სამწვერა ნერვის ნევრალგია | მკურნალი.გე
  1. სამწვერა ნერვის ნევრალგია
  2. თავის ტვინის ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
სამწვერა ნერვის ნევრალგია

სამწვერა ნერვის ნევრალგია (tic douloureux – მტკივნეული ტიკი) სახის ძლიერი ტკივილია, რომელსაც თავის ტვინის მე-5 (სამწვერა) ნერვის ფუნქციის მოშლა იწვევს. მას შეგრძნებების შესახებ ინფორმაცია სახიდან თავის ტვინში მიაქვს და ასევე, აკონტროლებს საღეჭ კუნთებს.

  • მიზეზი ხშირად უცნობია, მაგრამ ზოგჯერ დამნაშავე არტერიაა, რომელიც, ანომალიური მდებარეობის გამო, სამწვერა ნერვს აწვება;

  • პაციენტებს დროდადრო აწუხებთ ხანმოკლე, გაელვებისმაგვარი, გაუსაძლისი, მჭრელი ტკივილი, რომელიც სახის ქვედა ნაწილში ვითარდება;

  • დიაგნოზი ტკივილის თავისებურებების მიხედვით ისმება;

  • ზოგი ანტიკონვულსანტი ან ანტიდეპრესანტი, ბაკლოფენი ან ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება აყუჩებს ტკივილს, მაგრამ ზოგჯერ ოპერაციაც ხდება საჭირო.

სამწვერა ნერვის ნევრალგია ხშირად საშუალო ასაკის და მოხუც ადამიანებში გვხვდება, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს ზრდასრულებში. დაავადება უფრო ხშირი ქალებშია.

შემთხვევათა უმრავლესობაში მიზეზი უცნობია. დადგენილი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია არტერიის ანომალიური მდებარეობა, რის გამოც მის მეზობლად მდებარე სამწვერა ნერვზე ზეწოლა ვითარდება, თავის ქალადან გამოსვლის ადგილას. ზოგჯერ ახალგაზრდებში სამწვერა ნერვის ნევრალგია მისი დაზიანების შედეგია მრავლობითი სკლეროზის დროს. იშვიათად, დაავადება სარტყლისებრი ჰერპესის (ვირუსული ინფექციის) ან სიმსივნით ზეწოლის გამო ვითარდება.

სიმპტომები

ტკივილი შესაძლოა თავისით დაიწყოს, მაგრამ უფრო ხშირად ამის მიზეზი ერთ სპეციფიკურ წერტილზე შეხებაა (ტრიგერული წერტილი) სახეზე, ტუჩებზე ან ენაზე. მიზეზი შეიძლება რაიმე მოქმედებაც იყოს, მაგ.: კბილების გახეხვა ან ღეჭვა. განმეორებითი, ხანმოკლე, გაელვებისმაგვარი, გაუსაძლისი, მჭრელი ტკივილი იგრძნობა სახის ქვედა ნაწილში, ნებისმიერ ადგილას, მაგრამ უფრო ხშირად ლოყაში, ცხვირის გვერდზე ან ყბაში.

შემთხვევათა დიდ ნაწილში ტკივილი სახის მხოლოდ ცალ მხარეზეა. იგი რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ შესაძლოა 2 წუთის მანძილზეც ვლინდებოდეს. ასეთი შეტევები დღეში ზოგჯერ 100-ჯერაც ვითარდება და ტკივილი ხშირად გაუსაძლისია. ამის გამო ადამიანები მისი გაელვებისას იჭმუხნებიან, შესაბამისად, დაავადებას ხანდახან ტიკსაც უწოდებენ. ნევრალგია ხშირად თავისით გაივლის ხოლმე, მაგრამ მისი შეტევები შესაძლოა დიდი ხნის შემდეგ განმეორდეს.

დიაგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური გამოკვლევა არ არსებობს სამწვერა ნერვის დიაგნოზის დასასმელად, ტკივილის თავისებური ხასიათი ექიმებს საკმაოდ უადვილებს ამას. თუმცა, მაინც საჭიროა სამწვერა ნერვის ნევრალგიის იმ სხვა პათოლოგიებისგან გარჩევა, რომლებიც ასევე იწვევს სახის ტკივილს, მაგალითად: ქვედა ყბის, კბილების, წიაღების დაავადებები და სამწვერა ნეიროპათია (მისი მიზეზი ხშირად არის სიმსივნის ზეწოლა სამწვერა ნერვზე, ინსულტი, ანევრიზმა ან მრავლობითი სკლეროზი). სამწვერა ნეიროპათია მგრძნობელობის მოშლას და ხშირად სისუსტესაც იწვევს სახის ნაწილში, სამწვერა ნევრალგია კი – არა.

მკურნალობა

იმის გამო, რომ ტკივილის შეტევები ხანმოკლე და განმეორებითია, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები ხშირად ეფექტიანი არ არის, მაგრამ კარგი შედეგი აქვს სხვა მედიკამენტების, განსაკუთრებით კი ზოგი ანტიკონვულსანტის (რომლებიც ნერვული მემბრანების სტაბილიზაციას იწვევს) გამოყენებას. თავიდან ანტიკონვულსანტ კარმაბაზეპინს ნიშნავენ ხოლმე. მისი უეფექტობის ან აუტანელი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში იმავე ჯგუფის სხვა მედიკამენტები ინიშნება, მაგ.: გაბაპენტინი ან ფენიტოინი. სანაცვლოდ ასევე შეიძლება ბაკლოფენის (კუნთების სპაზმის მოსახსნელი საშუალება) ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტის (მაგ.: ამიტრიპტილინი – იხ. ცხრილი გვ. 948) გამოყენება. ზოგჯერ ნერვში ან მის გარშემო ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ, რაც დროებით შვებას ჰგვრის ადამიანს (ამას ნერვის ბლოკადა ეწოდება).

თუ ტკივილი მაინც ძლიერია, შესაძლოა ოპერაციული მკურნალობაც დაინიშნოს. როცა მიზეზი არტერიის უჩვეულო მდებარეობაა, ქირურგი არტერიას ნერვისგან გამოყოფს და მათ შორის პატარა ღრუბელს ათავსებს. ამ პროცედურას სისხლძარღვოვანი დეკომპრესია ჰქვია და ხშირად მრავალი წლის მანძილზეა ეფექტიანი. თუ მიზეზი სიმსივნეა, მას ქირურგიულად ამოკვეთენ.

როცა დაავადებას მედიკამენტები ვერ შველის, ოპერაცია კი ზედმეტად სარისკოა, კეთდება გამოკვლევა, რათა დადგინდეს, იქნება თუ არა სხვა პროცედურები ეფექტიანი. თავდაპირველად ნერვში სპირტი შეიყვანება, რათა მისი ფუნქციონირება დროებით დაითრგუნოს. თუ ეს ტკივილს აყუჩებს, სავარაუდოა, რომ ნერვის გადაჭრა ტკივილს მოხსნის, ზოგჯერ სამუდამოდაც კი. გადაკვეთა შესაძლებელია ქირურგიულად, რადიოსიხშირული ზონდით (სითბოს გამოყენებით), გამა-დანით (გამოსხივების მეშვეობით) ან ნერვში რაიმე ნივთიერების, მაგ.: გლიცეროლის შეყვანით. თუმცა, მკურნალობის ამ მეთოდს ყველაზე ბოლოს მიმართავენ. ხშირად შედეგად ტკივილი მხოლოდ დროებით ყუჩდება – თვეების ან რამდენიმე წლის მანძილზე – შემდეგ კი იგი ხელახლა ვლინდება სახეზე და უფრო ძლიერიცაა.