ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგია თვალების ჰორიზონტალური მოძრაობის უნარის მოშლაა, რასაც ნერვთა ცენტრებს შორის კავშირის დარღვევა იწვევს ტვინის ღეროში.
ბირთვთაშორისი (ინტერნუკლეარული) ოფთალმოპლეგიის დროს ის ნერვული ბოჭკოები ზიანდება, რომლებიც ორივე თვალის ჰორიზონტალურ მოძრაობებს – ანუ აქეთ-იქით გახედვას – აკონტროლებს. ეს ბოჭკოები იმ ნერვულ უჯრედთა ჯგუფებს (ცენტრებს ანუ ბირთვებს) აკავშირებს, რომლიდანაც იწყება თავის ტვინის მესამე (თვალის მამოძრავებელი) და მეექვსე (განმზიდველი) ნერვები. მოხუცებში ეს დარღვევა ხშირად ინსულტის შედეგია და მხოლოდ ცალი თვალის მოძრაობა ირღვევა. ახალგაზრდებში ამის მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში მრავლობითი სკლეროზია და ხშირად ორივე თვალის მოძრაობაა მოშლილი. უფრო იშვიათად გამომწვევი შეიძლება იყოს ლაიმის დაავადება, სიმსივნეები, და მედიკამენტის(მაგ.: ტრიციკლური ანტიდეპრესანტების) ტოქსიკური მოქმედება.
თვალის ჰორიზონტალური მიმართულებით მოძრაობა ირღვევა, ვერტიკალური კი – შენახულია. ადამიანს შეუძლია თვალი შიგნით, ცხვირისკენ მიატრიალოს, გარეთ გახედვას კი ვერ ახერხებს. დაზიანებული თვალით მის საპირისპირო მხარეს გახედვისას შემდეგი ნიშნები ვლინდება:
ბირთვთაშორისი დამბლის დროს ზოგჯერ მხედველობის გაორებაც ვლინდება.
ე.წ. ერთ-ნახევარი სინდრომი მაშინ ვითარდება, როცა ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგიის გამომწვევი დაავადება იმ ცენტრსაც აზიანებს ტვინში, რომელიც თვალების ჰორიზონტალური მოძრაობების კოორდინაციასა და კონტროლს უზრუნველყოფს (ჰორიზონტალური მზერის ცენტრი). ერთ რომელიმე მხარეს გახედვისას, დაზიანებული თვალი უმოძრაოდ ჩერდება შუაში. მეორე თვალს კი გარეთ გატრიალება შეუძლია, შიგნით – არა. ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგიის მსგავსად, არც ამ დარღვევის დროს მოიშლება თვალების ვერტიკალური მოძრაობა.
ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგიისა და ერთ-ნახევარი სინდრომის დროს ადამიანს შეუძლია, თვალები შიგნით შეატრიალოს, მაგალითად, ახლოს მდებარე საგანზე შეხედვისას. თუმცა, ეს არ ხდება გვერდზე გახედვისას (როცა, წესით, ერთი თვალი შიგნით ტრიალდება, მეორე კი – გარეთ).
ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგიის ან ერთნახევარი სინდრომის დროს მკურნალობა და გამოსავალი (სიმპტომები შემსუბუქდება თუ სულაც გაივლის დროთა განმავლობაში) გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული.