ქვემწვავე კომბინირებული დეგენერაცია ზურგის ტვინის პროგრესული დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც B12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს.
დაავადება 10000-დან ერთ ადამიანს აქვს, ხშირად 40 წლის ზემოთ. მას B12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს, რაც პერნიციოზული ანემიის მიზეზიცაა. ამ ნივთიერების დეფიციტი, როგორც წესი, ორგანიზმის მიერ მისი შეწოვის უნარის დაქვეითებითაა გამოწვეული და არა საკვებში მისი ნაკლებობით.
B12 ვიტამინი აუცილებელია ცხიმოვანი მიელინის გარსის წარმოქმნისა და შენარჩუნებისთვის, რომელიც გარს აკრავს ზოგ ნერვულ უჯრედს და აჩქარებს მათში იმპულსების გადაცემას. ქვემწვავე კომბინირებული დეგენერაციის დროს ეს გარსი ზიანდება, რის გამოც ზურგის ტვინიდან გამომავალი მამოძრავებელი და მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოები დეგენერაციას განიცდის. ზოგჯერ ასევე დაზიანებულია თავის ტვინი, თვალის და პერიფერიული ნერვები.
დაავადება ზოგადი სისუსტით იწყება. მტევნებსა და ტერფებში ჭიანჭველების ცოცვის, ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება ვითარდება. ეს სიმპტომები მუდმივია და ნელ-ნელა უარესდება. პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს ვიბრაციისა და კიდურის მდებარეობის შეგრძნება შეუხედავად (პოზის შეგრძნება). ხელები და ფეხები დაჭიმულია, მოძრაობა მოუქნელი, სიარული ძნელდება. რეფლექსები შესაძლოა შესუსტდეს, გაძლიერდეს ან გაქრეს. ზოგჯერ მხედველობაც ქვეითდება.
ამ დარღვევის მქონენი გაღიზიანებულები, აპათიურები, მოთენთილები, ეჭვიანები, დეზორიენტირებულნი ხდებიან. ემოციები სწრაფად და წინასწარგანუსაზღვრელად იცვლება. იშვიათად, დემენციაც ვითარდება.
სისხლში B12 ვიტამინის შემცველობის გაზომვით შესაძლებელია მისი ნაკლებობის დადასტურება.
გამოჯანმრთელება უფრო სავარაუდოა, თუ მკურნალობა დროულად, დაავადების განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში გამოვლინებები აღარ უარესდება ან მდგომარეობა სტაბილურდება, მაგრამ მოშლილი ფუნქციების სრული აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა.
პაციენტთა უმრავლესობას მაშინვე ენიშნება B12 ვიტამინის მაღალი დოზები. ეს შესაძლოა განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს, რათა დაავადება ხელახლა არ განვითარდეს. თუკი ნაკლებობა არც ისე მძიმეა და ნერვთა დაზიანების სიმპტომები არ გამოვლენილა, შესაძლოა B12 ვიტამინის მაღალი დოზები დასალევადაც დაინიშნოს.