დაავადებათა ამ ჯგუფში შედის თავის ტვინის იმ ნერვების დამბლა, რომლებიც თვალის მოძრაობას აკონტროლებს (მე-3, მე-4 ან მე-6 ნერვები), რაც ამ უნარის მოშლას იწვევს. სხვადასხვა ნერვის დაზიანება განსხვავებულად ვლინდება.
თვალის მოძრაობას კუნთების სამი წყვილი უზრუნველყოფს, რომლებსაც თავის ტვინის მე-3, მე-4 და მე-6 ნერვები აკონტროლებს. ეს კუნთები თვალს ზევით და ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ, დიაგონალურად ამოძრავებს. დამბლის მქონე ადამიანებში ზოგი მიმართულებით გახედვისას მხედველობის გაორება ვლინდება.
თავის ტვინის მე-3 ნერვის დამბლა ამ ორგანოს დაავადებებმა – თავის ტრავმამ, ტვინის მკვებავი არტერიის კედლის გამობერილობამ (ანევრიზმამ), სისხლდენამ, სიმსივნემ – ან შაქრიანმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს.
დაუზიანებელი თვალის პირდაპირ დგომისას დაზიანებული გარეთ ტრიალდება, რაც მხედველობის გაორებას იწვევს. ამასთანავე, დაზიანებულ თვალს შიგნით ყურებისას მხოლოდ შუა ხაზამდე შეუძლია მიტრიალება, ზევით და ქვევით კი ვერ მოძრაობს. იმის გამო, რომ თავის ტვინის მე-3 ნერვი ქუთუთოების აწევასა და გუგების დიამეტრსაც აკონტროლებს, ზედა ქუთუთო ეშვება, გუგა კი ფართოვდება (დილატაცია). იგი შესაძლოა სინათლის მინათებისასაც არ შევიწროვდეს (არ მოხდეს კონსტრიქცია).
დამბლის გამომწვევი დაავადება ზოგჯერ მძიმდება, რაც სერიოზულ, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობას იწვევს. მაგალითად, უეცრად შეიძლება თავის ტკივილი განვითარდეს ან ადამიანი უფრო და უფრო მოთენთილი გახდეს ან მისი გამოფხიზლება გაძნელდეს. ამ დროს მიზეზი შეიძლება ანევრიზმის გასკდომა იყოს, რაც სისხლდენას იწვევს. როცა ორივე გუგა გაფართოებულია და სინათლეზე არ რეაგირებს (ფიქსირებულია), ეს ღრმა კომასა და სავარაუდოდ, ტვინის სიკვდილზე მიანიშნებს (იხ. ცხრილი გვ. 776).
დიაგნოზი ნევროლოგიური გასინჯვისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) შედეგების მიხედვით ისმება. თუ გუგა გაფართოებულია ან სიმპტომები გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე მიანიშნებს, კტ მაშინვე კეთდება. თუკი ეჭვი ანევრიზმის გასკდომაზეა და კტ-ზე სისხლჩაქცევა არ აღმოჩნდება, ლუმბალური პუნქცია (იხ. ილუსტრაცია გვ. 699), მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, კტ ანგიოგრაფია ან თავის ტვინის ანგიოგრაფია კეთდება.
მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. როცა მიზეზი სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებაა, გადაუდებელი სამედიიცნო ჩარევაა აუცილებელი.
შემთხვევათა დიდ ნაწილში დარღვევის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ყველაზე ხშირად გამომწვევი თავის ტრავმაა, უფრო მეტად – მოტოციკლეტით ავარიის დროს მიღებული. ზოგჯერ შაქრიანი დიაბეტიც იწვევს ამ დამბლას. იშვიათად, მიზეზი სიმსივნე, ანევრიზმა ან მრავლობითი სკლეროზია.
ჩართულია ორივე ან ერთი თვალი. ადამიანი დაზიანებულ თვალს შიგნით და ქვევით ვერ ამოძრავებს. შედეგად მხედველობა გაორდება და პაციენტი ორ გამოსახულებას ხედავს – ერთი მეორის ცოტა ზემოთ და გვერდზეა. შესაბამისად, რთულდება კიბეზე ჩასვლა, რაც შიგნით და ქვევით ყურებას მოითხოვს. თუმცაღა, თავის დაზიანებული კუნთის საპირისპირო მხარეს გადახრისას მხედველობის გაორება აღარ ვლინდება. ეს იმიტომ ხდება, რომ საგანზე ორივე თვალის მზერის ფიქსაციისთვის ამ დროს ადამიანი მხოლოდ დაუზიანებელ კუნთებს იყენებს.
ხშირად, დაავადებაზე ეჭვი მაშინ მიიტანება, როცა ადამიანს თვალის დამახასიათებელი, პათოლოგიური მოძრაობები აღენიშნება. შესაძლოა კტ ან მრტ გაკეთდეს.
თუ დადგინდება დამბლის გამომწვევი დაავადება, საჭიროა მისი მკურნალობა. შესაძლოა თვალის სავარჯიშოებიც ეფექტიანი იყოს. ზოგჯერ ოპერაციაც ხდება აუცილებელი მხედველობის გაორების დროს.
ეს დამბლა მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ამ დაავადებათაგან ზოგიერთის დროს ნერვზე ზეწოლა ვითარდება მეზობელი ქსოვილების შეშუპების ან ქალასშიდა წნევის მომატების გამო. სხვები ნერვის სისხლით მომარაგებას არღვევენ.
თუ დამბლა ცალკე გამოვლინდა (თავის ტვინის სხვა ნერვების დამბლის გარეშე), მისი მიზეზი ხშირად ვერასდროს დგინდება.
დაზიანებული თვალი გარეთ კარგად ვერ ბრუნდება და შესაძლოა უნებლიეთ შიგნით შეტრიალდეს, როცა ადამიანი პირდაპირ იყურება. მხედველობის გაორება დაზიანებული თვალის მხარეს გახედვისას ვლინდება. სხვა სიმპტომები მიზეზზეა დამოკიდებული. მათ შორისაა: თავის ტკივილი, სითხის დაგროვება (შეშუპება) კონიუნქტივაში, სახისა და პირის დაბუჟება, მხედველობის დაკარგვა, თვალის სხვა მიმართულებით მიბრუნების შეუძლებლობა.
ხშირად ექიმს ადვილად შეუძლია თავის ტვინის მე-6 ნერვის დამბლის დიაგნოზის დასმა, მაგრამ მიზეზის გარკვევა ბევრად ძნელია. თვალის გამოსაკვლევად და სიმსივნის, გაზრდილი წნევის და სისხლძარღვთა პათოლოგიების დასადგენად ოფთალმოსკოპი გამოიყენება. კტ, ან უმჯობესია მრტ, კეთდება სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების გამოსარიცხად. თუ შედეგები დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა, ლუმბალური პუნქცია ტარდება, რათა განისაზღვროს, ქალასშიდა წნევა ხომ არ არის მომატებული და ნერვზე ზეწოლას სიმსივნე ან ინფექციით გამოწვეული შეშუპება ხომ არ იწვევს. თუკი სიმპტომები ვასკულიტზე მიანიშნებს, სისხლის ნიმუში ლაბორატორიაში იგზავნება მასში ანთების ნიშნების აღმოსაჩენად, მაგ.: ზოგიერთი პათოლოგიური ანტისხეულის (ანტინუკლეარული ანტისხეულები ან რევმატოიდული ფაქტორი), ერითროციტების დალექვის სიჩქარის ცვლილების (ედს – სიჩქარე, რომლითაც სისხლის წითელი უჯრედები სინჯარის ფსკერზე ილექება). ყველა ამ გამოკვლევის ჩატარების შემდეგაც კი მიზეზი შეიძლება ვერ გაირკვეს.
მკურნალობა გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. მისი განკურნებისას დამბლაც ხშირად გაივლის. უცნობი მიზეზის გამო განვითარებული დამბლა კი ხშირად მკურნალობის გარეშე თავისით ქრება 2 თვეში, ისევე, როგორც – სისხლძარღვის დახშობის შედეგად გამოწვეული.