმსივნის, ტრავმის გამო;

  • ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება ქვეითდება, ხელებსა და ფეხებში სისუსტე ვითარდება ან პაციენტს შესაძლოა ვერტიგო, თვალების მოძრაობის, გემოსა და მეტყველების დარღვევა აწუხებდეს;

  • ღრუს აღმოჩენა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებითაა შესაძლებელი;

  • ღრუს სითხისგან დასაცლელად ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ამით მდგომარეობა არ გაუმჯობესდეს.

სირინქსები იშვიათია. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში ისინი თანდაყოლილია და შემდეგ, უცნობი მიზეზის გამო, ზომაში მატულობს მოზარდობისას ან ზრდასრულობის ადრეულ პერიოდში. ხშირად, დაბადებისას ღრუების მქონე ბავშვებს თავისა და ზურგის ტვინის, ქალასა და ხერხემლის შეერთების ადგილის სხვა სტრუქტურული ანომალიებიც აქვთ. სიცოცხლეში მოგვიანებით განვითარებული ღრუები ხშირად ტრავმით ან სიმსივნითაა გამოწვეული. ზურგის ტვინში წარმოქმნილ სიმსივნეთა 30% საბოლოოდ ღრუს ჩამოყალიბებას იწვევს.

ზურგის ტვინში არსებული ღრუ შიგნიდან აწვება ამ ორგანოს. პირველად ის ნერვული ბოჭკოები ზიანდება, რომელთაც ტკივილისა და ტემპერატურის შესახებ ინფორმაცია მიაქვთ სხეულიდან თავის ტვინისკენ. შემდგომ თავის ტვინიდან კუნთებისკენ მიმავალი, მასტიმულირებელი სიგნალების გატარებაც ფერხდება. ღრუები შესაძლოა ზურგის ტვინის მთელ სიგრძეზე, ნებისმიერ ადგილას ჩამოყალიბდეს. ეს პროცესი ხშირად კისერში იწყება და ქვედა მიმართულებით ვრცელდება, შესაძლოა მთლიანადაც მოიცვას ზურგის ტვინი. თავის ტვინის ღეროს ქვედა ნაწილში ჩამოყალიბებული ან მასში გავრცელებული ღრუები ზურგის ტვინის ნერვულ გზებსა და თავის ტვინის ნერვებს აწვება (რომლებიც ამ ორგანოდან პირდაპირ თავისა და კისრის სხვა ნაწილებისკენ მიემართება).

სიმპტომები

სიმპტომები ხშირად შეუმჩნევლად იწყება მოზარდობასა და 45 წლის ასაკს შორის.

კისრის სირინგომიელიის დროს ადამიანებს დაქვეითებული აქვთ ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება, განსაკუთრებით კი ხელებში, ზურგში, კისრის ქვედა ნაწილსა და მტევნებში. ამის გამო ისინი ხშირად იღებენ დამწვრობებსა და ჭრილობებს ზედა კიდურებზე. პაციენტმა შესაძლოა შეგრძნებების დაქვეითება წლების მანძილზე ვერც შეამჩნიოს. ღრუს ზრდასა და დაგრძელებასთან ერთად სისუსტე და ატროფიაც ვლინდება, რაც ხშირად მტევნებში იწყება და მოგვიანებით იწვევს ქვედა კიდურების დასუსტებასა და სპაზმს. სიმპტომები შესაძლოა სხეულის ცალ მხარეს უფრო მძიმედ გამოვლინდეს.

ტვინის ღეროში მდებარე ღრუები იწვევს ვერტიგოს, ნისტაგმს (თვალების სწრაფი მოძრაობა ერთი მიმართულებით და ნელი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში), მგრძნობელობის დაკარგვას სახეზე (ერთ ან ორივე მხარეს), გემოს დაკარგვას, მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელებას, ხმის შეცვლასა და ენის სისუსტესა და განლევას (ატროფია).

დიაგნოსტიკა

ექიმმა შესაძლოა სირინგომიელიაზე მიიტანოს ეჭვი, როცა ბავშვს ან მოზარდს დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მრტ) პარამაგნიტური საკონტრასტო ნივთიერებით, გადოლინიუმით კეთდება, რომლითაც გამოჩნდება ღრუს კონტური (და სიმსივნე, მისი არსებობის შემთხვევაში).

მკურნალობა

ნეიროქირურგი ოპერაციისას ღრუს სითხისგან დაცლის, რაც მისი გაზრდის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო, მაგრამ ქირურგიული ჩარევით მდგომარეობა ყოველთვის არ უმჯობესდება. ღრუს დაცლის მიუხედავადაც კი ნერვული სისტემა შესაძლოა უკვე გამოუსწორებლად იყოს დაზიანებული. შედეგად, სიმპტომები არ მსუბუქდება ან სირინგომიელია ხელახლა ვითარდება.

როცა შესაძლებელია, საჭიროა იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც ხელს უწყობს ან იწვევს ღრუების წარმოქმნას (მაგ.: სტრუქტურული პათოლოგიების ან ხერხემლის სიმსივნეების).