თავის ტვინის მე-12 (ენისქვეშა) ნერვის დაავადებები ენის სისუსტესა და განლევას (ატროფიას) იწვევს დაზიანების მხარეს. ამ ნერვის ფუნქცია ენის მოძრაობაა.
მიზეზი შეიძლება იყოს: სიმსივნე ან ძვლის პათოლოგია თავის ქალას ფუძეზე, ინსულტი, ტვინის ღეროს ინფექცია, კისრის დაზიანება (მაგ.: კისერში არტერიის დახშობის დროს ჩატარებული ოპერაციისას – ენდარტერექტომიისას).
ენისქვეშა ნერვის ფუნქცია გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის (ლუ გერიგის დაავადება) დროსაც შეიძლება მოიშალოს.
დაზიანების მხარეს ენა სუსტდება და დროთა განმავლობაში განილევა (ატროფირდება). შედეგად, ადამიანს უჭირს ლაპარაკი, ღეჭვა და ყლაპვა. გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის დროს ენის ზედაპირზე უმცირესი, მსუბუქი კრთომითი მოძრაობები (ფასციკულაციები) ვითარდება.
სიმსივნის ან ინსულტის გამოსარიცხად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება. თუკი ინფექცია ან ავთვისებიანი სიმსივნეა სავარაუდო, შესაძლოა ლუმბალური პუნქცია გახდეს საჭირო. მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული.